ღირსი თეოდორე ტრიხინი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ ოჯახში. სიყრმეშივე წავიდა თრაკიის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა. ღირსი მამა მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს. სიკვდილის შემდეგ მისი წმიდა ნაწილებიდან გადმოდინდა მირონი, რომელიც სნეულებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა.
ღირსი თეოდორეს ცხოვრების წლები ცნობილი არ არის.
წმიდა გრიგოლი, ანტიოქიის პატრიარქი (+593) სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტრის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას უყვარდა.
ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს.
ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე (+593) ღირსეულად ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.
წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.
იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა მონოფიზიტთა ერესი. წმიდა ანასტასიმ გაილაშქრა მწვალებელთა წინააღმდეგ; ეპისტოლეები გაუგზავნა ეკლესიებს, თვითონაც ყოველდღიურად უმარტავდა ხალხს სწავლებას იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. ერესით დაბნეული მრევლი სასოებით უგდებდა ყურს პატრიარქის სიტყვებს.
იუსტინიანეს უნდოდა წმიდა ანასტასი პატრიარქის ტახტიდან ჩამოეგდო, მაგრამ მოულოდნელად მძიმედ დაავადდა. სიკვდილის წინ მან შეინანა თავისი ცთომილება და შექმნა საოცარი ლოცვა: „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება“, რომელიც საღვთო ლიტურღიაზე იგალობება. მასში გამოხატულია მართლმადიდებლური სწავლება იესო ქრისტეს ორ ბუნებაზე.
იუსტინიანეს შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი იუსტინე უმცროსი (565-578), რომელმაც დევნა დაუწყო წმიდა ანასტასის და 572 წელს გადაასახლა კიდეც. 593 წელს პატრიარქი დაბრუნდა გადასახლებიდან და კვლავ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა. იგი 6 წელი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მეშვიდე წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+21 აპრილი, 599 წ.).
გადასახლებაში ანატასიმ დაწერა რამდენიმე დოგმატური და სამოძღვრო თხზულება და ბერძნულად თარგმნა წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის (+604; ხს. 12 მარტს) „სამოძღვრო მსახურებისათვის“.
წმიდა ანასტასი II ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე ავიდა წმიდა ანასტასი I სინაელის შემდეგ. ის 10 წლის განმავლობაში მეთაურობდა ანტიოქიის ეკლესიის ცხოვრებას. როცა იმპერატორმა ფოკამ წმიდა ანასტასის გავლენით (602-610) გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს წმიდა ნათლისღება მიეღო, ქრისტეს მოძულე იუდეველები გულისწყრომით აღივსნენ და წმიდა პატრიარქი სიცოცხლეს გამოასალმეს (609 წელს).
ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695) დაიბადა VI საუკუნის ბოლოს, მიიღო ბრწყინვალე საერო განათლება, რომელიც ღვთისმეტყველების შესწავლით დაასრულა.
ღირსი ანასტასი სიყრმეში აღიკვეცა ბერად, შემდგომ იერუსალიმს გაემგზავრა და სინას მთაზე დაეყუდა. ამ დროს სინას მთის იღუმენი იყო ღირსი იოანე კიბისაღმწერელი (ხს. 30 მარტს), რომელსაც შეენაცვლა მისი ძმა, გიორგი. გიორგის შემდეგ საძმოზე ზრუნვა ღირს ანასტასის დაევალა.
ნეტარმა მამამ დიდი ღვაწლი გასწია აკათელიტების ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც IV მსოფლიო კრების (451) მიერ დადგენილ ქრისტეს ორ ბუნებრიობას უარყოფდა. მართლმადიდებლობის ქადაგებით ღირსმა ანასტასიმ მოიარა ეგვიპტე, არაბეთი, სირია. მონოფიზიტებთან საბრძოლველად მან თავის მოწაფეებს დაუტოვა კითხვა-მიგების ფორმის, 24 თავისაგან შემდგარი სახელმძღვანელო სახელწოდებით - „გზამკვლევი“. ღირსი ანასტასი პაექრობდა ებრაელებთანაც. ჩვენამდე მოაღწია წმიდა მამის თხზულებამ „თარგმანებანი ექვსთა დღეთა“ (12 წიგნი), სიტყვებმა, სწავლებებმა, წმიდანთა ცხოვრებებმა და საღვთო წერილის ადგილთა განმარტებებმა.
ღირსი ანასტასი სინაელი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (+დაახლ. 695).