USD 2.8021
EUR 2.9142
RUB 2.8162
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 29 ნოემბერს?!
 154

28 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (+60) მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე (I)

16 (29) ნოემბერი

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს.

და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო; ისინი ინახით უსხდნენ ტრაპეზს ჩვენს უფალთან და მაცხოვართან ერთად, ესაუბრებოდნენ და უსმენდნენ მას. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რაკი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავნენ და ასე ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს:

- „რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!“ (მათე 9, 11).

უფალმა კი, მოისმინა რა მათი სიტყვები, ასე უთხრა:

- „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (იქვე, 12-13).

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე. მალე იგი ღირს-იქმნა უფლის 12 უგამორჩეულეს მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულმოქმედებებს, თვითონაც ვიდოდა ქადაგებით ისრაელიანთა წყმედულ ცხოვრებთან, და ბოლოს იგიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმიდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღმრთო წიგნი (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან) და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სჯულზე და მასზედ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალობიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაჰამის შთამომავლისა, და საერთოდაც, მასში, უპირატესად, საუბარია ქრისტეს ხორციელ-ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმიდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზისმაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ხარებით მოვვლო მან მაკედონია (საბერძნეთის ჩრდილოეთით), სირია, სპარსეთი, პართია (კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქვეყანა აზიაში), მიდია (სპარსეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყანა) და მთელი ეთიოპიაც, რომლის სახარებით განათლება მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამ ქვეყანაში მან მრავალნი განანათლა სახარების გონიერი სინათლით, და ბოლოს ერთს, კაციჭამიაობით ცნობილი, შავკანიანი ხალხის ქვეყანაშიც მივიდა, სადაც ადამიანები თავიანთი ზნითა და ქცევით გარეულ მხეცებს ჰგავდნენ. აქ წმიდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე, მცირე ეკლესიაც დაუფუძნა მათ და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუდგინა, თვითონ კი მახლობლად მდებარე მთაზე ავიდა, მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, აქ უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო, თან კი დასძინა:

- კვერთხი ესე ჩემი საღმრთო ძალით დიდ ხედ გაიზრდება, უხვად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, სიდიდითა და სიტკბოთი ბევრად აღმატებულთ სხვა ხეთა ნაყოფებზე; მის ძირას აღმოცენაბულ წყაროს წყალში განბანილი ეს კაციჭამიები პირისახის სიმშვენიერეს შეიძენენ, და ყველა, ვინც კი იგემებს ხის ნაყოფს, დაივიწყებს მხეცის ზნეს და კეთილ, უწყინარ ადამიანად გადაიქცევა!

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი:

- ვინ გამოგგზავნა აქ მაგ კვერთხით?! რატომ გინდა წარგვწყმიდო ჩვენ?!

წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან. ეპისკოპოსმა პლატონმა შეიტყო მათეს ჩამოსვლა და სამღვდელოთა თანა მიეგება. წმიდა მათე მივიდა ეკლესიასთან და ყოველივე ისე ქმნა, როგორც უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები: კარებთან აღმართა ქრისტესაგან მიღებული კვერთხი, რომელიც უმალვე იქ მყოფთ თვალწინ, დიდ ხედ გადაიქცა, ფართოდ ტოტებგაშლილად, შესანიშნავი, დიდი და ტკბილი ნაყოფებით დახუნძლულად, ხოლო მისი ძირიდან წყაროს წყალი გამოედინა. ამის ხილვაზე ყველანი გაოგნებულნი და დიდად განკვირვებულნი იყვნენ. სასწაულებრივი ხის სანახავად მთელი ქალაქი შეიყარა - ყველანი ჭამდნენ მის ნაყოფთ და სვამდნენ ანკარა წყალს. წმიდა მოციქული მათე კი ამ დროს შემაღლებულ ადგილას იდგა და მათებურ ენაზე უქადაგებდა ღვთის სიტყვას მოქალაქეებს. იმ დღეს ყველამ ირწმუნა იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, და წმიდა მოციქულმა ისინი იქვე მონათლა, სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროს წყალში. და მართლაც, უფლის სიტყვისამებრ, ყველა კაციჭამია ადამიანი ნათლობის წყალთაგან პირისახე გამშვენიერებული გამოდიოდა; მათ შავი კანიც კი თეთრად შეეცავალათ. სხეულებრივ სისპეტაკესთან და სიმშვენიერესთან ერთად, ისინი სულიერ სიმშვენიერესაც იძენდნენ, რამეთუ განიძარცვავდნენ მას კაცსა და შეიმოსავდნენ ახალს - უფალ იესო ქრისტეს.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაგრამ იმავე ღამეს წმიდა მათეს მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: გამხნევდი - მომავალ განსაცდელში მე შენს გვერდით ვიქნები და შეგეწევიო. მეორე დილით, როცა წმიდა მოციქული მორწმუნეებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა და ქება-დიდებას უგალობდა ღმერთს, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. როცა შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს მოადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა, და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. ფუბლიანემ ჰკითხა, რატომ არ შეიპყარით და აქ არ მომგვარეთ მათეო. მათ კი მიუგეს:

- ჩვენ გვესმოდა მისი საუბარი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდით. ამიტომაც ვერ შევიპყარით და ვერ მოვიყვანეთ!

მაშინ ფუბლიანე კიდევ უფრო განრისხდა და ბევრი შეიარაღებული მეომარი გაგზავნა ეკლესიაში, - ძალით მომიყვანეთ აქ, ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგათ და დაიცვა მათე, ადგილზევე მოჰკალითო. მაგრამ ეს მეომრებიც გაწბილებულნი დაბრუნდნენ, რადგან როცა ტაძარს მიუახლოვდნენ, ანაზდად, ზეციურმა ნათელმა განაბრწყინა წმიდა მოციქული, ისე, რომ მეომრები ვერაფერს ხედავდნენ; შეძრწუნებულებმა იქვე დაყარეს საჭურველი და შიშისაგან ნახევრად მკვდარნი მიიქცნენ უკან თავიანთ მთავართან, რათა ყოველივე ეუწყებინათ. ფუბლიანე საშინლად განრისხდა, მთელი თავისი ხელქვეითობა შეჰყარა და განძვინებული გამოემართა ეკლესიისაკენ, რათა თვითონვე შეეპყრო მოციქული. მაგრამ ტაძართან მისული, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა მათეს, ანაზდად იქვე დაბრმავდა, შეძრწუნებული აქეთ-იქით აწყდებოდა და ითხოვდა, დამეხმარეთ, მეგზური მომეცითო და როცა ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, ვედრება დაუწყო მოციქულს, შემინდე შეცოდება და დამიბრუნე დაკარგული თვალისჩინიო. მაშინ წმიდა მათემ ყველას დასანახად ჯვარის ნიში გადასახა მთავრის თვალებს და უმალვე აუხილა. მაგრამ მთავარმა მხოლოდ სხეულებრივი თვალნი აღიხილნა, რამეთუ დიდ გაბოროტებას სრულიად დაებრმავებინა იგი: ესოდენ დიდი სასწაული საღმრთო ძალას კი არ მიაწერა, არამედ - ჯადოქრობას. მან ხელი მოჰკიდა მოციქულს და თავისი სახლისაკენ წაიყვანა ვითომცდა პატივსაცემად, გულში კი მზაკვრულად განიზრახავდა უფლის მოციქულის ცოცხლად დაწვას, როგორც ბოროტი მოგვისას. წმიდა მათე მიხვდა ბოროტი მთავრის ფარულ ზრახვას და მზაკვრობაში ამხილა ფუბლიანე.

- ჰოი, მაცთურო მტარვალო! - აუბნებოდა იგი მთავარს, - მალე თუ აღასრულებ ჩემზე იმას, რაც განგიზრახავს? გააკეთე ის, რაც სატანას ჩაუგონებია შენთვის! მე კი, როგორც ხედავ მზად ვარ სიკვდილი დავითმინო ჩემი ღმერთისთვის!

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ როცა კოცონი დიდზე აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო, ანაზდად ცეცხლი მინავლდა, ჩაქრა და წმიდა მოციქულიც ცოცხალი გამოჩნდა, უვნებელი და შემოქმედი ღმერთის განმადიდებელი. მაგრამ ფუბლიანე კიდევ უფრო განძვინდა ამის ხილვაზე. მას არ სურდა ღმერთის ძალა ეღიარებინა მომხდარში, რამაც ცოცხალი შეინარჩუნა ქრისტეს წმიდა მქადაგებელი და სრულიად უვნებელი გადაარჩინა ფიცხელ ცეცხლს. ფუბლიანე უსამართლო ბრალდებებს უყენებდა წმიდა მათეს და ბოროტ, გრძნეულ მოგვად ხმობდა.

- თავისი ბოროტი გრძნეულებით ჩააქრო მათემ ცეცხლი! - ეუბნებოდა იგი ხალხს. - და თავისი მოგვობით დარჩა ცოცხალი!

მერე უბრძანა მსახურთ კიდევ უფრო მეტი შეშა, ტოტები და ფიჩხი მოეტანათ, მათეზე დაეყარათ და ცეცხლი წაეკიდებინათ, ზემოდან კი ფისი გადაესხათ. გარდა ამისა, თავისი თორმეტი ოქროს კერპიც მოატანინა და კოცონის გარშემო დაადგმევინა, რათა ამით მათეს „მოგვობა“ განექარვებინა; თვითონაც იქვე დადგა აღგზნებულ კოცონთან და შეწევნისათვის მოუწოდებდა თავის „ღმერთებს“ - დაე, ნუ გადაურჩება მათე ცეცხლის დამწველ ძალას და, დაე, ფერფლად იქცესო! წმიდა მოციქული კი ცეცხლის ალშიც ილოცვიდა ძალთა და ხელმწიფებათა უფლის წინაშე, რათა მას თავისი უძლეველი ყოვლისშემძლეობა ეჩვენებინა იქ შეკრებილი ხალხისათვის, განეცხადებინა წარმართული კერპების სრული უღონობა და განეწბილებინა მათი მსასოებელი უგუნური ადამიანები.

და აი, ანაზდად ცეცხლის ალი საშინელი გრიალით ეკვეთა ოქროს კერპებს და ისინი მყისვე ცვილივით დადნენ ცეცხლის სიმხურვალისაგან, ამასთან, ცეცხლმა ბევრი იქ მდგომი წარმართიც დაწვა; ხოლო დამდნარი კერპებისაგან გველის სახემიღებული ალი გამოიჭრა და ფუბლიანესაკენ გაქანდა; გაოგნებულ მთავარს არ შეეძლო გაქცეულიყო და ამით აეცილებინა თავიდან საშიშროება. იგი უღონოდ დაემხო ძირს, და მორჩილი ვედრებით მიმართა წმიდა მოციქულს - მიხსენი დაღუპვისაგანო. მართლაც, როგორც კი წმიდა მათემ შერისხა ცეცხლი, იგი უმალვე დასცხრა და გველისსახემიცემული ალიც გაქრა. მაშინ ფუბლიანემ ისურვა ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე. მაგრამ წმიდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

მაშინ მთავარმა ფუბლიანემ ბრძანა ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინათ წმიდა მოციქულის პატიოსანი სხეული, სრულიად უვნებლად გადარჩენილი ცეცხლს; შემდეგ ძვირფასი შესამოსელით შეამოსინა იგი, თავის დიდებულებთან ერთად მაღლა ასწია და სასახლეში შეასვენა. თუმცა მას ჯერ კიდევ არ შეეძინა სრულყოფილი რწმენა, და ამიტომ უბრძანა რკინის კიდობანი გამოეჭედათ, ყველა მხრიდან კალის სხმულით დაეფარათ და ზღვაში გადაეგდოთ. ამასთან, ასე უთხრა დიდებულებს:

- თუკი ის, ვინც ცეცხლისაგან უვნებლად გადაარჩინა მათე, წყალში ჩაძირვისგანაც დაიფარავს მას, მაშინ ვირწმუნოთ, რომ სწორედ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, მას ვცეთ თაყვანი და ზურგი ვაქციოთ ჩვენს ყველა „ღმერთს“, რომელთაც არ ძალედვათ საკუთარი თავი გადაერჩინათ ცეცხლში დაღუპვისაგან!

მას შემდეგ, რაც რკინის კიდობანი მოციქულის პატიოსანი ნაწილებით ზღვაში გადააგდეს, წმიდა მათე ღამით გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა:

- ხვალ მოდი ზღვის სანაპიროზე, მთავრის სასახლის აღმოსავლეთით და იქ ჩემ ნაწილებს ნახავ, ხმელეთზე გამორიყულთ!

დილით ეპისკოპოსი მორწმუნეთა დიდ სიმრავლესთან ერთად ხსენებულ ადგილას მივიდა და მართლაც ჰპოვა იქ რკინის კიდობანი წმიდა მოციქულის პატიოსანი ნაწილებითურთ, როგორც ეს ჩვენებაში ეუწყა.

ეს ამბავი მთავარმა ფუბლიანემაც შეიტყო და თავის დიდებულებთან ერთად ზღვის სანაპიროზე მივიდა. ამჯერად მან უკვე საბოლოოდ და სავსებით ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც უვნებლად დაიცვა თავისი მონა მათე სიცოცხლეშიც - ცეცხლში დაწვისაგან, და სიკვდილის შემდეგაც - ზღვათა სიღრმეში გაუჩინარებისაგან. იგი თვალცრემლიანი ემთხვეოდა კიდობანს, რომელშიც წმიდა ნაწილები ესვენა, და შენდობას ევედრებოდა უწინდელ შეცოდებათათვისაც და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა და ტანჯვა მიაყენა თვით მასაც, ამასთან, გულმხურვალე სურვილიც გამოთქვა წმიდა ნათელის მიღებისა. ეპისკოპოსმა პლატონმა, რა დაინახა ფუბლიანეს რწმენა და გულმოდგინება, ნათლობისათვის განამზადა იგი, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა და შემდეგ მონათლა კიდეც. და როცა ხელიც დაასხა მონათლულს, რათა ახალი სახელი დაერქმია, ანაზდად ზეგარდამო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა:

- ფუბლიანე კი არა, მათე უწოდე მაგას!

მართლაც, შეიძინა რა წმიდა ნათლობით უფლის ამ მოციქულის სახელი, ქალაქის მთავარი ყოველთვის ცდილობდა მისი ცხოვრებისათვის მიებაძა: მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. ამის გამო იგი ღირს-იქმნა ეპისკოპოს პლატონისაგან ხუცესად კურთხევისა. ხოლო სამი წლის შემდეგ, როცა მღვდელმთავარი პლატონი გარდაიცვალა, ყოფილ მთავარსა და აწ უკვე ქრისტეს ეკლესიის ხუცესს ხილვაში წმიდა მათე მოციქული გამოეცხადა და შეაგონებდა, სწორედ შენ უნდა მიიღო ნეტარი პლატონის შემდეგ საეპისკოპოსო ტახტიო.

მართლაც, მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს და აწ, წმიდა მოციქულთან და მახარებელთან - მათესთან ერთად წინამდგომლობს ღმერთის საყდრის წინაშე და ჩვენთვის ევედრება უფალს, რათა ყოველნი გავხდეთ მისი საუკუნო სასუფევლის მემკვიდრეები და მარადის მას განვადიდებდეთ თანა მამით და სულიწმიდითურთ. ამინ.

 

Unknown Known
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way