USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 27 თებერვალს?
Date:  256

27 თებერვალს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალი

14 (27) თებერვალი

წმიდა ილარიონ ქართველი (ერობაში - იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იესე ბიძამ ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა მონასტერში.

მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლების გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა-კურთხევისთვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა, ურჩია: „შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, აგრეთვე შენი ბერის ლოცვები, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, როცა ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნები“. შინ დაბრუნებული ყმაწვილი, მამამ მალე ქუთაისის სასახლეში მიიყვანა და მეფის კარზე მიაბარა აღსაზრდელად. მეფემ გადაწყვიტა სისპეტაკით და ღვთისმოსაობით გამორჩეული იესე მღვდლად ეკურთხებინა, რომ მისი სახით საიმედო მოძღვარი და მრჩეველი ჰყოლოდა.

იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, სახელად მარიამი. მალე, წმიდანი მღვდლად აკურთხეს და მეფის კარის ეკლესიაში დაადგინეს.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რუსეთის მთავრობამ იმერეთის მეფესთან დაიწყო მიმოწერა მისი სამეფოს რუსეთთან შეერთების თაობაზე.

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ფონზე, თავი იჩინა სამეფო ტახტის სიმტკიცის შერყევითა და სხვადსხვა გარემოებებით გამოწვეულმა შურმა, ანგარებამ და ღალატმა. მეფე სოლომონის წინაშე ორი არჩევანი იდგა, ან რუსეთში „საპატიო“ მდგომარეობაში ცხოვრება, რისთვისაც ძალიან დიდი თანხები იყო გამოყოფილი რუსეთის მიერ, ან თურქეთში გაქცევა და იქიდან სამეფოს დაბრუნებაზე ზრუნვა. დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა თურქეთში გადასულიყო. პროტოპერსვიტერმა იესე ყანჩაველმა არც ამ განსაცდელში მიატოვა მეფე - მცირე ხანში მანაც არზრუმს მიაშურა და სოლომონ II-ის ყველა ჭირსა და ტკივილს იზიარებდა. სოლომონ II თურქეთში აღესრულა 1814 წელს. მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს.

მამა იესემ შესძლო, მეფის ამალაში მყოფი დიდებულებისთვის რუსეთის მეფისაგან წყალობა გამოეთხოვა: ყველას დაუბრუნდა ადრინდელი წოდებები და მამულები. თავად იესე მშობლიურ კუთხეში აპირებდა დაყუდებულ ცხოვრებას. მაგრამ დედოფალმა მარიამმა მოსკოვში უხმო, სადაც იგი სოლომონის თურქეთში გადასვლის შემდეგ ჩაეყვანათ. მან მოსკოვში ჩაიტანა მეფე სოლომონის მიერ თურქეთში წაღებული უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. დედოფალმა იგი სასახლის ეკლესიაში მოათავსა. იმპერატორის კარზე გამეფებულმა ფუფუნებამ და განცხრომამ ძალიან დაამძიმა მამა იესეს ღვთისმოყვარე სული. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეიცვალა და 1819 წელს ათონის წმიდა მთას მიაშურა.

ათონელ ბერებს წმიდანი მოსალოცად ჩასულ ღარიბ ქართველად გაეცნო. მან ჯერ ივერონი მოილოცა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა.

1821 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ილარიონის სახელით.

მამა ილარიონი სიყვარულით ასრულებდა მორჩილების საქმეებს. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინარობის გამო ღვთის სიტყვის სმენას მოკლებული იყო, ამიტომ იღუმენისგან ითხოვა კურთხევა, ქართული წიგნების გამოსათხოვად ივერონში წასულიყო. მამა ილარიონი იცნო ბერძენმა არქიმანდრიტმა, რომელმაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო. მალე მთელს ათონს მოეფინა ხმა იმის შესახებ, რომ მონასტერში უბრალო ბერის სამოსით მეფის მოძღვარი იმალებოდა. ამიერიდან მას ყველგან თან სდევდა საერთო პატივისცემა. ამგვარი მოპყრობით შეწუხებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის ახლოს, უდაბნოში გადასახლდა.

ამ ხანებში მთელს საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული: თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ აჯანყებულ ბერძენ ქრისტიანებს. 1822 წელს აბდულ რობუტ-ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით ათონის საზღვართან დაბანაკდა და ბრძანა, ყველა მონასტრის წინამძღვარი ხლებოდა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცლვად ურჯულოს წინაშე მოწამეობის სურვილით ანთებული მამა ილარიონი წარდგა სხვა ორ ბერთან ერთად. როცა ფაშამ შეიტყო, რომ მამა ილარიონი ქართველი იყო, გაიხარა, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ქართველი ყოფილა. ბავშვობაში თურქებს მოეტაცათ და გაემაჰმადიანებინათ. მან წმიდანს მოუწოდა, დაეტოვებინა ათონი, სანაცვლოდ კი საკუთარ სასახლეს სთავაზობდა თესალონიკში. მამა ილარიონმა მტკიცე უარით უპასუხა და ამხილა ქრისტეს უარმყოფელი.

ათონზე დაბრუნებული მამა ილარიონი წუხდა, რომ ვერ მიემთხვია მისთვის სანატრელ მოწამეობრივ აღსასრულს. მან წინამძღვრისაგან კურთხევა გამოითხოვა და ხელახლა ეახლა ფაშას.

წმიდანი სამი დღე ზედიზედ მიდიოდა ფაშასთან, ამხელდა მის უსჯულოებას. მეოთხე დღეს მამა ილარიონმა ფაშას მუსულმანობისა და თვით მისი დამაარსებლის, მუჰამედის სიცრუეზე დაიწყო საუბარი. ფაშამ სიცილით იკითხა: „როგორ ფიქრობ, სად წავალთ ჩვენ?“ მამა ილარიონმა ირგვლივ შემოკრებილი სხვადსხვა აღმსარებლობის მქონე უამრავი ადამიანის წინაშე გაბედულად განაცხადა, მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შობილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გადარჩებიანო. მაშინ ყველა ირგვლივ მყოფმა ერთად შესძახა: „სიკვდილი მაგას!“ და აბდულ-რობუტ-ფაშაც იძულებული გახდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა. მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა აღტკინებულ ბრბოს დასჯის ადგილისკენ, მაგრამ ორმა წარმოშობით ქართველმა ჯარისკაცმა ფაშასგან კვლავ მისი გათავისუფლების ნებართვა გამოითხოვა: თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე შეგვხვდა და ისიც მოვკალითო.

წმიდანს ათონზე დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ მან მოყვასის სიყვარულით გამო ტუსაღთა მსახურების ღვაწლი იტვირთა: ექვსი თვის მანძილზე თავგანწირვით ემსახურებოდა თესალონიკის ციხეში გამომწყვდეულ პატიმრებს. მამა ილარიონმა ბევრი პყრობილი გადაარჩინა აშკარა სიკვდილს, ბოლოს კი, ღვთის ჩაგონებით, დატოვა თესალონიკი და ათონის გზას დაადგა.

წმიდა მთაზე დაბრუნებული მამა ილარიონი სამი წელი ცხოვრობდა გამოქვებულებში. აქ მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: პარასკევობით არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რომდენიც ერთ პეშვს ამოყვებოდა და ამას სჯერდებოდა. წყალსაც ცოტას სვამდა - ერთ ჭიქას დღეში. ხშირად დემონები საზარელი სახით ეცხადებოდნენ წმიდანს.

მლოცველები ხშირად არღვევდნენ მამა ილარიონის მყუდროებას, ერთ დღეს ბერმა, დატოვა გამოქვაბული და ტყეში მიიმალა. ძლიერმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად ისე დაასუსტა წმიდანი, რომ იძულებული გახდა, დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო. მეგობრის, ქართველი ბერის, ბენედიქტეს ზედამხედველობით წმიდანი თანდათან მომჯობინდა. ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ივერონში, დიონისეს მონასტერში რუსიკში...

ივერონში მან წიგნთსაცავს მიხედა. შეადგინა კატალოგი, შემდეგ წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა, რაც თორმეტ ტომად მოამზადა სათაურით „ყვავილნარი“. წიგნებში, ძირითადად, წმიდანთა ცხოვრება იყო აღწერილი, ეს კრებული გადაეცა ზოგრაფის იღუმენს, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა. მან გამოსცა თორმეტივე ტომი ქართულად ენაზე, შემდგენლის მიუთითებლად.

სიცოცხლის მიწურულს წმიდა ილარიონი მძიმედ დასნეულდა, რისთვისაც ღმერთს მადლობდა. „დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღვთის ნების ერთგულებით გადაიტან“.

სიკვდილის წინ მამა ილარიონს თავისი მოწაფისთვის, მამა საბასთვის უთხოვია, მისი ნეშტი მალულად დაეკრძალა. გარდაიცვალა 1864 წლის 12 თებერვალს.

 მამა საბა იძულებული გახდა მამა ილარიონის საფლავის ადგილსამყოფელი გაეცხადებინა. 1867 წელს, ამაღლების წინა ღამისთევის ლოცვისას, ბერებმა ამოასვენეს მამა ილარიონის წმიდა ნაწილები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას გამოსცემდა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი) წმიდანთა დასში აღირიცხა და ეწოდა ილარიონ ქართველი ახალი.

ღირსი ავქსენტი (+დაახლ. 470)

14 (27) თებერვალი

ღირსი ავქსენტი, წარმოშობით სირიელი, იმპერატორი თეოდოსი უმცროსის (418-450) კარზე მსახურობდა. ის ცნობილი იყო, როგორც კეთილმსახური, განსწავლული და ბრძენი ადამიანი და თავის თანამედროვე ბევრ მაღალსულიერ მოსაგრესთან მეგობრობდა.

ამსოფლიურ ამაოებათაგან სულდამძიმებული ავქსენტი განერიდა სასახლის კარის ცხოვრებას, ჯერ მღვდლად ეკურთხა, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. ამის შემდგომ ის ბითვინიაში წავიდა, ქალკედონის მახლობლად, ოქსის მთაზე ერთი განკრძალული ადგილი ჰპოვა და იქ დაეყუდა (შემდგომში ამ მთას ავქსენტისა ეწოდა). ნეტარი მამა შემთხვევით გადააწყდნენ მწყემსები, რომლებიც გზააბნეულ ცხვრებს ეძებდნენ და ამის შემდეგ წმიდანთან შემწეობის სათხოვნებლად სიარულს მოუხშირეს სნეულებმა თუ სულიერად შეჭირვებულებმა. ღვთის მადლით საკვირველთმოქმედი მამა მრავალ კურნებას აღარსულებდა.

451 წელს წმიდა აქვსენტის IV მსოფლიო კრებაზე მოუწოდეს ქალკედონში, სადაც მან გაბედულად და დამაჯერებლად ამხილა ევტიქისა და ნესტორის ერესები. წმიდა წერილში ღრმად ჩახედულმა მამამ ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგეები. კრების დამთავრების შემდეგ ავქსენტი დაუბრუნდა თავის განკრძალულ კელიას. სულიერი მზერით მან განჭვრიტა წმიდა სვიმეონ მესვეტის (+459) ნეტარი აღსასრული.

ღირსი ავქსენტი გარდაიცვალა დაახლოებით 470 წელს. წმიდანმა ბითვინიის ოლქში დააარსა ბევრი მონასტერი, სადაც მისი მრავალი მოწაფე მოღვაწეობდა.

ღირსი მირონი სირიელი მეუდაბნოე (IV)

14 (27) თებერვალი

ღირსი მირონი IV საუკუნეში ცხოვრობდა სირიაში, კვიროსის მახლობლად. წმიდანმა სახელი გაითქვა სნეულთა კურნების და ეშმაკთა განსხმის ნიჭით. სულიერი დამოძღვრის მსურველებს ნეტარი მამა ურჩევდა, თავშეკავებულნი ყოფილიყვნენ, ცხონებაზე ეზრუნათ, თავი მოეზღუდათ ვერცხლისმოყვარებისა და მრისხანებისაგან. ღირსი მირონის მოწაფეები იყვნენ: იაკობ განდეგილი (ხს. 26 ნოემბერს), ლიმნეი (ხს. 23 თებერვალს), დომნინა (ხს. 1 მარტს) და ბევრი სხვა იმ დროისათვის კვიროსის ოლქსი ბევრი სავანე დააარსა.

ღირსი აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი (V)

14 (27) თებერვალი

წმიდა აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ კვიროსში დაიბადა და სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა. შემდგომში წმიდანმა მოღვაწეობის ადგილად ლიბანის მთები აირჩია და აქ განდეგილი ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. ღირს აბრაამს ხშირად უხდებოდა დაეთმინა წარმართთა გამოხდომები. უღმრთოები ნეტარი ბერის განდევნას ცდილობდნენ თავიანთი მიწებიდან; მის მყუდროებას ხშირად არღვევდნენ მახლობელი სოფლის გლახაკი მცხოვრებლებიც, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ამოდიოდნენ მასთან, მაგრამ უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მათ სტუმრობებს და უშურველად გასცემდა ყველაფერს, რასაც სწირავდნენ. როცა ამ სოფლის ქრისტიანმა მცხოვრებლებმა ტაძარი ააშენეს, მხურვალედ სთხოვეს წმიდა აბრაამს, სამღვდელო ხელდასხმა მიეღო და მათი მოძღვარი გამხდარიყო. ღირსი მამა დაჰყვა მვედრებელთა ნებას, სულიერად განამტკიცა მრევლი, ხოლო შემდეგ თავის ნაცვლად მათ სხვა მოძღვარი დაუდგინა, თვითონ კი მონასტერს დაუბრუნდა. კეთილმსახურებით გამორჩეული მოსაგრე კარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდანი სამწყსოს გულმოდგინედ ასწავლიდა ღვთივსავნო ცხოვრებას და თავადვე აძლევდა თავშეკავების მაგალითს. იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ეპისკოპოსთან შეხვედრა მოიწადინა და მას თან კარზე მოუხმო. კონსტანტინოპოლში ჩასული წმიდა აბრაამი მალე გარდაიცვალა. მისი ნეშტი პატივით გადასვენდა ქალაქ კარში და იქვე დაიკრძალა.

წმიდა კირილე, სლოვენთა მოძღვარი, მოციქულთასწორი (+869)

14 (27) თებერვალი

წმიდა მოციქულთასწორი კირილე, სლოვენთა მოძღვარი (სქემის შემოსვამდე -კონსტანტინე) და მისი უფროსი ძმა მეთოდე (ხს. 6 აპრილს), წარმოშობით სლავები, მაკედონიის ქალაქ სოლუნში დაიბადნენ. კირილემ, რომელიც 14 წლის ასაკიდან იმპერატორის ძესთან ერთად იზრდებოდა, ბრწყინვალე განათლება მიიღო, რის შემდეგაც იგი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, ხუცესად აკურთხეს. კონსტანტინეპოლში დაბრუნებული კირილე საკათედრო ტაძრის ბიბლიოთეკარი და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. წმიდანი სარწმუნოების საკითხებზე წარმატებით ეკამათებოდა ხატმებრძოლ ერეტიკოსებს და მაჰმადიანებს. განმარტოებისკენ მიდრეკილმა ღირსმა მამამ ოლიმპოს მთას მიაშურა, სადაც მისი ძმა, მეთოდე მოღვაწეობდა, მაგრამ მისი განდგომა ამ ცხოვრებისგან ხანგრძლივი არ აღმოჩნდა: 857 წელს ძმა იმპერატორმა მიხეილმა ხაზართა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა.

გზად ისინი ხერსონესში გაჩერდნენ, სადაც რომის პაპის, წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტის ნაწილები აღმოიყვანეს. კირილეს და მეთოდეს მისიონერული მოგზაურობა ხაზარეთში მეტად წარმატებული აღმოჩნდა: მეფემ და, მასთან ერთად, მთელმა ერმა ქრისტიანობა მიიღო. მადლიერ ხელმწიფეს სურდა, უხვი ძღვენით დაეჯილდოვებინა მქადაგებლები, მაგრამ წმიდანებმა საჩუქრებზე უარი სთქვეს და ბერძენი ტყვეების განთავისუფლება ითხოვეს მისგან. წმიდა კირილე კონსტანტინეპოლში ტყვეობისგან გამოხსნილ 200 ადამიანთან ერთად დაბრუნდა.

862 წელს დაიწყო ნეტარი ძმების მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპი: მთავარ როსტისლავს თხოვნით, იმპერატორმა მორავიაში სლავურ ენაზე ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა ძმები. კირილემ და მეთოდემ ღვთაებრივი გამოცხადებით სლავური ანბანი შექმნეს და ამ ენაზე თარგმნეს სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა მრავალი საღვთისმსახურო წიგნი; ღვთისმსახურებაც სლავურ ენაზე განაწესეს. შემდეგ ძმები, რომის პაპის მიწვევით, რომში ჩავიდნენ. პაპი ადრიანე II წმიდანებს დიდი პატივით შეხვდა, მათ თან მღვდელმოწამე კლიმენტის, რომის პაპის ნაწილებიც ჩამოასვენეს. ხორციელად ძლიერ სუსტი კირილე მძიმე და დაუცხრომელმა ღვაწლმა მალე მოტეხა: იგი დაავადდა და სქემის მიღების შემდეგ, 869 წელს გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან ძმას დაუბარა, განეგრძო სლავების ქრისტიანულ განათლება. ნეტარი კირილე დაკრძალულია რომში წმიდა კლიმენტის სახელობის ტაძარში.

ღირსი ისააკი (+1090)

14 (27) თებერვალი

ღირსი ისააკი ბერად აღკვეცამდე მდიდარი ვაჭარი იყო. შემდგომში მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, კიევში ჩავიდა და ღირსი ანტონის ხელით აღიკვეცა ბერად. წმიდანი დაყუდებულად ცხოვრობდა და მეტად მკაცრად მარხულობდა: მხოლოდ სეფისკვერს ღებულობდა დღეგამოშვებით. დაყუდების მერვე წელს, ღირსი მამა, ეშმაკის მანქანებით, მძიმე ცოდვაში ჩავარდა: თაყვანი სცა ბოროტ სულს, რომელიც მაცხოვრად მიიჩნია. ამის შემდეგ მეტად დაუძლურდა. დასნეულებულ ბერს ღირსი ანტონი და თეოდოსი უვლიდნენ. მხოლოდ სამი წლის შემდეგ შესძლო მან ფეხზე წამოდგომა, საუბარი და ღვთისმსახურებაზე დასწრება. გამოჯანმრთელების შემდეგ წმიდანმა სალოსობის ღვაწლი იტვირთა და უდრტვინველად ითმენდა ყოველგვარ შეურაცხოფას, სიკვდილის წინ ნეტარი ისააკი კვლავ დაყუდების ღვაწლს მიეცა. განკურნების შემდეგ წმიდა მამამ 20 წელი იცხოვრა და გარდაიცვალა 1090 წელს.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way