USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 26 თებერვალს?
дата:  972

26 თებერვალს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მარტინიანე (V), ღირსი ზოია და ფოტინე (V)

13 (26) თებერვალი

ღირსი მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის სათნო ღვაწლში, სრულ მდუმარებაში და კურნების ნიჭიც მიემადლა, მაგრამ ადამიანთა მოდგმის მტერი არ ცხრებოდა და ათასგვარი საცდურით ცდილობდა მის მონადირებას. ერთხელ, ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შესძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც, ვისი კეთილმსახურების ამბავიც მთელს ქალაქს მოედო. იგი წმიდა მამის კელიას ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი ითხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეივრდომა. მაგრამ აი, ცბიერმა სტუმარმა სხვა, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა და მოსაგრის ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა გარეთ გავიდა, კოცონი დაანთო და გავარვარებულ ნაკვერცხლებზე შიშველი ფეხებით შედგა, თან საკუთარ თავს ეუბნებოდა: „გიმძიმს, მარტინიანე, ამ დროებითი ცეცხლის გაძლება? როგორღა გაუძლებ დემონის მიერ შენთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლს?!“ ამ სანახაობით თავზარდაცემულმა მეძავმა შეინანა თავის შეცოდება და წმიდანს შესთხოვა, ცხონების გზაზე დაეყენებინა. მარტინიანეს კურთხევით, იგი ბეთლემში, წმიდა პავლას მონასტერში გაემგზავრა, სადაც 12 წელი ცდილობდა მკაცრი მოღვაწეობით სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღებას. ეწია კიდეც ნეტარ აღსასრულს. ამ ქალს ზოია ერქვა.

დამწვრობათაგან განკურნებული ახოვანი მოსაგრე უდაბურ, კლდოვან კუნძულზე დაემკვიდრა და აქ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა რამდენიმე წლის მანძილზე. იგი იკვებებოდა საზრდელით, რომელსაც დროდადრო უზიდავდა ერთი მენავე. სანაცვლოდ ღირსი მამა მას კალათებს უწნავდა.

ერთხელ, ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და სამგზავრო ხომალდი დაიღუპა. მის ნამსხვრევს ჩაჭიდებული ასული ფოტინია ზღვის ტალღებმა კუნძულთან მოაგდო. ღირსი მამა დაეხმარა მას ნაპირზე გამოსვლაში და უთხრა: „დარჩი აქ, აი, პური და წყალი, ორი თვის შემდეგ კი მენავე მოვა!“- ეს თქვა წმიდანმა, ზღვაში გადაეშვა და გასცურა. ხმელეთზე იგი ორმა დელფინმა გამოყვანა. ამ დღიდან ნეტარი მარტინიანე მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ ათენში ჩასული ღირსი მამა დასნეულდა. მან აღსასრულის მოახლოება იგრძნო, ტაძარში შევიდა, იატაკზე გაწვა, ეპისკოპოსს მოუწოდა და სთხოვა, დაეკრძალა მისი ცხედარი. ეს მოხდა 422 წელს.

ნეტარი ქალწული ფოტინია კუნძულზე დარჩა, ექვსი წლის განმავლობაში იღვაწა აქ განმარტოვებით , შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მენავემ, რომელიც მარტინიანეს მსგავსად, მასაც უზიდავდა საზრდელს, წმიდანის ცხედარი პალესტინის კესარიაში გადაასვენა. ეპისკოპოსმა სამღვდელო დასთან ერთად იგი პატივით მიაბარა მიწას.

ღირსი ზოია და ფოტინე (V)

ღირსი ევლოგი ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+607-608)

13 (26) თებერვალი

ღირსი ევლოგი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი VI საუკუნის მოღვაწე იყო. იგი თავდაპირველად მაცხოვრის შობის იუსტინეს სავანეს წინამოძღვრობდა ანტიოქიაში, შემდეგ კი ალექსანდრიის კათედრაზე აღასაყდრეს. ახალ ხარისხში 27 წლის მანძილზე დაუცხრომლად იბრძოდა სხვადასხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ. ცნობები ევლოგის მოღვაწეობის შესახებ დაცულია ღირსი მამის, გრიგოლ დიოლოღოსისადმი მიმართულ წერილებში.

წმიდა ევლოგი 607 ან 608 წელს გარდაიცვალა. მისი თხზულებები მხოლოდ ნაწილობრივ, პატრიარქი ფოტის ამონაწერების სახითაა შემორჩენილი. ისინი ძირითადად ქრისტეს ორბუნებოვნებას ეხება და მის დროს გავრცელებული სხვადასხვა ერესის წინააღმდეგაა მიმართული. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მისმა მხოლოდ ერთმა, ბზობის კვირიაკეს წარმოთქმულმა ქადაგებამ.

ღირსი სვიმეონი-სერბეთის მეფე, მირონ-მდინარე (+1200)

13 (26) თებერვალი

ღირსი სვიმეონ მირონმდინარე, სერბეთის მეფე XII საუკუნეში ცხოვრობდა. მას ერობაში სტეფანე ნემანი ერქვა და სერბეთის დიდი ჟუპანი (მთავარი) იყო. სვიმეონმა ბევრი იღვაწა თავისი სამშობლოსათვის: გააერთიანა სერბეთის მიწების დიდი ნაწილი, დამოუკიდებლობა მოუპოვა ქვეყანას. ის გულმოდგინედ იცავდა თავის ერს ლათინთა მწვალებლობის თუ სხვა ერეტიკულ სწავლებათაგან. 80 წლის ასაკში სტეფანემ მიაშურა ათონს, სადაც თავისი წმიდა ცხოვრებით უკვე გაეთქვა სახელი მის ძეს - ღირს საბას (ხს. 12 იანვარს). აქ მათ ერთად განაახლეს ხილენდარის მიტოვებული მონასტერი, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული ბერები. წმიდა სვიმეონი ახოვანი მოსაგრე და ძმების ბრძენი მოძღვარი იყო. იგი 1200 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. ნეტარი მოღვაწის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. წმიდა საბამ მამის ნეშტი გადმოასვენა და მდინარე სტუდენცის ნაპირას მდებარე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა.

წმიდა მარტინე მოწყალე

13 (26) თებერვალი

წმიდა მარტინე მოწყალე სიყმაწვილიდანვე გამოირჩეოდა გულმოწყალებითა და გლახაკთა სიბრალულით. 20 წლის წმიდანმა, ჯერ კიდევ მოუნათლავმა, ქონების უპოვართათვის დარიგება დაიწყო და მალე არაფერი შერჩა, გარდა ერთი სამოსლისა და დანისა.

ერთხელ, ზამთარში, საშინელ სუსხში მან დაინახა გლახაკი, რომელიც ქალაქის ჭიშკართან მოწყალებას ითხოვდა, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. წმიდა მარტინეს გული შეეკუმშა სიბრალულისგან, ტანსაცმელი გაიძრო და დანით გაჭრა: ნახევარი მათხოვარს მისცა, მეორე ნახევრით კი სიშიშვლე დაიფარა. ბევრი სიცილს აყრიდა უცნაურად ჩაცმულ ნეტარს, ღამით კი ყინვისგან გატანჯულმა მარტინემ იხილა თავად უფალი იესო ქრისტე, შემოსილი მისი სამოსელის იმ ნაწილით, რომელიც გლახაკს მისცა. მაცხოვარმა ანგელოზებს პერანგის ნაფლეთებზე მიუთითა და თქვა: „მარტინემ ჯერ კიდევ ნათლობამდე შემმოსა ამ სამოსით, მე კიდევ დიდებით შევმოსავ მას და სიკვდილის შემდეგ ჩემს სასუფეველში მოვუწოდებ“. გამოღვიძებული უფლის რჩეული ტაძრისკენ გაეშურა და მოინათლა. შემდგომი ცხოვრების მანძილზე, იგი უხვად გასცემდა მოწყალებას, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა.

аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати