3 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მაკარი მმარხველი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი იმ წმიდა მამათაგანია, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი სახელი უკვე ათი საუკუნეა იხსენიება საქართველოს ეკლესიის კალენდარში მრავლისმთქმელია, მრვალისმეტყველია მისი წოდებაც - მმარხველი.
ხახულის მონასტერი X საუკუნის მეორე ნახევარში აუგია საქართველოს მეფე დავით კურაპალატს. წმიდა მაკარისა და მისი მსგავსი მამების მოღვაწეობამ მონასტერი სიწმიდის, მეცნიერებისა და განათლების კერად აქცია. მონასტერი დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ იქ მოღვაწე ქართველ მამათა მადლი ახლაც სასოებად ეფინება საქართველოს.
ხახულის მონასტრის წინამძღვარი წმიდა მაკარი უდიდესი ასკეტი და ცნობილი მოძღვარი იყო. მასთან მოდიოდნენ რჩევა-დარიგებისა და კურთხევისათვის როგორც მონაზვნობის მსურველნი და გამოცდილი ბერები, ასევე ერისკაცები. ღირს მაკარის მიჰგვარეს კურთხევისათვის ყრმა გიორგი - შემდგომში უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც წინასწარცნობის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა მაკარიმ თავისი სულიერი შვილი უწოდა.
ღირსი მაკარი, ღვთის შეწევნით, ერთმანეთს კარგად უთავსებდა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასა და განდეგილობას. განსაკუთრებული მარხვისა და ლოცვისათვის მას მმარხველი უწოდეს. მისი წინამძღვრობის დროს ხახულის მონასტერი „ვითარცა მთიები“ ბრწყინავდა და ორიენტირს აძლევდა სასულიერო და საერო მოღვაწეობის მსურველთ.
ღირსი მაკარი 1034 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.
წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული, ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა. იგი ცხრამეტი წლისა იყო, როცა ქალაქ ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და ზნეკეთილმა იულიანამ შეიცნო წარმართული სარწმუნოების სიცრუე და ამაოება, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე წარადგინა. ელევსიმ სთხოვა წმიდა ქალწულს, ცოლად გაჰყოლოდა, თან აღუთქვა, რომ სარწმუნოების შეცვლას არ აიძულებდა, მაგრამ ნეტარი იულიანა ამჯერადაც მტკიცე უარზე დადგა და ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია. წმიდანს დიდხანს და სასტიკად ტანჯავდნენ, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ უფლისგან კურნება მიემადლებოდა და ძალები უცხოველდებოდა. წმიდა ქალწულის სიმტკიცემ და სასწაულებრივმა კურნებებმა ბევრ წარმართს გაუხსნა გული და გონება ჭეშმარიტებისათვის, ხუთასმა მამაკაცმა და ასოცდაათმა დედამ კი აშკარად აღიარა ქრისტე. ახალ აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს. ელევსი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ზეციური სასიძოსკენ იულიანას ლტოლვის განელება და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს ტარიგმა სიხარულით მოისმინა განაჩენი, ადიდა უფალი და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს (+304).
წმიდა მოწამე თემისტოკლე ლუკიის ქალაქ მირონში ცხოვრობდა ღვთისმებრძოლი იმპერატორის, დეკიუსის (249-251) ზეობისას. თემისტოკლე მწყემსი იყო. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანმა ვინმე მართლმორწმუნე დიოსკორიდე შეიფარა სახლში, თვითონ კი მდევნელებს ჩაბარდა და საშინელი წამების შემდეგ სული უფალს შეჰვედრა (+251).
მღვდელმთავარი პეტრე, მოსკოვის მიტროპოლიტი ვოლინში დაიბადა, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. წმიდანის დედას სიზმრისეული ჩვენებით ძის დაბადებამდე ეუწყა მისი ღვთივრჩეულობა. პეტრე გულისხმიერი ყმაწვილი გამოდგა: წარმატებით ითვისებდა მწიგნობრულ სიბრძნეს, თორმეტი წლისამ, ღვთის სიყვარულით აღძრულმა, მონასტერს მიაშურა. ნეტარი გულმოდგინედ აღასრულებდა ყოველგვარ მორჩილებას, დიდ დროს უთმობდა წმიდა წერილის შესწავლას და ხატწერასაც ეუფლებოდა. პეტრეს შექმნილ ხატებს სავანის ძმებსა და მის მოსალოცად ჩასულ ქრისტიანებს ურიგებდნენ. ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის იღუმენმა წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მრავალწლიანი დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეულმა განმარტოებულ მოღვაწეობაზე აიღო კურთხევა, სავანე დატოვა, მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დამკვიდრდა. შემდგომში აქ თანდათან მომრავლებული ბერებისთვის მან დააარსა სავანე და მაცხოვრის სახელობის ტაძარიც ააგო. იღუმენად დადგენილი პეტრე ბრძნულად მოძღვრავდა სულიერ შვილებს, წმიდა მამას მალე შორს გაუვარდა სახელი.
1308 წელს, ღვთის ნებით, პეტრე კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად იქნა დადგენილი. მღვდელმთავრობის პირველ წლებში მას ძალიან გაუჭირდა: თათართაგან დაპყრობილ ქვეყანაში მყარი წესრიგი არ არსებობდა, რის გამოც ხშირად უხდებოდა ადგილსამყოფლის ცვლა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წმიდანის ღვაწლი სახელმწიფოში ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ზნეობის განსამტკიცებლად.
1325 წელს მღვდელმთავარმა სამიტროპოლიტო კათედრა ვლადიმირიდან მოსკოვში გადაიტანა. უფლის რჩეულის კურთხევით მოსკოვის კრემლში საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობას. ნეტარმა თავისი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე და 1326 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიცოცხლეშივე საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა მღვდელმთავარი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებდა. 1339 წელს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა პეტრე 5 ოქტომბერსაც იხსენიება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის სხვა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავრებთან ერთად (იხ. ამ დღის საკითხავი).
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.