25 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს.
საქართველო თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდამ მტერთა აგრესიას განიცდიდა.
1795 წელს ირანელები ოცდათხუთმეტათასიანი ჯარით კვლავ საქართველოსკენ გამოემართნენ საბრძოლველად. მეფე ერეკლე „ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა“, თვითონ ჩაუდგა ლაშქარს სათავეში, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფემ ასორმოცდაათკაციანი ამალით, რომელშიც თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. სამშვიდობოს გასულმა იხილა, თუ როგორ თელავდნენ სამშობლოსათვის თავდადებულთა გვამებს და როგორ შედიოდნენ დედაქალაქში ურჯულოები. მან უკან შემოაბრუნა ცხენი, უნდოდა შეკვდომოდა მტერს, მაგრამ აღარ გაუშვეს, ძალით გაიყვანეს გაღმა. ხიდზე გასულმა მეფემ წმიდა აბოს შეავედრა საქართველო. 11 სექტემბერს, ღამით, მთელი თბილისი ცეცხლის ალში გაეხვია, ძარცვავდნენ და კლავდნენ მოსახლეობას, ცეცხლს მისცეს წიგნსაცავები, დაარბიეს სტამბა, გაძარცვეს ეკლესიები, გაიძარცვა მეფე ერეკლეს სასახლეც. ურჯულოები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ სასულიერო პირებს, თავებს ჭრიდნენ და მტკვარში ყრიდნენ მათ წმიდა სხეულებს.
ქალაქის დარბევისა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მტრებმა შეიპყრეს თბილელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი, უამრავი ჭრილობა მიაყენეს ხმლებით და მტკვრის პირას მიიყვანეს სხვა დატყვევებულ მღვდელმსახურებთან ერთად.
ვერანაირი სატანჯველებით ვერ გატეხეს ღვთისმსახურთა სარწმუნოება, წმიდა დოსითეოსმა და მთელმა მისმა სამღვდელო დასმა სიკვდილი ირჩია ქრისტესთვის. უსჯულოები ხელ-ფეხშეკრულ სამღვდელოებს სათითაოდ აგდებდნენ მდინარეში, წმიდა დოსითეოსს კი „სამღვდელმთავრი შეღავათი მისცეს“ - წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისული მღვდელმთავარი ხელ-ფეხშეუკვრელი გადააგდეს მტკვარში.
ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო.
მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.
1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმიდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“.
წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.
გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა, ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
მეუფე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისა და ეკლესიისათვის და „იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე“.
დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.
ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ ავტონომემ კორნილიუსს ეპისკოპოსად დაასხა ხელი, თავად კი ასიაში გაემგზავრა. შემდგომ იგი სორეის მახლობელ სოფელ ლიმნეში ჩავიდა. აქ წმიდა ავტონომეს ქადაგებით ქრისტიანობაზე მოქცეული ყოფილი წარმართები „მიუჴდეს ტაძარსა მას კერპთასა“, დაამსხვრიეს კერპები, „მიწასა და მტუერსა შინა აღჰრინეს და აჩუენეს მსახურთა მათთა უძლურებაჲ სამსახურებელთა მათთაჲ“. კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმიდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში - „სისხლი მისი დასთხიეს წმიდასა მას ზედა ტრაპეზსა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსი პირველად, რომელიც ღაღადებდა ღმრთისა მიმართ უფროჲს აბელის სისხლისა უბრალოდ დათხეულისა“. დიაკონისა მარიამმა და სხვა მორწმუნეებმა მღვდელმოწამის პატიოსანი ნეშტი კრძალვით მიაბარეს მიწას.
კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობაში წმიდა ავტონომეს საფლავზე ტაძარი ააგეს. დაახლოებით 430 წელს ერთმა მღვდელმთავარმა დაზიანებული საყდარი, მთლიანად დაარღვევინა და სხვა ადგილას გადაატანინა. 60 წლის შემდეგ სასწაულებრივი მინიშნებით მოხდა წმიდანის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება და აღმოყვანება, აშენდა მისი სახელობის ტაძარიც.