USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 13 აგვისტოს?
Date:  592

13 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082)

წმიდა არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი „კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათაჲ“ საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

წმიდა არსენმა „ღვთისათვის დაუტევა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავითმა არსენი „ღირსად სიწმიდისა მისისა მოიკითხა და ოთხთა ეკლესიასა წარმოგზავნა“. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან: „მათ უკუე ნეტართა მამათა ჩუენთა, იოანეს და არსენის ფრიადი სიყუარული აქუნდა ერთმანეთისაჲ და მრავალჟამ იღუწიდეს მუნ კეთილსა მას ღუაწლსა მონაზონებისასა“, მაგრამ ოთხთა ეკლესიაში ისინი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან საკმაოდ განრიდებულად ვერ გრძნობდნენ თავს, „მყუდროებით ცხოვრებაჲ ვერ იყოფებოდეს“, ამიტომ „უცხოსა ქვეყანასა“ წასვლა განიზრახეს. „წარვიდეს კერძოთა პონტოჲსათა“ და იქ ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ. მათი იქ ყოფნა შეუტყვიათ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთ, რომელნიც ამ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ და თავისთან მიიწვიეს მამები. მეორე წელს არსენი და იოანე ჩავიდნენ ათონზე და მხარში ამოუდგნენ ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. ისინი „დიდად თანაშემწე ექმნნეს წმიდასა მამასა... ეფთჳმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა და მოშურნე და მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნნეს და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თჳსითა ხელითა აღწერნესო“, - მოგვითხრობს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი.

წმიდა არსები გარდაიცვალა ათონის მთაზე. დაუკრძალავთ „გარეგან მონასტრისა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ მესვეტისასა“. როცა ივერონის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს გიორგი მთაწმინდელი, მან წმიდა არსენის ნეშტი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის გვერდით, დიდი ეკლესიის საგანგებო სამარტვილეში გადაასვენა.

მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი (IX)

წმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული და, როცა წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, უღმრთომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ; მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 (ან 305) წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად.

 

წმიდა მოწამე ივლიტა (+304-305)

წმიდა იოსებ არიმათიელი (I)

წმიდა იოსებ არიმათიელი იესო ქრისტეს ფარული მოწაფე იყო. როგორც სინედრიონის წევრს, მას მონაწილეობა არ მიუღია იუდეველთა იმ ბჭობასა და ზრახვაში, რომელიც მაცხოვრისთვის ჯვარცმის სასჯელის გამოტანით დასრულდა. იესო ქრისტეს აღსრულების შემდეგ, „მშვენიერი მზრახველი“ გაბედულად მიეახლა პილატეს და უფლის წმიდა ცხედარი გამოითხოვა. მან მაცხოვრის სხვა ფარულ მოწაფესთან, ნიკოდიმოსთან ერთად „ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი მისი, არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა“, გეთსიმანიის ბაღში წაასვენა და თავისთვის შემზადებულ „ახალსა საფლავსა დადვა“ ღვთისმშობლისა და მენელსაცხებლე დედათა თანდასწრებით.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way