USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 31 ივლისს?
дата:  448

31 ივლისს, ახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი, მწიგნობართუხუცესი,

მრავალმთას სპარსთაგან მოკლული (+1630)

ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი დაიბადა დაახ. 1590 წლებში. ღრმად განათლებული და წმიდანი მონაზვნად აღიკვეცა და მოღვაწეობდა დავით გარეჯის ცნობილ მონასტერში.

ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იყო სრულიად საქართველოსთვის სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრი.

საქართველოს სამეფო კარი ყოველთვის ანგარიშს უწევდა გარეჯელ მამათა აზრს.

გარეჯის უდაბნო უმნიშვნელოვანესი მწიგნობრულ-ლიტერატურული კერა იყო. აქ იქმნებოდა ორიგინალური სასულიერო ხასიათის თხზულებები, მრავლდებოდა ძველი ქართული ხელნაწერები, მზადდებოდა ახალი.

 გარეჯელი მოღვაწეები ადგენდნენ ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური თხზულებების კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა მონასტრებთან არსებულ ლიტერატურულ სკოლებს.

აქ უმოღვაწია წმიდა კოზმან ხუცეს-მონაზონს. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. ანტონ კათოლიკოსი გადმოგვცემს, რომ კოზმანი იყო კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, „სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსონ“, თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში მინახავს, დედაჩემთან სტუმრად მოსულიო.

წმიდა კოზმანს დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

პლატონ იოსელიანის ცნობით, კოზმან ხუცეს-მონაზონი შეუპყრიათ უდაბნოს დასარბევად მოსულ ლეკებს და უწამებიათ (+1630).

 

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)

 წმიდა მოწამე ემილიანე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი.

 მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად.

 წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. მალე წარმართებმა შეიტყვეს, რომ საკერპო დარბეული იყო და, გაავებულებმა, ამ დროს შორიახლოს შემთხვევით მიმავალ გლეხს დაუწყეს ცემა. წმიდა ემილიანეს შეებრალა უდანაშაულო გლეხი და საჯაროდ განაცხადა, კერპები მე დავამსხვრიეო. უღმრთოებმა იგი შეიპყრეს და მსაჯულ კაპიტოლინს მიჰგვარეს. კარისკაცის ბრძანებით ნეტარი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი დაწვა მიუსაჯეს. კოცონზე შეგდებული ემილიანე უვნებელი დარჩა. ირგვლივ სასეიროდ შეკრებილი ბევრი წარმართი კი ცეცხლის ალმა შემუსრა. ბოლოს, როდესაც შეშა ჩაიწვა, მარტვილიმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+363). მოგვიანებით კონსტანტინოპოლში წმიდა ემილიანეს სახელობის ტაძარი ააგეს, სადაც გადაასვენეს კიდეც მისი უხრწნელი ნაწილები.

 წმიდა მოწამე იაკინთე ამასტრიდელი (IV)

წმიდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრიდაში მცხოვრებ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჩვილი სამი წლისა იყო, როცა უფალმა მისი ლოცვით მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმიდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ხეს წარმართები და, მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა, ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა იგი სასტიკად აწამეს: კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც შეჰვედრა კიდეც სული უფალს (+არა უგვიანეს IV ს).

 ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)

ღირსი პამვა, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია: როცა ამსოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა.

 წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. მთელი დღეების მანძილზე იგი ხელსაქმით იყო დაკავებული - ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს მისი გონება განუწყვეტლივ ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით იყო დაკავებული და სულ უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მისგან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა საკუთარ გონებას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა იგი მოსულებს ეუბნებოდა: „მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, ლოცვისთვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს.

 ერთხელ პამვას მახლობელ ქალაქში მოუხდა ყოფნა. აქ ნეტარს ერთი მდიდრულად ჩაცმული ცოდვილი ქალი გადაეყარა. წმიდანი მის დანახვაზე ატირდა. „რა გატირებთ, მამაო?!“ - ჰკითხეს ბერებმა. მოსაგრემ მიუგო: „ორი რამ: ერთი - ამ ქალის წარწყმედა და მეორე - საკუთარი თავი. მე ისე არ ვზრუნავ საკუთარი სულის შემკობაზე, როგორც ეს ქალი თავისი სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე. მე ნაკლებს ვაკეთებ უფლისთვის სათნოსაყოფად, ვიდრე იგი - ადამიანთათვის თავის მოსაწონებლად“.

 ღირს პამვას მის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე ესტუმრა ერთი მდიდარი და ღვთისმოყვარე რომაელი ქალი - მელანია, რომელმაც უხვი შესაწირი - სამასი ლიტრა ოქრო მიართვა. წმიდა მამა კალათს წნავდა. ფულისთვის არც შეუხედავს და მხოლოდ სტუმრის მხურვალე ვედრების შემდეგ უბრძანა იქვე მდგომ მოწაფეს, ლიბიაში და კუნძულებზე მოღვაწე მონაზვნებისთვის დაენაწილებინა ეს სიმდიდრე, რადგან მათი მიწები, ეგვიპტელთაგან განსხვავებით, უნაყოფო იყო. - „მამაო, - თქვა მელანიამ, - იცოდეთ, რომ აქ სამასი ლიტრა ოქროა!“ - „შვილო ჩემო, - მიუგო მოსაგრემ, - უფლისთვის ხომ არაფერია დაფარული... ეს ოქროები ჩემთვის რომ შეგეწირა, ჭეშმარიტად, მათი რაოდენობაც უნდა გეუწყებინა, მაგრამ შენ მას ხომ ღმერთს აძლევ, რომელმაც ქვრივის ორი ლეპტაც არ შეურაცხყო და ყველაზე ძვირფასი ძღვენივით შეიწირა“.

 ღირსი პამვა ერისკაცებს მოუწოდებდა, პატივისცემით მოპყრობოდნენ ბერებს, რომლებიც უფრო ხშირად საუბრობენ უფალთან.

 ღირსმა მამამ სამოცდაათი წელი დაჰყო ამქვეყნად. პიმენი დიდის (ხს. 27 აგვისტოს) სიტყვებით, მის ცხოვრებაში სამი რამ იყო საცნაური: გამუდმებული მარხვა, მდუმარება და ხელსაქმე. მიუხედავად დაუცხრომელი მოშურნეობისა და სულიერების მწვერვალზე ამაღლებისა, მიცვალების წინ ნეტარმა მოწაფეებს ასე მიმართა: „ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ჯერ მის მსახურებას არც შევდგომოდე“.

 

წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV)

 წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV სს.) წმიდა მოწამეების, სერგისა და ბაქოსის (ხს. 7 ოქტომბერს) მეგობარი იყო. ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმიანეს (284-305; 307-310) დროს იგი ეპარქის თანამდებობაზე დანიშნეს და ეგვიპტეში გაამწესეს, სადაც მალე ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებისათვის სამსჯავროს გადასცეს. იმ იმედით, რომ წმიდა ათანასე „გონს მოვიდოდა“, მმართველმა კლისმაში (წითელ ზღვაზე) გაგზავნა იგი და ქრისტიანული ტაძრების დახურვა უბრძანა. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა უფლის რჩეულმა კი ტაძარში დიდი ზეიმით აღნიშნა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. როცა მომხდარი მმართველმა გაიგო, ბრძანა თავი მოეკვეთათ წმინდანისათვის.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати