31 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.
ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? “ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი! “ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”
შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.
შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.
ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.
ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.
თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.
დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.
1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.
1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.
მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.
ღვთის წყალობით და უფლისმიერი მინიშნებით ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად იმარხა-დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
წმიდა ეფრემ მცირის - XI საუკუნის უდიდესი საეკელსიო მოღვაწის, მწერლის, მთარგმნელის და ფილოსოფოსის ცხოვრება, სამწუხაროდ, უცნობია, მაგრამ მისი „მოსახსენებელი“ და სხვა წყაროები საშუალებას გვაძლევს, შევიტყოთ ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპები.
1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან აყრის მიზეზი იყო საქართველოსა და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი „ზემო ქვეყანათა“, ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა.
აზნაურთა შორის იყვნენ „ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოზი იოანე“. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩეს შვილი.
ეფრემმა კონსტანტინოპოლში მიიღო განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდეგ კი ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცდაათამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.
შავ მთაზე მისული ეფრემი თავდაპირველად იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის „მოსახსენებელში“ ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა „ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მიტჳრთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებათა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძულისაცა წიგნთა კითხვისა სწავლაჲ იღუაწა ჩემთჳს ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმიდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისაჲ“. როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. საკმაოდ დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: „ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან... განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა“. გაბრიელ მღვდელი არჩევდა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად.
ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენიებს შავ მთაზე მოღვაწე მამებს: საბა თუხარელს, ანტონ ტბელს, ეფრემ ოშკელს, არსენ იყალთოელს, სტეფანე ჭულეველს, იოანე ფარაკნელს, მღვდელ გაბრიელს და სხვებს. განუზომელია ეფრემის ღვაწლი ქართული სასულიერო და ფილოსოფიური მწერლობის წინაშე. მისი შრომების რიცხვი ასამდე აღწევს და ეხება საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა დარგს.
წმიდა ეფრემმა შექმნა საკუთარი თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართულ მწერლობას. ამ თეორიას სამი არსებითი ნიშანი ახასიათებს:
1. თხზულება უნდა ითარგმნებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნა;
2. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება;
3. თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომლებშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ-ტექსტოლოგიური საკითხები.
დედანის აზრის უკეთ გასაგებად და გასაადვილებლად ეფრემ მცირემ შეიმუშავა პუნქტუაციის ხმარების საკუთარი წესიც. როგორც თავად წერს, იგი წერტილს იყენებდა „მცირედ სასუენად, ორწერტილს განსაკუეთელად სიტყვისა და სამწერტილს დიდად სასუენად და ექუს წერტილს სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებლად სიტყვისა“.
ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის „ასკეტიკონი“, ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები, იაონე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ და უამრავი სხვა.
ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“.
XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეფრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები, „მცირედი სიტყუანი, ვითარცა თესლთა მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან“ ერთად შეკრიბა და მეცნიერული არგუმენტებით დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა.
ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმიდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მოპოვების თარიღს.
ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში. რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) აქტები მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს.
ეკლესიისა და ერის წინაშე დიდი დამსახურებისთვის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეფრემი წმიდანად შერაცხა.
წმიდა ათანასე და კირილე, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსების ხსენებას დედა-ეკლესია ერთ დღეს განაჩინებს ნიშნად მადლიერებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატების დასამტკიცებლად და ერეტიკული სწავლებათაგან მათ დასაცავად.
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373), ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე სრულად წმიდა წერილი შეისწავლა. მომავალი მღვდელმთავარი სიყრმითგანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა წმიდა ალექსანდრემ (ხს.29 მაისს). ერთხელ ბავშვები, მათთან ერთად პატარა ათანასეც, ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ. ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს მოენათლათ თანატოლი წარმართები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა „ეპისკოპოსად” აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქი ალექსანდრე ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას. მან ბავშვები და მათი მშობლები თავისთან მოიხმო, დიდხანს საუბრობდა მათთან და დაარწმუნა, რომ ბავშვების მიერ თამაშით შესრულებული ნათლისღება ეკლესიის წესს სრულიად შეესაბამებოდა, ნათლისღება აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა. ამ დღიდან პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას, ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ კი დიაკვანადაც აკურთხა. ამ დროს დაწერა წმიდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: „წარმართთა წინააღმდეგ” და „განხორციელებისათვის”. დიაკვნის ხარისხში ახლდა წმიდა ათანასე პატრიარქ ალექსანდრეს 325 წლის I მსოფლიო კრებაზე, ნიკეაში. კრებაზე წმიდა ათანასემ ამხილა არიოზის ერესი და მოითხოვა, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: „ერთარსი მამისა”. ის სიტყვა მოიწონეს კრების მართლმადიდებელმა მამებმა, აშკარა და ფარულმა არიანელებმა კი მოიძულეს წმიდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას. წმიდა პატრიარქის, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის კათედრაზე ერთსულოვნად აირჩიეს წმიდა ათანასე. ის დიდხანს უარობდა, უღირსად მიიჩნევდა თავს, მაგრამ არ შეიძლებოდა მთელი ეპარქიის სურვილის უგულებელყოფა – 28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 47 წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმიდა ათანასე, ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იმყოფებოდა წმიდანი დევნულობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა. იყო დრო, როცა „მთელ ქვეყანას გმინვა აღმოხდა, რადგან, თავისდა გასაოცრად არიოზის მიმდევრად იგრძნო თავი”, მწვალებელთა მახეს განრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი - ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს, წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. არიანელ ეპისკოპოსთა ცრუ კრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს. როდესაც იულიანე განდგომილმა (361-363) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველად სწორედ წმიდა ათანასეს დაატყდა. იულიანეს მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება უნდოდა ქრისტიანობისთვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა უსახელოდ. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი იულიანეს უკანასკნელი სიტყვები იყო: ”შენ გაიმარჯვე, გალილეველო!” იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე 7 წელი მართავდა სამწყსოს და აღესრულა 373 წელს 76 წლის ასაკში.
ჩვენამდე მოღწეულია წმიდა ათანასეს მრავალი თხზულება.
წმიდა ათანასეს ეკლესია იხსენიებს ორჯერ: 2 მაისს და 18 იანვარს - წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.
წმიდა კირილე ალექსანდრიელი (+444) წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ მეტად წმიდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმიდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ (385-412) დიაკვნად აკურთხა წმიდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარი ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.
უფრო საშიშ მტრებს ეკლესიისთვის წარმოადგენენ იუდეველები, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტანთა მხეცური მკვლელობების თანხლებით. წმიდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან ბრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – ნესტორიანობა.
ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინეპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს კი ( 408-450) – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ.
ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ თვით ნესტორის თანდასწრებით საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.
ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა. წმიდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. მათ წმიდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც.
მალე კირილე და მემნონი გაანთავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა ღვთისმშობლის მაგინებელი. მისი ენა მატლებმა დაჭამეს. ეფესოს კრების დადგენილებას სხვებთან იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც აწერდნენ ხელს.
მღვდელმთავარი კირილე 32 წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმიდა ერეტიკოსთაგან. წმიდანი ფრთხილად და სიყვარულით ეპყრობოდა მათ, ვინც გულუბრყვილობისა და უმეცრების გამო ვარდებოდა ამაოდბრძნობაში.
ნეტარმა კირილემ შესძლო დაეძლია უკუღმართი წარმოდგენა წმიდა იოანე ოქროპირზე (+407. ხს. 13 ნოემბერს). ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააშმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (+დაახლ. 436-440; ხს. 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ, ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავ
ღირსი მარკიანე კვირელი უდაბნოში მოსაგრეობდა ქალაქ კვირის მახლობლად. ის პატარა ქოხში დამკვიდრდა და დროს ლოცვაში, ფსალმუნთა გალობაში და საღვთო წიგნების კითხვაში ატარებდა, ძალიან ცოტას ჭამდა. ხმა ღირსი მამის წმიდა ცხოვრების შესახებ შორს გავარდა და სულიერი მოღვაწეობის მსურველები მიიზიდა მისკენ. წმიდანმა ძმებისთვის სავანე დაარსა.
ღირსმა მარკიანემ უფლისგან საკვირველქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ მან ჯვარი გადასახა კელიაში შემოსრიალებულ გველს და ქვეწარმავალი ცეცხლმა შემუსრა; ღამით, როცა წმიდანი კითხულობდა, მას ზეციური ალი უნათებდა, საძმოს შესაწევნელად მრავალ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა ღირსი მამა. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლ. 388 წელს.
სქემმონაზვნები კირილე და მარიამი (დაახლ 1337) - დიდი რუსი მამის, სერგი რადონეჟელის (ხს. 25 სექტემბერს) მშობლები - კეთილმსახური და დიდებული ბოიარები იყვნენ და როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარინიცაში ცხოვრობდნენ, დაახლოებით 1328 წელს კი რადონეჟში გადასახლდნენ. უფროსი ვაჟიშვილების დაოჯახების შემდეგ წმიდანებმა სქემა შეიმოსეს ხოტკოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის მონასტერში, სადაც მალე აღესრულნენ კიდეც უფლისთვის სათნო ღვაწლში.
წმიდა მაქსიმე ახალი, სერბელი, სერბეთის წმიდა მეფის, სტეფანეს (ხს. 10 დეკემბერს) ვაჟი, უნგრო - ვლახეთის მიტროპოლიტი იყო. იგი მიიცვალა 1516 წლის 18 იანვარს.
არს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი.
კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.