USD 2.7207
EUR 2.9509
RUB 2.8314
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 25 სექტემბერს?
 152

25 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (+1795)

წმიდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს.

საქართველო თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდამ მტერთა აგრესიას განიცდიდა.

1795 წელს ირანელები ოცდათხუთმეტათასიანი ჯარით კვლავ საქართველოსკენ გამოემართნენ საბრძოლველად. მეფე ერეკლე „ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა“, თვითონ ჩაუდგა ლაშქარს სათავეში, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფემ ასორმოცდაათკაციანი ამალით, რომელშიც თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. სამშვიდობოს გასულმა იხილა, თუ როგორ თელავდნენ სამშობლოსათვის თავდადებულთა გვამებს და როგორ შედიოდნენ დედაქალაქში ურჯულოები. მან უკან შემოაბრუნა ცხენი, უნდოდა შეკვდომოდა მტერს, მაგრამ აღარ გაუშვეს, ძალით გაიყვანეს გაღმა. ხიდზე გასულმა მეფემ წმიდა აბოს შეავედრა საქართველო. 11 სექტემბერს, ღამით, მთელი თბილისი ცეცხლის ალში გაეხვია, ძარცვავდნენ და კლავდნენ მოსახლეობას, ცეცხლს მისცეს წიგნსაცავები, დაარბიეს სტამბა, გაძარცვეს ეკლესიები, გაიძარცვა მეფე ერეკლეს სასახლეც. ურჯულოები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ სასულიერო პირებს, თავებს ჭრიდნენ და მტკვარში ყრიდნენ მათ წმიდა სხეულებს.

ქალაქის დარბევისა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მტრებმა შეიპყრეს თბილელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი, უამრავი ჭრილობა მიაყენეს ხმლებით და მტკვრის პირას მიიყვანეს სხვა დატყვევებულ მღვდელმსახურებთან ერთად.

ვერანაირი სატანჯველებით ვერ გატეხეს ღვთისმსახურთა სარწმუნოება, წმიდა დოსითეოსმა და მთელმა მისმა სამღვდელო დასმა სიკვდილი ირჩია ქრისტესთვის. უსჯულოები ხელ-ფეხშეკრულ სამღვდელოებს სათითაოდ აგდებდნენ მდინარეში, წმიდა დოსითეოსს კი „სამღვდელმთავრი შეღავათი მისცეს“ - წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისული მღვდელმთავარი ხელ-ფეხშეუკვრელი გადააგდეს მტკვარში.

ღირსი გიორგი ჭყონდიდელი (+1118)

ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო.

მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.

1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმიდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“.

წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.

გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა, ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

მეუფე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისა და ეკლესიისათვის და „იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე“.

დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

მღვდელმოწამე ავტონომე - იტალიელი ეპისკოპოსი (+313)

მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მან დატოვა თავისი ქვეყანა, ბითვინიაში, სორეად წოდებულ ადგილას დამკვიდრდა უცხოთშეწყნარებით ცნობილ კორნილიუსთან და იქ განაგრძო ღვთის სიტყვის ქადაგება. მალე ნეტარმა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ააგო, სადაც კორნილიუსი ჯერ დიაკვნად დაადგინა, შემდეგ კი - მღვდლად აკურთხა. ამ ხანებში ავტონომემ სახარების სწავლებით ლიკაონია და ისავრიაც მოიარა.

ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ ავტონომემ კორნილიუსს ეპისკოპოსად დაასხა ხელი, თავად კი ასიაში გაემგზავრა. შემდგომ იგი სორეის მახლობელ სოფელ ლიმნეში ჩავიდა. აქ წმიდა ავტონომეს ქადაგებით ქრისტიანობაზე მოქცეული ყოფილი წარმართები „მიუჴდეს ტაძარსა მას კერპთასა“, დაამსხვრიეს კერპები, „მიწასა და მტუერსა შინა აღჰრინეს და აჩუენეს მსახურთა მათთა უძლურებაჲ სამსახურებელთა მათთაჲ“. კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმიდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში - „სისხლი მისი დასთხიეს წმიდასა მას ზედა ტრაპეზსა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსი პირველად, რომელიც ღაღადებდა ღმრთისა მიმართ უფროჲს აბელის სისხლისა უბრალოდ დათხეულისა“. დიაკონისა მარიამმა და სხვა მორწმუნეებმა მღვდელმოწამის პატიოსანი ნეშტი კრძალვით მიაბარეს მიწას.

კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობაში წმიდა ავტონომეს საფლავზე ტაძარი ააგეს. დაახლოებით 430 წელს ერთმა მღვდელმთავარმა დაზიანებული საყდარი, მთლიანად დაარღვევინა და სხვა ადგილას გადაატანინა. 60 წლის შემდეგ სასწაულებრივი მინიშნებით მოხდა წმიდანის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება და აღმოყვანება, აშენდა მისი სახელობის ტაძარიც.

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე და მასთან 40 მოწამე (IV)

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ ანკვირიის მახლობლად. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მან თავის ორმოც თანამოაზრესთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ გალატიის ოლქის მმართველმა შეიტყო, შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გააფთრებულებმა, გააშიშვლეს იგი და გახურებულ რკინის ცხაურზე დააყენეს, მაგრამ როცა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, ანგელოზმა ცეცხლის მხურვალება განაქარვა და მოწამე უვნებელი დარჩა. მმართველის შეკითხვაზე, თუ ვინ იყო იგი და როგორ დაშრიტა ცეცხლი, ნეტარმა მიუგო: „მე ღვთისმსახური ვარ!“ ჯალათებმა მოიყვანეს იულიანეს მხცოვანი დედა და დაემუქრნენ, რომ თუ ძეს მსხვერპლშეწირვაზე ვერ დაითანხმებდა, ძალას იხმარდნენ მასზე. ქრისტეს ახოვანმა მხევალმა მიუგო, თუ ჩემი ნების წინააღმდეგ შებილწავთ ჩემს სხეულს, ეს უფლის წინაშე ცოდვად კი არ შემერაცხება, პირიქით, მოწამეობრივ ღვაწლად ჩამეთვლებაო. უსჯულოებმა გაათავისუფლეს ნეტარი დედა, იულიანეს კი სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. უკანასკნელ ლოცვაში წმიდანმა მხურვალე მადლობა შესწირა უფალს, ევედრა, სატანჯველთა დათმენის ძალი მიემადლებინა მისთვის და მახვილს მორჩილად მოუდრიკა ქედი. ამ დროს ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც უფლის რჩეულს სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ეს ხმა გამოქვაბულში გახიზნულმა ქრისტიანებმაც გაიგონეს, ნებით გამოცხადდნენ წმიდა იულიანეს წამების ადგილას და თვითონაც ახოვნად აღიარეს ქრისტე. წმიდანები მმართველს მიჰგვარეს, მან კი მარტვილებისთვის თავების მოკვეთა ბრძანა (წმიდა მღვდელმოწამე იულიანე 13 სექტემბერსაც იხსენიება).

წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელი

წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. ცნობილია, რომ იგი დაიბადა ალექსანდრიაში. მხურვალე ქადაგებებითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი მამა საშინლად სძულდათ ალექსანდრიელ წარმართებს. ერთ-ერთი ქადაგების დროს ისინი გარს შემოერტყნენ ნეტარს და შეიპყრეს. წმიდა მღვდელმთავარს წინააღმდეგობა არ გაუწევია. უსჯულოებმა სასტიკად გვემეს იგი, ეკლის გვირგვინი დაადგეს თავს, ქალაქში დაატარებდნენ და დასცინოდნენ, შემდეგ ზღვის ნაპირას აღმართულ კლდეზე აიყვანეს და მორევში ჩააგდეს. უეცრად ქარი ამოვარდა და ტალღებმა უფლის სათნომყოფელი უვნებლად გამორიყა ნაპირზე. გაოგნებულმა უღმრთოებმა ნეტარი თეოდორე ქალაქის თავს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა კი ბრძანება გასცა, სასტიკად ეწამებინათ იგი. მხნე აღმსარებლის ბაგეებს ლოცვის გარდა არც ერთი სიტყვა არ დასცდენია. ბოლოს უღონოქმნილმა წარმართებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მღვდელმოწამე კორნუტი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (III)

მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი (სხვა ცნობით - იკონიელი) ეპისკოპოსი იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) ზეობაში ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ნებით გამოცხადდა იკონიის მმართველთან, ამხილა იგი კერპთმსახურებაში და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის წმიდა კორნუტი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ფეხებზე ბორკილები დაადეს. ქალაქის ქუჩებში დაატარებდნენ ხალხის დასაცინად. ნეტარს სისხლი ღვარად სდიოდა ფეხებიდან. ბოლოს წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს (ბერძნულ თვენსა და სხვა წყაროებში მღვდელმოწამე კორნუტი კურნუტის სახელით იხსენიება. იხ. 17 აგვისტოს საკითხავიც).

 

область
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати