USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 29 აპრილს?
Date:  407

29 აპრილს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

16 (29) აპრილი

წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია (+304) დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ. ასეთი გამოცხადება ჰქონდა აკვილაში დიდმოწამე ანასტასიას (+304, ხს. 22 დეკემბერს), მან მოინახულა დები და განამტკიცა რწმენაში. მალე წინასწარმეტყველება ახდა: მღვდელი ზენონი გარდაიცვალა, დები კი შეიპყრეს და იმპერატორ დიოკლეტიანეს მიჰგვარეს.

დების სილამაზით მოხიბლულმა დიოკლეტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა. წმიდა დებმა უპასუხეს, რომ ერთადერთი ზეციური საქმრო ჰყავთ - ქრისტე, რომლისთვისაც მზად არიან ეწამონ და არაფერზე გასცვლიან მას.

დიოკლეტიანე მაკედონიაში წავიდა და წმიდა დები თან წაიყვანა. აქ ისინი სამსჯავროზე გადასცეს ქალაქის მმართველ დულკიციუსს.

წმიდა მოწამეთა სილამაზით აღფრთოვანებული დულკიციუსი უკეთური ვნებით აღივსო. ის დებს თავისუფლების მინიჭებას დაჰპირდა იმ პირობით, თუ მის ველურ ვნებას დაემორჩილებოდნენ. დებმა უპასუხეს, რომ ისინი მზად არიან მოკვდნენ იესო ქრისტესთვის. დულკიციუსმა გადაწყვიტა, სურვილი ძალადობით აღესრულებინა. როცა დები ლოცვად დადგნენ, დულკიციუსი მიიპარა საპყრობილის კართან, მაგრამ უხილავმა ძალამ გონება აურია, გარეთ გაიჭრა და დიდხანს დარბოდა უაზროდ. დულკიციუსმა იფიქრა, დებმა მომაჯადოვესო და გადაწყვიტა, მათთვის სამაგიერო გადაეხადა.

სამსჯავროზე მმართველმა ბრძანა, წმიდა მოწამეები გაეშიშვლებინათ, მაგრამ ტანსაცმელი თითქოს სხეულზე მიეზარდათ, ჯალათებმა ვერაფრით მოაშორეს. დულკიციუსმა კი გონება დაკარგა და აზრზე მხოლოდ სახლში მოვიდა.

ყოველივე ეს შეიტყო დიოკლეტიანემ. ის გაბრაზდა დულკიციუსზე და წმიდა დები განსასჯელად გადასცა სისინს. მან დაკითხვა უმცროსი ირინედან დაიწყო. მაგრამ ვერაფერს გახდა და წმიდა მოწამე ციხეში ჩააგდო. შემდეგ წმიდა ქიონიას და აღათიას გადადრეკას შეეცადა. როცა აქაც ხელი მოეცარა, გამძვინვარებულმა წმიდანების დაწვა ბრძანა. დებმა მოწამეობრივი აღსასრულის მონიჭებისთვის უფალს მადლობა შესწირეს და ლოცვით ავიდნენ კოცონზე.

როცა ცეცხლი ჩაქრა, გამოჩნდა წმიდანთა სრულიად უვნებელი გვამები: ტანსაცმელიც კი არ დამწვარა. მოწამეებს მშვიდი და ბრწყინვალე სახეები ჰქონდათ. მეორე დღეს სისინმა წმიდა ირინეს მოყვანა ბრძანა. ის წმიდანს დების ბედის გაზიარებით აშინებდა, შემდეგ კი დაემუქრა - თუ ქრისტეს არ უარყოფ, საროსკიპოში ჩაგაგდებო. წმიდა მოწამემ უპასუხა: „დაე, ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი შეიქმნეს, სული ჩემი არ შეიბილწება ქრისტეს უარყოფით“.

როცა სისინის ჯარისკაცებს წმიდა ირინე საროსკიპოში მიჰყავდათ, მათ ორი ბრწყინვალე მხედარი წამოეწია და უთხრა: „სისინმა გიბრძანათ, მაღალ მთაზე აიყვანოთ ქალწული და იქ დატოვოთ, თქვენ კი მასთან დაბრუნდეთ და აუწყოთ ბრძანების შესრულება“. ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს, მაგრამ როცა ამის შესახებ სისინს აუწყეს, ის სასტიკად განრისხდა, რადგან არავითარი განკარგულება არ ჰქონდა გაცემული. ბრწყინვალე მხედრები იყვნენ უფლის ანგელოზები, რომლებმაც წმიდა ქალწული შეურაცხყოფას გადაარჩინეს. მმართველი ჯარისკაცების რაზმით წავიდა მთისკენ და ნახა მის მწვერვალზე მდგარი ქალწული. მათ დიდხანს ეძებეს მთის წვერისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ისარი ესროლა ქალწულმოწამეს. წმიდა ირინემ სისინს დაუძახა: „სასაცილოა შენი უძლური ბოროტება, მე კი უმწიკვლო მივიცვლები უფლისა ჩემისა იესო ქრისტეს მიმართ“, და მშვიდობით მიაბარა სული უფალს (+304).

მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)

16 (29) აპრილი

წმიდა მოწამე ლეონიდე და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი - აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. ისინი ქრისტეს აღიარებისთვის წყალში ჩაჰყარეს დასახრჩობად, მაგრამ უფალმა სასწაულებრივად დაიცვა და განადიდა მათი სარწმუნოება: მოწამეები წყალზე სვლითა და გალობით მხნედ აკურთხებდნენ და აქებდნენ ღვთის ყოვლისშემძლეობას. ეშმაკებისაგან გონებადაბნეული ჯალათები ნავებით დაეწივნენ წმიდანებს, ყელზე ქვები გამოაბეს და ისე დაახრჩვეს.

წმიდა მოწამე ირინე (+205-304)

16 (29) აპრილი

წმიდა მოწამე ირინე სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრობდა მკაცრი ასკეტური ღვაწლით. წარმართთა დასმენით იგი შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, ქრისტეს უშიშრად აღიარებისთვის სასტიკად აწამეს: ამოგლიჯეს ენა, ჩაულეწეს კბილები, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 205-304 წლებში.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way