USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 28 იანვარს?
თარიღი:  651

28 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 

წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი (IV)

15 (28) იანვარი

წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.

ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.

ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“

წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.

ღირსი პავლე თებაიდელი (+341)

15 (28) იანვარი

პავლე თებაიდელი ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ყმაწვილს მშობლები გარდაეცვალა, ერთმა ვერცხლისმოყვარე ნათესავმა გადაწყვიტა, მიესაკუთრებინა მისი ქონება. სიხარბით გონებადაბინდულმა შევიწროება დაუწყო ობოლს, ბოლოს კი, იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელი დევნულობისას, მისი უსჯულოთა ხელში ჩაგდებაც განიზრახა. როცა პავლემ ამ მზაკვრობის შესახებ შეიტყო, დატოვა ქალაქი და უდაბნოში გავიდა.

ღირსი მამა მთის ძირში მდებარე ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ 91 წელი დაჰყო დაუდუმებელი ლოცვითა და მარხვით: მისი ერთადერთი საკვები იყო ფინიკები და პური, რომელსაც ყვავი უზიდავდა, სუსხისა და პაპანაქებისგან მხოლოდ პალმის ფოთლების სამოსელი იცავდა. როცა წმიდანის აღსასრული მოახლოვდა, ღმერთმა ინება, რომ მის შესახებ ანტონი დიდისთვის (ხს. 17 იანვარს) ეუწყებინა. ერთხელ, ანტონს გონებაში გაურბინა ფიქრმა, რომ ალბათ არსად იპოვება სხვა მისი მსგავსი მეუდაბნოე, მაგრამ უეცრად ჩაესმა ხმა: „ანტონი, არის ღვთის მონა, რომელიც შენზე სრულყოფილია და აქ შენზე ადრე დასახლდა. შედი უდაბნოს სიღრმეში და ჰპოვებ მას”. ნეტარი მეუდაბნოე მიჰყვა უფლის მოწოდებას და წმიდა პავლეს გამოქვაბულს გადააწყდა. ღირსი მამა წინ გამოეგება სტუმარს, რითაც მას თავმდაბლობის მაგალითი აჩვენა. ბერებმა სახელებით მოიკითხეს და ამბორს უყვეს ურთიერთას, შემდეგ კი დიდხანს საუბრობდნენ. ამ დროს ყვავი მიფრინდა და ორივეს პური მიართვა. ღირსმა პავლემ განუცხადა ანტონს, რომ მოწევნული იყო მისი მიცვალების ჟამი და დაკრძალვა სთხოვა. ნეტარი მამა მუხლმოყრილი აღესრულა, ლოცვის დროს. ანტონი ხედავდა, თუ როგორ მაღლდებოდა მისი სული ზეცად ანგელოზების, წინასწარმეტყველების და მოციქულების თანხლებით. უდაბნოდან გამოსულმა ორმა ლომმა წმიდანს თათებით გაუთხარა სამარე. ღირსმა ანტონიმ მიწას მიაბარა უფლის სათნომყოფელის ცხედარი, თან წამოიღო პალმის ფოთლებისგან შემზადებული მისი სამოსელი და თავის სავანეს დაუბრუნდა. ამ სამოსს ანტონი ინახავდა, როგორც უდიდეს სიწმინდეს და იცვამდა წელიწადში მხოლოდ ორჯერ – აღდგომას და სულთმოფენობას. ღირსი პავლე თებაიდელი გარდაიცვალა 341 წელს, 113 წლის ასაკში. წმიდანს სავანე არ დაუარსებია, მაგრამ მისი მიცვალების შემდეგ მომრავლებულმა მისმა მიმბაძველებმა მონასტრებით გადაფარეს მთელი უდაბნო. ღირსი პავლე მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობის მამად ითვლება.

XII საუკუნეში, იმპერატორ მანუელის (1143-1180) ბრძანებით, წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. შემდგომში ისინი ვენეციაში იქნა გადასვენებული, აქედან კი – უნგრეთში. ღირსი პავლეს პატიოსანი თავის ნაწილი რომშია დაცული.

ღირსი იოანე გლახაკი (V)

15 (28) იანვარი

ღირსი იოანე გლახაკი (მეტალავრე) კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა V საუკუნეში. მდიდარმა და დიდებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ყმაწვილი ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით საღვთო წიგნები იზიდავდა. მან სცნო ამ სოფლის ამაოება და გადაწყვიტა, უფლის მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდანმა მშობლებს სთხოვა, სახარება მაჩუქეთო, შემდეგ კი ფარულად დატოვა სახლი, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და აქ მღვიძარეთა მონასტერში ბერად აღიკვეცა. ახალგაზრდა მოწესე გულმოდგინედ შეუდგა მსახურებას, ის აოცებდა საძმოს მუდმივი ლოცვით, უდრტვინველი მორჩილებით, მკაცრი თავშეკავებითა და მოთმინებით.

ექვსი წლის შემდეგ იოანეს განსაცდელი დაატყდა თავს: მას განუწყვეტლივ აგონდებოდა მშობლები, მათი სიყვარული და ალერსი, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ დაამწუხრებდა მათ შვილის მოულოდნელი დაკარგვა. ეშმაკისგან მოვლენილი აზრებითა და წარმოდგენებით შეშფოთებული ბერი იმდენად მოუძლურდა, რომ უკვე სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა. წმიდანმა თავისი სულიერი მდგომარეობა წინამძღვარს გაუმხილა და სავანის დატოვების ნებართვა სთხოვა. მანაც, სულიწმიდით შთაგონებულმა, მისცა კურთხევა. წასვლის წინ იოანე მხურვალედ ევედრა საძმოს, ელოცათ მისთვის, რადგან იმედოვნებდა, რომ მათი ლოცვით ღმერთი წყალობის თვალით მოხედავდა: მშობლებსაც ნახავდა და ეშმაკის მზაკვრობასაც გადაურჩებოდა.

კონსტანტინეპოლში გლახაკის სამოსლით დაბრუნებული იოანე საკუთარი სახლის ჭიშკართან დამკვიდრდა. წმიდანი ისე იყო შეცვლილი, რომ მშობლებმაც ვერ იცნეს. ისინი, ღვთის გულისთვის და საკუთარი გულმოწყალებით, ყოველ დღე უგზავნიდნენ საზრდელს „უცნობ გლახაკს “.

სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმიდანი ტალავარში და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს. ერთ დღეს იოანეს გამოცხადებით ეუწყა, რომ მისი ტანჯვის დასასრული მოახლოებული იყო და სამ დღეში წარსდგებოდა უფლის წინაშე. მხოლოდ მაშინ აჩვენა წმიდანმა დედ-მამას მათი ნაჩუქარი სახარება. წმიდა იოანეს უკანასკნელი სათხოვარი იყო, იქ დაეკრძალათ, სადაც მისი ტალავარი იდგა და კუბოში თავისივე ძონძებით ჩაესვენებინათ.

25 წელს მიახლოებული ღირსი მამა V საუკუნის შუა წლებში აღესრულა. მის საფლავზე მშობლებმა ააგეს ტაძარი, რომელთანაც დავრდომილთა თავშესაფარიც დაარსეს. XII საუკუნეში წმიდანის უხრწნელი თავი ჯვაროსნებმა ბეზანსონში (საფრანგეთი) წაიღეს, მისი წმიდა ცხედარი კი რომში განისვენებს.

მოწამე პანსოფი (+249-251)

15 (28) იანვარი

ღირსი მოწამე პანსოფი ალექსანდრიელი პროკონსულის ნილოსის ვაჟი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოს მიაშურა, სადაც 27 წელი მოსაგრეობდა. დეკიუსის დროინდელ (249-251) დევნულობისას ღირსი პანსოფი ალექსანდრიის პრეფექტს მიჰგვარეს განსასჯელად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უღმერთობა, რისთვისაც სასიკვდილოდ სცემეს წკეპლებით. წმიდა მარტვილი აღესრულა დაახლოებით 249-251 წლებში.

ღირსი პროხორე და გაბრიელი (XI)

ღირსი ბარლაამ კრეტელი (XVI)

15 (28) იანვარი

ღირსი ბარლაამ კრეტელი XVI საუკუნეში მღვდელმსახურებდა თეთრი ზღვის სანაპიროზე. მის სულიერ და ფიზიკურ ღვაწლს შორის განსაკუთრებული იყო მეზღვაურებსა და ზღვასთან დაკავშირებულ მრეწველებზე ლოცვითი ზრუნვა. მისი თანამედროვენი ხშირად გადარჩენილან აშკარა დაღუპვას წმიდანის ლოცვითა და მისი სახელის მოხმობით.

წმიდა ბარლაამმა სახელი გაითქვა სიკვდილისშემდგომი სასწაულებითაც. მისდამი აღვლენილი ლოცვებით მრავალი განწირული გადარჩენილა დახრჩობას.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის