USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 14 აგვისტოს?
თარიღი:  582

14 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.

უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული IX საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, XII-XIII საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა... ამ ავბედით ჟამს ბევრმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წუხდნენ თანამემამულეთა დაცემისა და გადაგვარების გამო და კვლავ მაცხოვრის მომავალი განკაცების სასოებით ცხოვრობდნენ.

 მოსეს სჯულს მტკიცედ უერთგულა მაკაბელთა მთელმა სახლეულობამ - მათ ნაკერპავ საჭმელზე უარი განაცხადეს, რისთვისაც წმიდა სოლომონიას თვალწინ მის შვიდივე ძეს რიგრიგობით წამებით ამოხადეს სული. ძმები სიხარულით ეგებებოდნენ სიკვდილს; მხოლოდ იმას შიშობდნენ, რომ მტარვალებს წამება არ შეეწყვიტათ და რომელიმე მათგანი მარტვილის გვირგვინის გარეშე არ დარჩენილიყო. მხნე, ახოვანი და ღვთისმოყვარე სოლომონიაც გაუსაძლის ტკივილებს ითმენდა: მას შვილების წამებაზე მეტად ის აზრი აწუხებდა, რომ ისინი წამებას ვერ გაუძლებდნენ; ამქვეყნიდან გასულებზე იმდენად არ დარდობდა, რამდენადაც დარჩენილების მათთან შეერთებას ნატრობდა; ის ამხნევებდა შვილებს და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა. წმინდა სოლომონია ერთი ძის აჩეხილ სხეულს რომ აგროვებდა, მეორეს ჯალათს აბარებდა, მესამეს კი წამებისთვის ამზადებდა... როცა ბოლო, ნაბოლარა ვაჟიღა დარჩა ცოცხალი, ანტიოქოსმა წმიდა სოლომონიას შესთავაზა, ღვთის უარყოფაზე დაეყოლიებინა ჭაბუკი, რომ ის მაინც შერჩენოდა ცოცხალი; უფლის მხევალმა განამტკიცა ყმაწვილი და სთხოვა, ნუ შეუშინდები ჯალათს, შენი ძმების ღირსი შეიქენიო. მეშვიდე შვილის სიკვდილის შემდეგ თავად სოლომონიამაც მხურვალე ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს.

მაკაბელების მოძღვარი - ოთხმოცდაათი წლის სჯულისმეცნიერი ელეაზარი მათზე ადრე აღესრულა იერუსალიმში. უსჯულოები ნეტარს ნაკერპავი ხორცის ჭამას აიძულებდნენ, ის კი უკან აფურთხებდა აკრძალულ საჭმელს. ახლობლები და მეგობრები სთავაზობდნენ, საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი ეჭამა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნაკერპავს ღებულობდა; მაგრამ ელეაზარმა უარი განაცხადა - ჩემს ხანდაზმულობას ვერ მოვატყუებ და ახალგაზრდებს ვერ ვაცდუნებო.

მაკაბელი ძმების ღვაწლმა გმირობისთვის აღაფრთოვანა ახოვანი მხედარი იუდა მაკაბელი. იგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს წინააღმდეგ; ღვთის შეწევნით გამარჯვება მოიპოვა, იერუსალიმი კერპებისაგან გაწმინდა და წარმართთა ზეობას ბოლო მოუღო. უსჯულო ანტიოქოსს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს: იუდეველებზე შურისსაძიებლად განმზადებულს, მთელი სხეული მყრალი ჭრილობებით დაეფარა; აუტანელი ტკივილებით და ბილწი სუნით გაწამებულმა, ცნო ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, მხურვალედ შესთხოვდა მას შემწეობას, იერუსალიმის ტაძრის შემკობას, იუდეური სჯულის მიღებას და მთელს თავის სამფლობელოში მის გავრცელებას აღუთქვამდა, მაგრამ ზეცათა მეუფემ არ შეიწირა სინანულის გარეშე, ცრურწმენაზე დაფუძნებული ვედრება და სირიის მრისხანე მბრძანებელს უცხოობასა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.

მაკაბელი ძმების, მათი დედისა და მოძღვრის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ მაკაბელთა მეორე წიგნი გვაწვდის ცნობებს. ნეტარ მარტვილებს სახოტბო სიტყვები უძღვნეს ეკლესიის დიდმა მამებმა: კვიპრიანე კართაგენელმა, ამბროსი მედიოლანელმა, გრიგოლ ნაზიანზელმა და იოანე ოქროპირმა.

ცხრანი მოწამენი, წამებულნი პერგეს პამფილიისასა: ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე (II)

წმიდა მოწამენი ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე პამფილიის პერგეში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდა მინეონი ხურო იყო, სხვები კი მიწათმოქმედებით მოიპოვებდნენ არსობის პურს. როცა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მარტვილები ქრისტესთვის მოწამეობის სურვილით აღენთნენ და წარმართული ქალღმერთის, არტემიდეს სამსხვერპლო შემუსრეს. ამისთვის მათ საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი ცირკში მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. მოწამეთა ლოცვით მოთვინიერებული ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. გაოცებულმა ხალხმა იგრიალა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა!“ უეცრად საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მეხი და ცეცხლი ერთად ეხეთქებოდა მიწას. ზეციდან გაისმა ხმა, რომელიც ნეტარებს ცათა სასუფევლისაკენ მოუწოდებდა. სულით განმხიარულებულმა ქრისტეს ტარიგებმა მადლობა შესწირეს უფალს, ნებსით მოუდრიკეს ქედი მახვილს და მოწამეობრივი გვირგვინებით შემკულნი შეუერთდნენ ზეციურ ეკლესიას.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის