USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 3 აპრილს?
თარიღი:  756

3 აპრილს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა იაკობ ეპისკოპოსი (+დაახლ. 775)

21 (03.04) მარტი

წმიდა იაკობ ეპისკოპოსი სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში.

წმიდა კირილე კატანელი (+111)

21 (03.04) მარტი

წმიდა კირილე კატანელი (+111) დაიბადა ანტიოქიაში. ის იყო წმიდა პეტრე მოციქულის (ხს. 29 ივნისს და 16 იანვარს) მოწაფე და მისგან იქმნა ხელდასხმული კატანის ეპისკოპოსად. წმიდა კირილე ბრძნულად მართავდა სამწყსოს. ღვთისმოსაობის გამო წმიდა მამა უფლისაგან სასწაულმოქმედების მადლით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით წყაროს მწარე წყალი სასმელად ვარგისი შეიქმნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა კირილე აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში.

წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი (+610)

21 (03.04) მარტი

წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი წმიდა პატრიარქ კირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს, აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქად.

წმიდა თომას პატრიარქობის დროს გალატეაში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ტყდებოდნენ. პატრიარქის თხოვნით წმიდა თეოდორე სიკიოტელმა (ხს. 22 აპრილს) ახსნა მომხდარი. მისი სიტყვით, ეკლესიას ელოდა უბედურება, ქვეყანას კი - ბარბაროსთა თავდასხმა და განადგურება. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.

წმიდა თომას გარდაცვალების (+610) შემდეგ ეკლესიაში ერთობა დაირღვა. წმიდანის მემკვიდრე პატრიარქი სერგი (610-638) მონოთელიტთა ერესში ჩავარდა. მალე, ღვთის დაშვებით, ერესის გამრავლების გამო, დაიწყო ბიზანტია-სპარსეთის ომი. მცირე აზიის ბერძნული მხარე სრულიად გაუდაბურდა, იერუსალიმი დაეცა, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი უსჯულოებმა სპარსეთში წაასვენეს. ასე აღსრულდა ლიტანიობის დროს სასწაულით განცხადებული ყველა უბედურება.

წმინდა სერაფიმე ვირიცელი (+1949)

21 (03.04) მარტი

1866 წელს იაროსლავის მაზრაში, გლეხ ნიკოლოზ და ქიონია მურავეევების ოჯახში, დაიბადა ვაჟი ვასილი. ბიჭი ათი წლისა იყო, მამა ჭლექით რომ მოუკვდა. კეთილმა მეზობელმა ობოლი პეტერბურგში წაიყვანა და სავაჭრო დუქანში მოაწყო სამუშაოდ. აქ ბევრი მისი თანამემამულე მუშაობდა და საქმე აწყობილი ჰქონდათ. ბიჭის გულში ერთი ოცნება კიაფობდა - როგორმე მონასტერში წასულიყო. სცადა კიდეც ბედი, უფროსს დაეთხოვა და წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრაში წავიდა. წინამძღვარი არ დახვდა და ცნობილ სქემმონაზონთან მივიდა სასაუბროდ. ღირსმა მამამ დაარიგა: - დარჩი სოფელში, შექმენი კარგი ქრისტიანული ოჯახი, აღზარდე შვილები და ამის შემდეგღა მიუძღვენით შენ და შენმა მეუღლემ თავი უფალსო. თავმდაბალმა და მორჩილმა ბიჭმა ბერის პასუხი ღვთის პასუხად მიიღო და მუშაობა გააგრძელა. მარტოდმარტომ შეისწავლა წერა-კითხვა, ნიჭიერ ყმაწვილს ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. 16 წლისა უმცროს მოურავად დანიშნეს, ერთი წლის შემდეგ უფროს მოურავად, ეს კი ბატონის მოადგილეობას ნიშნავდა. ვასილი მთელ ხელფასს სოფელში დედას უგზავნიდა.

მის მომავალ მეუღლეს სიყრმიდანვე მონაზვნობა სურდა. ერთხელ ნათესავებმა ივერიის დედათა მონასტერში, ღირს პელაგიასთან წაიყვანეს. წმინდა დედამ ოლღას ურჩია, გათხოვდი და მხოლოდ შემდგომ წადი მონასტერში მეუღლესათან ერთადო. ქალიშვილიც დაემორჩილა ღვთის ნებას და 1890 წელს ცოლად გაჰყვა ვასილი მურავეევს. ბატონმა ვასილის საკმაოდ დიდი ფული მისცა კერძო საქმიანობის დასაწყებად. მან ბეწვეულის დამზადებას მიჰყო ხელი. ვაჭრობა კარგად წაუვიდა, მისი ნაწარმი მრავალ ევროპულ  ქალაქში იყიდებოდა. უკვე მილიონერი გახდა, მაგრამ არ დავიწყებია ბერის კურთხევა. უამრავ სიკეთეს აკეთებდა, მოწყალებას გასცემდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა. შემოსავლის დიდ ნაწილს ეკლესია-მონასტრებს სწირავდა.

მურავეევის ოჯახს ჯერ ვაჟი შეეძინა, შემდეგ - ქალიშვილი, რომელიც წლისთავზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და-ძმასავით ცხოვრობდა. სულიერად ოჯახს წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელი განამხნევებდა. კომერციული საქმეების გამო ვასილი ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში. ამბობენ, საზღვარგარეთ უკანასკნელად ყოფნისას ათონის მთა მოილოცა და იქ გაუჩნდა მძაფრი სურვილი ბერული ცხოვრებისაო. ამ სოფლის სამუდამოდ დატოვებაში ერთი შემთხვევა დაეხმარა: უცხოეთიდან დაბრუნებული ეტლით შინ მიდიოდა. ზამთარი იდგა. ერთგან ქვაფენილზე ჩამომჯდარი ჩამოძონძილი გლეხი დაინახა, რომელიც გაიძახოდა: „არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებს“. ვასილიმ გამოჰკითხა. თურმე საცოდავს სოფელში ტიფით დაავადებული მამა, ცოლი და შვიდი შვილი ელოდებოდა. მეზობლები მათ შიშით ვერ ეკარებოდნენ. მამამ ურჩია: ცხენი გაყიდე და ძროხა იყიდე, იქნებ ამით როგორმე გავიტანოთ თავიო. კაცს ცხენი გაეყიდა, მაგრამ ფული ავაზაკებს წაერთმიათ. შინ ხელცარიელ დაბრუნებას ქუჩაში შიმშილით სიკვდილი მირჩევნიაო, უფიქრია... ვასილიმ გლეხი ბაზარში წაიყვანა, უყიდა ორი ცხენი, ურემი, დატვირთა პროდუქტებით, უკან ძროხაც გამოაბა, დასვა ურემზე და ხელში აღვირი მისცა. საცოდავი კაცი თვალებს არ უჯერებდა და საჩუქარზე უარს ამბობდა. ვასილიმ უთხრა: - არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთს სურსო.

შინ დაბრუნებულმა ვასილიმ, სანამ მეუღლესთან შევიდოდა, დალაქი იხმო. მან სთხოვა ბატონს, სავარძელში ჩამჯდარიყო, ვასილი კი აღელვებული ბოლთას სცემდა და გაიძახოდა, - არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებსო. უეცრად დალაქი მის წინაშე მუხლებზე დაემხო: - ბატონო, როგორ გაიგეთ ჩემი, ცოდვილის განზრახვაო. და აღიარა, რომ ვასილის მოკვლას და გაძარცვას უპირებდა. ვასილიმ მას ქალაქის დატოვება უბრძანა, თვითონ კი ქონების დიდი ნაწილი დაარიგა, ბევრი მონასტრებს შესწირა. ამგვარ ამბებსაც ჰყვებიან: ერთხელ ვასილის სახლში ქურდი შეიპარა. ძვირფასეული აკრიფა, ბოხჩაში გაახვია და ქუჩაში გამოსულს ყველაფერი ქუჩაში დაეფანტა. ამ დროს თავს ვასილი დაადგა და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, შეშინებულ ქურდს ძვირფასეული ხელახლა შეაკვრევინა და ზურგზეც წამოჰკიდა.

მამა სერაფიმე ხშირად ამბობდა ხოლმე: დაკარგე - ნუ ინაღვლებ; იპოვე რაიმე - ძალზე ნუ გაიხარებ. ჯერ კიდევ ერისკაცთან ბევრი მოდიოდა რჩევის საკითხავად, ლოცვისთვის, ღვთისაგან დაფარულთმცოდნეობის მადლიც მაშინ მიენიჭა. ერთხელ ერთ-ერთ ქალბატონს უთხრა: მალე რევოლუცია მოხდება, ფაბრიკა-ქარხნებს მეპატრონეებს ჩამოართმევენ. სჯობს მაშინ შენმა ქმარმა თვითონვე ჩააბაროს ქარხანა და ნებისმიერ სამუშაოზე მუშაობის უფლება ითხოვოსო. ასრულდა ყოველივე და ქარხნის ყოფილმა მეპატრონემ ამით თავი გადაირჩინა.

1920 წელს ვასილი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში აღიკვეცა ბერად ბარნაბას სახელით. ერთ წელიწადში მღველ-მონაზვნადაც აკურთხეს, ხოლო 1927 წელს დიდი სქემა შეიმოსა და მას წმინდა სერაფიმე საროველის პატივად მისი სახელი უწოდეს. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ის ყოველთვის გრძნობდა წმინდა სერაფიმეს თანადგომას, შეწევნას. დაიწყო ბერის ძნელი ცხოვრება. იმ სულიერი ორთაბრძოლის კვალი, რომელიც მამა სერაფიმეს დაცემულ ანგელოზებთან ჰქონდა, მის იმდროინდელ ფოტოსურათებს ეტყობა - მკაცრი გამომეტყველება, მადლი ღვთიური, რომლის წინაშე ეშმაკნი თრთოდნენ. აღსანიშნავია, რომ მამა სერაფიმესთან ერთად სენაკში ცხოვრობდა მამა გური (კომისაროვი), ერისკაცობაში მასავით მილიონერი. სოფლის მომძულებელ ღირს მამებს მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი საწუხარი ჰქონდათ: მცირედი ცოდვითაც არ განერისხებინათ უფალი. მათი უაღრესი თავმდაბლობა მორჩილებსაც კი განაცვიფრებდა. იმ საშინელ დროს მამა სერაფიმე მშვიდი რჩებოდა, ღვთის ნებას მინდობილი ხალხს ანუგეშებდა, ცრემლს მოსწმენდდა. ერთხელ მასთან ხუტინის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში ალექსი I) მივიდა რჩევისთვის - მას საზღვარგარეთ გაპარვაში პირდებოდნენ დახმარებას. რუსეთს ვის უტოვებთ? - ჰკითხა წმინდა სერაფიმემ, - მეუფეო, ნურაფრის გეშინიათ. თქვენ რუსეთს სჭირდებით. თქვენ პატრიარქი იქნებით მთელი რუსეთისა და მას მართავთ 25 წელი. უწმინდესი პატრიარქის ტიხონის შემდეგ დიდხანს არ გვეყოლება პატრიარქი. მიტროპოლიტი სერგი მხოლოდ ერთი წელი იქნება რუსთა მწყემსმთავარი, მას შემდეგ თქვენ იქნებით ჩვენი პატრიარქი. იქნება საშინელი ომი. ის მიიყვანს ღმერთთან რუსეთის მცხოვრებთ. თუმცა კი ახლა ხურავენ ტაძრებს, მაგრამ დადგება დრო, თვითონვე გააღებენო.

მამა სერაფიმეს ღვაწლი დაფარული იყო კაცთაგან, მაგრამ მისგან მომდინარე მადლის წყარო მთელი რუსეთიდან იზიდავდა მორწმუნეებს. საწყობივით ვარ, სადაც ხალხი თავის მწუხარებებს აგროვებსო, - ამბობდა. ერთ ღამეს მონასტრის ძმობა დააპატიმრეს და უმეტესი ნაწილი სოლოვკიზე გადაასახლეს. მრავალი მათგანი მოწამეობრივად აღესრულა. დააპატიმრეს მამა სერაფიმეც. სასტიკად სცემეს, რამდენიმე ნეკნიც ჩაუმტვრიეს. 1933 წელს გაათავისუფლეს, რადგან ექიმებმა დაადგინეს - ეს დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებსო. ხელისუფლებამ ნება მისცა, ვირიცაში დასახლებულიყო. ეს პატარა ქალაქი პეტროგრადთან ახლოს მდებარეობს. სწორედ იქ, სულიერი შვილის ორსართულიან პატარა სახლში, გაატარა დარჩენილი სიცოცხლე ღირსმა მამამ.

გარშემო სულიერი შვილები შემოიკრიბა. ყველას აფრთხილებდა, - ომი და შიმშილი იქნება, ამიტომაც ვირიცაში დასახლდითო. მრავალი ადამიანი მოდიოდა მამა სერაფიმესთან სულიერი ნუგეშისთვის, ბევრი მათგანი ღირსი მამის ლოცვით ფიზიკურადაც იკურნებოდა. ერთმა ქალმა თავისი ქალიშვილი მოუყვანა ღირს მამას. ბავშვს მარცხენა ხელი გამხმარი ჰქონდა. შეეწყალა პატარა წმინდა სერაფიმეს, მოეფერა, ხელი მოუთათუნა მტკივან მხარზე და ამ დროს გოგონამ იგრძნო, თუ როგორ დაიწყო გამხმარ ხელში სისხლმა მოძრაობა. შემდგომში ეს გოგონა მისი უერთგულესი შვილი გახდა.

ვირიცაში მამა სერაფიმესთან ერთად ცხოვრობდა მისი ყოფილი მეუღლეც, რომელიც მამა სერაფიმეს ბერად აღკვეცის შემდეგ ქრისტინეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა, შემდგომში, დიდი სქემის შემოსვისას, დედა სერაფიმა უწოდეს, დედათა მონასტრის დახურვის შემდეგ კი მამა სერაფიმემ შეიფარა.

არაფერი იყო დაფარული წმინდა მამის წინაშე. მის მორჩილს დედა სერაფიმას „სიკვდილის ანგელოზსაც“ ეძახდნენ ხოლმე, რადგან ხშირად მას გზავნიდა მორწმუნეებთან გასაფრთხილებლად: - მალე მოკვდები და მოემზადე იმქვეყნიური ცხოვრებისთვისო. მრავალი სულიერი შვილი სწერდა მას წერილს ციხეებიდან, გადასახლებიდან, ღირსი მამაც წერილითვე ნუგეშს სცემდა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია ერთი იმდროინდელი წერილთაგანი სათაურით „ეს ჩემგან იყო“, რომლითაც წმინდა სერაფიმემ არათუ თავის სულიერ შვილებს, არამედ მომავალ თაობებსაც დაუტოვა ჰიმნი ადამიანისადმი ღვთის უდიდეს სიყვარულზე. პატარა ქალაქში ხალხის მისვლა-მოსვლა არ გამოპარვიათ და წმინდა მამას მილიციაც აკითხავდა. ერთხელ, დაპატიმრება მოუნდომეს, მათ მამა სერაფიმეს შვილიშვილი, მარგარიტა, გადაუდგა წინ: - მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ წაიყვანთ პაპაჩემს. ის ძალზე ავადაა და მგზავრობას ვერ გაუძლებსო. სუკის ექიმებმაც დაადასტურეს გოგონას ნათქვამი.

ამასობაში მოახლოვდა II მსოფლიო ომიც. პარასკევს აუცილებლად მოდი ჩემთან, თორემ კვირას ომი დაიწყება და მე და შენ დიხანს ვერ ვნახავთ ერთმანეთსო, - უთხრა ერთ სულიერ შვილს. მართლაც დაიწყო ომი. წმინდა მამა ვირიცელებს ამშვიდებდა, - ფეხი არ მოიცვალოთ, აქაურობას ხელს ვერავინ ახლებსო. 1941 წლის სექტემბერში გერმანელები შევიდნენ ვირიცაში, ბოლშევიკების მიერ დახურული ეკლესიები გახსნეს. მამა სერაფიმემ მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს. 1942 წელს დედა სერაფიმას ესიზმრა, რომ მამა სერაფიმე, ჩექმებსა და თეთრ ხალათში გამოწყობილი, შეიარაღებულ გერმანელებს მიერეკებოდა. ისინი გარბოდნენ თოვლიან მინდორზე და ცდილობდნენ, გაქცეოდნენ ღირსი მამის რისხვას. დილით კი მამა სერაფიმემ უთხრა: - ხომ ნახე? წადი ახლა და ჩექმები და ხალათი გამიშრეო. მართლაც, მთელი ღამე იდგა ბაღში ქვაზე და ლოცულობდა. ხალათი კი შესანიღბად სჭირდებოდა, მეზობლებს რომ არ დაენახათ. ერთმა ღმერთმა იცის, რამდენი დაითმინა მაშინ წმინდა სერაფიმემ. სალოცავ ქვამდე ხელით მიჰყავდათ, შვილიშვილი იქვე, ვაშლის ხეზე დაამაგრებდა ხატს, პაპა კი მოიდრეკდა მუხლს. არადა ყველაფერი სტკიოდა, სხეული დაჭკნობოდა და ცვილისფერი დასდებოდა. მაგრამ ამ ლოცვით და მარხვით, ამ ღვაწლით სამშობლო გადაარჩინა. როცა ლიბანის მიტროპოლიტი ილია ომის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, მოჰყვა, თუ როგორ გადაარჩინა ღვთისმშობელმა რუსეთი ამ ომში. თვით დედა ღვთისამ უთხრა მეუფეს იმ მართალთა სახელები, რომელთა ლოცვით ღმერთმა შეიწყალა რუსეთი. მათ შორის წმინდა სერაფიმე და მისი რამდენიმე სულიერი შვილი დაასახელა.

1945 წელს მამა სერაფიმეს მორჩილი, მისი მეუღლეყოფილი დედა სერაფიმა გარდაიცვალა და ვირიცის ტაძრის ახლოს დაკრძალეს.

ომის დასრულების შემდეგ მრავალი ადამიანი სთხოვდა წმინდა სერაფიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ნათესავების ადგილსამყოფელის მინიშნებას, ბევრსაც თავშესაფარი არ ჰქონდა და ვერც შოულობდა. მამა სერაფიმეს ლოცვის შემდეგ ბინაც გამოჩნდებოდა ხოლმე მათთვის და არსობის პურიც. ყრუ, ბრმა, ხეიბარი, ლოთი - ათასნაირი სნეული იკურნებოდა წმინდა სერაფიმეს ლოცვით. აღსანიშნავია წმინდა სერაფიმეს დარიგებები და წინასწარმეტყველებანიც, რომელთაგან ბევრი ჯერ არ აცხდებულა. მამა სერაფიმე ბრძანებდა: - დადგება დრო, როცა ერთ მორწმუნეს ორმოცი კაცი ჩამოეკიდება, რათა ამოათრიოს ისინი მთხრებლიდანო. უფალი ათასი წელიც დაელოდება, რომ ერთი კაცი მაინც ცხონდესო. ღირსმა მამა რუსეთში რწმენის აღორძინებაც იწინასწარმეტყველა: ძველი მონასტრები განახლდება, ლენინგრადს ისევ სანკტ-პეტერბურგს დაარქმევენ, დადგება დრო, როცა რადიოთი ლოცვებს, ქადაგებებს, სულიერ დარიგებებს მოისმენთო. ერთხელ ერთმა სულიერმა შვილმა რუსეთის მომავალზე ჰკითხა. წმინდა სერაფიმემ ის სარკმელში გაახედა - ფინეთის ყურეში სხვადასხვა ქვეყნის გემები იდგნენ. ეს როგორ გავიგოთო? - ჰკითხა მოძღვარს. მან კი უპასუხა: დადგება ისეთი დრო, როცა რუსეთში დაიწყება სულიერი აღორძინება. გაიხსნება ბევრი ტაძარი და მონასტერი, თვით უცხოელები ჩამოვლენ ასეთი გემებით, მოსანათლად. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება - თხუთმეტი წელი, შემდეგ კი მოვა ანტიქრისტეო. აღმოსავლეთი მოიკრებს ძალას, ყველაფერი დაუდგრომელი გახდება. რიცხოვნება მათ მხარესაა და არა მარტო ეს; მათთან ფხიზელი, შრომისმოყვარე ხალხი მუშაობს, ჩვენთან კი მხოლოდ ლოთობენ. აღმოსავლეთი რუსეთში მოინათლება, მთელი ზეციური სამყარო ლოცულობს აღმოსავლეთის მოსაქცევადო.

„დადგება დრო, როცა რუსეთს დაყოფენ ნაწილებად, თავიდან მას გაიყოფენ, შემდეგ მისი სიმდიდრის ძარცვას დაიწყებენ. დასავლეთი ყველანაირად შეუწყობს ხელს რუსეთის დაშლას. შორეული აღმოსავლეთი ხელთ იაპონელებს ჩაუვარდებათ, ციმბირი - ჩინელებს, რომლებიც გადმოსახლდებიან რუსეთში, დაქორწინებიან რუსებზე და საბოლოოდ, მზაკვრობით დაიპყრობენ ციმბირიდან ურალამდე ტერიტორიას. როცა ჩინეთი მოისურვებს წინ წასვლას, დასავლეთი შეეწინააღმდეგება და ნებას არ მისცემს. მრავალი ქვეყანა შეეომება რუსეთს, მაგრამ ის გაუძლებს, თუმცა კი თავისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილს დაკარგავს. ეს ის ომია, რომელზეც მოგვითხრობს წმინდა წერილი და ლაპარაკობენ წინასწარმეტყველნი. ეს იქნება მიზეზი კაცობრიობის გაერთიანებისა. ხალხი მიხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და საერთო მთავრობას აირჩევენ - ეს იქნება ანტიქრისტეს გამეფების მოახლოების ნიშანი. შემდეგ კი ქრისტიანების დევნა დაიწყება. როცა რუსეთის სიღრმეში ქალაქებიდან ეშელონებით წავლენ, იჩქარეთ, პირველ მატარებელში მოხვდეთ, რადგან ვინც დარჩება, ბევრი მათგანი დაიღუპება. იმეფებს ბოროტება და სიცრუე. ეს იმდენად მძიმე, ცუდი და საშინელია, ღმერთმა ნუ ქნას, იქამდე მივაღწიოთ“.

ერთხელ უთხრეს: - რა კარგია, მამაო, ეს ომი რომ დამთავრდაო. მან უპასუხა: „არა, ეს ყველაფერი არ არის, იქნება საშინელება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ კიდევ ნახავთ ომს... თუ რუსი ხალხი არ მოინანიებს, ძმა ძმას კვლავ აღუდგება წინ. დადგება დრო, არა დევნა, არამედ ფული და სოფლის საცდურნი განაშორებენ ადამიანებს ღვთისგან. და დაიღუპება უფრო მეტი, ვიდრე ღმერთმებძოლობისას. ერთი მხრივ, აღმართავენ ჯვრებს, გუმბათებს მოაოქროებენ, მეორე მხრივ კი - სიცრუე და ბოროტება იზეიმებს. ჭეშმარიტი ეკლესია დევნული იქნება, გადარჩებიან მხოლოდ განსაცდელებით და ავადმყოფობებით. დევნა მიიღებს ყველაზე დახელოვნებულ, გამოუცნობ ხასიათს...“

მამა სერაფიმეს ძალზე უყვარდა ახალგაზრდობა. იმ დროს ისინი იშვიათად დადიოდნენ ტაძარში. როგორ ხარობდა ხოლმე, როცა ახალგაზრდები მასთან მიდიოდნენ. მამა სერაფიმე ამბობდა ახალგაზრდების დიდ როლზეც ეკლესიის მომავალ აღორძინებაში. ის ამბობდა: „დადგება დრო, ახალგაზრდების ზნეობა დაეცემა და გაიხრწნება უკანასკნელ დონემდე. თითქმის არავის დარჩება გაუხრწნელი. ისინი ჩათვლიან, რომ თავიანთ ვნება-სურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერი ნებადართულია, რადგან თავს იგრძნობენ დაუსჯელად. შექმნიან ბანდებს, ჯგუფებს, დაიწყებენ ქურდობას, უკეთურობის ქმნას. მაგრამ მოვა დროს, როცა ღვთჲს ხმას გაიგონებენ, მიხვდებიან, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და რწმენისკენ სხვადასხვა გზით წავლენ. ასწევენ მოსაგრეობის უღელს. ისინი, ვინც იყვნენ ცოდვილები, ლოთები, აღავსებენ ტაძრებს. სულიერი ცხოვრების დიდ წყურვილს იგრძნობენ, ბევრი მათგანი მონასტერში წავა. ის, ვინც დღეს სცოდავს, მწარედ შეინანებს. როგორც სანთელი, ვიდრე ჩაქრება, მკვეთრად აენთება და გარემოს ბოლო ნათელს მიაფენს, ასე იქნება ეკლესიის ცხოვრება. ეს დრო ახლოსაა“.

დადგა 1949 წელი. მამა სერაფიმე მძიმედ გახდა ავად, მთელი სამწყსო მისი განკურნებისთვის ლოცულობდა. მამა სერაფიმე მათ ამშვიდებდა: „ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი არ მომისმენს? ხელნი რომ აღვაპყრო მის მიმართ, უფალი მაშინვე განმკურნავს. მაგრამ არა როგორც მე მსურს - იყოს, მამაო, ნება შენი და არა ჩემი, ამიერიდან და უკუნისამდე. დაე ყველა ავადმყოფობა მეწვიოს, დაე იყოს ნება შენი!“ მამა სერაფიმე ძალზე დაუძლურდა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა. თორმეტი დღე და ღამე გამუდმებით ეძინა. როცა გაიღვიძა, თავის მორჩილს უთხრა: - მრავალი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ ჩვენს სამშობლოზე და რწმენაზე უკეთესი ვერ ვნახე. უთხარი ყველას, რომ არავინ უღალატოს მართლმადიდებლობასო. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიხილა. მამა ალექსი ყოველ ღამე აზიარებდა მოძღვარს, მაგრამ ერთ დღეს ჩაეძინა და მისვლა დააგვიანდა. მოძღვარმა უთხრა: - ნუ შეწუხდები, შვილო, მე უკვე ანგელოზებმა მაზიარესო.

წმინდა სერაფიმე ვირიცელი გარდაიცვალა 1949 წლის 3 აპრილს და დაკრძალეს ვირიცაში, მეუღლის სქემმონაზონ სერაფიმასა და სულიერი შვილთა გვერდით. წმინდა სერაფიმემ დაიბარა: - ვისაც ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავთან, როგორც ცოცხალს, მითხარით სათხოვარი და დაგეხმარებითო. და ასეც არის - წმინდა მამა სერაფიმე შეეწევა და იფარავს მთელ მართლმადიდებელ საქრისტიანოს.

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის