USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 4 მაისს?
Date:  253

4 მაისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (613)

22 (05.05) აპრილი

ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (+613) დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა. წინასწარმხედველმა ბერმა ეს ხილვა მუცლადღებულ ყრმაზე საღმრთო მადლის გარდამოსვლით ახსნა.

როცა ყრმა ექვსი წლის გახდა, დედამ ოქროს ქამარი აჩუქა, ნიშნად იმისა, რომ უნდოდა მისი შვილი მხედარი ყოფილიყო, მაგრამ ძილში მარიამს დიდმოწამე გიორგი (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) გამოეცხადა და უბრძანა, არ ეფიქრა შვილის სამხედრო სამსახურზე, რადგან იგი ღვთის მსახურებისთვის იყო განმწესებული. წმიდანის მამა კოზმანი, რომელიც იმპერატორ იუსტინიანე დიდის (527-565) კარზე მსახურობდა, ადრე გარდაიცვალა. ბავშვი დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ოჯახში მათ გარდა იყვნენ ბებია ელპიდია, დეიდა დისპენია და პატარა და, ვლატა.

სკოლაში წმიდა თეოდორემ საოცარი ნიჭიერება გამოამჟღავნა, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, იყო მშვიდი, თავმდაბალი, ყოველთვის ცდილობდა დაეზავებინა მოჩხუბარი ამხანაგები. მათ სახლში ცხოვრობდა ღვთისმოსავი მოხუცი სტეფანე. მისი მიბაძვით წმიდა თეოდორემ რვა წლის ასაკიდან დაიწყო მკაცრი მარხვა: დიდმარხვის დღეებში მხოლოდ პურის მომცრო ნაჭერს იღებდა, იმასაც მიმწუხრისას. დედას რომ საზრდელის მიღება არ დაეძალებინა, ბავშვი სასწავლებლიდან მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა. დედის თხოვნით მასწავლებელი სადილზე სახლში უშვებდა ყმაწვილს, მაგრამ ის წმიდა გიორგის ტაძარში მიდიოდა.

10 წლის თეოდორე სასიკვდილოდ დაავადდა. ის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიიყვანეს და საკურთხევლის წინ დააწვინეს. უეცრად ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან ცვრის ორი წვეთი გადმოვარდა, მომაკვდავ ბავშვს ეპკურა და განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა თეოდორეს ღამ-ღამობით წმიდა გიორგი ეცხადებოდა და თავის ტაძარში მიჰყავდა. დედას ეშინოდა შვილის ღამეული სიარულის. ერთხელ გაბრაზებულმა ეკლესიიდან თმებით გამოათრია იგი და საწოლზე მიაბა. იმავე საღამოს მარიამს წმიდა გიორგი გამოეცხადა და მრისხანედ უბრძანა, არ დაებრკოლებინა ყმაწვილი. ასეთივე ხილვა ჰქონდათ ელპიდიას და დისპენიას. ქალებმა ირწმუნეს წმიდა თეოდორეს განსაკუთრებული მოწოდება და აღარ დაუშლიათ მისთვის მოღვაწეობა, პატარა ვლატამ კი ძმის მიბაძვა დაიწყო.

ერთხელ ყმაწვილი კურთხევის მისაღებად მეუდაბნოე ბერ გლიკერისთან წავიდა. ამ დროს საშინელი გვალვები იდგა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა: „ყრმაო, მოიდრიკე მუხლი და ილოცე უფლის მიმართ, რათა წვიმა გარდმოგვივლინოს. ასე გავიგებთ, სათნო-ეყო თუ არა უფალს ლოცვანი ჩვენნი“. ბერმა და ყრმამ მუხლი მოიყარეს და ლოცვა აღავლინეს. საავდრო ღრუბლები გამოჩნდა ცაზე და გაწვიმდა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა, რომ მასზე ღვთის მადლი იყო გადმოსული და როცა ჟამი მოვიდოდა, ბერად უნდა აღკვეცილიყო.

14 წლის წმიდა თეოდორე სახლიდან წავიდა და წმიდა გიორგის ეკლესიაში დაეყუდა. დედას ყოველდღე მიჰქონდა შვილთან საჭმელი, მაგრამ წმიდანი ეკლესიის კარებთან ტოვებდა მას და მხოლოდ სეფისკვერს იღებდა. ასეთ ადრეულ ასაკში მიენიჭა წმიდა თეოდორეს კურნების მადლი. მისი ლოცვით განიკურნა ერთი ეშმაკეული ყრმა.

ღირსი თეოდორე მიწიერ დიდებას გაექცა და განმარტოვდა: ეკლესიის ახლოს, დიდი ქვის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისთვის. დიაკონს პური და წყალი მოჰქონდა მასთან და არავის ეუბნებოდა, თუ სად იყო ღირსი თეოდორე.

წმიდანმა ორი წელი გაატარა იქ სრულ მდუმარებაში. ნათესავები კი დასტიროდნენ მას და ფიქრობდნენ, რომ თეოდორე სადმე ტყეში მხეცებმა დაგლიჯესო.

ბოლოს დიაკონი შეშინდა, რომ ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში მოკვდებოდა, თან მტირალი დედაც ეცოდებოდა და საიდუმლო გასცა. წმიდანი ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს მღვიმიდან.

დედას უნდოდა, სახლში წამოეყვანა შვილი, მაგრამ ნეტარი ყმაწვილი ეკლესიაში დარჩა და რამდენიმე დღეში სრულიად განიკურნა.

როცა თეოდორეს ღვაწლის შესახებ გაიგო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმიდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის წმიდანი მხოლოდ 17 წლისა იყო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თეოდორე იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად და იორდანეს მახლობელ ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწოდ.

სამშობლოში დაბრუნებული წმიდანი კვლავ წმიდა გიორგის ტაძარს დაუბრუნდა. მისი რჩევით და, დედა და ბებია მონაზვნად აღიკვეცნენ.

ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის მოღვაწეობა მისკენ იზიდავდა ცხონების მაძიებელთა სულებს და თანდათანობით შემოიკრიბა ძმობა ღირსი თეოდორეს ირგვლივ.

წმიდა თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი თხოვნით მჭედელმა დაამზადა რკინის უსახურავო გალია, სადაც მხოლოდ დგომა თუ შეიძლებოდა. ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვდადებული წმიდანი წმიდა აღდგომიდან შობამდე. ნათლისღებიდან წმიდა აღდგომამდე მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის გამოდიოდა შაბათ-კვირას; მთელი დიდმარვხის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეულს და პურს ჭამდა, ისიც შაბათ-კვირას.

როცა მხედართმთავარი მავრიკიუსი სპარსეთის ომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა, ღირსმა თეოდორემ მას უწინასწარმეტყველა, რომ იმპერატორი გახდებოდა. წინასწარმეტყველება ახდა. იმპერატორმა მავრიკიუსმა (582-602) აღასრულა წმიდანის თხოვნა - ყოველწლიურად გზავნიდა მონასტერში პურს იქაური მოსახლეობის გამოსაკვებად.

წმიდა დიდმოწამე გიორგის პატარა ეკლესია ვერ იტევდა მლოცველებს, ამიტომ წმიდანის მონდომებით ახალი ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ამ დროს გარდაიცვალა ანასტასიოპოლის ეპისკოპოსი. ქალაქის მცხოვრებლებმა ანკირის მიტროპოლიტ პავლეს სთხოვეს, ეპისკოპოსად ღირსი თეოდორე დაედგინა.

მიტროპოლიტის წარგზავნილებმა და ანასტასიოპოლელებმა ძალით გამოიყვანეს წმიდანი კელიიდან და ქალაქში წაიყვანეს.

ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა თეოდორე ბევრს იღვწოდა ეკლესიის საკეთილდღეოდ, სული კი განმარტოებულ ლოცვას მიესწრაფვოდა. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად, თავისი ხარისხი დამალა, წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. წმიდა სავანე თეოდორემ მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და ანასტასიოპოლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

წმიდანის ფარულ მტრებს მისი მოწამლვა უნდოდათ, მაგრამ წმიდა თეოდორემ შეჭამა სამი მარცვალი, რომელიც ღვთისმშობელმა უბოძა და უვნებლად გადარჩა. წმიდანს უმძიმდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება, ამიტომ კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირიაკეს (595-606) სთხოვა, კვლავ განემწესებინა თავის მონასტერში.

ღირსი მამის სიწმიდე ისეთი აშკარა იყო, რომ მის მიერ ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების დროს სულიწმიდა ნათელი პორფირის სახით გადაეფინებოდა წმიდა ძღვენს. ერთხელ, როცა ღირსმა თეოდორემ.

მთელი მართლმადიდებელი ეკლესია სიცოცხლეშივე აღიარებდა ღირს თეოდორეს წმიდანად.

ერთხელ გალატიის ერთ-ერთ ქალაქში ლიტანიობისას საშინელება დატრიალდა - ხის ჯვრები დაიმსხვრა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა წმიდა თომამ (607-610, ხს. 21 მარტს) ღირსი თეოდორე დაიბარა, რათა მისგან გაეგო ამ საშინელი სასწაულის საიდუმლო. წინასწარჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსმა თეოდორემ აუხსნა, რომ ეს იყო მაუწყებელი უბედურებისა, რომელიც სულ მალე დაატყდებოდა თავს ეკლესიას, იწინასწარმეტყველა ხატმბძროლობის ერესის გაჩენა. დამწუხრებულმა წმიდა პატრიარქმა თომამ ღირს მამას სთხოვა, ელოცა, რათა ამ უბედურების დატრიალებამდე მიეღო უფალს მისი სული.

610 წელს წმიდა პატრიარქი თომა აღესრულა. სიკვდილის წინ მან კურთხევა სთხოვა ღირს თეოდორეს.

წმიდა თეოდორე სიკიელმა 613 წელს მშვიდობით შევედრა სული უფალს.

მოციქულნი: ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი (I)

22 (05.05) აპრილი

წმიდა ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი (I) - კანას გალილეის მკვიდრი წმიდა ნათანაელი ანუ ბართლომე 12 მოციქულთაგანი იყო. მეერგასე დღეს მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას მას და მოციქულ ფილიპეს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპე მოციქულს თან ახლდა და - ქალწული მარიამნა. სირიისა და აზიის ქალაქებში მათ მრავალი ჭირი დაითმინეს. ერთ-ერთ სოფელში წმიდანები შეხვდნენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველს და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. იეროპოლში მოციქულებმა ლოცვით შემუსრეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას. წმიდა ნათანაელი და ფილიპე დასთან ერთად თავიანთ ქადაგებას მრავალი სხვა სასწაულითაც განამტკიცებდნენ.

იეროპოლში ცხოვრობდა ვინმე სტაქოსი, რომელიც 40 წელი ბრმა იყო. მოციქულთა ლოცვით იგი განიკურნა, ირწმუნა ქრისტე და ნათელ-იღო. ეს ამბავი მთელ ქალაქში გახმაურდა და მოციქულების საცხოვრებელს უამრავი ხალხი მოაწყდა. ქალაქის მმართველმა ბრძანა, დაეტყვევებინათ ნათანაელი და ფილიპე, სტაქოსის საცხოვრებელი კი ცეცხლისთვის მიეცათ. სამსჯავროზე წარმართმა ქურუმებმა მოციქულები დაადანაშაულეს ხალხის მოტყუებასა და წინაპართა ღმერთების შეურაცხყოფაში. ქალაქის მმართველი ფიქრობდა, რომ წმიდანთა სამოსს ჰქონდა მაგიური ძალა და ბრძანა, განეძარცვათ ისინი. ქალწული მარიამნა წარმართთა მზერისთვის ცეცხლოვან ჩირაღდნად იქცა და ვერავინ გაბედა მასთან მიახლოება. წმიდანებს ჯვარცმა მიუსაჯეს. როცა ფილიპე თავდაღმა გააკრეს ჯვარზე, ქვეყანა შეიძრა, მიწა დასკდა და ქალაქის მმართველი, ქურუმები და სეირის მაყურებლები ჩაიტანა. ცოცხალდ დარჩენილი უღმრთოები დაფრთხნენ და წმიდანის გათავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ მოციქული უკვე აღსრულებული იყო. წმიდა ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამნამ ქალაქის ეპისკოპოსად დაადგინეს სტაქოსი, თვითონ კი სხვაგან გაემგზავრნენ.

ნეტარი მარიამნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად ლიკაონიაში წავიდა და იქვე აღესრულა მშვიდობით (ხს. 17 თებერვალს). წმიდა ნათანაელი, იგივე ბართლომე, ინდოეთს გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე თარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ მოინახულა დიდი სომხეთი, სადაც მრავალი სასწაული ქმნა და ბოროტი სულისაგან განკურნა მეფის ასული. მადლიერმა მეფემ გასამრჯელო შესთავაზა მოციქულს, მან კი უპასუხა, რომ მხოლოდ ადამიანთა სულების გამოხსნასა და ცხონებას ეძიებს. მაშინ მეფემ განკურნებულ ასულსა და მრავალ ქვეშევრდომთან ერთად ნათელ-იღო. მათ მაგალითს მიბაძა დიდი სომხეთის ქალაქთა ასეულობით მკვიდრმა. გაბოროტებული წარმართი ქურუმების წაქეზებით მეფის ძმამ ასტივიაგმა ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) შეიპყრო მოციქული და თავდაღმა გააკრა ჯვარზე. წმიდა ბართლომე ჯვარზე განაგრძობდა ქადაგებას. მოციქულის მოშურნეობით განრისხებულმა ასტიაგმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ და თავი მოეკვეთათ მისთვის. მორწმუნეებმა წმიდა ბართლომეს ნეშტი ტყვიის ლუსკუმაში ჩაასვენეს და დამარხეს. 508 წელს მოციქულის წმიდა ნაწილები გადაასვენეს მესოპოტამიაში, ქალაქ დარში. 574 წელს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს. ქრისტიანებმა ბართლომეს ნაწილები ამოასვენეს და შავი ზღვისკენ გაემართნენ. წმიდა ტვირთის მზიდველებს სპარსელები დაესხნენ თავს. მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, მორწმუნეებმა ლუსკუმა ზღვაში ჩაუშვეს. ღვთის განგებულებით იგი კუნძულ ლიაპარის ნაპირებთან მიცურავდა. IX საუკუნეში, არაბების მიერ კუნძულის დაპყრობის შემდეგ, წმიდა ნაწილები ნეოპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადაასვენეს, X საუკუნეში კი - რომში.

ღვთის ნებით წმიდა იოსებ მგალობელთან (+883. ხს. 4 აპრილს) მოხვდა მოციქულ ბართლომეს წმიდა ნაწილი. ღირსმა პაპმა იგი წაასვენა თავის მონასტერში კონსტანტინეპოლთან ახლოს და წმიდა მოციქულის სახელობის ტაძარიც ააშენა. წმიდანისთვის კიდევ უფრო მეტი პატივის მიგების ძლიერი სურვილით ანთებული იოსები მხურვალედ ითხოვდა ღვთისგან მადლს მისი სადიდებელი კანონის შესაქმნელად. და აი, წმიდა ბართლომეს ხსენების დღეს, ღირს მამას საკურთხეველში თავად წმიდა მოციქული გამოეცხადა, იოსები მოიხმო, სატრაპეზო სახარება მკერდზე დაადო და უთხრა: „გაკურთხოს უფალმან, შენმა საგალობლებმა დაატკბოს სამყარო“. ამის შემდეგ ღირს იოსებს საგალობლების შექმნის ნიჭი მიემადლა და შექმნა 300-ზე მეტი კანონი.

წმიდა მოციქული ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. წმიდა პავლე მოციქულის თანამოსაგრე (ფილ. 1,24; 2 ტიმ. 4,10) პროფესიით მკურნალი იყო. როდესაც ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ გაიგო, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და თვით უფლისგან ეზიარა სახარების სწავლებას. წმიდა მოციქული მაცხოვრის სიცოცხლეშივე იქნა გაგზავნილი ცათა სასუფევლის საქადაგებლად (ლკ. 10, 1-3), აღდგომის შემდეგ კი თვით უფალი გამოეცხადა კლეოპასთან ერთად ემაუსისკენ მიმავალს.

წმიდა ლუკა თან ახლდა პავლე მოციქულს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს არ განშორებიან (2 ტიმ. 4, 10). მოციქულთა თავთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ დატოვა რომი და ქადაგებით მოიარა აქია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა. ქალაქ თებეში მან მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.

გადმოცემა წმიდა ლუკას მიაწერს ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნას: „მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა იყოს ამ ხატთანა“, - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს ხატის ხილვისას. წმიდა მოციქულს დაუწერია მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხატები, მის სახელს უკავშირებენ აწყურის ღვთისმშობლის ხატის შექმნას, რომელიც წმიდა ანდრია მოციქულმა ჩამოასვენა საქართველოში.

62-63 წლებში წმიდა პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით წმიდა ლუკას დაუწერია სახარება. პირველივე მუხლები გვამცნობს, რომ მისი მიზანი ყოფილა უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (14). მან ფაქტები დაწვრილებით გამოიძია და თავისი სახარების შექმნისას ფართოდ გამოიყენა როგორც ეკლესიის ზეპირი გადმოცემა, ასევე თვით ყოვლადწმიდა მარიამის მონათხრობი (2; 19-51).

რომში 62-63 წლებში დაუწერია წმიდა ლუკას „საქმე მოციქულთა“, რომელიც ოთხთავის გაგრძელებას წარმოადგენს და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. თხრობისას ძირითადი ყურადღება ეთმობა უდიდეს საეკლესიო მოვლენას - მოციქულთა კრებას (51 წ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქმნა (საქმე 15, 6-29). „საქმე მოციქულთას“ საღვთისმეტყველო საგანს უპირატესად სულიწმიდის განგებულება წარმოადგენს, რომელიც ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ აღესრულება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიაში.

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკის ეპისკოპოსი იყო. მის სახელს იხსენიებს წმიდა პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). მოციქული მიმართავს ვინმე „ერთგულ თანამეუღლეს“ და სთხოვს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნიეგე სახარებას თანა-მოღვაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ და სხვათა მათ თანაშემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხოვრებისასა“.

ღირსი ვიტალი (609-620)

22 (05.05) აპრილი

ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს (ხს. 12 ნოემბერს) დროს.

60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: მოსახსენებელში ჩაიწერა ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი და მხურვალედ ლოცულობდა მათთვის. ღირსი მამა დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ ღამე. რიგ-რიგობით ყველა მეძავთან მიდიოდა, თან ყველას ევედრებოდა, შეენახათ წმიდანის მათთან ყოფნის საიდუმლო. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ბერის საქციელის ნამდვილი მიზეზი და აღშფოთებულები შეურაცხყოფდნენ მას.

ღირსი ვიტალის წმიდა ლოცვამ მრავალი დაცემული ქალი გადაარჩინა: ნაწილი მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა - ისინი შეკრულნი იყვნენ წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცით. როცა ერთმა ქალმა გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, ეშმაკისგან გვემულ იქნა. ამის შემდეგ ალექსანდრიელებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღირსი მამის „დანაშაულში“.

რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს. არ გახსოვთ რა მოხდა ნიკეის კრებაზე? ზოგიერთმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა წერილობით დააბეზღა ერთმანეთი კონსტანტინე დიდთან. მან დაუკითხავად დაწვა წერილები და თქვა: „საკუთარი თვალებით რომ მეხილა ცოდვით დაცემული მღვდელმთავარი ან მღვდელი, ჩემი სამოსელით დავფარავდი, რომ სხვას არ დაენახა მისი ცოდვა“. ასე შეარცხვინა ბრძენმა მღვდელმთავარმა ავისმთქმელები.

წმიდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა.

ერთხელ საროსკიპოდან გამოსული ღირსი მამა შეეჩეხა ჭაბუკს, რომელიც მეძავებთან შედიოდა. ჭაბუკმა სილა გააწნა წმიდანს და უთხრა, რომ ბერი შეურაცხყოფდა ქრისტეს სახელს. ღირსმა ვიტალიმ უპასუხა: „მერწუმე, ჩემს გამო ისეთ სილას მიიღებ, რომ შენს ყვირილზე მთელი ალექსანდრია შეიყრება“.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ვიტალი გარდაიცვალა. მემრუშე ჭაბუკს გამოეცხადა საშინელი ბოროტი სული და სილა გააწნა სახეში. ჭაბუკი მიწაზე დაეცა, ტანსაცმელს იგლეჯდა და ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ უამრავი ხალხი შეიყარა.

რამდენიმე საათის შემდეგ ჭაბუკი გონს მოეგო, წმიდანის კელიისკენ გაიქცა, თან ყვიროდა: „შემიწყალე, მონაო ღვთისა, რამეთუ ვცოდე შენს წინაშე“. კელიის კარებთან ჭაბუკი საბოლოოდ განიკურნა და შეკრებილებს მოუთხრო თავის შეხვედრაზე ღირს ვიტალისთან; შემდეგ დააკაკუნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როცა კარები შეამტვრიეს, ნახეს, რომ ხატის წინ მუხლმოყრილ ბერს საუკუნო ძილით მისძინებოდა. წმიდანს ხელში ქაღალდიის გრაგნილი ეჭირა, რომელზეც ეწერა: „მკვიდრნო ალექსანდრიისანო, ნუ განიკითხავთ, სანამ არ მოვალს უფალი, მსაჯული ჭეშმარიტი“.

კელიასთან მივიდა ბოროტისაგან გვემული ქალი, რომელიც დასჯილი იყო წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცის დარღვევის გამო. წმიდანის სხეულზე შეხებით ქალი განიკურნა და შეკრებილებს მოუყვა წმიდანის სიკეთეზე და მოღვაწეობაზე.

წმიდა იოანე მოწყალე ხარობდა, რომ არ დაუჯერა ბოროტ ენებს. მან დიდი პატივით დაკრძალა წმიდანის ნეშტი. ამის შემდეგ ბევრმა ალექსანდრიელმა აღთქმა დადო, რომ სხვას არ განიკითხავდა.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way