9 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ქრისტიანული თემის ყოფითი მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო, რადგან ვისაც სახლები, ან დაბები გააჩნდა, ყიდდა მათ, სასყიდელს „დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“, ეს უკანასკნელნი კი უნაწილებდნენ „კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა“ (საქმე IV, 33-35).
სხვადასხვა ტომის ადამიანებს შორის, თანდათან უთანხმოებანი წარმოიქმნა, ბერძენი ებრაელები ჩიოდნენ, რომ მათ ქვრივებს შესაწევარი მცირე რაოდენობით ეძლეოდათ. ამან მოციქულთა ყურამდეც მიაღწია. მათ არ ისურვეს ქადაგების დატევების ფასად ეტვირთათ ზრუნვა ქრისტიანული თემის სამეურნეო საქმეებზე, ამიტომ მოწაფეთაგან შვიდი კაცი გამოარჩიეს „საჴმარსა ამას ზედა“ დასადგენად და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმიდა სტეფანე, „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“ - მთავარდიაკვნად აკურთხეს.
იერუსალიმში „სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა“ და მოწაფეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით. გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი - ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარდგა ნეტარი სინედრიონისა და მღვდელმთავრის წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, „ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“.
წმიდა სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის - იესო ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმიდანმა „ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. როცა მან გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს, ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა. მოშორებით, ბორცვზე ღვთისმშობელი იდგა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და ღმერთს ავედრებდა მოწამეს, სტეფანე კი მხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისთვის. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“; „და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა“ (საქმე, 6-7).
წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა.
მხეცთა საჯიჯგნად დაგდებული ნეტარის ცხედარი ცნობილმა სჯულისმოძღვარმა გამალიელმა და მისმა ძემ, აბიბოსმა ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. მოგვიანებით ორივე მათგანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.
415 წელს საღვთო ჩვენების შემდეგ აღმოყვანებულ იქნა სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს.
ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, გამომეტყველნი, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიარულებას და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. უმცროს ძმასთან, თეოფანესთან (ხს. 11 ოქტომბერს) ერთად წმიდანი ხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად საბა განწმენდილის ლავრაში. შემდგომში ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს.
მას შემდეგ, რაც ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ V სომეხმა (813-820) კეთილმსახური მეფე მიხეილ I (811-813) ტახტიდან ჩამოაგდო და ხატმბძროლთა მწვალებლობის მფარველობა დაიწყო, იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანები კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ბიზანტიის დედაქალაქში ჩასულმა თეოდორემ და თეოფანემ სიტყვიერ პაექრობაში დაამარცხეს უსჯულო ლეონ V. ამით განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ძმები, შემდეგ კი ორივენი გადაასახლა.
ღვთის ნებით, უსჯულო ლეონი მალევე აღესრულა თავისი კარისკაცების ხელით. ახალმა იმპერატორმა, მიხეილ II-მ (820-829), რომელიც სრულიად გულგრილი იყო ყოველგვარი სასულიერო საკითხისადმი, სარწმუნოებისათვის პყრობილი ყველა ტუსაღი, მათ შორის თეოდორე და თეოფანეც, გაათავისუფლა.
829 წელს ტახტზე ავიდა მწვალებელი თეოფილე (829-842), რომელმაც კვლავ განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. წმიდა ძმები ისევ გადაასახლეს. რამდენიმე ხანში თეოდორე და თეოფანე უკანვე გამოიწვიეს. ამჯერად ისინი სასტიკად გვემეს: გახურებული ნემსებით სახეებზე ამოაკაწრეს თითქოსდა მათი განსაქიქებელი წარწერები - თორმეტი სალექსო სტრიქონი, რომელშიც აღმსარებლები „ცრურწმენის ჭურჭლებად“ იყვნენ მოხსენებულნი. ამიტომ ეწოდათ ძმებს „გამომეტყველნი“. წამების წინ ქალაქის ეპარქმა თეოდორეს სთხოვა, ერთადერთხელ ზიარებულიყო ხატმბრძოლებთან ერთად, და ამისთვის თავისუფლების მინიჭება აღუთქვა, მაგრამ ნეტარმა მოწამემ უპასუხა: „ეს იმას ნიშნავს, რომ მითხრათ: „ჩვენ მხოლოდ თავს მოგჭრით, შემდეგ კი წადი, საითაც გენებოს“. წამების შემდგომ წმიდა ძმები დაბა აპამეის საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც წმიდა თეოდორე გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 840 წელს. წმიდა თეოფანე ხატმბრძოლთა ერესის დაგმობას და სრულ დამარცხებას შეესწრო და ნიკეის ეპისკოპოსის ხარისხში აღესრულა. ღირს თეოფანეს ეკუთვნის მრავალი თხზულება მართლმადიდებლობის დასაცავად. ღირსმოწამე თეოდორეს წმიდა ნაწილები პატივით გადაასვენეს ქალაქ ქალკედონში, სადაც მათგან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა.
წმიდა თეოდორე კონსტანტინოპოლის მკვიდრი იყო. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული წმიდა სოფიას ტაძარში მღვდელმსახურებდა და საჭურჭლის მცველის მოვალეობასაც აღასრულებდა. 676 წელს თეოდორე კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ცილისმწამებელთაგან დასმენილი, ტახტიდან ჩამოაგდეს. 683 წელს სიმართლემ იზეიმა და ნეტარი თავის ხარისხში აღადგინეს. აქედან მოყოლებული, სიკვდილის დღემდე იგი მშვიდად მართავდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას; გარდაიცვალა დაახლოებით 686 წელს.