USD 2.7263
EUR 3.1870
RUB 3.4187
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 11 ივნისს?
дата:  559

11 ივნისს  მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 

წმიდა მოციქული ბართლომე (I)

11(24) ივნისი

წმიდა მოციქულნი ბართლომე და ბარნაბა (I). წმიდა მოციქული ბართლომე, ათორმეტთაგანი, კანას გალილეიდან იყო. უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი. სირიასა და მიზიაში მოგზაურობისას უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.

 ერთ-ერთ დაბაში წმიდანები იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. ლოცვის ძალით ქალაქ იერაპოლში მათ მოაშთვეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას.

 წმიდა მოციქულების ქადაგება მრავალი ნიშ-სასწაულით მტკიცდებოდა.

 იერაპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად სტაქოსი, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოციქულთა ლოცვამ მას მხედველობა დაუბრუნა. გახარებულმა სტაქოსმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ იღო. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ ქალაქს მოედო და სახლთან, სადაც მოციქულები იდგნენ, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განთავისუფლებული წარმართები ინათლებოდნენ და ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებულმა წარმართმა ქურუმებმა სამსჯავროში იჩივლეს. ქალაქის თავმა ბრძანა, შეეპყროთ მქადაგებლები და საპყრობილეში გამოემწყვდიათ, სტაქოსის სახლი კი დაეწვათ. უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს. უეცრად საშინლად შეირყა ქვეყანა, მიწა დასკდა და მმართველი და ბრბოს ნაწილი თან ჩაიტანა. შეშინებულმა ხალხმა მოციქულების გარდამოხსნა დაიწყო ჯვრებიდან. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. იერაპოლის ეპისკოპოსად სტაქოსის დადგინების შემდეგ ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი.

 ამის შემდეგ მარიამმა ღვთის სიტყვის ქადაგებით მიაშურა ლიკაონიას, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (ხს. 17 თებერვალს). ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმიდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვისღა ვიღვწიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს. დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

 წმიდა მღვდელმთავრები: იოანე ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, ეპიფანე კვიპრელი და ეკლესიის ზოგიერთი სხვა მამა ბართლომეს ნათანაელთან (ინ. 1,45-51; 21,2) აიგივებენ.

წმიდა მოციქული ბარნაბა (I)

11(24) ივნისი

წმიდა მოციქული ბარნაბა კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მდიდარი ებრაელების ოჯახში. ახალშობილს იოსები დაარქვეს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა იგი სასწავლებლად იერუსალიმში გაგზავნეს და იმ დროისთვის ცნობილ შჯულისმეცნიერ გამალიელს მიაბარეს აღსაზრდელად. წმინდანთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა სავლე (შემდგომში მოციქული პავლე). მას თავად იესო ქრისტესგან ეხარა ღვთის სიტყვა და სიხარულით თან გაჰყვა მას. ქრისტეს მოციქულებმა იოსებს ბარნაბა დაარქვეს, რაც ებრაულად „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. ბარნაბა იესოს 70 უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მან გაყიდა კუთვნილი მიწები და მიღებული საზღაური მოციქულთა ფერხთით დადო (საქმე 4,36-37).

 ბარნაბა ქრისტეს სიყვარულისთვის ყველაფერს თმობდა, მისი სიყრმის მეგობარი სავლე კი ქრისტეს სიძულვილით იყო აღსავსე და დაუნდობლად დევნიდა და ტანჯავდა მის მიმდევრებს, მაგრამ უფალმა ისურვა, რომ ამ უკანასკნელისთვისაც გაენათებინა გონება ღვთაებრივი გამოცხადებით. ამის შემდეგ იერუსალიმში ჩასულ პავლეს ქრისტეს მოწაფეებთან შეერთება სურდა, ისინი კი შიშით განერიდნენ, როგორც მტერს. მაშინ ბარნაბამ მოციქულებს დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაული აუწყა და უნდობლობის ზღუდეც გალღვა (საქმე 9,26-28). ძველი მეგობრები - ბარნაბა და პავლე ქრისტეს სიყვარულმა კვლავ გააერთიანა. ისინი ერთად ქადაგებდნენ ანტიოქიაში, სადაც მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. მოსალოდნელი შიმშილობის წინ აქ უხვი შემოწირულობანი შეაგროვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.

 „მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა“. იაკობ ზებედესი მახვილით მოკლა, შემდეგ კი, ებრაელებს რომ სათნო-ჰყოფოდა, პეტრეც შეაპყრობინა. ამ დროს ანგელოზმა საპყრობილიდან სასწაულებრივად გაათავისუფლა ბარნაბა და პავლე და მათ ბარნაბას ბიცოლის, მარიამის ოჯახს შეაფარეს თავი. როცა ერის მიერ გაღმერთებული ჰეროდე ღმერთმა დასაჯა „და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს“, ქრისტიანთა დევნა შეწყდა და მოციქულებიც ანტიოქიაში დაბრუნდნენ. მათ თან ახლდა მარიამის შვილი, იოანე, რომელსაც შემდგომ მარკოზი ეწოდა. სულიწმიდის შთაგონებით წინასწარმეტყველებმა და მოძღვრებმა ბარნაბასა და პავლეს ხელი დაასხეს და საქადაგებლად გაგზავნეს (საქმე, 13,2-3). მოციქულებმა მთელი კუნძული მოიარეს ქადაგებით. პაფოში ისინი ისტუმრა ანთვიპატმა სერგიმ და „ეძიებდა მათგან სმენად სიტყუას ღმრთისასა“. მოციქულებს ედავებოდა და ანთვიპატის სარწმუნოებისგან გარდაქცევას ეძიებდა „კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინასწარმეტყუელი, ჰურიაჲ“, სახელად ბარიისუ. პავლემ ამხილა ზაკვითა და მანკიერებით სავსე ეშმაკის შვილი და შერისხა: „იყო შენ ბრმა და ვერ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე“, რის შემდეგაც მოგვმა თვალისჩინი დაკარგა. გაკვირვებულმა ანთვიპატმა ირწმუნა ქრისტე (საქმე 13,6-12). პაფოდან პავლე და ბარნაბა ჯერ პამფილიის პერღამში ჩავიდნენ, შემდეგ კი - პისიდიის ანტიოქიაში. აქედან, აღშფოთებული იუდეველების მიერ განდევნილებმა, იკონიას მიაშურეს, მაგრამ ეს ქალაქიც მალე დატოვეს, რადგან შეიტყვეს, რომ ებრაელები მათ ჩაქოლვას აპირებდნენ. ამის შემდეგ მოციქულები ლუსტრაში, დერბეში და გარემო სოფლებში ახარებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას. აქაურმა წარმართებმა ქრისტეს მოწაფეების მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილეს, იფიქრეს, ადამიანთა სახით ღმერთები გვეჩვენნენო და „ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს - ერმით“. დიოს კერპის ქურუმი ხალხთან ერთად კუროებითა და გვირგვინებით მოადგა ქალაქის ბჭეს მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად. ბარნაბამ და პავლემ სამოსლები შემოიგლიჯეს, ხალხს შეერივნენ და აღშფოთებულნი ყვიროდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა!“ გავიდა ხანი და ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა ჰურიებმა ეს ხალხი დაარწმუნეს, მოციქულები „არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიანო“, რის გამოც ბრბომ ქვები დაუშინა პავლეს და ქალაქგარეთ გაათრია. ის ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ მალე მოსულიერდა და წამოდგა, შემდეგ კი ბარნაბასთან ერთად დატოვა ქალაქი (საქმე, 14,8-18).

 როცა დაისვა საკითხი, საჭირო იყო თუ არა მოსეს სჯულის მიხედვით წინადაეცვითათ ახალმოქცეული წარმართები, ბარნაბამ და პავლემ იერუსალიმს მიაშურეს, სადაც მოციქულებმა და ხუცესებმა სიყვარულით მიიღეს. მათაც ახარეს კრებულს, „რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისა“ (საქმე, 14,27). ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ მოციქულებმა დაადგინეს, „რომელნი წარმართთაგანი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ“ (საქმე 15,19-20). ყოველივე ეს „დაწერეს ჴელითა მათითა“ და ანტიოქიაში გაატანეს „კაცთა, რომელთა - იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა“ (საქმე, 15,26) - ბარნაბას და პავლეს. შემდეგ მოციქულებმა გადაწყვიტეს, კვლავ მოეარათ ქალაქები, სადაც ერთად ქადაგებდნენ. ბარნაბას სურდა, თან წაეყვანათ მარკოზიც, მაგრამ პავლე არ თანხმდებოდა, მოციქულები გაიყარნენ: პავლე და შილა სირიაში გაემგზავრნენ, ბარნაბამ კი იოანესთან ერთად კვიპროსს მიაშურა (საქმე 15, 36-41).

 ბარნაბამ კვიპროსზე გაამრავლა ქრისტეს სამწყსო, შემდეგ კი რომში ჩავიდა, სადაც, შესაძლოა, პირველად მან იქადაგა ქრისტიანობა;

 მოციქულმა ბარნაბამ დააფუძნა საეპისკოპოსო კათედრა მედიოლანში (მილანში), შემდეგ კვლავ კვიპროსს დაუბრუნდა. გამხეცებულმა იუდეველებმა წარმართები აღძრეს მის წინააღმდეგ. მოციქული ქალაქგარეთ გაიყვანეს, ქვებით ჩაქოლეს და მისი ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს. როცა ბრბო დაიფანტა და კოცონიც ჩაიფერფლა, მარკოზი მივიდა ამ ადგილას, ბარნაბას უხრწნელი ცხედარი გამოქვაბულში დაკრძალა და, მოციქულის ანდერძისამებრ, მისივე ხელით გადაწერილი მათეს სახარება დაადო გულზე.

 ბარნაბა ქრისტეს აქეთ დაახლოებით 62 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუმცა აქ მრავალი ნიში და სასწაული აღესრულებოდა. ბოლოს, 448 წელს, იმპერატორ ზენონის დროს კვიპროსის მთავარეპისკოპოს ანთიმოზს სამჯერ გამოეცხადა ძილში და თავისი საფლავის ადგილსამყოფელზე მიანიშნა. კვიპროსელმა ქრისტიანებმა ბარნაბას უხრწნელი ცხედარი და მის გულზე დასვენებული სახარება იპოვეს. კვიპროსის ეკლესიას სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სამოციქულო. ამ დროიდან მიიღო მან პატრიარქის დამოუკიდებლად არჩევის პატივიც.

 

წმიდა მოწამენი მარიამ პერღამელი, თეოპემპტი და ოთხნი მის თანა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)

 

ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ღირს არსი ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის გამო განსაკუთრებითაა განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის დასარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.

 მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყვალ ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას „ღირს არსს“ აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოსის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ღირს არსის სახელითაა ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.

 „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და

მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

 

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „ღირს არს“

ევედრებიან სულიერი და ხორციელი სნეულებების დროს, ყოველგვარი საქმის დასრულებისას

 ტროპარი, ხმა 4

სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 ლოცვა 1

ღირსად საგალობელო და სამართლად ყოველთა უმაღლესთა ძალთაგან პატივდებულო, ვითარცა უზესთაეს მათდა აღმატებულმან, ღუთისა და ყოვლისა შემოქმედისა მშობელმან, ყოველთა ზედა განდიდებულმან, საკვირველმან დედუფალმან, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა. რაჲთა მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აუქს სიტყუისგებაჲ წინაშე მისა, რაჲთა უვნებელად დაგვიცუას ჩუენ ცილისწამებისაგან წინააღმდგომთა და ბოროტთა კრულებათაგან ჭეშმარიტად მრავლის შემძლებელ არნ დედობრივი ლოცუანი შენნი, რამეთუ იტყუის: ევედრე დედასა ჩემსა და არა განაგდო შენ, არამედ აღგისრულო თხოვაჲ ყოველი. ამისთვისცა აღვსილნი სიხარულითა გიღაღადებთ შენ: დედუფალო, მიხსენ განსაცდელსა შინა მყოფნი მონანი ესე შენნი, განანათლენ ყოველნი აწინდელსა ჟამსა დაბნელებულნი ამაოჲსაგან სიბრძნისმოყუარებისა და იესუს ტკბილსა მიჰმადლენ, რაჲთა მოხარულნი ვხმობდეთ: დიდება მამასა, დიდება ძესა, დიდება სულსა წმიდასა. დიდება შენცა ყოვლადდიდებულსა და ყოვლადუხრწნელსა ქალწულსა ღუთისმშობელსა, უფროსადპატივდებულსა და უფროსადკურთხეულსა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

 ლოცვა 2

ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველნი შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა შენდა ვხმობთ მორჩილებითა: ისმინე ხმისა ლოცვისა ჩუენისასა, მოხედენ მწუხარებათა და სულთქუმათა ჩუენთა და ვითარცა დედამან მოყუარულმან ისწრაფე ჩუენ-უძლურთა მომართ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა არა უსჯულოებათა ჩუენთაებრ დავინთქნეთ ჩუენ, არამედ გარდამოავლინოს აურაცხელნი კაცთმოყუარებანი თვისნი ჩუენ - ცოდუილთა ზედა, ითხოე ჩუენთვის, დედუფალო, მისითა მოწყალებითა, მოგუენიჭოს ჩუენ სიმრთელე ხორციელი და კეთილჰაეროვნებაჲ, რაჲთა გარდამოგუვლინოს კურთხევაჲ ზეციური თვისი ყოველსა საქმესა კეთილსა ჩუენსა ზედა და ვითარცა ძუელად მოჰხედა მოწყალითა თუალითა თვისითა მორჩილთა მას ათონის მთისასა, რომელი სიმდაბლითა ადიდებდა სახელსა შენსა - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და წარმოგზავნა მისდა მთავარანგელოსი სწავლად გალობისა მის, რომლითა ზეციურნი ძალნი გადიდებენ შენ, ეგრეცა ჟამსა ამას შეიწირენ სულთქუმანი ესე ჩუენნი, რომელსა აღავავლენთ შენდა მომართ, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, განპყარ ღუთისმტვირთუელნი ხელნი შენნი უფლისა მიმართ, რომელთა ზედა ყრმა იგი ღმერთი მიიქუ და ევედრე მას, რაჲთა ყოვლისაგან ბოროტისა მიხსნნეს ჩუენ. გარდამოავლინე, დედუფალო, წყალობანი შენნი ჩუენ ზედა, სნეულნი განკურნენ, მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, განსაცდელთა შინა მყოფთა შეეწიე და ღირს-მყვენ ყოველნი, რაჲთა კეთილად განვლოთ ცხორებაჲ ესე ჩუენნი, აღსასრული ურცხუენელი, ქრისტეანობითი მომმადლე ჩუენ და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამომაჩინე დედობრივითა შუამდგომელობითა შენითა წინაშე შენგან განკაცებულსა ქრისტესა ღუთისა ჩუენისა, მასთანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!ა

аналитика
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати