5 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა წინასწარმეტყველი იონა (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
წმიდა წინასწარმეტყველი იონა, მცირე წინასწარმეტყველთაგანი ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ: „აღმიქჳთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაჲ ესე თქუენ ზედა, რამეთუ ჩემ გამო იყო ყოველი ესე ჭირი თქუენ ზედა“ (იონა; 1,12). იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. უფლის რჩეული ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონამ ზეგარდმო კვლავ მიიღო ბრძანება, წასულიყო ნინევეში და სინანული ექადაგა. ამჟამად წმიდანმა შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება, „აჰა სამ დღეღა და ნინევი დაიქცეს“ (იონა; 3,4). ეს რომ ესმათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა მათ შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.
სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა, „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ“ (მთ. 12.39).
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
ღირსი იონა ხუცესი (IX), მამა თეოფანე კანონმთქმელისა და თეოდორესი, გამომეტყველთა
წმიდა იონა ხუცესი, მამა თეოფანე კანონმთქმელისა (ხს. 11 ოქტომბერს) და თეოდორესი, გამომეტყველთა (ხს. 27 დეკემბერს), პალესტინელი იყო. იგი კეთილმსახურებით და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იონა დამკვიდრდა ღირსი საბა განწმედილის (ხს. 5 დეკემბერს) ლავრაში, სადაც ადრე მისი ძეები მოღვაწეობდნენ და იქ შევედრა ლოცვითა და მარხვით განწმედილი სული უფალს.
წმიდა მოწამე ფოკა მემტილე (+დაახლ. 320)
წმიდა მოწამე ფოკა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპიდან იყო. მას ქალაქის ბჭეებთან, ზღვის პირას პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული და მოკრძალებით ცხოვრობდა: ხილს ყიდდა და აღებული საზღაურით თავსაც ირჩენდა, გლახაკებსაც ეხმარებოდა და მწირებსაც უმასპინძლდებოდა. წმიდანის ღვთისმოშიშება ირგვლივ მყოფებზე კეთილ გავლენას ახდენდა: მრავალმა უსჯულომ დაუტევა კერპთაყვანისმცემლობა და მიიღო ქრისტიანობა. ოლქის მმართველმა ბრძანა, შეეპყროთ წმიდა ფოკა და „თვინიერ საშჯელისა და სიტყჳსგებისა“ მოეკლათ იგი. წმიდანი შემთხვევით თავად შეხვდა წარმოგზავნილებს, ისე, რომ ვინაობა არ გაუმხელია, გულღიად უმასპინძლა და ღამეც გაათევინა. ღამით ნეტარი ბაღში გავიდა, კუბო შეამზადა თავისთვის, საფლავიც გაითხარა და განკარგულება გასცა, სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ. დილით ფოკამ სტუმრებს განუცხადა, „აჰა, მე ვარ საძიებელი იგი თქუენი“. მოვლინებულნი „იწყლნეს სულითა და განკჳრდეს სმენითა“, შერცხვათ „სიგლახაკესა შინა სიყვარულით პატივის-მცემელი“ მასპინძლისა და გადაწყვიტეს, გადაერჩინათ იგი. მაგრამ ფოკამ უარი განაცხადა და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.
ნეტარი მოწამე ბაღში, მის მიერვე გათხრილ სამარეში დაფლეს. წმიდა საფლავზე მრავალი კურნება აღესრულა. შემდგომ აქ ტაძარი ააგეს.
მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი (VI)
მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი აფრიკაში ხარკის ამკრეფთა მთავარი იყო იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეობისას. ერთხელ მან პურის ნატეხი ესროლა გლახაკს, რომელმაც მოწყალების თხოვნით თავი მოაბეზრა. ღამით პეტრემ სიზმრად იხილა, თითქოს მიიცვალა და ანგალოზები მის საქმეებს მართლმსაჯულების სასწორზე წონიდნენ. კეთილი საქმეების პინაზე არაფერი იყო დასადები გლახაკისთვის სიბრაზისგან ნასროლი პურის ნატეხის გარდა, მაგრამ ამანაც კი გააჩერა ბოროტი საქმეების პინა, რომელიც უკვე დაბლა ეშვებოდა. პეტრე მიხვდა სიზმრისეული ჩვენების მნიშვნელობას, შეინანა და სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი. ამიერიდან იგი გულუხვად ეხმარებოდა გლახაკებს. ერთხელ ნეტარს ძილში იესო ქრისტე წარმოუდგა. იგი იმ სამოსელში იყო ჩაცმული, რომელიც პეტრემ ოდესღაც მათხოვარს უბოძა. მაშინ პეტრემ მთელი ქონება უპოვრებს დაურიგა და ერთ მონას უბრძანა, თვითონ ისიც მონად გაეყიდა, აღებული ფული კი მოწყალებად გაეცა. მრავალი წლის მანძილზე წმიდანი გულმოდგინედ ემსახურებოდა თავის ბატონს, მაგრამ ერთხელ ნეტარი ნახეს ნაცნობმა ვაჭრებმა და ბატონს მონის ვინაობა აუწყეს. პეტრემ დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. წასვლის წინ მან სასწაული აღასრულა, ყრუ-მუნჯმა მეკარე მონამ შეასრულა პეტრეს მიერ ქრისტეს სახელით გაცემული ბრძანება, გააღო კარები და სმენა და მეტყველების უნარიც მიემადლა. წმიდანი გაუჩინარდა და სიკვდილამდე მის შესახებ არავის არაფერი სმენია. ნეტარი პეტრეს ცხოვრება შემოგვინახა მღვდელმთავარმა იოანე მოწყალემ, ალექსანდრიელმა პატრიარქმა (ხს. 12 ნოემბერს).
ღირსი კოზმა (+1323)
ღირსი კოზმა ზოგრაფელი ბულგარეთიდან იყო. სიჭაბუკეში მან თავი აარიდა ქორწინებას და მშობლებისგან ფარულად მიაშურა ათონის მთას. ნეტარი ათონის ზოგრაფის სავანეში მორჩილად მიიღეს. დიდმა ხანმა განვლო, სანამ იგი ბერად აღიკვეცებოდა, რის შემდეგაც ეკლესიარქად დაადგინეს. ხარების დღესასწაულზე ვათოპედის მონასტერში ღვთისმშობელმა ინება, ხილულად გაეცხადებინა კოზმასთვის, თუ როგორ ზრუნავდა თავის წილხვედრ მიწაზე. წინამძღვრის კურთხევით კოზმა უდაბნოში გავიდა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. სიკვდილის წინ წმიდა კოზმა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა, მადლობა შესწირა ღმერთს და მშვიდად მიიძინა. უფალმა სასწაულებრივ განადიდა თავისი რჩეული. მისი დაკრძალვის დღეს გამოქვაბულთან თავი მოიყარა უამრავმა მხეცმა და ფრინველმა, რომლებიც თითქოს გრძნობდნენ წმიდა მთის დანაკლისს, ტყიდან ისმოდა ცხოველთა და ფრინველთა მგლოვიარე ხმები. ეს მოხდა 1323 წელს.