USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 5 ივლისს?
дата:  

მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი (380)

22 (05.07) ივნისი

მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი ერთგულად იცავდა 325 წელს ნიკეის I მსოფლიო კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს, რის გამოც არიანელები გააფთრებით დევნიდნენ. მათ წმიდა მღვდელმთავარი არაერთხელ გააძევეს კათედრიდან და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. როცა არიანელთა მფარველმა იმპერატორმა კონსტანციმ (337-361) შეიტყო, რომ ევსებისთან ინახებოდა კრების დადგენილება ანტიოქიის კათედრაზე მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის, მელეტის არჩევის შესახებ, უბრძანა წმიდანს, მისთვის გამოეგზავნა იგი. ნეტარმა მამამ უარი განაცხადა. განრისხებულმა იმპერატორმა შეუთვალა, თუ აქტს არ გადმომცემ, მარჯვენა ხელს მოგკვეთენო. ევსებიმ დესპანს ორივე ხელი გაუწოდა და უთხრა: „მომკვეთეთ, მაგრამ კრების დადგენილებას, რომელშიც არიანელთა ღვარძლი და უსჯულოებაა მხილებული, არ მოგცემთ!“ მღვდელმთავრის გაბედულებით გაკვირვებულ თვითმპყრობელს მისთვის არაფერი დაუშავებია.

კონსტანცის შემდეგ ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (361-363), რომელმაც ქრისტიანთა აშკარა დევნა დაიწყო. მეომრის სამოსელში გადაცმული წმიდა ევსები ფარულად მოგზაურობდა სირიაში, ფინიკიაში, პალესტინაში და განამტკიცებდა განსაცდელში მყოფ მართლმადიდებლებს. იულიანე განდგომილის დაღუპვის შემდეგ კეთილმსახური მეფე იობიანე (363-364) გამეფდა. ეკლესიურ ცხოვრებაში სიმშვიდემ დაისადგურა. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მთავარეპისკოპოსმა მელიტიმ, ევსების რჩევით, 379 წელს ადგილობრივი კრება მოიწვია ანტიოქიაში. მას ესწრებოდა 27 ეპისკოპოსი, რომლებმაც დაამტკიცეს I მსოფლიო კრებაზე მიღებული რწმენის სიმბოლო. იობიანეს შემდეგ იმპერატორი გახდა არიანელი ვალენტი (364-378). რომელმაც ევსების თრაკიაში გადასახლება და პატიმრობა მიუსაჯა. მეფის ბრძანება რომ მიიღო, ნეტარმა მამამ მრევლის მღელვარების თავიდან ასაცილებლად ღამით დატოვა ქალაქი. სამოსატის კათედრაზე არიანელი ევნომიუსი დაადგინეს, მაგრამ ხალხმა არ მიიღო ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი. მწვალებელი მალე მიხვდა, რომ ვეღარ შეძლებდა საკუთარი სამწყსოს შემოკრებას.

ტახტზე ასულმა იმპერატორმა გრაციანემ (375-383) არიანელთაგან შევიწროებული მართლმადიდებელი მღვდელმთავრები დააბრუნა გადასახლებიდან. ევსებიც დაუბრუნდა სამპუსის და ეკლესიური ცხოვრების გამართვა განაგრძო, დაახლოებით 380 წელს წმიდა მამა არიანელთა ქალაქ დოლიქინში ჩავიდა, რომ იქაური კათედრა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, მარინისთვის ჩაებარებინა. ერთმა არიანელმა ქალმა სახურავიდან კრამიტი ესროლა და თავი გაუპო უფლის რჩეულს. სულთმობრძავმა ევსებიმ მაცხოვრის მსგავსად შეუნდო მკვლელს და ითხოვა, არ დაესაჯათ იგი. ნეტარი მღვდელმთავრის ნეშტი სამოსზე გადაასვენეს.

მოწამენი: ზენონი და ზინა (304)

22 (05.07) ივნისი

წმიდა მოწამენი ზენონი და ზინა ქალაქ ფილადელფიაში (არაბეთი) ცხოვრობდნენ. წმიდა ზენონი მდიდარი იყო, ქრისტეს სიყვარულისთვისა და მისთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით აღვსილმა ზენონმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება, მონებიც გაათავისუფლა და მის ერთგულ მსახურ ზინასთან ერთად მმართველის წინაშე წარსდგა და კერპთმსახურებაში ამხილა იგი. ქრისტიანთა მდევნელმა აღმსარებლის წამება ბრძანა. წმიდანები ძელზე დაჰკიდეს. მტარვალებმა მათ რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ ხორცის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი გადაასხეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმიდანებს თავები მოკვეთეს (+304).

მოწამე გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი

22 (05.07) ივნისი

წმიდა მოწამეები: გალაქტიონი, იულიანე და სატურნინი. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა გალაქტიონი ზღვაში დაახრჩვეს, იულიანა კი ძესთან, სატურნინთან ერთად დაწვეს.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати