USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 6 ოქტომბერს?
 546

6 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“, მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა“, ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“ (ლკ. 1,13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. ხალხი დიდხანს ელოდა მღვდელმთავრის კურთხევას. როცა გამოვიდა, ნეტარს „ვერ ეძლო სიტყუად მათდა“ და ყველა მიხვდა, რომ მას „ჩუენებაჲ რაჲმე“ ეხილა. ზაქარია „წამ-უყოფდა“ შემოკრებილთ და „დაადგრა უტყუად“.

მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა - ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა.

წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ამბობს: „რომელმან-იგი უშვილოჲ კლდე შეცვალა წყაროდ წყალთა, მანვე... ბერწსა ელისაბედს უბრძანა შვილისმშობელ დედად გამოჩინება და უნაყოფოჲ ნაყოფიერად აჩუენა და სიბერითა დამძიმებული ყო მსგავს ქალისა ახალქორწინებულისა. რამეთუ რაჟამს სამარხოდ მივიდოდა, მაშინ შობად განემზადებოდა, რაჟამს ჴორცნი დააჭნვნა სიბერემან, მაშინ საშოჲ განუჭაბუკა ღმერთმან, და რომელი ჟამისაგან განეჴადა, დამბადებელისა მიერ მოიგო, და რომელი სიჭაბუკესა წარეწყმიდა, სიბერესა მიეჴადებოდა“.

ღირსნი - ქსანთიპა და პოლიქსენია (+109)

ღირსნი: ქსანთიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და ესპანეთში ცხოვრობდნენ მოციქულთა დროს. ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლების შესახებ ნეტარებს პირველად წმიდა პავლესგან ესმათ. ღირსმა ქსანთიპამ მეუღლესთან, პროვოსთან ერთად მიიღო ქრისტიანობა, პოლიქსენია კი წარმართად დარჩა. მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ერთმა მამაკაცმა ძალით წაიყვანა იგი საბერძნეთში. უფალმა წმიდანი უვნებლად დაიცვა. ხომალდზე მან პეტრე მოციქულის ქადაგება მოისმინა და ირწმუნა ქრისტე. საბერძნეთში რომ ჩავიდა, პოლიქსენიამ ქრისტიანებს სთხოვა მფარველობა და დახმარება, მათაც აქაიის ოლქის ქალაქ პატრასში გადამალეს ნეტარი, სადაც მან თავად ანდრია პირველწოდებულის ხელით ნათელიღო. ღირსი დედა შეესწრო მოციქულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მის წამებასაც დაესწრო და იხილა, თუ როგორი სიმშვიდით ითმენდა სასტიკ სატანჯველებს. ანდრია პირველწოდებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა დედა ესპანეთში დაბრუნდა და აქ დაახლოებით ორმოცი წელი ქადაგებდა. ნეტარს მხარში ედგა და - ქსანთიპაც, რომელიც ხალხმრავალ ქალაქ ტოლედოში ქადაგებდა. ღირსი პოლიქსენია დაახლოებით 109 წელს გავიდა ამსოფლიდან.

წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)

წმიდა მოწამე ირიადა 5 სექტემბერსაც იხსენიება რაისას სახელით. მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული.

წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე (IX)

წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესი, პეტრე და ანტონინე აფრიკაში ეწამნენ მრისხანე იბრაჰიმის მმართველობის დროს. იბრაჰიმმა სიცილიის ქალაქ სირაკუზის აღებისა და მოოხრების შემდეგ ტყვედ ჩაიგდო იოანე და მისი ორი ძე, პეტრე და ანტონინე, რომლებიც იძულებით განსწავლა არაბულ ენასა და მეცნიერებებში. როცა ჭაბუკები წამოიზარდნენ, სიბრძნისა და კეთილმსახური ცხოვრების გამო მმართველმა იმდენად შეიყვარა ისინი, რომ ანტონინე თავის ნათესავად გამოაცხადა, პეტრე კი მსახურთუხუცესად დაადგინა. როცა იბრაჰიმმა გაიგო, რომ ყმაწვილები ფარული ქრისტიანები იყვნენ, იგი ენით აღუწერელმა მრისხანებამ შეიპყრო და ბრძანა, რკინის ხუნდებით შეებორკათ და დაუნდობლად ეგვემათ უფლის რჩეულები. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ანტონინე ვირზე შესვეს, ქამრებით დააკრეს ზედ და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით შემოატარეს ქალაქი. მარტვილი მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას და მადლობას სწირავდა უფალს. საშინლად ნაგვემი წმიდა პეტრე საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა ბრძანება გასცა, მოეყვანათ მოწამეთა მამა - იოანე. უსჯულო იბრაჰიმმა მას ყელში მახვილი ჩასცა. მშობლის ცხედარი შვილებს მიუგდეს, შემდეგ კი ისინიც გამოასალმეს სიცოცხლეს, დიდი კოცონი დააგზნეს და მარტვილთა ცხედრები დაწვეს.

მათ მოძღვარს, წმიდა ბერ ანდრიას მტარვალი დიდხანს შიმშილით ტანჯავდა, შემდეგ კი შუბი აძგერა მკერდში. როცა მოწამემ უფლისადმი სამადლობელი აღავლინა, იბრაჰიმმა ხელმეორედ დაჰკრა, ბოლოს კი სისხლისაგან თითქმის მთლად დაწრეტილს, ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს (+867-886).

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати