26 ივლისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა
კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა ხარების მომდევნო დღეს, 26 მარტს იზეიმება (იხ. ამ დღის საკითხავი). 13 ივლისს ეს დღესასწაული ხელმეორედ აღინიშნება. როგორც ჩანს, მისი დაწესების მიზეზი შეიქნა XVIII საუკუნეში წმიდა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის აგება კონსტანტინოპოლში
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი იოანე დამასკელის (ხს. 4 დეკემბერს) ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოსაგრეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს... წმიდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირსი მამის ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ აღწერა (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი).
წმიდა იულიანე - კენომანიის ეპისკოპოსი (I)
წმიდა იულიანე - კენომანიელი ეპისკოპოსი პეტრე მოციქულმა აკურთხა მღვდელმთავრად. მას აიგივებენ სიმონ კეთროვანთან (მკ. 14,3), რომელსაც ნათლისღებისას იულიანე ეწოდა.
პეტრე მოციქულმა წმიდა იულიანე სახარების საქადაგებლად გალიაში გაგზავნა. ნეტარი ჩავიდა იტალიის სამხრეთით, კენომანიაში; ქალაქგარეთ, როგორც ჩანს, კრემონის მახლობლად, პატარა ქოხში დამკვიდრდა და წარმართთა შორის სახარების ქადაგება დაიწყო. კერპთმსახურები თავდაპირველად გულგრილად უსმენდნენ უცხოტომელს, მაგრამ მის მიერ აღსრულებული სასწაულების ხილვამ მათ გულებში თანდათან იულიანესადმი ნდობა გააღვივა. უამრავი ადამიანი მიდიოდა ნეტართან დახმარების სათხოვნელად. ისიც კურნავდა სნეულებებს და თან სულის წყლულებს წამლობდა - ქრისტეს სარწმუნოების ნათლით ანათლებდა უღმერთობის წყვდიადში მყოფთ.
წმიდა მამამ, მრავალრიცხოვან მნახველთათვის წყურვილი რომ მოეკლა, ილოცა, გამხმარ მიწას კვერთხი დაჰკრა და წყარო აღმოაცენა. ამ სასწაულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმიდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა.
მთავრის მიბაძვით, მის ქვეშევრდომთა უმეტესობაც შეუდგა ქრისტეს. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოს სულიერი განათლებისთვის და კვლავინდებურად სულიწმიდის მადლით კურნავდა სნეულებს, მგლოვიარე მშობლების სიბრალულით აღძრულ წმიდანს მათი მიცვალებული შვილების მკვდრეთით აღდგინებაც გამოუთხოვია უფლისგან.
ქრისტეს ერთგულმა მსახურმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამე სერაპიონი (II-III)
წმიდა მოწამე სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მოღვაწეობდა. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი შეიპყრეს და მმართველ აკვილას სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამით გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს ნეტარი.
მაცხოვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით გაამხნევა და ჭრილობათაგან განკურნა უფლის რჩეული. როცა უღმრთოებმა სამსჯავროზე ხელახლა წარმდგარი სერაპიონი სრულიად უვნებელი იხილეს, განრისხებულება ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილმა კოცონზე შეჰვედრა სული უფალს (+205).
წმიდა მოწამე მარკიანე (+258)
წმიდა მოწამე მარკიანე ლიკაონიის იკონიაში დაიბადა. თავისი მხურვალე ქადაგებით მან სიჭაბუკეშივე ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამისთვის კერპმსახურებმა წმიდანი აწამეს, შემდეგ კი კაბადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. უსჯულო ხელისუფალი ხან ლიქნით, ხან მუქარით ცდილობდა ჭაბუკის გადაცდენას მაცხოვნებელი გზიდან, მაგრამ იგი მედგრად აღიარებდა ქრისტეს და ამხელდა უსულო კერპების მსასოებელი მმართველის უგნურებას. განრისხებულმა პერენიუსმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი მარტვილი, მაგრამ სატანჯველებმა ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. ბოლოს უღმრთოებმა მარკიანეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+258).