USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 4 ნოემბერს?
 254

4 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი - იერაპოლის ეპისკოპოსი,
საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 167)

წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების საცხოვნებელ გზაზე მოსაქცევად. ერთხელ წმიდანის წინაშე ანგელოზი წარდგა და უბრძანა, წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შურით აღძრული ეპისკოპოსი ღამით შევიდა აპოლონის ტაძარში და ზეციური კურთხევა შეასრულა. როცა ინათა, კერპთმსახურებმა შეიტყვეს მომხდარი და წმიდა ამბერკის შესაპყრობად მეომართა რაზმი შეკრიბეს. კეთილისმყოფელებმა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს წმიდა ამბერკი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო, მაგრამ იგი, ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუსარწმუნოება. უსჯულოები კიდევ უფრო გააფთრდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საზარელი ღრიალი მორთო. ხალხი დაფრთხა. წმიდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისგან. ეს სასწაული რომ იხილეს, შემოკრებილი უღმერთოები გონს მოეგნენ, ერთობით ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა ამბერკის და სთხოვეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განესწავლა ისინი. მხოლოდ რამდენიმე ღვთისმებრძოლი განერიდა უჩუმრად იქაურობას. უფლის რჩეული გვიან საღამომდე ქადაგებდა, შემდეგ კი დალოცა ხალხი და უბრძანა, წმიდა ნათლისღებისთვის მომზადებულიყვნენ.

ამ დღიდან მოყოლებული, ეპისკოპოსი ამბერკი დაუბრკოლებლად აღასრულებდა მწყემსმთავრის უმძიმეს მოვალეობას, მას შემდეგ კი, რაც მომძლავრებული ეპიდემიის აღმოსაფხვრელად წმიდანის ლოცვით მიწიდან თბილმა და მაკურნებელმა წყაროებმა ამოხეთქა, მთელი იერაპოლი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხანში საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს რომში მოუწოდეს, სადაც მან, ექიმების ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-180) სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ასული განკურნა. ამის შემდეგ მადლიერმა თვითმპყრობელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმიდა ამბერკის თხოვნით თითოეული გლახაკი იერაპოლელისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინიდან ხორბალი გამოყო.

გარდა იერაპოლისა, წმიდა მღვდელმთავარი ამბერკი ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში. სადაც ურიცხვი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთასწორი უწოდეს. წმიდა მამა მრავალი წლის მანძილზე იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან, განამტკიცებდა მაცხოვრის მსასოებელთა სარწმუნოებას, გზაშეცდომილებს წრფელ გზაზე აყენებდა, სნეულებს კურნავდა. ბოლოს კი, დაახლოებით 167 წელს, სამოცდათორმეტი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

წმიდანი შვიდნი ყრმანი ეფესელნი:
მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, დიონისე, ანტონინე,
ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და იოანე (+დაახლ. 250)

წმიდანი შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, დიონისე, ანტონინე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და იოანე ცხოვრობდნენ ქალაქ ეფესოში. დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანების დევნისას მათ ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი, რომ ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. გამოქვაბულის შესასვლელი იმპერატორმა ქვებით ამოაქოლვინა, უფლის რჩეულებს კი მიეძინათ. ასსამოცდაათზე მეტი წლის შემდეგ, კეთილმსახური იმპერატორის, თეოდოსი მცირის (408-450) ზეობისას, ღვთის განგებით, მღვიმე გაიხსნა და საკვირველი სასწაული აღესრულა: იმ მწვალებელთა სამხილებლად, რომლებიც მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ, ეფესელმა ყრმებმა გამოიღვიძეს (მათი ცხოვრება ვრცლად 4 აგვისტოს საკითხავშია მოთავსებული). ერთი ცნობით, წმიდანებმა პირველად 4 აგვისტოს მიიძინეს და 22 ოქტომბერს გამოიღვიძეს, სხვა გადმოცემით, 22 აგვისტო მათი მეორედ მიძინების დღეა.

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი
და ოთხნი დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია (III)

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია ქრისტეს აღსარებისთვის III საუკუნეში ეწამნენ ქალაქ ადრიანოპოლში. მართლმორწმუნეთა დევნის მიუხედავად, ეპისკოპოსი ალექსანდრე გაბედულად ქადაგებდა მაცხოვნებელ სწავლებას წარმართთა შორის და მრავალი უღმრთო აზიარა ქრისტეს ნათელს. იმ ოლქის მმართველმა, სადაც წმიდა მღვდელმთავარი მსახურობდა, მეომრებს უბრძანა, მღვდელმთავრის შეპყრობა და წამება. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მრავალგვარ სატანჯველს. მისი სიმშვიდით გაოცებულმა მხედარმა ირაკლიმ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. სახალხოდ აღიარეს ქრისტე ანამ, ელიზავეტამ, თეოდოტიამ და გლიკერიამაც. სასტიკი წამების შემდეგ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.