USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 9 მარტს?
Date:  793

9 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა ტარასი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+806)

25 (09.03) თებერვალი

წმიდა ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინეპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს (797-82, ხს. 7 აგვისტოს) კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. წმიდა პატრიარქი პავლე (780-784: ხს. 30 აგვისტოს) მწვალებლებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ მერყევი ხასიათის გამო მათ წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებასაც ვერ ახერხებდა, ამიტომ ნებით გადადგა ტახტიდან, მონასტერს მიაშურა და სქემა შეიმოსა. როცა ყოფილი პატრიარქი დედოფალმა ელენემ მოინახულა ძესთან ერთად, პავლემ განაცხადა, ჩემი ერთადერთი ღირსეული მემკვიდრე ტარასიაო. ტარასი, იმ დროს ჯერ კიდევ ერისკაცი, დიდხანს უარობდა, რადგან ასეთი მაღალი ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა, მაგრამ ბოლოს დაჰყვა მვედრებელთა ნებას ერთი პირობით – ხატმბრძოლობის ერესის დასაგმობად მსოფლიო კრება უნდა მოწვეულიყო. წმიდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა. 787 წელს ტარასის თავმჯდომარეობით ქ. ნიკეაში გაიმართა VII მსოფლიო კრება, რომელსაც 367 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრების მამებმა დაამტკიცეს წმიდა ხატების თაყვანისცემის წესი. ის მღვდელმთავრები, რომლებმაც მოინანიეს ხატმბრძოლობა, ეკლესიამ კვლავ მიიღო თავის წიაღში.

წმიდა ტარასი 22 წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. იგი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა; მთელი ქონება საქველმოქმედო საქმეებს გადააგო: ზრდიდა და განუსვენებდა მოხუცებს, გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მათთვის ტრაპეზს აწყობდა, რომელზეც თვითონ მსახურობდა. წმიდა პატრიარქმა უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე, როცა მან ცილი დასწამა თავის მეუღლეს მარიამს იმ მიზნით, რომ მონასტერში გამოეკეტა იგი, თვითონ კი ხორციელ ნათესავზე დაქორწინებულიყო. წმიდა ტარასიმ მტკიცე უარი განაცხადა იმპერატორის განქორწინებაზე, რის გამოც მისი საშინელი რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ მალე კონსტანტინე დედამისმა, ირინემ ჩამოაგდო ტახტიდან. მღვდელმთავარი ტარასი გარდაიცვალა 806 წელს. აღსასრულის ჟამს ეშმაკები მიეახლნენ წმიდანს, ახსენებდნენ მთელს ცხოვრებას სიყრმიდან მოყოლებული და ცდილობდნენ, ისეთი ცოდვებიც მიეწერათ მისთვის, რომლებიც არასოდეს ჩაედინა. „ცილსა მსწამებთ, თქვენ არანაირი ძალაუფლება არა გაქვთ ჩემზე!“ – შერისხა ბოროტი სულები ღირსმა მამამ და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. სამწყსო მხურვალე ცრემლებით დასტიროდა საყვარელ მღვდელმთავარს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way