6 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ცხრა ძმა კოლაელნი: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (VI)
22 (06.03) თებერვალი
წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა VI საუკუნეში აღესრულნენ მოწამეობრივად. ისინი მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.
სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.
ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ არს შემოსლვაჲ თქუენი სახლსა ღმრთისასა“ ეუბნებოდნენ მათ.
ყრმები თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. „უკუეთუ გნებავს შემოსლვად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ნათელ-იღეთ სახელისა მიმართ მისისა და ეზიარენით საიდუმლოთა მისთა და შეგუერთენით ქრისტეანეთა“ აუხსნეს ყრმებს მეგობრებმა.
ყრმებმა სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.
ბავშვებმა საოცარი მოთმინებით აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა“. ვერც მოფერებამ, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არარაჲ გჳჴმს თქუენგან, არამედ განგჳტევენით და წარვიდეთ ქრისტეანეთა თანა“, - ითხოვდნენ ისინი.
შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყოველივე აუწყეს. მთავარმა მათ უთხრა: „შვილნი თქუენნი არიან, ჴელმწიფებაჲ გაქუს, უყავთ, რაჲცა გნებავს“. წარმართებმა მთავრისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. „ჩუენ ქრისტეანენი ვართ და მისთჳსცა მოვსწყდებით და მოვკუდებით, რომლისა მიმართ ნათელ-ვიღეთ“, - ეს იყო ყრმათა უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს.
ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.
პოვნა ნაწილთა მოწამეთა ევგენიაში (+395-423)
22 (06.03) თებერვალი
პოვნა ნაწილთა წმიდათა მოწამეთა ევგენიაში. დევნულობის დროს წმიდა მოწამეთა ნაწილებს მორწმუნეები, ჩვეულებრივ, ფარულ ადგილებში კრძალავდნენ. ასე აღმოჩნდა დაფლული კონსტანტინეპოლში, ევგენისად წოდებულ კარიბჭესა და კოშკთან მრავალი მარტვილის ცხედარი, რომელთა ვინაობა დრო-ჟამმა დაფარა. როცა აქ სასწაულებრივი კურნებები დაიწყო, წმიდა ნაწილების ადგილსამყოფელიც გაცხადდა და ისინი პატივით გადასვენდა ტაძარში. კეთილკრძალულ ღვთისმსახურს, ნიკოლოზ კალიგრაფს გამოცხადებით ეუწყა, რომ ევგენიაში ნაპოვნ წმიდა ნაწილებს შორის არის ნეშტი სამოცდაათთაგანი მოციქულის, ანდრონიკესი და მისი თანაშემწის, იუნიასი, რომელთაც მოციქულთა თავი, პავლე ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ.16, 7). XII საუკუნეში მოწამეთა წმიდა ნაწილების აღმოჩენის ადგილას იმპერატორმა ანდრონიკემ (1183-1185), რომლის მფარველი წმიდანიც მოციქული ანდრონიკე იყო, დიდებული ტაძარი ააგო.
წმიდა მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვანი (+დაახ. 305)
22 (06.03) თებერვალი
წმიდა მავრიკი მხედართმთავარი იყო, იგი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს, 305 წელს ეწამა ძესთან, ფოტინთან და თავისი ლაშქრის 70 მეომართან ერთად (მათგან მხოლოდ ორის სახელია ცნობილი თეოდორე და ფილიპე).
დევნულობის დროს წარმართმა ქურუმებმა მოახსენეს იმპერატორს, მავრიკი ქრისტეს სარწმუნოებას ავრცელებსო. სამსჯავროზე შვილთან და მხედრებთან ერთად წარმდგარმა წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე. მარტვილები ვერც ფერებამ მოდრიკა და ვერც მუქარამ. მაშინ ისინი სასტიკ სატანჯველებს მისცეს, ჭაბუკ ფოტინეს მამის თვალწინ მოკვეთეს თავი, მაგრამ ამ განსაცდელმა ვერ შეარყია წმიდა მავრიკი; მან მადლობა შესწირა უფალს შვილის მოწამებრივი აღსასრულისათვის.
მტარვალებმა უფრო დახვეწილ სატანჯველს მიმართეს; ქრისტეს მხნე აღმსარებლები ჭაობიან ადგილას გაიყვანეს, სადაც უამრავი კოღო, ბუზი და კრაზანა ირეოდა, თაფლი წაუსვეს სხეულზე და ხეებზე მიაკრეს. აქ ცალკე მწერების ნაკბენებისგან ეწამებოდნენ წმიდანები, ცალკე – შიმშილისა და წყურვილისაგან, მაგრამ დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს. 10 დღის შემდეგ ქრისტეს მარტვილებს თავები მოკვეთეს. მრისხანე მბრძანებელმა განკარგულება გასცა, მათი ცხედრები დაუმარხავად დაეტოვებინათ, მაგრამ ქრისტიანებმა ღამით, ფარულად დაფლეს ისინი მათი საშინელი აღსრულების ადგილზე.
ღირსი თალასი, ლიმნეი და ვარადატი, სირიელი მეუდაბნოენი (V)
22 (06.03) თებერვალი
ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილეშივე განმარტოვდა ერთი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად და 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა.
ღირსმა ლიმნეიმ წმიდა თალასის ხელმძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა, მის გვერდით საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა და მრავალი სათნოებაც შეითვისა: უბრალოება ადამიანებთან ურთიერთობაში, სიმდაბლე, მორჩილება. შემდგომ ღირსმა ლიმნეიმ ნეტარ მირონთან (ხს. 14 თებერვალს) გადაინაცვლა, მთის მწვერვალზე ქვითკირის მცირე, უსახურავო ზღუდე მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. მნახველებთან წმიდანი კედელში დატანებულ მცირე ჭრილიდან საუბრობდა.
მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმიდა მამამ, მისი სულიერი შვილების დახმარებით, მთის კალთებზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი.
წმიდა ცხოვრებისთვის ღირსმა მამამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო ღვთისგან.
ღირსმა ვარადატ სირიელმა მეუდაბნოეობის ღვაწლი ანტიოქიის მახლობლად, ერთ ქოხში დაიწყო. შემდგომ მან მთის მწვერვალზე ისეთი ვიწრო და დაბალჭერიანი ქვითკირის კელია მოიწყო, რომ შიგ მხოლოდ წელში მოხრილს შეეძლო ყოფნა. კელიას კარ-ფანჯრები არ ჰქონდა, კედლებში საგანგებოდ დატანებული ხვრელებიდან კი თავისუფლად აღწევდა ქარი, წვიმა და სუსხი. არც ზაფხულში იყო ღირსი მამა დაცული პაპანაქებისაგან. მრავალი წლის შემდეგ წმიდანი ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოდოტიმ მოინახულა და შეაგონა, დაეტოვებინა ვიწრო თავშესაფარი. მაშინ ღირსი ვარადატი ახალ ღვაწლს შეუდგა: თავიდან ფეხებამდე დაიფარა ტყავის ქიტონით, რომელსაც ერთი ვიწრო ნასვრეტიღა ჰქონდა ჰაერისთვის და ფეხზე მდგარი, ხელაპყრობით დაუსრულებლად ადიდებდა უფალს. ახოვანი მოსაგრის გული თანდათან დაიწმიდა ბოროტ ვნებათაგან. მრავალმა ადამიანმა იწყო სიარული რჩევა-დარიგების მოსასმენად და მორჩილებით აღსავსე მამაც გულმოდგინედ მოძღვრავდა ყველას. ღვთაებრივი მადლის ჭურჭლად ქცეული ბერი მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი ათანასე აღმსარებელი (+821)
22 (06.03) თებერვალი
ღირსი ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინეპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.