USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 8 იანვარს?
Date:  859

8 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

26 (8.01) დეკემბერი

კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს „ტარიგისა და მწყემსის დედის“, „სამოთხისა ბჭეთა განმღებელის“ - ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად. ამიტომაც ამ დღესასწაულს ეწოდება „კრება ყოვლადწმიდისა

წმიდა მღვდელმოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 840)

26 (8.01) დეკემბერი

წმიდა მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორების, კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და ირინეს (797-802) დროს. ამ ხარისხში იგი მონაწილეობდა VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.), რომელზედაც ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. როცა ტახტზე ხატმბრძოლი ნიკიფორე I (802-811) ავიდა, ექვთიმე სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლეს. იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი - მიხეილ II ენაბრგვნილიც (820-829) ხატთაყვანისცემის წესის უარყოფას მოითხოვდა წმიდანისგან, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნეტარი მოწამე მესამედ გადაასახლეს - ამჯერად კუნძულ კრეტაზე. ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) ბრძანებით, რომელმაც ტახტზე მიხეილი შეცვალა, წმიდა ექვთიმეს წამებით ამოხადეს სული.

ღირსი კონსტანტინე სინადელი (VIII)

26 (8.01) დეკემბერი

ღირსი კონსტანტინე ქალაქ სინადში დაიბადა. მისი მშობლები იუდეველები იყვნენ. ერთხელ, ყრმობაში, კონსტანტინემ დაინახა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი ერთმა ქრისტიანმა. ეს მას ძალიან მოეწონა და იმავე მოძრაობის გამეორება დაიწყო, თუმცა თავისი მოქმედების აზრი არ ესმოდა. ამან თანდათან ყმაწვილის სულზეც იქონია გავლენა: იგი ყველგან გულმოდგინედ უსმენდა მონათხრობებს ქრისტიანობაზე, შემდეგ კი მთელი გულით ირწმუნა ქრისტე. ირგვლივ მყოფნი დასცინოდნენ ნეტარს. ერთხელ ერთმა ებრაელმა ქალწულმა იგი საშინლად შეურაცხჰყო. კონსტანტინემ პირჯვარი გადასწერა უსჯულოს, რომელმაც მაშინვე სული განუტევა, მაგრამ შემდეგ უბოროტო და გულმოწყალე ჭაბუკს შეებრალა ქალიშვილი, მხურვალედ ილოცა და ისევ გააცოცხლა.

ნეტარი კონსტანტინე წმიდა გულით მიენდო უფლის ხმას, დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერში დამკვიდრდა, სადაც იმჟამად მონაზვნური სათნოებებით გაბრწყინებული დიდი მოსაგრეები მოღვაწეობდნენ. იღუმენი გაესაუბრა, შემდეგ კი ჯვარი გაუწოდა და უბრძანა, მთხვეოდა. წმიდანიც სიყვარულით ეამბორა მას, შუბლი მიადო და ზედ გამოესახა მაცხოვნებელი ნიში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოშორებია. უფლის რჩეული კონსტანტინეს სახელით მონათლეს და ბერად აღკვეცეს. როცა იგი მონაზვნურ აღთქმას დებდა, საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ, ტაძრის კარებიც თავისით გაიღო მის წინაშე.

მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით წმიდა მამამ ნათელხილვის მადლი მიიღო: იგი ცხადად ჭვრეტდა ძმათა აზრებს, საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ ეუწყა. ბოლოს ღირსმა კონსტანტინემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი ევარესტი (+825)

26 (8.01) დეკემბერი

ღირსი ევარესტი გალატიაში დაიბადა, დიდგვაროვანთა ოჯახში. იგი სიყმაწვილიდანვე ესწრაფოდა მონაზვნურ ცხოვრებას, განსაკუთრებით წმიდა ეფრემ ასურის წიგნების კითხვა უყვარდა. ბოლოს ნეტარმა სტუდიონის მონასტერს მიაშურა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა 825 წელს, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში. დაკრძალეს კონსტანტინოპოლში, მის მიერვე დაარსებულ კოკოროვიის სავანეში.

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way