USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 27 ივლისს?
თარიღი:  568

27 ივლისს, ახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოციქული აკვილა - სამოცდაათთაგანი (I)

 წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ... პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად, გაეცნო აკვილას და „რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა“ - კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს (საქმე; 18,3).

პავლეს ხელით ნათელღებული აკვილა და პრისკილა მისი ერთგული მოწაფეები გახდნენ და თან ახლდნენ წმიდანს ეფესოში მოგზაურობისას. როცა მოახლოებული სულთმოფენობის დღესასწაულზე დასასწრებად ნეტარი მოციქული იერუსალიმში გაემგზავრა, თავისი არყოფნისას ეფესოში სახარების სწავლება ღვთისმოყვარე ცოლ-ქმარს მიანდო. სწორედ ამ დროს ჩავიდა ქალაქში „ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით“. სულით მდუღარე და „სიტყუა-მეცნიერი“ მქადაგებელი შესაკრებელსა შორის „ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი“. აკვილამ და პრისკილამ შეიტყვეს ამის შესახებ, „მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ“ (საქმე; 18, 24-27).

კლავდიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ ებრაელებს კვლავ დართეს იტალიაში ცხოვრების ნება და წმიდა მეუღლეებიც რომს დაუბრუნდნენ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ასე იგონებს ერთგულ მოწაფეებს: „კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკვილას, თანა-შემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა - იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულნი მათნი“ (რომ.; 16, 3-5). რომში აკვილა დიდხანს არ დარჩენილა: პავლე მოციქულმა იგი ასიის ეპისკოპოსად დაადგინა. წმიდანი იღვწოდა ასიაში, აქაიასა და ჰერაკლიაში; მოციქულებრივ საქმიანობაში მას დაუცხრომლად შეეწეოდა წმიდა პრისკილაც. ქრისტეს ერთგულ მსახურებს უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული. მათი უხრწნელი ნაწილების უმეტესობა რომშია დაცული.

წმიდა მოწამე იუსტოსი (I)

წმიდა მოწამე იუსტოსი წარმართი რომაელი მხედარი იყო. ერთხელ მან ზეგარდმო ჩვენებით უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იხილა, რის შემდეგაც ირწმუნა ქრისტე, მთელი თავისი ქონება გლახაკებს გაუნაწილა და, ღვთის ნებას მინდობილმა, ახალი ცხოვრება დაიწყო. უსჯულოებმა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს წმიდანი, სადაც მან გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამისთვის წმინდა იუსტოსი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ნეტარის სხეული უხრწნელი დარჩა.

ღირსი ელიოზ მონაზონი (IV)

ღირსი ელიოზ მონაზონი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სიყრმეშივე მიაბარეს მონასტერში, სადაც ღვთისმოყვარე მამებმა კეთილმსახურებით აღზარდეს. როცა მოწიფულობას მიაღწია, ნეტარმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა და დაუცხრომელი ღვაწლით სულიერი სრულყოფილება მოიგო: მას ნათელხილვის ნიჭი მიემადლა უფლისგან - ცხადად ჭვრეტდა თანამოსაუბრეთა აზრებს და სულიერ განწყობილებას. დიდ სარწმუნოებასთან შერწყმული საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით ელიოზი ველურ მხეცებსაც იმორჩილებდა. ერთხელ უდაბნოში მძიმე ტვირთის ზიდვით ქანცგამწყდარმა მამამ ილოცა, კანჯარს მოუხმო, ბარგი აჰკიდა და სავანემდე მიატანინა. იყო შემთხვევა, როცა წმიდანს მდინარე უნდა გადაელახა, მაგრამ ნავი არსად ჩანდა. მან წყლიდან ნიანგს გამოუხმო, მის ზურგზე შედგა და ისე გააღწია მეორე ნაპირზე.

სავანის ერთმა ახალგაზრდა მორჩილმა ნეტარ ელიოზს მასთან ერთად უდაბნოში მოღვაწეობაზე სთხოვა კურთხევა. ღირსმა მამამ ჭაბუკი გააფრთხილა იმ მძიმე ღვაწლისა და სასტიკი საცდურების შესახებ, რომელიც განდეგილთა ცხოვრებას ახლავს თან, მაგრამ მოწესე ისე გულწრფელად და დაჟინებით ითხოვდა თავისას, რომ ბოლოს წმიდანი დათანხმდა. პირველსავე ღამეს საშინელი ჩვენებებით დამფრთხალი მორჩილი ერთიანად აკანკალებული მოვარდა ელიოზის მღვიმეში. ნეტარმა დაამშვიდა იგი, უკანვე გააბრუნა, ჯვრის ნიშით აღბეჭდა მისი გამოქვაბული და უთხრა, ამიერიდან ბოროტი ხილვები არ შეგაშფოთებენო. ყმაწვილი ენდო მის სიტყვებს, დარჩა სენაკში და დაყუდებული მოღვაწეობით ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ თავისი წმიდა მოძღვარივით საჭიროების დროს მასაც ანგელოზი უზიდავდა საკვებს.

ელიოზ მონაზონმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედი (IV)

ღირსმა ონისიმე საკვირველთმოქმედმა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნისას ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის აწამეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. შემდეგ ნეტარმა მამამ მაგნეზიაში (მცირე აზია) მონასტერი ააშენა და იქვე მიიცვალა ღვთივსათნო ღვაწლში.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის