USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 6 დეკემბერს?
дата:  278

6 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

მიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული (+1942)

23 (06.12) ნოემბერი

მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში.

 1905 წელს მამა რომანოზი უეცრად გარდაიცვალა და მარიამს გასაზრდელად დარჩა სამი ობოლი: არჩილი, გრიგოლი და ვასილი. მარიამს ძალიან გაუჭირდა და გრიგოლი, ბიძამ, ყვარელის ეკლესიის მოძღვარმა, გიორგი ფერაძემ, წაიყვანა თავისთან.

 სასკოლო ასაკს მიღწეული გრიგოლი დედამ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლმა სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, რომლის რექტორიც იმხანად იყო ცნობილი მეცნიერი კორნელი კეკელიძე.

 1918 წელს, გრიგოლი ტფილისის ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმავდროულად მასწავლებლად მუშაობდა გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკში.

 1919 წელს, გრიგოლი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

 1921 წელს, გრიგოლი კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა, ამავე წელს, როცა ბოლშევიკები თავს დაესხნენ საქართველოს, გრიგოლი, მის ორ ძმასთან ერთად, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.

 1921 წლის შემოდგომაზე, გარეკახეთის სამღდელოებამ, გრიგოლ ფერაძე გელათში გამართულ საეკლესიო კრებაზე თავის წარმომადგენლად მიავლინა. მღდელმოწამე ნაზარისა (ლეჟავა) და კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით ამ კრებაზე გადაწყდა გრიგოლის ევროპაში სასწავლებლად გაგზავნა.

1922 წლის მაისში, გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

 1925 წელს, გრიგოლი სასწავლებლად გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის - „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. იმ დროიდან მოყოლებული, ვიდრე 1927 წლამდე, განაგრძობდა ღმრთისმეტყველების შესწავლას - ლექციებს ისმენდა ლუვენის უნივერსიტეტში.

1927 წლიდან გრიგოლ ფერაძე სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში გრიგოლი დანიშნეს ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე.

 1932 წელს, გრიგოლი მიიწვიეს ოქსფორდში საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს, გრიგოლი მონაზვნად აღიკვეცა, მალევე მღვდლად დაასხეს ხელნი, არქიმანდრიტობაც უბოძეს და პარიზის ქართული სამრევლო ჩააბარეს. გრიგოლ ფერაძემ პარიზში დააარსა წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.

1932 წელს, მამა გრიგოლი ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად აირჩიეს. გრიგოლ ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები გამსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. ის მთელ თავის სახსრებს ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი მოღვაწეობის შესახებ.

იმ დროს, საფრანგეთში ინახებოდა საქართველოს ეკლესიის განძეულობა, რომელიც გრიგოლ ფერაძის თავგანწირული მოქმედების შედეგად გადაურჩა გერმანელი ფაშისტებისაგან კონფისკაციას. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ ქართული კულტურის საუკეთესო ნაწილი, არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა.

 1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. გრიგოლის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.

 ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა.

წმიდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი (+394)

23 (06.12) ნოემბერი

წმიდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. იგი წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ახლო ნათესავი და ბასილი დიდის მეგობარი იყო. წმიდა ამფილოქე თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა უდაბნოში მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით, მაგრამ 372 წელს, როცა იკონიის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, უფლის ანგელოზები საღვთო ხილვით სამჯერ გამოეცხადნენ ნეტარ მამას და მოუწოდეს, იკონიაში წასულიყო სამღვდელმთავრო მოღვაწეობისთვის. წმიდანის წინაშე მესამედ წარმდგარმა ზეციურმა მაცნემ მასთან ერთად იგალობა ანგელოზთა საგალობელი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“.

 წმიდა ამფილოქესთან შვიდი ეპისკოპოსი მივიდა, რომელთაც ასევე გამოცხადებით ეუწყათ, რომ წმინდანი იკონიის ეპისკოპოსად ეკურთხებინათ.

მვდელმთავარი ამფილოქე მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა იკონიის ეპარქიას. მართლმადიდებლობის ერთგული მოსაგრე მკაცრად ამხელდა არიოზისა და ევნომიუსის მწვალებლურ სწავლებებს, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო კრების (381) მუშაობაშიც და სათავეში ედგა ბრძოლას მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ.

ამფილოქეს ძალიან გაუჭირდა შეეკავებინა არიანელთა ბილწი მწვალებლობის გავრცელება მთელს საბერძნეთში და იმპერატორ თეოდოსის მიმართა თხოვნით, მეფური ძალაუფლება გამოეყენებინა არიანელთა საკრებულოების დასაშლელად. თვითმპყრობელმა თავი აარიდა მწვალებელთა მოსალოდნელ შფოთს და მღვდელმთავრის სათხოვარი უპასუხოდ დატოვა. რამდენიმე ხანში ამფილოქეს მეფესთან მოუხდა შეხვედრა. მან თეოდოსის თაყვანი სცა და ღირსეული პატივი მიაგო, მაგრამ იქვე მჯდომ მის თანამმართველს - მეფისწულ არკადის ყურადღებაც არ მიაქცია. იმპერატორი ძალიან განარისხა ძის შეურაცხყოფამ და ბრძანა, სასახლიდან გაეძევებინათ წმინდა ამფილოქე. წმიდა მღვდელმთავარმა ასე მიმართა მას: „ჰოი, მეუფეო! ახლა შენ საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდი იმაში, თუ რა ძნელია ძისადმი უპატიო მოპყრობის დათმენა: ბრაზობ ჩემზე. უფალი მით უფრო ვერ მოითმენს თავისი ძის შეურაცხყოფას. ის ზურგს აქცევს და მოიძულებს მის მგმობელებს და სასტიკ სასჯელს უმზადებს არიოზის წყეული ერესის ყველა თანაზიარს“. იმპერატორი მიხვდა, რომ წმიდანის ქცევა იგავურად უნდა გაეგო - გულისხმაყო, რომ ძე ღმერთს მამა ღმერთის თანასწორი პატივი შეშვენოდა, გააოცა მღვდელმთავრის სიბრძნემ და კეთილგონიერებამ, ტახტიდან წამოდგა, ქედი მოუდრიკა წმიდანს და პატიება სთხოვა. ამის შემდეგ თეოდოსიმ მთელს იმპერიაში დაგზავნა განკარგულებები, რომ სამოქალაქო ხელისუფლებას აქტიურად დაეჭირა მხარი მართლმადიდებ-ლებისთვის. ამგვარად, ამფილოქე იკონიელის მეოხებით ქრისტეს ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა. ჩვენამდე შემონახულია მღვდელმთავარ ამფილოქეს ეპისტოლეები და ქადაგებები. 394 წელს წმიდა მწყემსმთავარმა მშვიდობით შეჰვედრა სული

წმიდა გრიგოლი - აკრაგანტელი ეპისკოპოსი (VI-VII)

23 (06.12) ნოემბერი

წმიდა გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მახლობლად მდებარე სოფელ პრეტორიაში დაიბადა, კეთილმსახური ქრისტიანების, ხარიტონისა და თეოდოტიას ოჯახში. ნათლისღებისას მისი მიმრქმელი იყო აკრაგანტელი ეპისკოპოსი პატამონი. მშობლებმა გულისხმიერი ყრმა სასწავლებლად მიაბარეს, იგი ისე სწრაფად დაეუფლა წერა-კითხვას და გალობას, რომ თორმეტი წლის ასაკში წმიდანი ღვთისმსახურთა დასს შერთეს. ნეტარმა გრიგოლმა ათი წელი იმსახურა აკრაგანტის ეკლესიაში. ერთხელ წმიდა ჭაბუკს, რომელსაც ძლიერ სურდა იერუსალიმის მოლოცვა, ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა აკურთხა მისი განზრახვა.

 იერუსალიმში წმიდა გრიგოლი წარუდგინეს პატრიარქ მაკარის (563-574), რომელმაც მას დიაკვნად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში დატოვა მსახურებისთვის. აქ ნეტარი მამა სიმშვიდეს ვერ პოულობდა - იგი უფრო მძიმე, ბერულ ღვაწლს ესწრაფოდა. პატრიარქმა მაკარიმაც აკურთხა ღვთისმოყვარე ყმაწვილი, რის შემდეგაც იგი ელეონის მთაზე მდებარე მონასტერში დამკვიდრდა. ერთი წლის თავზე უფლის რჩეულმა სავანე დატოვა და ერთ მეუდაბნოე ბერს მიაშურა, რომელიც ოთხი წლის მანძილზე გულმოდგინედ ასწავლიდა მოსაგრე ცხოვრების წესებს. განდეგილმა წინასწარ განჭვრიტა ჭაბუკის მომავალი და აკურთხა იგი, დაყუდებიდან გასულიყო.

გრიგოლმა რამდენიმე ხანი იერუსალიმში დაჰყო, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერში. წმიდა მამის ასკეტურმა ცხოვრებამ, სულიერმა გამოცდილებამ და ღვთისმეტყველურმა ცოდნამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქის (552-565) ყურადღება მიიპყრო. მისი მოთხოვნით გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო მეხუთე მსოფლიო კრების (553) მუშაობაში. კრების დამთავრების შემდეგ წმიდანი რომში გაემგზავრა მოციქულების, წმიდა პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად.

 როდესაც აკრაგანტის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, ქალაქის უხუცესმა ღვთისმსახურებმა და წარჩინებულმა მოქალაქეებმა რომის პაპს მიმართეს თხოვნით, დაქვრივებულ კათედრაზე გაემწესებინა ერთ-ერთი მათ მიერ წარდგენილი კანდიდატთაგანი, მაგრამ პაპმა ყველა მოწოდებული წინადადება უარყო და მღვდელმთავრად წმიდა გრიგოლი დაადგინა.

 წმიდანი მღვდელმთავრის ხარისხშიც მოსაგრე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. სამწყსოს უყვარდა თავისი მღვდელმთავარი, ენდობოდა მას, მაგრამ ნეტარს გამოუჩნდნენ მტრებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ მისი სახელი. როცა წმიდა გრიგოლი ტაძარში იმყოფებოდა, მოშურნეებმა მის სენაკში ფარულად შეიყვანეს მოსყიდული ქალი, შემდეგ კი ხალხის წინაშე, რომელიც ღვთისმსახურების შემდეგ სახლამდე მიაცილებდა მწყემსმთავარს, გამოიყვანეს იგი და გრიგოლს მეძაობის ცოდვაში დასდეს ბრალი. წმიდა ეპისკოპოსი დააპატიმრეს. ხალხი ცდილობდა, დაეცვა მეუფე, მაგრამ ამაოდ. სამსჯავროზე მეძავი ცრუმოწმედ გამოვიდა გრიგოლის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც კი ცილისმწამებლური სიტყვები წარმოთქვა, ეშმაკეულ-იქმნა. მაშინ მსაჯულებმა წმიდანს ჯადოქრობაში დასდეს ბრალი, თავის „დანაშაულთა“ ცილისმწამებლური ნუსხა გააყოლეს და რომის პაპთან გაგზავნეს განსასჯელად. რომის ეკლესიის მესაჭემ ცრუბრალდებები რომ წაიკითხა, „დამნაშავის“ ნახვა არც ისურვა - ბრძანა, პირდაპირ საპყრობილეში ჩაეგდოთ უფლის რჩეული. ნეტარი უდრტვინველად იტანდა დამცირებას და გამუდმებით ლოცულობდა. ხმა მისი ლოცვითი ღვაწლისა და სასწაულთქმედების ნიჭის შესახებ სწრაფად გავრცელდა მთელს ქალაქსა და ოლქში. უფლის რჩეულთან მრავლად მოდიოდნენ კეთილმსახური რომაელები, რომელთაც პყრობილი წმიდანი მართალ ცხოვრებას ასწავლიდა.

 ორი წლის შემდეგ პაპთან მივიდა განჭვრეტის ნიჭმიმადლებული ბერი მარკოზი, რომელიც გრიგოლს სიყმაწვილიდანვე იცნობდა. მან არ ირწმუნა ცილისწამებისა და პაპს მოსთხოვა, წმიდანის საქმის გასარჩევად საგანგებო კრება მოეწვია. პაპის მოწვევით კრებაზე ქალაქ აკრაგანტის მრავალი ღვთისმსახური ჩავიდა, მივიდნენ წმიდა მღვდელმთავრის ცილისმწამებლებიც, მათ შორის - ეშმაკეულქმნილი მეძავიც. კონსტანტინოპოლიდან რომს მიაშურა სამმა ეპისკოპოსმა და იმპერატორის კარისკაცმა მარკიანემ. გზად მარკიანე მძიმედ დასნეულდა. მღვდელმთავარ გრიგოლის ლოცვით განკურნებული ადამიანების რჩევით სულთმობრძავი წმიდა გრიგოლის საკანში მიიყვანეს და სნეული მაშინვე განიკურნა.

კრებაზე ცილისმწამებლები ცდილობდნენ, თავიანთი ბრალდების დამტკიცებას. მათ, როგორც მთავარი საბუთი, მსაჯულთა წინაშე წარადგინეს გონდაკარგული მეძავი - თითქოსდა გრიგოლის ჯადოსნობის მსხვერპლი. მღვდელმთავარმა ილოცა და მეძავისგან ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც განკურნებულმა ქალმა კრების მონაწილეებს მთელი სიმართლე განუცხადა. ცილისმწამებლები დამარცხდნენ. მარკიანეს ცილისმწამებლების სიკვდილით დასჯა სურდა, მაგრამ წმიდა გრიგოლმა მათთვის წყალობა გამოითხოვა.

 უფლის რჩეული კათედრას დაუბრუნდა და, საყოველთაო სიყვარულით გარემოცული, აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს (VI-VII).

წმიდა მოწამე სისინიოსი - კვიზიკელი ეპისკოპოსი (III)

23 (06.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე სისინიოსი - კვიზიკელი ეპისკოპოსი დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის ქალაქ კვიზიკის მმართველის, ალექსანდრეს ხელით. ხანგრძლივი და სასტიკი სატანჯველების შემდეგ მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი (IV)

23 (06.12) ნოემბერი

წმიდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი, თხუთმეტი წლის ყრმა, ქრისტეს აღსარებისთვის სასტიკად აწამეს იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას. ჯალათებს თავზარი დასცა იმან, რომ წმიდანი წამების დროს ხარობდა, მისი შეწყვეტისას კი ტკივილებს გრძნობდა. მათ ამ სასწაულის შესახებ იმპერატორს შეატყობინეს, რომელმაც მარტვილის განთავისუფლება ბრძანა. მოგვიანებით ნეტარი თეოდორე ყვებოდა, რომ როცა აწამებდნენ, მას უფლის ანგელოზი ეცხადებოდა და სატანჯველებს უმსუბუქებდა, წამების შემდეგ კი ანგელოზი ქრებოდა და ისიც ტკივილებისაგან იტანჯებოდა. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი (+1263)

23 (06.12) ნოემბერი

კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმიდანი 1220 წელს დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე შეითვისა ქრისტიანული მოძღვრება. ნეტარს ძლიერ უყვარდა საეკლესიო საგალობლები, მუდამ წმიდა მამათა ნაწერებს კითხულობდა. ღამისთევები და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება მისი საყვარელი საქმიანობა იყო. 1236 წელს ალექსანდრე ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. სულ მალე, 1340 წელს მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებას და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ღვთის მსასოებელმა ალექსანდრემ მდინარე ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკი დამარცხება აგემა მტრის ურიცხვ ლაშქარს, რისთვისაც ხალხმა „ნეველი“ უწოდა. 1242 წელს ნეტარი გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა და, უფლის შეწევნით, კვლავ გაიმარჯვა.

 ალექსანდრეს კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმა უაზრო იყო და ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა. 1250 წელს მან ნოვგორდის დიდი მთავრის წოდება მიიღო და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისა და ქვეყნისთვის. ხანებთან შუამდგომლობით წმიდანმა მოახერხა, რომ ეპისკოპოსები და მღვდლები თათართა გადასახადებისგან გაეთავისუფლებინა; წმიდა ალექსანდრე მართლმადიდებლობის მტკიცე აღმსარებელი იყო: როცა იგი პირველად ჩავიდა თათართა ბანაკში, ქურუმებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა მტკიცე უარით უპასუხა და განაცხადა: „მე მხოლოდ ცისა და ქვეყნის შემოქმედ, სამებით ქებულ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვსცემ თაყვანს“. ბათო-ხანი, რომელიც პატივს სცემდა რუსი მთავრის სიმამაცესა და სიბრძნეს, მის საქციელს შემწყნარებლურად შეხვდა.

 პაპმა ინოკენტი IV-მ წმიდანს რომაული კათოლიციზმის მიღება შესთავაზა, რაზეც ალექსანდრემ უპასუხა, ჩვენ მოციქულებისგან გადმოცემული სწავლება გვიპყრია და თქვენი სწავლების მიღება არ გვსურსო. 1262 წელს თათართა მძლავრობისგან შევიწროებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ხანმა მათ დასასჯელად ლაშქარი გაამზადა. ალექსანდრე ურდოში წავიდა, რომ თათარი ხელისუფლის გული მოელბო, მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ, ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული, უკან მობრუნებისას სასიკვდილოდ დასნეულდა. სულთმობრძავმა მთავარმა სქიმა შეიმოსა ალექსის სახელით, წმიდა საიდუმლოს ეზიარა და 1263 წლის 14 ნოემბერს, ორმოცდასამი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

 23 ნოემბერს კეთილმსახური მთავრის წმიდა ცხედარი პატივით დაკრძალეს ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტერში. გადმოცემით, როცა ნეტარ ალექსანდრეს წესს უგებდნენ, სასწაული აღესრულა - მან შენდობის ბარათის მისაღებად ცოცხალივით ხელი გაშალა.

 1380 წელს აღესრულა უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება (ამ მოვლენას ეკლესია 30 აგვისტოს აღნიშნავს).

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати