USD 2.7297
EUR 3.0480
RUB 2.9399
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 29 სექტემბერს?
 32

29 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული (+304)

16 (29) სექტემბერი

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო. ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.

ქალკედონის მმართველმა, პისკოსმა ბრძანება გასცა, მთელი ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი არესის კერპის თაყვანსაცემად გამოცხადებულიყვნენ, ურჩებს ტანჯვითა და სიკვდილით დაემუქრა. კერპთაყვანისცემას განრიდებული ორმოცდაცხრა ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. „ჴორცთა სიკეთითა და სათნოებათა შუენიერებითა, ჰასაკისა ყუავილითა და ტომთა საჩინოებითა შორის მათსა ბრწყინვალეთა ვარსკულავთაებრ ბრწყინვიდა“ ქალწული ეფემია. მალე მართლმორწმუნეთა ადგილსამყოფელი გაცხადდა. ისინი შეიპყრეს და პრისკოსს მიჰგვარეს. ქალაქის თავი ჯერ პირფერობით ეცადა აღმსარებელთა გადაბირებას, შემდეგ, ცხრამეტი დღის მანძილზე, საშინელი სატანჯველებით აწამა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, უღონოქმნილმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) სამსჯავროზე გაგზავნა მარტვილები, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ეფემია კი თავისთან დატოვა: იმედოვნებდა, რომ, მარტო დარჩენილს, ადვილად დაიმორჩილებდა.

კრებულს მოწყვეტილი ქალწული მხურვალედ ევედრებოდა უფალს წინამდებარე ღვაწლში განმტკიცებას.

ჯალათებმა მახვილებჩამაგრებულ ბორბალზე დააკრეს ქრისტეს ტარიგი. მისი ტრიალის დროს მოწამის სხეული იკვეთებოდა და ხორცის ნაგლეჯები ცვიოდა ირგვლივ. ნეტარი ხმამაღლა ლოცულობდა. და აი, უეცრად ბორბალი თავისით გაჩერდა და უღმრთოებმა ვერაფრით მოახერხეს მისი ამოძრავება. ზეცით გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ეფემია და წყლულებათაგან განკურნა. გახარებულმა წმიდანმა მადლი შესწირა უფალს.

მმართველს მომხდარი სასწაული არ ეყო გონს მოსაყვანად და მხედრებს, ვიქტორსა და სოსთენს მარტვილის გახურებულ ღუმელში ჩაგდება უბრძანა; მაგრამ მათ „სასტიკებითა და კსინვით“ მხედველი ანგელოზები იხილეს, უარი განაცხადეს განკარგულების შესრულებაზე და ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ეფემიას ღმერთი. აღმსარებლები მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. სიკვდილის პირისპირ მდგომი ვიქტორი და სოსთენი მხურვალედ ევედრებოდნენ მრავალმოწყალე უფალს ცათა სასუფევლის მომადლებას. გულწრფელი ლოცვა შესმენილ იქნა და მონანულთა სულები მშვიდობით შეერთვნენ მარადისობას (+დაახლ. 304). მხეცები მათ სხეულებს არც გაკარებიან.

 

წმიდა ეფემია სხვა მეომრებმა ქურაში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, გაეყვანა ამსოფლიდან. ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს მასზე, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და „კაცობრივ კუალთა მისთა ამბორს-უყოფდეს“. მხოლოდ ერთმა დათვმა უკბინა მას ფეხზე, მცირე წყლული დააჩნია და ეფემიამ სული განუტევა. ზეგარდმო გაისმა: „აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი“. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმიდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.

შემდგომში დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი ააგეს. ამ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო კრების სხდომები, რომლის დროსაც უფლის წმიდა სათნომყოფელმა საკვირველად დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება და ბოლო მოუღო მონოფიზიტთა მძვინვარებას (ამ სასწაულის შესახებ დაწვრილებით 11 ივლისის საკითხავშია მოთხრობილი).

სპარსელების მიერ ქალკედონის აღების შემდეგ, 620 წელს წმიდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის ბატონობის დროს ლუსკუმა ამ სიწმიდითურთ ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა მეზღვაურებმა იგი ნავზე ამოაბრძანეს. მოგვიანებით წმიდა ნაწილები კუნძულ ლემნოსზე მოხვდა, 796 წელს კი კვლავ კონსტანტინოპოლს დაუბრუნდა.

წმიდა მოწამე სებასტიანა (+81-96)

16 (29) სექტემბერი

წმიდა მოწამე სებასტიანა პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იმპერატორ დომიციანეს (81-96) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას იგი მმართველ გიორგის სამსჯავროზე წარადგინეს მიზიის ოლქის ქალაქ მარკიანოპოლში. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდანი დაუნდობლად გვემეს და კოცონზე შეაგდეს, მაგრამ მისი ლოცვით ცეცხლი ჩაქრა. შემდეგ სებასტიანა ქალაქ ჰერაკლიაში გაგზავნეს, ხელმეორედ გაასამართლეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, უფალმა კი კვლავ დაიცვა თავისი რჩეული - მას ნადირები არც გაჰკარებიან. ბოლოს, მმართველის ბრძანებით, სებასტიანას თავი მოჰკვეთეს.

წმიდანის ზღვაში ჩაგდებული სხეული ანგელოზებმა კუნძულ როდოსზე გადააბრძანეს (თრაკიაში, მარმარილოს ზღვაში).

წმიდა მოწამე მელიტინა (+138-161)

16 (29) სექტემბერი

წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო და დაუცხრომელი მოშურნეობისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ლოცვის ძალით ნეტარმა შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის - ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა. მაკედონიელმა აკაკიმ, რომელიც სამშობლოში მიემგზავრებოდა, კრძალვით წაასვენა მარტვილის ცხედარი - სურდა, მაკედონიაში დაეკრძალა იგი, მაგრამ გზაში დასნეულდა და გარდაიცვალა. ხომალდი კუნძულ ლემნოსთან გაჩერდა. წმიდა მელიტინა აქ მიაბარეს მიწას. მის გვერდით დაფლეს აკაკიც.

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)

16 (29) სექტემბერი

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოსაგრეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. სიჭაბუკეში ღირსი მამის მოწაფე იყო ცნობილი „ლავსაიკონის“ ავტორი, ჰელენოპოლელი ეპისკოპოსი პალადიუსი, რომელმაც შემოგვინახა მოგონებები წმიდანის შესახებ. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ღირსი დოროთეს საზრდელი იყო პური და უდაბნოს მწირი მცენარეულობა. იგი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა. დასაძინებლად წმიდანი არასოდეს წვებოდა: ზოგჯერ თუ ჩათვლემდა საზრდელის მიღების ან მუშაობის დროს. ერთხელ ღირსმა მამამ მოწაფე წყლის მოსატანად გაგზავნა, ეს უკანასკნელი კი ცარიელი ჭურჭლით დაბრუნდა და თქვა, ჭაში გველი ვნახე - წყალი მოწამლულიაო. მაშინ დოროთე თვითონ წავიდა ჯურღმულთან, ჯვარი გადასახა, დალია და თქვა: „სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია“. ნეტარი მეუდაბნოე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (IV).

წმიდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის მთავარი (+927)

16 (29) სექტემბერი

ჩეხეთის მთავარი, წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო. მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ (ხს. 6 აპრილს და 11 მაისს). გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ჭეშმარიტების ნათლით ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი ადრე, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე - ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. წმიდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირას შესძულდა დედამთილი და ცდილობდა, დაეღუპა იგი. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იმყოფებოდა, უღმრთო სძალმა ორი ბოიარი გაგზავნა მის მოსაკლავად. როცა წმიდანი ლოცვად იდგა, მკვლელები სასახლეში შეიპარნენ და ნეტარი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს (+927). წმიდა მოწამის, ლუდმილას საფლავთან მრავალი კურნება აღესრულებოდა. მოგვიანებით მთავარმა ვიაჩესლავმა დიდედის ნეშტი პრაღაში გადაასვენა და წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დააბრძანა.

ღირსი პროკოპი (+1053)

16 (29) სექტემბერი

ღირსი პროკოპი ბოჰემიაში, სოფელ ხოტუნში დაიბადა. მღვდელმთავრის ხარისხში მყოფმა წმიდანმა ბევრი იღვაწა ჩეხეთში ქრისტიანობის გასავრცელებლად. მდინარე საზავზე ნეტარმა წმიდა იოანე წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1053 წელს.

область
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати