USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 28 ნოემბერს?
Date:  642

28 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (+299-306) და აბიბო (+322)

15 (28) ნოემბერი

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო. წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმინდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა: დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, უფლის რჩეულები შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანებმა უღმერთოებს მტკიცე უარით უპასუხეს, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატყდათ თავს, მაგრამ გური და სამონი ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შემწეობას. ნეტართა წამების ერთ-ერთმა მოწმემ მათი ლოცვის სიტყვებიც შემოგვინახა: „უფალო ღმერთო ჩვენო, რომლის ნების გარეშე ბადეში ერთი ჩიტიც კი არ ხვდება, შენ, რომელმან ჭირთა შინა განავრცე გული დავითისი, წინასწარმეტყველი დანიელი ლომთა უმტკიცესად გამოაჩინე, ებრაელი ყრმები ჯალათთაგან და სახმილსა შინა უვნებლად დაიცევ, შენ აწცა, უფალო, უწყი უძლურება ბუნებისა ჩვენისა. მოწყალე თვალით მოგვხედენ და დაიცევ შორის ჩვენსა ჩაუქრობელი ლამპარი მცნებათა შენთა. ნათლითა შენითა წარმართე სლვანი ჩვენნი და ღირს გვყავ ნეტარებათა შენთა მიმთხვევად, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე“. ღამით მოწამეები ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავები მოჰკვეთეს (+299-306). ქრისტიანებმა მათი წმიდა ნეშტი პატივით დაკრძალეს.

წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მტარვალმა ბრძანა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისთვის ედესის ეკლესიის დიაკონი აბიბოც შეეპყროთ. უფლის რჩეულმა არ ისურვა, რომ მის ძიებას სხვა ქრისტიანებიც ემსხვერპლა, ამიტომ თავად გამოცხადდა ჯალათებთან სამსჯავროზე. უღმერთოებმა მას დაწვა მიუსაჯეს. ქრისტეს ახოვანი მოსაგრე თავად შევიდა კოცონში და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+322). როცა ცეცხლი ჩაქრა, მარტვილის დედამ და ნათესავებმა მისი სრულიად უვნებელი ნეშტი იხილეს, ადიდეს უფალი და წმიდა ცხედარი პატივით დაფლეს წმიდა გურისა და სამონის ნაწილთა გვერდით.

წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ მათდამი სასოებით აღვლენილი ლოცვებით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ასე მაგალითად, ერთხელ ედესაში გამწესებულმა გუთმა მეომარმა კეთილმსახური ქალწული ეფემია შეირთო ცოლად. ჯვრისწერის წინ მან ასულის დედას, სოფიას წმიდა მოწამეთა: გურის, სამონისა და აბიბოს საფლავთან შეჰფიცა, რომ მეუღლეს სიყვარულსა და პატივს არ მოაკლებდა. ედესაში მსახურების დამთავრების შემდეგ მხედარმა თან წაიყვანა ეფემია და სამშობლოში დაბრუნდა. მალე გაირკვა, რომ მას ქალწული მოეტყუებინა - სამშობლოში სხვა ცოლი ჰყოლია, ეფემია კი მისი მხევალი გახდა. მრავალი დაცინვისა და დამცირების დათმენა მოუხდა მოტყუებულ ქალს. როცა მას შვილი შეეძინა, ეჭვიანობით გონდაკარგულმა გუთმა დედაკაცმა საწამლავი დაალევინა. ეფემიამ მხურვალე ლოცვით შემწეობა გამოსთხოვა გურის, სამონსა და აბიბოს - მაცთური მხედრის ფიცის მოწმეებს. ლოცვის შემდეგ ეფემია არა მხოლოდ მოწამვლით სიკვდილს გადაურჩა, არამედ შვილთან ერთად სასწაულებრივად აღმოჩნდა მის მშობლიურ ქალაქ ედესაში. რამდენიმე ხანში ფიცის გამტეხი გუთი ისევ მოხვდა ეფემიას ქალაქში. სოფიამ საჯაროდ ამხილა უსჯულოს ბოროტმოქმედება, რისთვისაც, მმართველის ბრძანებით, იგი სიკვდილით დასაჯეს.

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი (361-363)

15 (28) ნოემბერი

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამნენ. წმიდა ელპიდის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი მარკელესთან და ევსტოქისთან ერთად შეიპყრეს და მეფის სამსჯავროზე წარადგინეს. მოწამეებმა მრავალი სატანჯველი დაითმინეს, რის შემდეგაც უღმერთოებმა ცეცხლში დაწვეს. იმ ადგილას, სადაც ქრისტიანებმა წმიდათა პატიოსანი ნაწილები დაკრძალეს, ქრისტეს სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა ანგელოზთა დასთან ერთად და უფალმა ელპიდი მკვდრეთით აღადგინა. იმპერატორმა ბრძანა, კვლავ შეეპყროთ წმიდა მოწამე. უფლის რჩეულის წამების დროს მისი ლოცვით მახლობლად მდგარი კერპები ერთიანად შეიმუსრა. ამ სასწაულის მხილველი ექვსი ათასზე მეტი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე, წმიდა ელპიდი კი ხელახლა დაწვეს.

წმიდა მოწამე დიმიტრი (+დაახლ. 307)

15 (28) ნოემბერი

წმიდა მოწამე დიმიტრი ეწამა იმპერატორების: მაქსიმიანე გალერიუსისა(305-311) და მაქსიმინეს (305-313) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის უღმერთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი) (+1794)

15 (28) ნოემბერი

ღირსი პაისი დაიბადა ქალაქ პოლტავაში 1722 წელს. მამით ადრე დაობლებულმა პეტრემ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ ბერმონაზვნობისაკენ სწრაფვამ წმიდანს აკადემია დაატოვებინა და დიდხანს მოღვაწეობდა სხვადასხვა მონასტრებში.

1741 წელს იგი მორჩილად აღკვეცეს პართენის სახელით. უნიატებისაგან გამოწვეული მართლმადიდებელთა დევნის გამო წმიდანი ბევრს მოგზაურობდა, ბოლოს იგი ათონის მთაზე გაემგზავრა და იქ აღიკვეცა ბერად პაისის სახელით. მალე წმიდანი მღვდელ-მონაზვნადაც აკურთხეს. მან ჩვიდმეტი წელი გაატარა ათონის მთაზე, მაგრამ თურქთა შევიწროების გამო იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა და მოლდავეთში დაბრუნდა.

უდიდესია წმიდა პაისის ღვაწლი რუსეთის ეკლესიის ცხოვრებაში. იგი მშვიდობით მიიცვალა 1794 წლის 15 ნოემბერს.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way