USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 3 ოქტომბერს?!
 362

3 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+დაახლ. 118)

წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს.

ევსტათი ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს წმიდანს ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველმყოფელი ჯვრის ნიში გაბრწყინდა ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებით. „პლაკიდა, რაჲსა მდევნი მე?“ - ჰკითხა მაცხოვარმა. შეშინებულმა სტრატილატმაც კითხვითვე მიმართა: - „ვინ ხარ შენ, უფალო?“ „მე ვარ იესუ ქრისტ ჱ, რომელმან ყოველივე დავჰბადე არაარსისაგან და თჳსთა ჴელითა შევქმენ კაცი და არავე მოაქამდე დავაყენე კაცთმოყუარებაჲ ჩემი, არამედ შემუსრვილი ცოდვისა მიერ კუალად განვაახლე“, და ყოველივე მიუთხრა: თავისი განკაცება, ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა, მესამე დღეს აღდგომა, „რომელთა მიერ წინააღმდგომისაგან თავისუფლებაჲ ნათესავსა ჩუენსა მოანიჭა“ და ზეცად ამაღლება. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა - უფლის რჩეულმა წრფელი გულით ირწმუნა და მაცხოვარს შეევედრა, ეუწყებინა როგორ მოქცეულიყო შემდგომ. ნეტარს კვლავ ჩაესმა ხმა და ქალაქში წასვლა, მღვდელთან მისვლა და მეუღლესა და შვილებთან ერთად ნათლისღებით განწმედა უბრძანა.

გახარებული პლაკიდა შინ დაბრუნდა და ყოველივე მოუთხრო მეუღლეს, რომელმაც, თავის მხრივ, აუწყა, თუ წინა ღამეს როგორ ჩაესმა ძილში: „შენ და ქმარი შენი და შვილნი ხვალე მოვედით ჩემდა და განცხადებულად უწყოდეთ, მე ვარ იესუ ქრისტ ჱ, რომელსა ძალ-მიც ცხორებაჲ მოყუარეთა ჩემთაჲ“.

მეუღლეები ისე მოიქცნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ: მიმართეს ქრისტიან ხუცესს, რომელმაც მთელ მათ სახლეულს ნათელსცა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.

მომდევნო დღეს ევსტათიმ თავისი სასწაულებრივი მოქცევის ადგილს მიაშურა და მხურვალე ლოცვით მადლობა შესწირა ცხონების გზაზე მის დამყენებელ უფალს.

მაშინ ნეტარი კვლავ საკვირველი გამოცხადების ღირსი შეიქნა - თავად ზეციურმა მეუფემ გააფრთხილა მოსალოდნელი განსაცდელების შესახებ: „ამიერითგან უკუე მიგელის შენ თავსდებად გამოსაცდელი სარწმუნოებისაჲ, რამეთუ წუთ ერთღა განმცდელი იგი ეშმაკი მოსლვად არს შენდა... ხოლო შენ ბრწყინვალე ძლევაჲ აღადგინო მას ზედა, ვითარცა იგი პირველად იობ... და დასასრულსა წამებისა ჩემისა გჳრგჳნითა შეიმკო თავი შენი“. ევსტათიმ მდაბლად მიუგო: „იყავნ ნება შენი, უფალო!

მალე ნეტარს უბედურებათა წყება დაატყდა თავს: მონა-მხევლები დაეხოცა, საქონელი გაუწყდა... გაღატაკებულმა, მაგრამ სულით მდიდარმა ევსტათიმ ოჯახთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, რომ უცხოობაში სიმდაბლითა და სიგლახაკით ეცხოვრა. ისინი ხომალდზე ავიდნენ და ეგვიპტისკენ გაეშურნენ. გზაში გემის პატრონი მოიხიბლა ევსტათის მეუღლის - თეოპისტიას მშვენიერებით, ვნებააშლილმა, ჩამოსხა ნაპირზე მამა და შვილები, ქალი კი თავისთან დატოვა. საშინლად დამწუხრებულმა სტრატილატ-ყოფილმა გზა განაგრძო და ბობოქარ მდინარეს მიადგა, რომლის გადალახვაც ორივე ყრმით შეუძლებელი იყო. მან ჯერ ერთი ძე შეისვა მხარზე და ფონს გაიყვანა, შემდეგ მეორესთან გამობრუნდა, მაგრამ იხილა, რომ ყრმა ლომს დაეტაცებინა და უდაბნოსკენ მიარბენინებდა. ვერც მეორე ნაპირზე დატოვებული შვილი შეინარჩუნა წმიდანმა: მგელმა ისიც ტყეში გაიტაცა.

ევსტათი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მწარედ ატირდა, მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. სოფელ ვლადისოსში ღვთის რჩეული მუშად დადგა და თხუთმეტი წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. მან არ უწყოდა, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით მისი ერთი ძე - მწყემსებმა, მეორე კი - მიწის მუშაკებმა გადაარჩინეს და ახლა მის გვერდით ცხოვრობდნენ; არ იცოდა ისიც, რომ უსჯულო მენავე მალე დასაჯა ღმერთმა - მძიმე სნეულებით ამოხდა სული, მისი მეუღლე კი, შეურცხვენელი, პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს.

ამ ხანებში იმპერატორ ტრაიანეს რომისთვის მეტად მძიმე ბრძოლის დაწყება მოუხდა. მას მოაგონდა სახელოვანი მხედართუფროსი პლაკიდა და წმიდანის მოსაძებნად მისი მეგობრები, ანტიოქოსი და აკაკი გაგზავნა.

დიდი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ მხედრები იმ სოფელშიც ჩავიდნენ, სადაც წმიდა ევსტათი ცხოვრობდა. ისინი ყოფილ სტრატილატს მინდორში შეხვდნენ, ვერ იცნეს, უთხრეს, ვისაც ეძებდნენ და დიდი თანხის საზღაურად დახმარება სთხოვეს. წმიდანმა იცნო მეგობრები, მაგრამ ვინაობა არ გაამხილა; თავისი ბატონის სახლში მიიწვია ისინი და დააპურა. როცა მგზავრები კარგად დააკვირდნენ მასპინძელს, შენიშნეს, რომ იგი ძლიერ ჰგავდა პლაკიდას, შემდეგ ყელზე მისი განსაკუთრებული ნიშანი - საბრძოლო ჭრილობაც შენიშნეს და მიხვდნენ, რომ წინ თავიანთი მეგობარი ედგათ. სიხარულის ცრემლებმოძალებული მეომრები გადაეხვივნენ ნეტარს და მოუთხრეს, რისთვისაც ეძებდნენ. ევსტათი რომში დაბრუნდა და კვლავ იმპერატორის მხედართმთავარი გახდა. მის ლაშქარს მრავალი ახალწვეული შეემატა და წმიდანმა არ იცოდა, რომ ის ორი ახალგაზრდა მხედარი, რომელთაც ხშირად აძლევდა დავალებებს და რომლებიც ძლიერ უყვარდა სიმარჯვისა და ახოვნების გამო, მისი ძეები იყვნენ. არც მათ იცოდნენ, რომ მამის წინამძღვრობით მსახურობდნენ და ერთმანეთს ძმებად ეკუთვნოდნენ.

ერთხელ, ლაშქრობის დროს, ევსტათის მხედრობამ ერთ-ერთ სოფელში დაიბანაკა. ძმები კარავში ისხდნენ და საუბრობდნენ. უფროსი თავის ხვედრზე ყვებოდა: როგორ დაკარგა დედ-მამა და საბრალო ძმა. გახარებული ნაბოლარა მიხვდა, რომ მის წინაშე მისი ძმა იყო და მას თავისი ცხოვრებაც მოუთხრო.

მხედრების საუბარი ესმოდა ქალს, რომლის სახლის მახლობლადაც იყო კარავი გაშლილი - მათ დედას. იგი მიხვდა, რომ უფალმა შვილები მოუყვანა კარს. ნეტარს მათთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ძლიერ სურდა, ძეებს არ გაყროდა, ამიტომ სტრატილატთან მისვლა გადაწყვიტა, რათა თან გაჰყოლოდა ლაშქარს. მან იცნო თავისი მეუღლე და მოუთხრო საკუთარი თავისა და იმ ორი მეომრის შესახებ, რომლებიც მისი ვაჟები აღმოჩნდნენ. ღვთის მოწყალებით ასე შეიყარა მთელი ოჯახი.

ამასობაში ომი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ევსტათი პატივითა და დიდებით დაბრუნდა რომში. გარდაცვლილი იმპერატორის, ტრაიანეს ნაცვლად ტახტზე ასულმა ადრიანემ (117-138) გადაწყვიტა, მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა საზეიმო მსხვერპლშეწირვით აღენიშნა. ყველას გასაოცრად, ევსტათი საკერპოში არ აღმოჩნდა. იმპერატორის ბრძანებით იგი სასწრაფოდ მონახეს.

„რომლისა მიზეზისათჳს არა ინებე მოსლვაჲ ჩვენ თანა გებად მამულთა ღმერთთა?“ - ჰკითხა ნეტარს ადრიანემ, - შენ სხვებზე მეტი მადლიერება გმართებს, რადგან ღმერთებმა არა მარტო დაგიცვეს ომში, არამედ ცოლი და შვილებიც გაპოვნინეს. ევსტათიმ მიუგო: „ქრისტეანე ვარ, ჵ მეფე, და მომცემელისა ჩემდა შევსწირავ მადლობასა, საძლეველსა და წარწყმედულებისაგან შვილთა და მეუღლისა ჩემდა მომაქცეველსა. ხოლო გარეშე მისსა სხუასა და უფროჲსღა უსულოთა ამათ და ყრუთა არცა მეცნიერ ვარ, არცა ვჰმსახურებ, რაჲთა არა გამოვჩნდე მოქენედ საცნობელთა“. განრისხებულმა იმპერატორმა ხარისხი აჰყარა ქველ მხედართმთავარს და მთელს ოჯახთან ერთად სამსჯავროზე წარადგინა. ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წმიდანებს პირი არ დააკარეს. მაშინ გამხეცებულმა თვითმპყრობელმა განკარგულება გასცა, მთელი ოჯახი გახურებულ სპილენძის ხარში შეესხათ. სამი დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, წმიდა მოწამეთა ცხედრები სრულიად უვნებელი აღმოჩნდა - თმის ბეწვიც არ შეტრუსვოდათ, სახეები კი არამიწიერი მშვენიერებით უბრწყინავდათ.

ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა მარტვილთა ცხედრები პატივით დაკრძალეს, შემდეგ კი, როცა მართლმორწმუნეთა დევნა ჩაცხრა, „აღუშენეს სახლი სალოცველი“ სადიდებლად უფლისა.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.