1 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი - ლეკთაგან მოწყვეტილნი (+1696-1700)
1 (14) ივნისი
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელ და პავლე - გარეჯელნი. დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, სოფლის ამაოებას განშორებული მოღვაწენი აქ პოულობდნენ სულის სიმშვიდეს. წმიდა სავანეში ერთნაირ პირობებში ცხოვრობდნენ სიმდიდრესა და პატივს გამოქცეული და უკიდურესი სიღარიბიდან გამოსული ბერ-მონაზონნი.
ღირსი შიო ქართლის სოფელ ვეძისიდან იყო. მისი მშობლები, პაპუნა და თამარი, იმ მხარეში სიმდიდრით იყვნენ ცნობილნი. მათ რვა შვილი - ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ შიოს ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, უშვერი სიტყვებით გალანძღეს ერთმანეთი, შემდეგ კი უფროსმა დანით მოკლა უმცროსი.
როცა ეს ამბავი ნეტარმა შიომ გაიგო, გულისწყრომითა და მწუხარებით აღვსილმა გადაწყვიტა, გასცლოდა მაცდურ წუთისოფელს, რომლის სიყვარულმაც შეიძლება ძმას ძმა მოაკვლევინოს და შვილს - მამა. „აღარა მნებავს ყოფა სოფელსა ამას შინა“, - გაანდო მან მოძღვარს გულისნადები. მოძღვარმა მას დავით გარეჯის მონასტერში წასვლა და ბერად აღკვეცა ურჩია. ამ დროს გარეჯის წინამძღვარი იყო მამა ონოფრე მაჭუტაძე, რომელმაც მანამდეც რამდენიმეჯერ შესთავაზა ნეტარ შიოს: „მოდი, ძმაო შიო, მონასტერსა ჩემსა და აქ აღვასრულნეთ ჟამნი ჩვენნიო“.
ონოფრემ სიხარულით მიიღო ერში პატიოსნებით და ერთგულებით ცნობილი შიო, მიუჩინა მას ცალკე კელია და მორჩილების წესიც დაუდგინა.
ნეტარი შიოს დაუღალავმა მოღვაწეობამ, სიმდაბლემ, ძმათა სიყვარულმა შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო, მასთან ბევრი მოდიოდა რჩევისათვის, ხშირად იგი მონასტრის საქმეებსაც განაგებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით.
ერთხელ წინამძღვარი მამა ონოფრე მონასტრის საქმეებზე სხვაგან წავიდა, ძმები და მონასტერი ნეტარ შიოს ჩააბარა. მწუხრის ლოცვის და ტრაპეზის შემდეგ შრომისა და ლოცვისაგან დასვენებულ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავითი, გაბრიელი და პავლე. ხმაურზე ზოგმა მოასწრო გაქცევა და დაიმალა, უსჯულოები გაქცეულებსაც მისწვდნენ და უწყალოდ აჩეხეს ხმლებით. სისხლმა აავსო ტაძარი და კელიები. შემდეგ ლეკებმა წამებულები გაძარცვეს, დაამტვრიეს და ცეცხლს მისცეს საეკლესიო ნივთები, სამღვდელო შესამოსელთაგან ზოგი წაიღეს, ზოგიც იქვე ჭაში ჩაყარეს, ნაჯახით დაჯეხეს წმიდა ხატები.
შეწუხდნენ მეფე ერეკლე და კათოლიკოსი იოანე, გაიკვირვეს კიდეც: „ვითარ მოიწივნეს ლეკნი აქამომდისო“. კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევითა და მეფის ბრძანებით, წმიდა მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმიდა დავით გარეჯელის (ხს. 7 მაისს და ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს) საფლავის სამხრეთით დაკრძალეს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166)
1 (14) ივნისი
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას.
ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
იუსტინემ გახსნა სასწავლებელი, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა. წმიდანი მხურვალედ იცავდა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებას.
დაახლოებით 155 წელს, როცა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა (138-161) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა იუსტინემ პირადად გადასცა მას „აპოლოგია“ სამი სიკვდილმისჯილი ქრისტიანის დასაცავად, სადაც დამაჯერებლად დაამტკიცა ქრისტიანობის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიყალბე. „აპოლოგიამ“ იმპერატორზე ისეთი დიდი გავლენა მოახდინა, რომ დევნა შეწყვიტა. აზიაში, სადაც განსაკუთრებით ავიწროებდნენ ქრისტიანებს, თავად იუსტინე გაგზავნა, რომელმაც სიხარულით ამცნო მის მცხოვრებლებს იმპერატორის გადაწყვეტილება.
ეფესოში გაიმართა კამათი იუსტინესა და რაბინ ტრიფონს შორის. მართლმადიდებელმა ფილოსოფოსმა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით, დაადასტურა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტება. ეს კამათი წმიდა იუსტინემ გადმოსცა თხზულებაში „საუბარი იუდეველ ტრიფონთან“.
მეორე „აპოლოგიით“ წმიდა იუსტინემ რომის სენატს მიმართა. ეს მოხდა 161 წელს, ტახტზე მარკუს ავრელიუსის (161-180) ასვლის შემდეგ.
იტალიისკენ მომავალი იუსტინე მოციქულთა მსგავსად ქადაგებდა სახარებას და თავისი ღვთივსულიერი სიტყვით მრავალს მოაქცევდა ქრისტეს სჯულზე. რომში დაბრუნებული წმიდანის მიმართ მრავალი ცრუ ბრალდება აღძრა ვინმე კრისკენტიმ, რომელიც არაერთხელ დამარცხებულა ფილოსოფოსთან კამათში და მისადმი შური უღრღნიდა სულს. წმიდა იუსტინე დააპატიმრეს და სასტიკი წამებით ამოხადეს სული (+166).
ზემოთ უკვე ნახსენებ თხზულებათა გარდა წმიდა მოწამე იუსტინეს ეკუთვნის: „სიტყვა ელინთა წინააღმდეგ“, „ელინთა სამხილებლად“, „სულის შესახებ“. წმიდა იოანე დამასკელმა შემოგვინახა დიდი ნაწილი მისი ჩვენამდე მოუღწეველი ნაშრომისა „აღდგომის შესახებ“. ისტორიკოს ევსევის ცნობით, წმიდანს დაუწერია წიგნები: „ყველა არსებული ერესის სამხილებლად“, „მარკიონის წინააღმდეგ“ და სხვა.
წმიდა იუსტინე ფილოსოფოსის ნაწილები რომში განისვენებს.
წმიდა მოწამენი: იუსტინე, ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა ეწამნენ წმიდა იუსტინე ფილოსოფოსთან ერთად 166 წელს. ისინი რომის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქალაქის თავის, რუსტიკეს წინაშე წმიდანებმა გაბედულად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება. რუსტიკემ იუსტინეს ჰკითხა: „ნუთუ მართლა გგონია, რომ დათმენილი სატანჯველის წილ ღმერთი სანაცვლოს მოგაგებს და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებს?“ წმიდა იუსტინემ უპასუხა: „კი არ მგონია, დანამდვილებით ვიცი და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული“.
ქალაქის თავმა ტყვე ქრისტიანების სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს მხნე აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს.