USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 30 აპრილს?
дата:  307

30 აპრილს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (IX)

17 (30) აპრილი

წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმიდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.

საეკლესიო საქმეებისთვის აფხაზეთს მიმავალმა გრიგოლმა ქართლში „ნებითა ღმრთისაჲთა... პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთმოქმედი“. უკან დაბრუნებულმა გრიგოლმა ყრმა ეფრემი თან წაიყვანა ხანძთას არსენთან (ხს. 25 სექტემბერს) ერთად და აღსაზრდელად თავის თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს (ხს. 5 ოქტომბერს) ჩააბარა.

ხანძთის სავანეში ყრმების გამოჩენამ საძმოს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს მონასტრის წესდებით აკრძალული იყო. ბერებმა ღირს გრიგოლს მიმართეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოყვანენ და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენზევე გამოეხუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩუენი ჟამისა ამისათვის, არამეგ გარეშე წესისა არს საქმე ესე და აწ ესე არს სიტყვა ჩვენი, წმიდაო ღმრთისაო“. ღირსმა გრიგოლმა ძმებს აუწყა, რომ ყოველივე ღვთაებრივი გამოცხადებითა ჰქმნა: „ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას ჟამამდე პატივისა მათისა“.

ღირსი ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ის უდიდესი მოღვაწე იყო იმდროინდელი საქართველოს ეკლესიისა. ჯავახეთში შეკრებულ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც კათოლიკოსის ტახტზე არსენის დარჩენა-გადადგომის საკითხი უნდა გადაეწყვიტა, ერთ-ერთი უპირველესი ეპისკოპოსთაგანი, რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ეფრემ მაწყვერელი იყო. ეფრემი იყო წინამძღოლი ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა იმ დასისა, რომელიც კათოლიკოსის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული არსენის გადაყენებას მოითხოვდა. კრების მონაწილენი მისგან ელოდნენ ჭეშმარიტი მსჯავრის დადებას, ამიტომაც პირველი სიტყვის თქმა მას სთხოვეს: „ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს“. ღირსმა ეფრემმა მორჩილად თქვა: „სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. გრიგოლ ხანძთელმა ეკლესიის მამებს და კრების ორგანიზატორებს, გუარამ მამფალს აუხსნა, რომ არსენი ღვთის ნებით გახდა კათოლიკოსი საქართველოჲსა, „არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო“. კრების შემდეგ ეფრემისა და არსენის სიყვარული კვლავ განახლდა.

წმიდა ეფრემმა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცების საქმეს. მისი შემწეობით საქართველოს ეკლესიამ მირონის მცხეთაში კურთხევის უფლება მიიღო. მანამდე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები წმიდა მირონს ანტიოქიის ეკლესიიდან იღებდნენ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხებდა მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ  „წმიდა მირონის არომატი“ ნივთიერებები შემოჰქონდათ).

წმიდა ეფრემი ორმოცი წელი განაგებდა აწყურის კათედრას. მას ღვთისგან მიმადლებული ჰქონდა განჭვრეტის, სასწაულთა ქმნისა და კურნების ნიჭი.

წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი ღრმად მოხუცებული მიიცვალა. მის წმიდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალგვარ სნეულებათაგან იკურნებოდნენ.

მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი (+344)

17 (30) აპრილი

წმიდა მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მის თანა მოწამე ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი (+344) - წმიდა სვიმეონ ეპისკოპოსი მოწამეობრივად აღესრულა სპარსეთის მეფის, საპორ II ის (310-381) დროს. წმიდანს ბრალად დასდეს ბერძნებთან ურთიერთობა და სპარსეთის მეფის წინააღმდეგ მტრული ქმედებანი.

344 წელს მეფემ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს დიდი ხარკი დაეკისრათ. როდესაც ზოგიერთმა მის გადახდაზე უარი განაცხადა, მეფემ ქრისტიანთა საყოველთაო დევნა გამოაცხადა, წმიდა სვიმეონი ბორკილდადებული მოიყვანეს სასამართლოზე ორ სხვა ხუცესთან - ავდელიასა და ანანიასთან ერთად. წმიდა ეპისკოპოსი არც მიესალმა მეფეს. როცა საპორმა იუცხოვა მის მიმართ ასეთი უპატიო დამოკიდებულება, სვიმეონმა უთხრა: „ადრე მე პატივს მივაგებდი შენს ხარისხს, ახლა კი მოყვანილი ვარ ქრისტეს უარყოფად, ამიტომ არ ეგების შენი თაყვანისცემა“.

მეფემ ეპისკოპოსს მოსთხოვა თაყვანი ეცა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მთელ სახელმწიფოში აღმოფხვრიდა ქრისტიანობას. ვერც რჩევამ, ვერც მუქარამ ვერ მოტეხა წმიდა ეპისკოპოსი. ის ციხეში გადააგზავნეს. გზად მიმავალს შემოხვდა მეფის გამზრდელი საჭურისი ქუსდაზატი. მან თაყვანი სცა ეპისკოპოსს, მაგრამ წმიდა სვიმეონმა პირი იბრუნა მისგან და უსაყვედურა, რომ მან წამების შიშით მზეს სცა თაყვანი. საჭურისმა მთელი გულით შეინანა ცოდვა, ძვირფასი სამოსელი ძონძებით შეიცვალა და სასახლის კარებთან ატირდა: „ვაი ჩემდა, ვითარ წარვსდგე წინაშე ღვთისა ჩემისასა, რომელი უარვჰყავ მე? სვიმეონმაც ზურგი მაქცია“. მეფემ გაიგო საყვარელი გამზრდელის მწუხარება და მიზეზი ჰკითხა. საჭურისმა მეფეს განუცხადა, რომ ნანობს თავის განდგომილებას და დღეიდან მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანება. მეფეს გაუკვირდა მოხუცის გადაწყვეტილება და ალერსიანად ურჩია, პატივი მიეგო მამა-პაპათა ღმერთებისთვის. ქუსდაზატი შეურყეველი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა მოწამე ქუსდაზატის ერთადერთი თხოვნა იყო, მაცნეებს მთელი ქალაქისთვის შეეტყობინებინათ, რომ იგი ქრისტიანობისთვის მოკლეს. მეფემ აღმზრდელს თხოვნა შეუსრულა.

წმიდა ქუსდაზატის სიკვდილის ამბავი წმიდა სვიმეონის ყურამდეც მივიდა. მან ცრემლებით განადიდა უფალი. ამის შემდეგ წმიდა ეპისკოპოსს ისევ შესთავაზეს ქრისტეს უარყოფა და როცა პასუხად კვლავ უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა მეფემ ბრძანა, მღვდელმთავრის წინაშე თავი მოეკვეთათ საპყრობილეში მყოფი ყველა ქრისტიანისთვის. წმიდა ეპისკოპოსის კურთხევით ქრისტიანები უშიშრად მივიდნენ სასიკვდილოდ და მშვიდად დებდნენ კუნძზე თავს. ასე აღესრულა წმიდა სვიმეონის თანამოღვაწე ავდელია. როდესაც ანანია ხუცესის რიგი მოვიდა, იგი უცებ შეყოყმანდა. ერთ-ერთმა დიდებულმა, ფარულად ქრისტიანმა წმიდა ფასიკმა იფიქრა, რომ წმიდა ანანია დაბრკოლდა და ხმამაღლა შესძახა: „ნუ გეშინინ, ანანია, დახუჭე თვალი და იხილავ ღვთაებრივ ნათელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“. ამით მან თავი გასცა. საპორის ბრძანებით წმიდა ფუსიკს ენა ამოგლიჯეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. მასთან ერთად აწამეს მისი ასული ასკიტრეა. ჯალათთან უკანასკნელი მივიდა წმიდა სვიმეონი და ლოცვით მოუდრიკა თავი (+13 აპრილი, 344 წ). მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე გრძელდებოდა ქრისტიანთა წამება. მოწამეობრივად აღესრულა მეფის ახლობელი კარისკაცი წმიდა ავატ საჭურისიც. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ იმ დღეებში 1000 ქრისტიანი ეწამა, შემდეგ - 100 და კიდევ - 150.

ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 433)

17 (30) აპრილი

ღირსი აკაკი მელიტინელი (+435) - დაიბადა სომხეთის ქალაქ მელიტინაში. მის მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ისინი უფალს ევედრებოდნენ მემკვიდრის მონიჭებას და ჰპირდებოდნენ, რომ თუ შვილი მიემადლებოდათ, მას ღვთის სამსახურში ჩააყენებდნენ. მართლაც, ყრმა აკაკი მილიტინის ეპისკოპოსს ოტრიას მიაბარეს. როცა მაკედონიუსის ერესი გაჩნდა, ოტრია ეპისკოპოსი II მსოფლიო კრებაზე (381 წ.) იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმიდაზე, როგორც ერთარსება და განუყოფელი სამების მესამე პირზე.

ეპისკოპოსი სიყვარულით ზრდიდა აკაკის: ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ დიაკვნად დაასხა ხელი, ბოლოს კი მღვდლადაც აკურთხა. წმიდა აკაკი ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, ხალხს ასწავლიდა წმიდა წერილს, განუმარტავდა მართლმადიდებლურ მრწამსს. მის მოწაფეთა შორის იყო თვით ექვთიმე დიდი (+473; ხს. 20 იანვარს).

ოტრიას გარდაცვალების შემდეგ მრევლის სურვილით მელიტინის კათედრაზე აღიყვანეს წმიდა აკაკი. ის ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მტკიცე რწმენის, მორჩილებისა და მოღვაწეობისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, როცა გვალვიან ზაფხულში ღია ცის ქვეშ ლიტურღიას ატარებდა, ბარძიმში ჩასხმულ ღვინოს მოულოდნელად წვიმის წვეთები შეუერთდა და გამხმარ მიწას სიცოცხლე დაუბრუნდა; მისი ლოცვით წყალდიდობისას ნაპირებიდან გადმოსული მთის მდინარე იმ ადგილას გაჩერდა, სადაც წმიდანმა ქვა დადო. მდინარე აზარის ერთ-ერთ კუნძულზე ეპისკოპოსმა, მიუხედავად წარმართთა წინააღმდეგობისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგო. მშენებლებმა ბოროტი განზრახვით თაღი ცუდად გააკეთეს. ლიტურღიის დროს თაღმა ჩამოიწია და ის-ის იყო უნდა ჩამონგრეულიყო, შეშინებული მლოცველები ტაძრიდან გასაქცევად მოემზადნენ, მაგრამ წმიდა ეპისკოპოსმა ისინი ფსალმუნის სიტყვებით შეაჩერა: „უფალ ნათელი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდეს“ (ფს. 26,1). თაღი გაჩერდა და თითქოს ჰაერში დაეკიდა; ჩამოიქცა მხოლოდ მაშინ, როცა ლიტურღია დამთავრდა და ეპისკოპოსი უკანასკნელი გავიდა ტაძრიდან. ამის შემდეგ ტაძარი თავიდან ააშენეს.

წმიდა აკაკი მონაწილეობდა III მსოფლიო კრებაში და მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს.

წმიდა აკაკი მშვიდობით მიიცვალა 435 წელს.

მოწამე ადრიანე (+251)

17 (30) აპრილი

წმიდა მოწამე ადრიანე (+251) ქრისტეს აღსარებისათვის დაატუსაღეს იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ერთ წარმართულ დღესასწაულზე უმღრთოებმა ყველა ქრისტიანი გამოუშვეს საპატიმროებიდან იმ პირობით, რომ მსხვერპლს შესწირავდნენ კერპებს. წმიდა ადრიანესაც უბრძანეს, სამსხვერპლოზე საკმეველი დაედო, მაგრამ მოწამემ შემოწირული ძღვენი ძირს ჩამოყარა, ცეცხლი ჩააქრო და სამსხვერპლო დაარბია. გაბოროტებულმა წარმართებმა სასტიკად ცემეს წმიდანი და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს.

წმიდა აღაპიტე რომის პაპი (+536)

17 (30) აპრილი

წმიდა აღაპიტე რომის პაპი (+536) - მართლმადიდებლობის მგზნებარე დამცველი იყო. თავისი ღვთისმოსაობით მან საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა და 535 წელს რომის პაპად აირჩიეს.

გუთთა მეფემ თეოდორიკე დიდმა, წმიდა აღაპიტე კონსტანტინეპოლში გაგზავნა ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად. გზად წმიდა მღვდელმთავარი ყრუ-მუნჯ და კოჭლ ადამიანს შეხვდა და კოჭლობისაგან განკურნა, შემდეგ კი მეტყველების ნიჭიც დაუბრუნა. კონსტანტინეპოლში წმიდა აღაპიტემ განკურნა ბრმა მათხოვარი.

ამ დროს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება. წმიდა აღაპიტემ მონაწილეობა მიიღო კრების მუშაობაში და დამაჯერებლად დაიცვა მართლმადიდებლური სწავლება ერეტიკოს სევერიოსის მწვალებლობისაგან.

წმიდანი გარდაიცვალა კონსტანტინეპოლში 536 წელს.

ღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478)

17 (30) აპრილი

ღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478). რუსეთის ეკლესიის უდიდესი ლამპარი, ბერების სამყოფელის დამაარსებელი სოლოვკის კუნძულზე, დაიბადა ნოვგორდის ეპარქიაში ონეგის ტბის მახლობლად. ის სიყრმითგან ღვთისმოსავ გარემოში იზრდებოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი ქონება დაარიგა და ბერად აღიკვეცა.

განმარტოებული ადგილის ძებნაში ღირსი მამა გაემგზავრა თეთრი ზღვის სანაპიროზე და იქ შეხვდა ღირს გერმანეს (ხს. 30 ივლისს), რომელმაც მოუთხრო ერთი უკაცრიელი კუნძულის შესახებ.

დაახლოებით 1436 წელს განდეგილებმა მშვიდობით მიაღწიეს კუნძულს. უფალმა მათი საცხოვრებელი ადგილი აკურთხა ღვთაებრივი გამოცხადებით, რომელიც ღირსმა ზოსიმემ იხილა. ბერებმა შიშველი ხელებით დაიწყეს მუშაობა, ააშენეს კელიები, დაამუშავეს მიწა. ერთხელ შემოდგომაზე მამა გერმანი მატერიკზე წავიდა სანოვაგისთვის, უკან დაბრუნება ვერ მოახერხა და მამა ზოსიმე მთელი ზამთარი მარტო დარჩა კუნძულზე. წმიდა ბერს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. მას გარდაუვალი შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ სასწაულებრივად გამოჩენილმა ორმა უცნობმა დაუტოვა პური, ფქვილი და ზეთი. გაზაფხულზე მამა გერმანი დაბრუნდა მეთევზე მარკოზთან ერთად და სანოვაგე ჩამოიტანა.

როცა კუნძულზე რამდენიმე განდეგილმა მოიყარა თავი, მამა ზოსიმემ მათთვის ააშენა ხის ეკლესია უფლის ფერისცვალების სახელზე. მისი თხოვნით ნოვგოროდიდან ახლადდაარსებულ სავანეში ჩამოვიდა იღუმენი და ჩამოიტანა ოდიკი ეკლესიისათვის. ასე დაედო საფუძველი სახელგანთქმულ სოლოვკის მონასტერს. მკაცრ ბუნებრივ პირობებში ძმებმა მოახერხეს მოეწყოთ მეურნეობა, მაგრამ ნოვგოროდიდან გამოგზავნილი წინამძღვრები ვერ ეგუებოდნენ უჩვეულო გარემოს, ამიტომ ძმებმა იღუმენად ღირსი ზოსიმე აირჩიეს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ღირსმა ზოსიმემ თვითონ დაამზადა თავისი კუბო. დაასაფლავეს ფერისცვალების ტაძრის წინ (+1478 წ, 17 აპრილი). 1566 წლის 8 აგვისტოს ზოსიმესა და საბატის წმიდა ნაწილები გადაასვენეს ფერისცვალების ტაძარში.

სიკვდილის შემდეგ წმიდა ზოსიმესადმი აღვლენილი ლოცვით მრავალი სასწაული ხდებოდა. ის ითვლება მეთევზეებისა და მეფუტკრეების მფარველად.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати