USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 27 ნოემბერს?!
 53

27 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

27 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში

წმიდა მოციქული ფილიპე (I)

14 (27) ნოემბერი

წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43); მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი (ინ. 1,46); უფალი მას დაეკითხა, თუ რამდენი ფული იყო საჭირო ხუთი ათასი კაცის საკმარი პურის საყიდლად (ინ. 6,5-7); მიუძღვა ელინებს, რომელთაც ქრისტეს ნახვა სურდათ (ინ. 12,21-22); მან სთხოვა მაცხოვარს: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა“ (ინ. 14,8).

ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმიდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე.

ელადიდან ფილიპე ჯერ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. აქ ფარისევლებისგან მოსყიდულმა იუდეველებმა იროსს, რომელმაც წმიდა მოციქული შეიფარა, სახლი დაუწვეს. თავად ფილიპეს ისინი მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ როცა უფლის რჩეულის მიერ აღსრულებული სასწაულები იხილეს, სინანულში ჩავარდნენ და ბევრი მათგანი მოინათლა. წმიდა მოციქულმა იროსი იერაპოლის ეპისკოპოსად დაადგინა, თვითონ კი გზა განაგრძო, მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია. ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, რისთვისაც მრავალი სატანჯველის დათმენა უწევდა. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.

შემდეგ მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართული სალოცავი იყო, მათ შორის გველების სახელზე აგებული ტაძარიც, სადაც უზარმაზარი იქედნე ბუდობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვის ძალით მოკლა ქვეწარმავალი და გველებისგან დაკბენილი მრავალი ადამიანი განკურნა. განკურნებულთა შორის იყო ქალაქის თავის მეუღლე, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ეს რომ ქალაქის მმართველმა შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ ფილიპე, მისი და მარიამნა, და მათი თანმხლები ბართლომე მოციქული. იქედნეს ტაძრის ქურუმთა შეგონებით წარმართმა ხელისუფალმა ფილიპესა და ბართლომეს ჯვარცმა ბრძანა. ამ დროს საშინლად შეირყა ქვეყანა და სამსჯავროში მყოფნი მიწამ შთანთქა. იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალული ფილიპე ლოცულობდა, რომ უფალს მისი მტანჯველები დაეხსნა თავს დამტყდარი უბედურებისაგან. მომხდარის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე და მოითხოვა, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გათავისუფლების შემდეგ ნეტარმა ახალმოქცეულები მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუდგინა; ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა.

წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი განაგრძობდა წარმართთა შორის ღვთის სიტყვის ქადაგებას მანამ, სანამ ლიკაონიაში არ ეწია ნეტარი აღსასრული (ხს. 17 თებერვალს).

 

წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+დაახლ. 1360)

14 (27) ნოემბერი, დიდმარხვის მეორე კვირა

წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თავდაპირველად მისი მშობლები მცირე აზიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ თურქების შემოსევის დროს კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ და იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგის (1282-1328) კარზე ჰპოვეს თავშესაფარი. გრიგოლის მამა - კონსტანტინე სასახლის კარის მსხვილი მოხელე გახდა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა დედამ და განსვენებული კარისკაცის ხსოვნის ერთგულმა იმპერატორმა იტვირთეს. საოცარი გულისხმიერებისა და გულმოდგინების წყალობით გრიგოლმა ადვილად შეითვისა ყველა საგანი. იმპერატორს სურდა, ჭაბუკი სახელმწიფო სამსახურისთვის მოემზადებინა, მაგრამ ოცი წლის ასაკში გრიგოლმა 1316, სხვა ცნობით, 1318 წელს ორ უმცროს ძმასთან ერთად ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის მონასტერში მორჩილად შედგა. აქ ნეტარი მამა ღირსი ნიკოდიმოს ვათოპედელის (ხს. 11 ივლისს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მის მიერვე აღიკვეცა ბერად. ერთი წლის შემდეგ უფლის რჩეულს საღვთო ხილვაში წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ეჩვენა და შემწეობა აღუთქვა საღვთო მოღვაწეობაში. მალე გრიგოლის დედა და დებიც მონაზვნებად აღიკვეცნენ.

წმინდა ნიკოდიმოსის მიცვალების შემდეგ ღირსი მამა რვა წლის მანძილზე ბერი ნიკიფორეს წინამძღვრობით განაგრძობდა ლოცვით ღვაწლს, ამ უკანასკნელის მიცვალების შემდეგ კი ღირსი ათანასეს ლავრაში გადავიდა. აქ წმიდანი ჯერ მეტრაპეზედ მსახურობდა, ხოლო შემდეგ მგალობლად დაადგინეს. ასე განვლო სამმა წელიწადმა. 1321 წელს გრიგოლი, რომელიც სულიერი სრულყოფის უფრო მაღალ საფეხურებს ესწრაფოდა, გლოსიის მცირე სავანეში გადასახლდა. აქ იგი სრულიად განიმსჭვალა ისიხაზმის სულით და იგი ცხოვრების საფუძვლად გაიხადა (ჯერ კიდევ IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას, რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია მოითხოვდა დადგენილი დგომის წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა. ადამიანს მხოლოდ სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე შეეძლო ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან სულიერი შეერთება, რაც მას უდიდეს ნეტარებასა და სიხარულს განაცდევინებდა. რადგან ეს სიხარული ენით გამოუთქმელი იყო, ბერები დუმილს ამჯობინებდნენ. დუმილთან არის დაკავშირებული ლოცვის ამ წესის სახელწოდებაც - ისიხაზმი, რაც ბერძნული სიტყვაა და მდუმარებას, სიმშვიდეს, განმარტოებას ნიშნავს). 1326 წელს გრიგოლ პალამა განერიდა თურქების თავდასხმის საშიშროებას და საძმოსთან ერთად თესალონიკში გადავიდა, სადაც მას მღვდლად დაასხეს ხელი.

წმიდა გრიგოლი ერთმანეთს უთავსებდა ხუცესის მოვალეობის შესრულებას და განდეგილურ ღვაწლს: კვირაში ხუთ დღეს იგი მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, შაბათ-კვირას კი ხალხთან გამოდიოდა, ღვთისმსახურებას აღასრულებდა და მრევლს მოძღვრავდა. ნეტარი მამის ქადაგებები ღრმა ზეგავლენას ახდენდა ტაძარში მყოფ მორწმუნეებზე. წმიდა გრიგოლისთვის ცხოვრების წესის მიუხედავად უცხო იყო სრული განდგომა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ზოგჯერ იგი ქალაქის განათლებული ახალგაზრდობის საღვთისმეტყველო დისპუტებს ესწრებოდა, რომელთაც მომავალი პატრიარქი ისიდორე უძღვებოდა. ერთხელ კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებულმა წმიდანმა თესალონიკის მახლობლად აღმოაჩინა ბერიად წოდებული ადგილი, რომელიც მეტად მოხერხებული იყო ბერმონაზვნური მოღვაწეობისათვის. მალე მან აქ შემოიკრიბა მცირე საძმო, რომელსაც ხუთი წელი წინამძღვრობდა. 1331 წელს გრიგოლმა ათონს მიაშურა და ათანასეს ლავრის მახლობლად მდებარე წმიდა საბას სკიტში განმარტოვდა. 1333 წელს იგი ესთიგმენის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1336 წელს კი კვლავ წმიდა საბას სკიტს დაუბრუნდა და დაიწყო საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, რომელიც სიკვდილის დღემდე არ შეუწყვეტია.

1328-30 წლებში კალაბრიიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა მეცნიერი ბერი ბარლაამი - ავტორი ტრაქტატებისა ლოგიკასა და ასტრონომიაში. მან დედაქალაქის უნივერსიტეტში კათედრა მიიღო და დაიწყო განმარტება დიონისე არეოპაგელის (ხს. 3 ოქტომბერს) თხზულებებისა, რომლის აპოფატიკური (ბერძ. უხილავობა, შეუცნობლობა, მიუწვდომლობა) ღვთისმეტყველებაც საყოველთაოდ იყო აღიარებული. მალე ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც გადავიდა, სადაც ისიხასტთა სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო და ღვთის არსების მიუწვდომლობის დოგმატის საფუძველზე მათი გონებისმიერი ქმედება მწვალებლურ ცთომად გამოაცხადა. ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო; ამასთან იგი იმასაც კი არ ერიდებოდა, რომ სასაცილოდ აეგდო მონაზონთა მონათხრობები ლოცვის მეთოდებისა და სულიერ გაცისკროვნებათა შესახებ.

ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი. ასე შეიქმნა ცნობილი „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად“ (1338). 1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობლივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული „წმიდა მთის ტომოსი“.

კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლსა და ბარლაამს შორის გამართული სიტყვიერი პაექრობა ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, მაგრამ ცილობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ბარლაამის მოწაფემ, ბულგარელმა ბერმა აკვინდინემ დაწერა რამდენიმე ტრაქტატი, რომლებშიც წმიდა გრიგოლსა და ათონელ ბერებს საეკლესიო შფოთის წარმოქმნაში სდებდა ბრალს. გრიგოლ პალამამ მწვალებელს საკადრისი პასუხი გასცა და დამაჯერებლად უარყო მისი ბრალდება. მაგრამ პატრიარქმა იოანე XIV-მ ეკლესიიდან განკვეთა უფლის რჩეული (1344) და საპყრობილეში ჩააგდებინა, სადაც იგი სამი წლის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. 1347 წელს, როცა საპატრიარქო ტახტზე ავიდა ისიდორე (1347-1348), წმიდა გრიგოლ პალამა გაათავისუფლეს და თესალონიკის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. 1351 წელს ვლაქერნის საეკლესიო კრებამ საზეიმოდ დაადასტურა მისი მოძღვრების მართლმადიდებლური არსი, მაგრამ თესალონიკელებს მაშინვე არ მიუღიათ ახალი მღვდელმთავარი, პირველ ხანებში მას სხვადასხვა ადგილებში უხდებოდა ცხოვრება. ერთხელ ხომალდი, რომლითაც ნეტარი გრიგოლი კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა, თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ერთი წლის განმავლობაში წმიდა მღვდელმთავარს მონასავით ჰყიდდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ მაშინაც იგი დაუღალავად განაგრძობდა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას.

ნეტარი გრიგოლი გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი წლით ადრე დაბრუნდა თესალონიკში. მიცვალების წინ მან წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იხილა საღვთო ჩვენებით. გრიგოლ პალამამ 1359 წლის 14 ნოემბერს, სამოცდასამი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ნეტარი მღვდელმთავარი წმიდანად 1368 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის კრებაზე შერაცხეს. მისი ცხოვრება და მოსახსენებელი კანონი შეადგინა პატრიარქმა ფილოთეოზმა (1354-1355, 1362-1376).

წმიდა გრიგოლს ეკლესია დიდმარხვის მეორე კვირიაკესაც იხსენიებს.

 

მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე (+565) და დედოფალი თეოდორა (+548)

14 (27) ნოემბერი, დიდმარხვის მეორე კვირა

მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე I და დედოფალი თეოდორა. ბიზანტიის წმიდა იმპერატორი იუსტინიანე წარმოშობით ბულგარეთიდან, სრედეცის (დღევანდელი სოფია) მახლობლად მდებარე სოფელ ბერდიანიდან იყო. კეთილმსახური ხელისუფალი გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, მისი მეფობის დროს (527-565) ბიზანტიამ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა სპარსეთში, აფრიკასა და იტალიაში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას ვანდალებსა და ვესტ-გუთებს შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმიდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.

ცრუსწავლების წინააღმდეგ წმიდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა“ და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს საგალობელი სრულდება საღვთო ლიტურგიის დროს, მცირე გამოსვლის წინ. იმპერატორის ბრძანებით, 553 წელს მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებანი. წმიდა იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფოში წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული, რომელმაც ჩვენამდე „იუსტინიანეს კოდექსის“ სახელწოდებით მოაღწია.

 

პირად ცხოვრებაში იუსტინიანე მკაცრი ქრისტიანული კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. მან 505 წელს შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა ეკლესიამ იმპერატორთან ერთად წმიდანად შერაცხა მისი მეუღლე და თანამოაზრე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა მიიცვალა 548 წელს.

აღება შობის მარხვისა. 14 ნოემბრის შემდეგ იწყება შობის მარხვა, რომელსაც სხვაგვარად ფილიპეს მარხვასაც უწოდებდნენ, რადგან 14 ნოემბერი - ფილიპე მოციქულის ხსენების დღეა. ეს მარხვა, რომელიც ორმოცი დღე გრძელდება, ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მორწმუნეთა ღირსეულად მოსამზადებლადაა დაწესებული. ცნობები შობის მარხვის შესახებ IV საუკუნიდან გვხვდება, თუმცა მისი დაწესება, უთუოდ, ბევრად უფრო ადრეა სავარაუდო. ძველად შობის მარხვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ეკლესიებში სხვადასხვაგვარი იყო. ერთობა ამ საკითხში შემოიტანა 1166 წელს გამართულმა კონსტანტინოპოლის კრებამ, რომელმაც ძველ წეს-განგებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მარხვა ქრისტეშობამდე ორმოცი დღით ადრე დაწყებულიყო.

 

world
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way