USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 28 ოქტომბერს?
 123

28 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (+889)

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (ერისკაცობაში - ნიკიტა) გალატიაში (მცირე აზია) დაიბადა. კეთილმსახური მშობლები - ეპიფანე და ანა მას მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ. შვიდი წლის იყო ნიკიტა, როცა მამით დაობლდა. ამის შემდეგ იგი ყოველგვარ საქმეში ერთგულად ედგა მხარში დაქვრივებულ დედას.

სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ წმინდანი დაქორწინდა. როცა ნეტარს ასული შეეძინა, ჩათვალა, რომ ეს საკმაო ნუგეში იყო ოჯახისთვის, ფარულად დატოვა მშობლიური კერა და მონასტერს მიაშურა სამოღვაწეოდ. თავდაპირველად ექვთიმე ოლიმპოს მთაზე დამკვიდრდა და აქ თხუთმეტი წელი დაჰყო ლოცვისა და მარხვის ღვთივსათნო ღვაწლში, შემდეგ ათონის მთაზე გადაინაცვლა, გამოქვაბულში დაეყუდა და სამი წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. შემდგომ უფლის რჩეული თესალონიკში ჩავიდა და დიდხანს მოღვაწეობდა სვეტზე ქალაქის აღმოსავლეთით, პერისტერის მთის მწვერვალზე. უფლის მინიშნებით მან დააარსა ორი - მამათა და დედათა სავანე, რომელთაც, დიაკვნის ხარისხში მყოფი, თოთხმეტი წელი განაგებდა. დედათა მონასტერში მონაზვნებად შედგნენ ნეტარი მამის დედა და მეუღლე. აღსასრულის წინ წმიდანი ათონის მახლობლად მდებარე მცირე კუნძულზე გადასახლდა, სადაც 889 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი თესალონიკში გადააბრძანეს. ღირს ექვთიმეს ახალს უწოდებენ ღირსი ექვთიმე დიდისგან (ხს. 20 იანვარს) განსასხვავებლად.

ღირსმოწამე ლუკიანე - ანტიოქიელი ხუცესი (+312)

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილსა და მოსაგრე ცხოვრებას. კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს. ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა. წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი). როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, ღვთის განცხადების დღესასწაულზე, ჯაჭვებით სარეცელზე დაკრულმა მღვდელმოწამემ საკუთარ მკერდზე აღასრულა საღვთო ლიტურგია, ეზიარა და იქ მყოფი მართლმორწმუნეებიც აზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. უფლის რჩეულის ცხედარი ზღვაში მოისროლეს, მაგრამ ოცდაათი დღის შემდეგ დელფინებმა იგი ნაპირზე გამოიტანეს. მორწმუნეებმა წმიდა ნეშტი პატივით მიაბარეს მიწას. თავდაპირველად ნეტარი ლუკიანე თავისი მიცვალების დღეს, 7 იანვარს იხსენიებოდა, მაგრამ შემდგომ, იოანე ნათლისმცემლის კრებასთან დაკავშირებით, მისი ხსენება 15 ოქტომბერს იქნა გადატანილი.

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (II)

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (თიბეა) ღვიძლი დები იყვნენ, ისინი II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.

წმიდანებს ეკლესია 5 სექტემბერსაც იხსენიებს (იხილეთ ამ დღის საკითხავი).

წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 760)

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო, დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.

бизнес
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати