USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 28 დეკემბერს?
თარიღი:  388

28 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი (II)

15 (28) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი. ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერის თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი - მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია ეკლესიის ისტორიაში) ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მრავალ წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდანი ღვთაებრივი მადლით იყო აღსავსე, მთლიანად უფალს იყო მინდობილი და ამიტომაც მის ყოველგვარ უძლურებასა და ადამიანურ ნაკლს სულიწმიდის მადლი აღავსებდა.

როცა ღვთისმოძულე იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპისკოპოსი ელეფთერიც შეიპყრეს. ღვთის ძალით დაცული ელეფთერმა გაბედულად აღიარა ქრისტე, მეფის უსჯულოება ამხილა და ილოცა თავისი ჯალათების მოქცევისათვის.

როცა ადრიანემ იხილა, რომ ელეფთერს წამებით ვერაფერს ვნებდა, ბრძანა, ორი გახელებული ხარისთვის მიებათ იგი, მაგრამ ამჯერადაც ვერ ეწია საწადელს: უფლის ანგელოზმა საკვრელები გაწყვიტა, ჯალათების ხელიდან დაიხსნა წმიდა მოწამე და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთი მთის მწვერვალზე დასვა. ამის შემდეგ ნეტარი ელეფთერი მხეცებს შორის ცხოვრობდა. როცა ეს ადრიანემ შეიტყო, მხედრები გაგზავნა უფლის რჩეულის შესაპყრობად. წმიდა ელეფთერი თავად ჩაბარდა მეომრებს.

უსჯულო მეფის ბრძანებით ელეფთერს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ანთია მადლობდა უფალს, რომელმაც მისი ძე ქრისტესთვის ვნების ღირსი გახადა. ამის შემდეგ ანთიაც თავის მოკვეთით დასაჯეს. ეპარქმა კორივმა თავადაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ისიც სიკვდილით დასაჯეს. მართლმორწმუნეებმა უფლის რჩეულთა ცხედრები პატივით დაკრძალეს.

ღირსი პავლე ლატრელი (+955)

15 (28) დეკემბერი

ღირსი პავლე ლატრელი ქალაქ ჰელენის მკვიდრი იყო. მან მამა ადრე დაკარგა და ფრიგიაში, წმიდა სტეფანეს სავანეში აღიზარდა. შემდეგ კი მილეტის მახლობლად, ლატრის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალი საფეხურებისკენ მოსწრაფე მამა გამოქვაბულში დაეყუდა და განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) ხშირად ეპისტოლეებით მიმართავდა უფლის რჩეულს და ლოცვა-კურთხევასა და რჩევა-დარიგებებს სთხოვდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 955 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე ელეფთერი (+305-311)

15 (28) დეკემბერი

წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-311) კარზე დაახლოებული დიდგვაროვანი და მდიდარი კარისკაცი იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლეს და ცდილობდა, ლოცვითა და კეთილი საქმეებით სათნოჰყოფოდა უფალს. ბოლოს ერთმა მსახურმა იმპერატორთან დაასმინა ნეტარი ელეფთერი. უსჯულო თვითმპყრობელი ამაოდ ეცადა, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადაედრიკა წმიდანი, რის შემდეგაც მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ძაღლების საგლეჯად და ფრინველების საკორტნად მიგდებული მისი ცხედარი ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა პატივით მიაბარა მიწას (მოწამის ხსენებას ეკლესია 4 აგვისტოსაც აღნიშნავს).

ღირსი პარდოს განდეგილი (VI)

15 (28) დეკემბერი

ღირსი პარდოს განდეგილი რომში დაიბადა. სიჭაბუკეში იგი მეეტლედ მსახურობდა. ერთხელ, როცა ნეტარი იერიქონისკენ მიემგზავრებოდა, მისმა ეტლმა პატარა ბავშვი გაიტანა. თავზარდაცემული პარდოსი ბერად აღიკვეცა და არიონის მთას მიაშურა. იგი თვლიდა, რომ მსჯავრი უნდა მოეხადა, როგორც მკვლელს და სიკვდილს ეძიებდა. პარდოსი ლომის ბუნაგში მივიდა რომ მისგან დაგლეჯილს ამოხდომოდა სული, მაგრამ ამაოდ. განდეგილი ღვთის ნებას დამორჩილდა, თავის მთას დაუბრუნდა და მარხვასა და ლოცვაში გალია სიცოცხლე (VI).

ღირსი ნექტარი ბიტელელი (XV)

15 (28) დეკემბერი

ღირსი ნექტარი ბიტელელი (ერობაში - ნიკოლოზი) ბულგარეთის დაბა ბიტელში (ბუტილში) დაიბადა. თურქების შემოსევის წინ მის დედას საღვთო ხილვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეჩვენა და ქმართან და შვილებთან ერთად გახიზნვა უბრძანა. წმიდანის მამამ ძესთან ერთად ბიტელის მახლობლად მდებარე უვეცხლოთა სავანეს მიაშურა და პახუმის სახელით ბერად შედგა. როცა ნიკოლოზმა სიჭაბუკის ასაკს მიაღწია, ათონის მთაზე გადავიდა.

ლოცვის, მარხვისა და შრომის საოცარ ღვაწლთან ერთად უფლის რჩეული გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა: ხელსაქმეში აღებულ ფულს მთლიანად გლახაკებს უნაწილებდა. 1500 წელს ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის