USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 10 ივლისს?
Date:  

10 ივლისს, ახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 წმიდა გიორგი მთაწმინდელი (+1065)

 წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში.

შვიდ წლამდე გიორგი დედ-მამასთან იზრდებოდა. „და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა“. შვიდი წლის ყრმა ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს - წმიდა საბიანეს (ხს. 31 დეკემბერს). ტაძრისში გიორგიმ სამი წელი დაჰყო.

ათი წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად ჩააბარა იქ მოღვაწე თავის ორ ძმას, ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს (ხს. 19 დეკემბერს).

ბიძებმა ყოველგვარი სიკეთით შემკული ძმისწული ხახულის მონასტრის წინამძღვარს, სიწმინდით განთქმულ ღირს მაკარი მმარხველს (ხს. 21 დეკემბერს) მიჰგვარეს. გაიხარა ღვთისგან მომავლის განჭვრეტით დაჯილდოებულმა წინამძღვარმა ყრმა გიორგის ხილვით და „სულისა თვისისა შვილად უწოდა“.

ამ დროს ხახულში მოღვაწეობდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“ ცნობილი მამა ბასილი, ბაგრატ III-ის ძე (ხს. 27 ივნისს), ილარიონ თვალელი (ხს. 21 ივლისს), „რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა წარმოთქმაჲ შეუძლებელ არს“, ანტონი მნათე - ღმერთშემოსილი, „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი წერილთა“ და სხვა მრავალნი, რომელთა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა გიორგის ჩამოყალიბებაში. თვითონ გიორგიმაც ყველა გააკვირვა თავისი გონიერებით და სიბეჯითით, „საგალობელნი იგი საწელიწადონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირად დაისწავლნა“.

როცა თრიალეთის ერისთავმა ფერის ჯოჯიკის ძემ გიორგის ბიძა, გიორგი მწერალი, თავის სასახლეში მიიწვია მოძღვრად, მოხუცმა გიორგიმ ძმისშვილიც თან გაიყოლა. ყრმა გიორგის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, „საღმრთომან მან დედაკაცმან შვილად თვისად“ აღიარა იგი და „დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხოვრებასა შინა“.

1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასწამა ცილი, კონსტენტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე თორმეტი წელი დარჩა დედაქალაქში. ღვთისმოყვარე დედაკაცმა გიორგი „სასწავლოდ მისცა კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა“. ღვთივგანბრძნობილმა ჭაბუკმა ნიჭიერებითა და გამჭრიახობით ყველა გააკვირვა.

თორმეტი წლის შემდეგ 1034 წელს კეისრის ბრძანებით ფერისის მეუღლე კვლავ სამშობლოში, ტვარწატაფს მივიდა და გიორგიც თან წამოიყვანა. გიორგი ხახულის მონასტერში მივიდა და ოცდახუთი წლისამ „ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თჳსი მოუდრიკა. მოძღუარი მისი სულიერი და ღუაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწურთელი, დიდი ილარიონ წუთ ხორცთა-ღა შინა იყო და ჴელთაგან მისთა მიიღო კურთხევაჲ მონასონებისაჲ, რამეთუ იგი იყო პირველი მოძღუარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ“.

1036 წელს „უცხოებისა და თვისთაგან განშორებით“ მოღვაწეობის სურვილით გიორგიმ ფარულად დატოვა მონასტერი და, გლახაკის ძონძებში გადაცმული, სირიაში გაემართა. „შრომითა და მოღვაწებითა შემკულმან მამამან“ გაჭირვებით მიაღწია შავ მთამდე. იქაური სიწმიდეების მოლოცვისა და მოღვაწე მამების მოკითხვის შემდეგ გიორგიმ „ყოვლისა პირვალად იწყო ძიებად წინამძღვრისა სულიერისა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ თჳნიერ მოძღვრისა არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმატებაჲ მონაზონებისა“. იპოვა კიდეც მთის ნაპრალებში დაყუდებული საოცარი მამა - „კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ჴორცთა და ჴორციელთა ზრახვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული“ - ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული (ხს. 3 ივლისს).

სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ გიორგი დაყუდებულმა „ჰასაკით, სიბრძნითა და გონიერებით“ სრულქმნილი გიორგი სქემით შემოსა და იერუსალიმში გაუშვა წმიდა ადგილთა მოსალოცად, უკან დაბრუნებულს კი 1040 წელს მთაწმიდაზე წასვლა და „თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძნულისაგან ქართულად“, ანუ წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმის გაგრძელება უბრძანა. გიორგი შეაკრთო ბრძანებამ. „შეუძლებელ არს ჩემგან და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმე“, - შეჰკადრა მან მოძღვარს. „შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკვდილისაგან ისხნა და ქართული ენა განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩუენი და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს“, - დაამშვიდა ექვთიმე ათონელის ღირსეული მემკვიდრე გიორგი დაყუდებულმა და ათონს გაგზავნა.

ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. გიორგიმ მონასტრის ყველაზე მძიმე საქმეები იტვირთა „ყოვლისა თავისა თვისისა შეურაცხქმნითა... ვითარცა კაცმან ლიტონმან და უსწავლელმან“. როგორც მისი ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს, ღირსი გიორგი ყოველთვის თავდახრილი დადიოდა და „თჳნიერ საჭიროთა საქმეთა“ არავის შეხედავდა. მისი სულიერი თვალები კი „მარადის უხილავსა მას დიდებასა ღვთისასა“ განიცდიდა.

გიორგი დაყუდებულმა თავისი მოწაფის, თეოდორეს პირით კიდევ ერთხელ შეახსენა გიორგის ათონზე გაგზავნის მიზეზი და საყვედურიც შეუთვალა.

გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს, მოწიწებითა და შიშით მიიღო მღვდლობის პატივი, საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარიც შეიქნა. ამ დროიდან იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები, გაამშვენიერა და „ყოვლითურთ სრულჰყო წმიდა ეკლესიაჲ“.

საბერძნეთში იმპერატორ კონსტანტინე მონომახთან ჩასულმა ქართველთა მეფემ, ბაგრატ IV-მ საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდლის მიტროპოლიტობა შესთავაზა წმიდა მამას, მაგრამ ქვეყნიურ დიდებას და შფოთს განრიდებულმა გიორგიმ მეფეს უარი მოასხენა.

წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროსა და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა და ამიტომ სამწერლო მოღვაწეობისათვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. გიორგი წინამძღვრობიდან გადადგა და შავ მთაზე წავიდა გიორგი დაყუდებულთან. გიორგი დაყუდებულმა ღვთის სიყვარულისთვის ისევ უკან დაბრუნება უბრძანა თავის სულიერ შვილს. გიორგი დამორჩილდა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას, ათონის მთაზე დაბრუნდა და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. ამ საოცარი მამის მიერ თარგმნილ წიგნთა მხოლოდ ჩამონათვალიც კი ნათელს ხდის მისი მოღვაწეობის განუზომელ მნიშვნელობას: დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენი სრული, პავლენი გამოკრებული, საწელიწადო, თვენი, სადღესასწაულო, წიგნი ექვსთა დღეთა - ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მეექვსე კრების ძეგლისწერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა და სხვანი.

ერთხელ ბოროტისაგან შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება მონასტრიდან. „გვიხსენ დიდისა ჭირისაგან და განგვათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა და არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი“, - შესჩივლეს მათ ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის. პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნულად მოლაპარაკე წმიდა გიორგი მთაწმინდელი. ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები განაკვირვა. პატრიარქმა ცუდისმზრახველი სვიმონწმინდელნი შერისხა.

ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქს კვლავ მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ-არს ანტიოქიის პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის აუწყა: „მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოსო“. წმიდა მამამ უპასუხა: „შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა - ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი... ჯერ არს წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რათა თქუენ ჩუენ დაგვემორჩილნეთ!“ ბოლოს კი დაამატა: „იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაჲ არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად“.

გაკვირვებულმა პატრიარქმა კეთილად გაიღიმა და თქვა: „ხედავთ ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გუერევის“. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.

ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად სთხოვდა მამა გიორგის საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს, როცა „სრულქმნა თარგმანებაჲ საღმრთო წიგნთაჲ“, აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმიდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ნეტარმა გიორგიმ წანასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება და ბრძანა, ობოლნი იმპერატორის წინაშე წარსადგენად მოემზადებინათ. „უკუეთუ დღეს არა ვიხილო მეფე, ხვალე ხელთა არა გვაქვს!“ - ჩქარობდა წმიდა მამა.

მამა გიორგიმ „პატივი მისცა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ „შემდგომად ღვთისა ხელთა შენთა შევვედრებ ობოლთა ამათ“. შემდეგ ყრმებს წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა „აწ განუტევე...“ აგალობა და მეორე დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მიიცვალა.

ათონელმა მამებმა წმიდანის გვამი ათონზე გადაასვენეს და „ლუსკუმასა შინა მარმარილოსა გიორგის თანა მაშენებელისასა (ხს. 28 ივლისს) დაკრძალეს, ვითარცა მეორედ მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიათა“.

 

წმიდანი: პროხორე ქართველი (XI);

ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე) (+1273); ნიკოლოზ დვალი (+1314)

და ყოველნი მოწამენი და ღირსნი მამანი ქართველნი - იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულნი

 

წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯუარისა მონასტერი“.

გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1 ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.

 მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ ბაგრატ კურაპალატმა.

 ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.

 წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.

 წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.

 კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს. წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის.

 სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.

 წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.

 უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.

დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.

 ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.

 ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.

 როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, - დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.

 

მღვდელმოწამე კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918)

მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.

 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, წმიდანმა სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883-1897 წლებში წმიდა კირიონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე.

1897 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღვთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწერობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.

1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. წმიდა კირიონმა საკუთარი საფასით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის.

1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისათვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1903 წელს იგი გაამწესეს, 1904 წელს - ორიოლში, 1906 წელს - სოხუმში. სოხუმში წმიდა კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისათვის. მალე იგი კონვოს ეპარქიაში გადაიყვანეს.

1907 წლის სექტემბერში წმიდანს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.

კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია“.

მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ მისცეს.

წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.

ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.

1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს.

 917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.

სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა: „სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა  არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა მცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომაპყარ: „არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა“ (მთ. 20,28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი“.

კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ და დასაბუთებულად გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია და მოითხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები თანდათან უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე იქნა მოკლული. ბოროტების უპირველესი სამიზნე იყო ის წმიდა ადამიანები, რომელთა ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო ხალხში. საქართველოს წმიდა ეკლესიის სამოციქულო ტახტზე მჯდომი საჭეთმპყრობელის წმიდა კირიონის სარწმუნოებრივ-ეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და... 1918 წლის 26 ივნისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.

წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმიდანთა დასში შეირაცხა.

 

წმიდა მოწამე ანეკტ კესარიელი (+დაახლ. 284-305)

წმიდა ანექტ კესარიელი - ქრისტიანობის მხნე აღმსარებელი ეწამა 284-305 წლებში, როცა იმპერატორი დიოკლეტიანე დაუნდობლად დევნიდა ქრისტიანებს. უფლის ტარიგს მტარვალებმა მახვილით მოკვეთეს თავი.

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი მდიდარი და კეთილშობილი რომაელების შვილი იყო. სიჭაბუკეში მან მშვენიერი განათლება მიიღო, ექიმობის ხელოვნებას დაეუფლა და უსასყიდლოდ მკურნალობდა სნეულებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ სამსონმა მონები გაათავისუფლა და მთელი ქონება მოწყალებად გასცა. მას სურდა, უდაბნოში დაყუდებით განეგრძო ცხოვრება და ამ მიზნით რომიდან აღმოსავლეთისკენ გაეშურა, უფალმა კი სულ სხვაგვარი ღვაწლისკენ მოუწოდა. კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდანი ერთ პატარა სახლში დამკვიდრდა, რომლის კარებიც დღემუდამ ღია იყო ყველასთვის. მოყვასის სიყვარულით აღსავსე მასპინძელი დაუზარლად ემსახურებოდა სტუმრებს. ღმერთმა აკურთხა სამსონის მოღვაწეობა და მას სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის შესახებ მთელ ქალაქში გავრცელდა ხმა. პატრიარქმა თავისთან იხმო იგი და მღვდლად დაასხა ხელი.

ერთხელ მძიმედ დასნეულებულ იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეგარდმო ეუწყა, რომ მხოლოდ სამსონს შეეძლო მისი განკურნება. მართლაც, მადლმოსილმა მკურნალმა ილოცა, ხელით შეეხო მტკივან ადგილს და თვითმპყრობელმაც შვება იგრძნო. მალე იუსტინიანე სრულიად განიკურნა და გახარებულმა, წმიდანს ოქრო-ვერცხლი შესთავაზა საზღაურად. სამსონმა ჯილდოზე უარი განაცხადა და დავრდომილთა თავშესაფრისა და ქსენონის აგება ითხოვა. იმპერატორმა ხალისით შეასრულა სათხოვარი.

 ცხოვრების მთელი დარჩენილი ნაწილი სამსონმა მოყვასის მსახურებას შესწირა. მან ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 530). წმიდანი წმიდა მოწამე მოკის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა. დავრდომილთა თავშესაფარი და ქსენონი არ დახურულა. ნეტარი მამა სიკვდილის შემდგომაც ზრუნავდა ტანჯულებზე. იგი ორჯერ გამოეცხადა ქსენონის ერთ დაუდევარ მსახურს და სიზარმაცის გამო გაკიცხა. ღირსი სამსონის თაყვანისმცემელთა თხოვნით დავრდომილთა თავშესაფარი ტაძრად გადაკეთდა, გვერდით კი ახალი შენობა აიგო მწირების მისაღებად. კონსტანტინეპოლის ხანძრის დროს სამსონის თავშესაფარს ალი არ გაჰკარებია. წმიდანის ლოცვით ზეციდან წვიმა გარდამოხდა და ცეცხლი ჩააქრო.

 მართალი იოანა მენელსაცხებლე (I)

წმიდა იოანა მენელსაცხებლე, მეუღლე ჰეროდეს სახლის უფლისა, ხუზასი, იყო ერთი იმ დედათაგანი, რომლებიც მქადაგებლური მოღვაწეობის დროს თან ახლდნენ და ემსახურებოდნენ უფალ იესო ქრისტეს. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ სხვა დედებთან ერთად იოანაც მივიდა უფლის საფლავთან და „ანგელოსთაგან ესმა ხმა საწადელი: რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკვდართა თანა?! არა არს აქა, არამედ აღსდგა საფლავით და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა“.

ღირსი სევირე ხუცესი, იტალიელი (VI)

ღირსი სევირე ხუცესი VI საუკუნეში მოღვაწეობდა იტალიის სოფელ ინტეროკლეაში და კეთილმსახური, ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ერთხელ წმიდანი ყურძნის მოსავალს იღებდა, როცა მომაკვდავის საზიარებლად უხმეს. მას სულ რამდენიმე მტევანი რჩებოდა და მოსულებს გასძახა, წადით და წამოგეწევითო; სულთმობრძავთან მისულმა შეიტყო, რომ ის უკვე გარდაცვლილიყო. თავისი მიზეზით ამ სოფლიდან ადამიანის მოუნანიებლად გასვლამ თავზარი დასცა ხუცესს, მწარე სინანულში ჩავარდა, ცხედრის წინ დამხობილი გულამოსკვნით ტიროდა და მკვლელს უწოდებდა საკუთარ თავს. უეცრად მიცვალებული წამოდგა და იქ მყოფთ უთხრა: „დემონებს სურდათ დაუფლებოდნენ ჩემს სულს, მაგრამ ერთმა ანგელოზმა თქვა: „დააბრუნეთ იგი, რადგან მის გამო სევირე ხუცესი ტირის. უფალმა უბოძა მას ამ ადამიანის სიცოცხლე!“ წმიდა მამამ მადლობა შესწირა ღმერთს, აღსარება ჩაიბარა და ზიარებით განამტკიცა სნეული. ამ უკანასკნელმა კიდევ შვიდი დღე იცოცხლა და სიხარულით შეჰვედრა სული უფალს.

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way