USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 6 იანვარს?
дата:  346

6 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსმოწამე ევგენია და მის თანა მოწამენი: პროტიოსი, იაკინთე და კლავდია (+დაახლ. 262)

24 (6.01) დეკემბერი

ღირსმოწამე ევგენია წარმოშობით რომაელი იყო, მაგრამ ალექსანდრიაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი - ფილიპე იმპერატორმა კომოდუსმა (180-192) ეგვიპტის ეპარქოსად გაამწესა. წმიდანმა მშვენიერი განათლება მიიღო, ამასთან ზნეკეთილობითა და მშვენიერებითაც გამოირჩეოდა. ბევრი დიდებული ჭაბუკი ეძებდა მის ხელს, მაგრამ ნეტარს გათხოვება არ სურდა. ერთხელ ევგენიას პავლე მოციქულის ეპისტოლეები ჩაუვარდა ხელში, მისი წაკითხვის შემდეგ ირწმუნა ქრისტე, მისთვის ცხოვრების შეწირვის სურვილით აენთო, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მონებთან - პროტიოსთან და იაკინთესთან ერთად ნათელიღო ეპისკოპოს ელიას ხელით, რომელსაც ევგენიას შესახებ წინასწარ განეცხადა საღვთო ხილვაში. მღვდელმთავარმა წმიდა დედა აკურთხა, მამაკაცის სამოსელში გადაცმულს ევგენის სახელით ეღვაწა, ამით წმინდა ევგენიას საშუალება ეძლეოდა დამალვოდა მამას, რომელსაც წმინდანის გათხოვება სურდა.

დაუცხრომელი მოსაგრეობით უფლის რჩეულმა კურნების ნიჭი მოიგო. ერთხელ მას ახალგაზრდა ქვრივმა, მელანიამ მიმართა შემწეობის სათხოვნელად. ქვრივი მელანია მოიხიბლა ევგენის სილამაზითა და გულმოწყალებით და ყოველნაირად ეცადა ეცდუნებინა წმინდანი. გულისთქმები აღეძრა, მაგრამ როცა ხელი ჰკრეს, გააფთრებულმა, წმიდანს მასზე ძალის ხმარების მცდელობაში დასდო ბრალი. ევგენია მამამისის, ეგვიპტის ეპარქის წინაშე წარდგა სამსჯავროზე და იძულებული შეიქნა, თავისი საიდუმლო გაეცხადებინა. კარგა ხნის გამოტირებული ქალწულის პოვნამ მისი ახლობლები სიხარულით აღავსო და რამდენიმე ხანში ყველანი მოინათლნენ. ეს რომ იმპერატორმა გაიგო, მამამისი ეპარქის თანამდებობიდან გადააყენა. ალექსანდრიელმა ქრისტიანებმა ფილიპე თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს. ეგვიპტის ახალმა მმართველმა სახალხო მღელვარების შიშით ვერ გაბედა საჯაროდ დაესაჯა სიკვდილით თავისი წინამორბედი და დაქირავებული მკვლელები მიუგზავნა. ავაზაკები ლოცვის დროს დაესხნენ თავს მღვდელმთავარს და სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შედეგადაც იგი სამ დღეში გარდაიცვალა. დაქვრივებული კლავდია ასულთან და მსახურებთან ერთად რომის მახლობლად მდებარე თავის მამულს დაუბრუნდა. აქ ევგენიამ მრავალი ქალწული მოაქცია ქრისტიანობაზე, კლავდიამ კი დავრდომილთა თავშესაფარი მოაწყო და ქვრივებს ემსახურებოდა. რამდენიმე მშვიდობიანი წელიწადის შემდეგ იმპერატორმა გალიენუსმა (260-268) ისევ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და მრავალმა მათგანმა კლავდიასა და ევგენიასთან ჰპოვა თავშესაფარი.

დაობლებულმა ახალგაზრდა რომაელმა ქალმა, სამეფო გვარის ჩამომავალმა ბასილამ შეიტყო წმიდა ევგენიას შესახებ, ნეტარ ქალწულთან შეხვედრა ისურვა და მას წერილით მიმართა. პასუხად ევგენიამ მასთან თავისი მეგობრები და თანამოსაგრეები, პროტიოსი და იაკინთე გაგზავნა. წმიდანებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრეს წრფელი გზის მაძიებელი, რის შემდეგაც მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ბასილას მხევალმა თავისი ქალბატონის საქმროს, პომპიუსს აუწყა, რომ მისი სასძლო ქრისტეს შეუდგა, პომპიუსმა კი იმპერატორთან დაასმინა თითქოსდა უქორწინებლობის მქადაგებელი მართლმორწმუნეები. სამსჯავროზე გამოძახებულმა ბასილამ უარი განაცხადა პომპიუსთან შეუღლებაზე, რის გამოც მახვილით განგმირეს. პროტიოსი და იაკინთე წარმართულ ტაძარში წაიყვანეს მსხვერპლის შესაწირად, მაგრამ შიგ ფეხი შედგეს თუ არა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ამის შემდეგ წმიდა მოწამეებს თავები მოკვეთეს. წმიდა ევგენიაც ძალდატანებით წაიყვანეს დიანას ტაძრისკენ, მაგრამ საკერპოსთან ნეტარის მიახლოება და მისი ნანგრევებად ქცევა ერთი იყო. ამის შემდეგ უფლის რჩეულს ყელზე ლოდი გამოაბეს და მდინარე ტიბრში ჩააგდეს, მაგრამ ლოდის საკვრელი გაწყდა და მოწამე გადარჩა. წმიდანი ცეცხლშიც უვნებელი დარჩა. მაშინ იგი ორმოში ჩააგდეს და შიგ ათი დღე ამყოფეს. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა და აუწყა, რომ ქრისტეშობის დღეს შევიდოდა ცათა სასუფეველში. მართლაც, 262 წელს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, ჯალათმა ქრისტეს ტარიგს თავი მოჰკვეთა. სულ მალე მოწამეობრივად აღესრულა წმიდა კლავდიაც. ღირსმოწამე ევგენიამ მას წინასწარ აუწყა თავისი მიცვალების დღე.

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი (IX)

24 (6.01) დეკემბერი

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი მხედართმთავრად მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I-ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს. ბრძოლის წინა დღეს ერთი ქალი წმიდანის ცთუნებას ეცადა, მაგრამ უფლის რჩეული ახოვნად წინ აღუდგა მას. სისხლისმღვრელ ბრძოლაში ნიკოლოზის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ ის გადარჩა. მხედარს ზეციური ჩვენებით განეცხადა, რომ სიცოცხლე საცთურის დაძლევისათვის ებოძა. ამის შემდეგ მან მონასტერს მიაშურა, სქიმა შეიმოსა და დაუდუმებლად ლოცულობდა ომებში დაღუპული მეომრებისათვის. დაუცხრომელი ღვაწლით ნეტარი სათნოეყო უფალს და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.

Тбилиси
2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.

„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.

более
голосование
Кстати