4 ივნისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მოწამე ვასილისკო (დაახლ. 308)
22 (04.06) მაისი
წმიდა მოწამე ვასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს. 17 თებერვალს) ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს (ხს. 3 მარტს), მოწამე ვასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს. საპყრობილეში მყოფ წმიდა ვასილისკოს უფალმა დახმარება აღუთქვა და აუწყა, რომ მოწამეობრივად აღესრულებოდა კომანში წმიდანმა დილეგის დარაჯებს სთხოვა, მშობლიურ სოფელში გაეშვათ ოჯახთან გამოსამშვიდობებლად. დარაჯებმა, რომლებიც პატივს სცემდნენ წმიდანს მის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ღვთივსათნო ცხოვრებისათვის, შეუსრულეს მას თხოვნა.
როცა აგრიპამ ეს ამბავი გაიგო, განრისხდა და მკაცრად დასაჯა დარაჯები. წმიდანის მოსაყვანად მან ჯარისკაცების რაზმი გაგზავნა მაგისტროსის მეთაურობით. საპყრობილეში დაბრუნებულ ვასილისკოს მძიმე ბორკილები დაადეს, ფეხზე კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს და კომანში გაგზავნეს.
პაპანაქებისაგან შეწუხებული მგზავრები ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლად, მშიერ-მწყურვალი წმიდა მოწამე კი მცხუნვარე მზის ქვეშ ხეზე მიაბეს. მძიმე ბორკილებით შეჭურვილი წმიდანი მხურვალედ ევედრებოდა უფალს. მოულოდნელად ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ“. მიწა იძრა, კლდე გაიპო და წყარომ ამოხეთქა. მიწისძვრით შეშინებული მაგისტროსი, ჯარისკაცები და ოჯახის დიასახლისი ტროიანა გარეთ გამოცვივდნენ და მომხდარი სასწაულით განცვიფრებულებმა წმიდა მოწამე გაათავისუფლეს. წმიდანთან სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და კურნებას იღებდნენ.
ბოლოს მოწამე მმართველ აგრიპას მიჰგვარეს. მან კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა წმიდა ვასილისკოს. მოწამემ უპასუხა: „მე ყოველ ჟამს ვწირავ უფალს სადიდებელ და სამადლობელ მსხვერპლს“. წმიდანი სამსხვერპლოსთან მიიყვანეს. მოულოდნელად ზეციდან ცეცხლი გარდამოხდა, სამსხვერპლო დაწვა, კერპები კი მტვრად აქცია. აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. წმიდა ვასილისკო აღესრულა 308 წელს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს მისი წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. მალე აქ გაშენდა წმიდა ვასილისკოს სახელობის ტაძარი. კომანში გადმოსახლებულ წმიდა იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს) სიკვდილის წინ გამოეცხადა წმიდა ვასილისკო და აუწყა: „ხვალ ჩემთან იქნები“. წმიდა მოწამე ვასილისკოს მოღვაწეობა ხალხს მისი წამების თვითმხილველმა, წმიდა ევსეღნიმ (ხს. 5 აგვისტოს) აცნობა.
წმიდა მოწამე ვლადიმირ სერბეთის მთავარი (1015)
22 (04.06) მაისი
წმიდა მოწამე ვლადიმერ სერბეთის მთავარი (+1015) ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. კეთილმსახური მეფე დაქორწინებული იყო ბულგარეთის მეფის სამოელის ასულ კოსარაზე. ბულგარეთის მეფესთან მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოკლეს ტაძრის კარებთან 1015 წლის 22 მაისს. წმიდა მთავრის კეთილმორწმუნე მეუღლე დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.
ხსენება II მსოფლიო საელესიო კრებისა (381)
22 (04.06) მაისი
II მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 381 წელს კონსტანტინეპოლში იმპერატორ თეოდოსის დროს და დაასრულა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლოების ჩამოყალიბება.
ერეტიკოსთა სამხილებლად და წმიდა მართმადიდებლური მოძღვრების დოგმატების ზუსტი ფორმულირებადი სახით დამტკიცების მიზნით წმიდა მეფემ თეოდოსი დიდმა (379-395) კონსტანტინეპოლში მოიწვია მსოფლიო კრება, რომელსაც ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები. კრებას ხელმძღვანელობდა მელეტი ანტიოქიელი, მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი - გრიგოლ ღვთისმეტყველი. კრებამ დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმიდა არის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად თაყვანისიცემების და იდიდების.
სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, წმიდა მამებმა დაამტკიცეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო. I მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში არაფერი იყო ნათქვამი სულიწმიდის თანასწორობაზე და თანაარსებობაზე მამა ღმერთთან, რადგან მაშინ არ იყო ერესი, რომელიც სულიწმიდას გმობდა. ამიტომ წმიდა მამებმა ნიკეის სიმბოლოს დაუმატეს 8, 9, 10, 11 და 12 წევრები, სადაც გადმოცემულია სწავლება სულიწმიდაზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე, მიცვალებულთა აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე, ე.ი. საბოლოოდ დაამტკიცეს ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს და უკუნისამდე იხელმძღვანელებს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია.