USD 2.7171
EUR 2.9516
RUB 2.7992
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 25 ნოემბერს?
Date:  449

25 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი (VII)

12 (25) ნოემბერი

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ მისგან და მის საყდართან წარგადგენ, რადგან არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე“. წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება - უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს“, - ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, წუხელ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა“. მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის“. იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა - ზეციური გამოცხადება იყო და საკუთარ თავს უთხრა: „სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!“ ამ დღიდან მოყოლებული წმიდანი საოცრად გულმოწყალე გახდა.

ახალგაზრდობაში იოანე დაცოლშვილებული იყო, მაგრამ მალე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ იგი ბერად შედგა და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.

სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას შორს გაუთქვა სახელი და, როცა ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641) და სასულიერო პირთა დასმა მას სთხოვეს, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა. იოანე თავმდაბლობის გამო დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.

ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, ებრძოდა მწვალებლურ სწავლებებს, მაგრამ თავის მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა. საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან მცირე ხნის შემდეგ იოანემ ეკლესიის იკონომოსებს უბრძანა, დაედგინათ მთელი ქალაქის გაჭირვებული მოსახლეობის რაოდენობა. ჩამოწერეს შვიდიათას ხუთასი გლახაკის სია, რომელთაც წმიდანი იმ დროიდან მოყოლებული საეკლესიო ქონებიდან ყოველდღიურ ულუფას აწვდიდა.

პატრიარქი კვირაში ორი დღე - ოთხშაბათი და პარასკევი - ეკლესიის კარებთან იჯდა და ყველა მოსულს გულმოდგინედ უსმენდა და ეხმარებოდა. ზოგს აკვირვებდა ნეტარის ასეთი მოთმინება, ის კი ამბობდა: „თუ მე ყოველთვის შემიძლია მივმართო ჩემს უფალს, იესო ქრისტეს და ლოცვით გამოვითხოვო, რაც მსურს, ჩემთან მოსვლა როგორ უნდა ავუკრძალო მოყვასს?“ იმ დღეს, როცა წმიდა მამას არავინ თხოვდა შემწეობას, იგი მეტად გულნატკენი რჩებოდა. ნეტარს მოწყალების საქმის გადადება არ უყვარდა: ნათესავებისგან შევიწროებული ერთი გლახაკი ქვრივი ქალი იოანეს მაშინ მიუახლოვდა ჩივილით, როცა იგი ტაძრისკენ მიდიოდა. თანმხლებნი პატრიარქს ურჩევდნენ, საეკლესიო მსახურების შემდეგ მოესმინა მისთვის, წმიდანმა კი უპასუხა: „თუ მის მოსმენას არ ვისურვებ, ჩემსას შეისმენს კი უფალი?“

იოანე კვირაში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოებში და სნეულებს შეეწეოდა. როცა სპარსელებმა დაარბიეს იერუსალიმი და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, წმიდა პატრიარქმა საეკლესიო ხაზინის დიდი ნაწილი გაიღო მათ გამოსასყიდად.

წმიდანი მათხოვრებს არასდროს ისტუმრებდა უარით. ერთხელ საავადმყოფოსკენ მიმავალ მღვდელმთავარს გლახაკი შეხვდა. მეუფემ ბრძანა, ექვსი ვერცხლი მიეცათ მისთვის. მათხოვარმა ტანსაცმელი გამოიცვალა, დაეწია იოანეს და ისევ მოწყალება სთხოვა. წმიდანმა კვლავ ექვსი ვერცხლი გაუწოდა. მაშინ კი, როცა გლახაკმა ნეტარს მესამეჯერ გაუშვირა ხელი მოწყალების მისაღებად და მსახურებმა გაგდება დაუპირეს, პატრიარქმა თქვა: „იქნებ ქრისტე მცდის“, და მათხოვრისთვის თორმეტი ვერცხლის მიცემა ბრძანა.

ერთხელ პატრიარქს იკონომოსმა ამცნო, რომ მოწყალების სათხოვნელად ზოგჯერ კარგად ჩაცმული ადამიანებიც მოდიოდნენ და ჰკითხა, მათაც სხვებივით უნდა დავეხმაროთო? იოანემ უპასუხა: „თუ ქრისტეს მონა ხარ, მოიქეცი ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა: ისე გაეცი მოწყალება, რომ მთხოვნელს სახეში არ შეხედო. ჩვენ ჩვენსას კი არა, ქრისტესას გავცემთ; ქრისტეზე მდიდარი კი ვინ შეიძლება იყოს?“ მართლაც, პატრიარქი ბევრს გასცემდა, მაგრამ უფალი ყოველთვის გამოაჩენდა ხოლმე კეთილ ადამიანებს, რომელთა შემოწირულობებითაც თითქმის დაცარიელებული ხაზინა კვლავ ივსებოდა.

ერთხელ იოანესთან ერთი მდიდარი დიდებული მივიდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ნახა, რომ მის საწოლზე უხარისხო და უკვე ნახევრად გაცვეთილი საბანი იყო გადაფარებული. როცა შინ დაბრუნდა, მან წმიდანს ახალი, ოცდათექვსმეტ ოქროდ ღირებული ფარჩის საბანი გაუგზავნა. უფლის რჩეულს არ სურდა გულწრფელი შემომწირველის გაწბილება და იმ ღამით ის საბანი დაიხურა, მაგრამ როცა გამოეღვიძა, მოაგონდა გლახაკები, მწირები და უსახლკაროები და გადაწყვიტა, გაეყიდა ძვირფასი საჩუქარი. დილით ბაზარში შემთხვევით გასულმა მდიდარმა ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი თავისი საბანი ნახა, შეისყიდა და კვლავ გაუგზავნა მწყემსმთავარს. წმიდანმა მადლობით მიიღო ძღვენი, შემდეგ კი ისევ გასაყიდად გაგზავნა. დიდებულმა კვლავ შეისყიდა იგი და პატრიარქს დაუბრუნა. როცა ასე რამდენჯერმე განმეორდა, იოანემ შეუთვალა მდიდარს: „ვნახოთ, ვინ უფრო ადრე დაიღლება: მე, რომელმაც გადავწყვიტე გავყიდო, თუ შენ, რომელმაც დაიჟინე იყიდო და მე გამომიგზავნოო“. ასე გამოიყენა წმიდანმა დიდებულის მისადმი კეთილგანწყობა გლახაკთა სასარგებლოდ.

წმიდა იოანე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი იძულებული გახდა, ცოდვით დაცემული ერთ-ერთი ღვთისმსახური ეკლესიიდან განეკვეთა. შემცოდე გაბოროტდა პატრიარქზე. როცა წმიდანი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, მოაგონდა სახარების სიტყვები: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მთ. 5, 23-24). იგი გამოვიდა საკურთხევლიდან, თავისთან მოუწოდა შემცოდე შვილს, მუხლებზე დაემხო მის წინაშე და საჯაროდ სთხოვა შენდობა. შეძრწუნებული ღვთისმსახური სინანულში ჩავარდა და შემდგომ კეთილმსახური მღვდელიც გახდა.

ერთხელ იოანე ერთმა საერო ხელისუფალმა გლახაკთა გამოსარჩლებისთვის საშინლად შეურაცხყო. იმავე დღეს, მზის ჩასვლის წინ ნეტარმა კაცი გაგზავნა თავის შეურაცხმყოფელთან და შეუთვალა: „მალე მზე ჩავა, შევრიგდეთ“. ხელისუფალი ისე შეძრა ამ სიტყვებმა, რომ არა მარტო შეურიგდა მშვიდობისმყოფელ მღვდელმთავარს, არამედ აღთქმა დადო, რომ ამიერიდან ყოველგვარი შუღლის თავიდან აცილებას შეეცდებოდა.

ერთი მდაბიო უპატიოდ მოექცა პატრიარქის ახლო ნათესავს, გიორგის. ეს უკანასკნელი აღშფოთდა, წმიდანთან მივიდა და სთხოვა, შური ეძია მის შეურაცხმყოფელზე. მღვდელმთავარმაც აღუთქვა, ისე მივუზღავ მას, რომ მთელი ალექსანდრია გაოცდებაო. ამან გიორგი დაამშვიდა. მაშინ იოანემ დამოძღვრა იგი, შეაგონა, აუცილებელია, ვიქონიოთ სიმშვიდე და სიმდაბლეო, შემდეგ კი შეურაცხმყოფელს მოუხმო და განაცხადა, მას მიწის საეკლესიო გადასახადისაგან ვათავისუფლებო. ალექსანდრია მართლაც გააოცა ამგვარმა „შურისძიებამ“.

ნეტარი მამა საოცრად ფრთხილობდა სხვების განსჯისას, ამბობდა, ნურავის განვიკითხავთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ცუდ საქმეს ვხედავთ, ცოდვილის ჩვენგან დაფარულ სინანულსა და მწუხარებას კი - ვერაო.

წმიდა იოანეს - მკაცრ ასკეტსა და მლოცველს, სიკვდილის მარადიული ხსოვნა გააჩნდა. მან თავისთვის კუბო შეუკვეთა, მაგრამ ოსტატებს უბრძანა, არ დაესრულებინათ იგი და ყოველ დღესასწაულზე მოსულიყვნენ მასთან შეკითხვით, მუშაობის დამთავრების დრო ხომ არ დადგაო.

ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს - კვიპროსის გავლით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა - სიზმრისეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა“. პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სიკვდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+616, 619 ან 620 წელს). ნეტარი იმავე ქალაქში, წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოანე 11 ნოემბერს მიიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ეგვიპტეში საზეიმოდ აღინიშნებოდა წმიდა მოწამე მინას ხსენება, ალექსანდრიაში კი - ღირსი თეოდორე სტუდიელისა, ეკლესიამ მის მოსახსენებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.

ღირსი ნილოს მმარხველი (V)

12 (25) ნოემბერი

ღირსი ნილოს მმარხველი, წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფე, კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა IV-V საუკუნეში. მან მშვენიერი განათლება მიიღო, რის შემდეგაც, ჯერ ისევ ახალგაზრდა, დედაქალაქის პრეფექტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე გაამწესეს. ამ დროისათვის ნილოსი უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. მეუღლეებს, რომელთა ცხოვრებასა და მსოფლმხედ-ველობაზე დიდ გავლენას ახდენდა ნეტარი იოანე ოქროპირი, სულს უმძიმებდა სამეფო კარის ბრწყინვალე ყოფა. მათ გადაწყვიტეს, გაყრილიყვნენ და მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდნენ. ნილოსის მეუღლემ ასულთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ დედათა მონასტერს მიაშურა, თავად ნილოსი კი ძესთან, თეოდულესთან ერთად სინას მთაზე, საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დამკვიდრდა.

ღირსი მამა ორმოცი წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მრავალი განსაცდელი გადაიტანა წმინდანმა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც საკუთარი შვილის დაკარგვა იყო, რომელიც გასაყიდად მოსტაცეს მას ავაზაკებმა. მარხვით, ლოცვითა და შრომით სრულყოფილების მაღალ საფეხურს მიღწეულ წმიდანთან სიარული იწყეს ყველა ფენის ადამიანებმა - იმპერატორით დაწყებული მიწის მუშაკით დამთავრებული, რომლებიც მოუკლებლად ღებულობდნენ მისგან ნუგეშინისცემასა და სულიერ რჩევა-დარიგებებს. განმარტოებაში ღირსი ნილოსი ბევრს წერდა. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლეებმა, მათ შორის მამხილებელმა წერილებმა, მიმართულმა იმპერატორ არკადიუსისადმი (395-408), რომელმაც იოანე ოქროპირი განდევნა. ფართოდაა ცნობილი იოანე ოქროპირის ამ ღირსეული მოწაფის ასკეტური თხზულებები.

ღირსმა ნილოსმა დაკარგულ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ავაზაკებისაგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (+430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ.

წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე)

12 (25) ნოემბერი

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი ნილოს მირონმდინარე (XVII)

12 (25) ნოემბერი

ღირსი ნილოს მირონმდინარე დაიბადა საბერძნეთის ერთ პატარა სოფელში. წმიდანს ღვთისმოსავი მშობლები ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი აღზრდა ბიძამ, მღვდელ-მონაზონმა მაკარიმ იტვირთა. სრულწლოვანებას მიწევნული ნილოსი ბერად აღიკვეცა. მალე მას ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, მოგვიანებით კი - მღვდელ-მონაზვნად. ერთხანს უფლის რჩეული ბიძასთან ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ათონის წმიდა მთაზე წავიდნენ. იღუმენ ათანასეს კურთხევით ბიძა-ძმისწული დამკვიდრდა უდაბურ, მიუვალ და უწყლო ადგილას, რომელიც განსაკუთრებით მოხერხებული იყო მდუმარებისთვის. ამ ადგილს წმიდა ქვებს უწოდებდნენ. მოსაგრეები ფრიად დაშვრნენ აქ მცირე ტაძრისა და სენაკების მოსაწყობად, რის შემდეგაც ნეტარი მაკარი მალევე აღესრულა. მოძღვრის გარეშე დარჩენილი ნილოსი კიდევ უფრო მაღალ სულიერ ღვაწლს შეუდგა და დაეყუდა ისეთ ადგილას, რომელიც არათუ ადამიანებისთვის, მხეცებისთვისაც მიუდგომელი იყო. მან აქაც მოაწყო ეკლესია და იგი უფლის მირქმის სახელზე აკურთხა. ღვთის სათნომყოფელი მამა ამსოფლიდან განსვლის შემდეგ თავისი მღვიმის მახლობლად დაკრძალეს და იქვე დაუმაგრეს წარწერა, რომელიც, ღირსი ნილოსის ანდერძის თანახმად, მისი ლუსკუმის გახსნას კრძალავდა. მაგრამ უფალმა ინება, სიკვდილის შემდგომი სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: მის ნეშტს გადმოდინდა სურნელოვანი მირონი, რომელმაც ლუსკუმის მცირე ღიობიდან გამოჟონა. სიწმიდე ყველას დასანახად ციცაბო კლდის გზით უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ზღვისკენ (მანძილი საფლავიდან ზღვამდე შვეულად 128 მეტრია). ამ საკვირველმა მოვლენამ მრავლად მიიზიდა მართლმადიდებლები აღმოსავლეთის ყველა ქვეყნიდან. წმიდა მირონის ცხებითა და ღირსი ნილოსისადმი აღვლენილი ლოცვებით ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა.

ნილოს მირონმდინარის სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სასუფევლის მკვიდრი მამა 1913-1919 წლებში რამდენჯერმე ეჩვენა მთაწმინდელ ბერ თეოფანეს და წინასწარმეტყველურად გაუცხადა მომავალი. ეს ღვთაებრივი ხილვები აღწერილია წიგნში „ღირსი მირონმდინარე ნილოსის სიკვდილისშემდგომი წინასწარმეტყველებანი“. მასში ფართოდაა საუბარი ჩვენი სამყაროს ბოლო ჟამზე. ღირსმა მამამ იწინასწარმეტყველა საშინელი დრო, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: „ოდენ ძე კაცისა მოვიდეს, ჰპოვოს-მე სარწმუნოება ქვეყანასა ზედა“. წმიდა ნილოსმა ათონის მთაზე ხსნის მსურველებს, რომლებიც ღვთისმშობლის საფარქვეშ არიან, ამცნო, არ შეშფოთებულიყვნენ, არ შეძრწუნებულიყვნენ, არ დაეკარგათ რწმენა და არ გასცილებოდნენ წმიდა მთას მანამ, სანამ მას ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ დატოვებდა; ყოფილიყვნენ სინანულსა და ხსნის სასოებაში, მდუმარებასა და მორჩილებაში იმ მცირედის შესანარჩუნებლად, რაც დარჩება უწინდელი მაღალი მონაზვნური ცხოვრებიდან. ბიწიერების გამო წმიდა მთა ზღვაში ჩაიძირება - ეს მოხდება მაშინ, როცა ღვთისმშობელი თავის საფარველს მოაცილებს თავის წილხვედრ მიწას. მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წმიდა მთას გასცილდება, ბერებმა უნდა იჩქარონ ათონის დატოვება.

წმიდა მამა დაწვრილებით აღწერს საყოველთაო ანარქიას, რომელიც წინ წაუძღვება ანტიქრისტეს მოსვლას, წინასწარმეტყველებს მისი მოსვლის დროს, უკანასკნელი თაობის გარყვნილებას, ადამიანთა დაკნინებას, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების მოქმედებას ადამიანის გულზე, ენუქისა და ილიას ქადაგებებს ამ ბეჭდის წინააღმდეგ. ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებათაგან ბევრი უკვე ახდა, ბევრი კი ჩვენს თვალწინ სრულდება. დღეს წმიდა მამის ზოგიერთი უხრწნელი ნაწილი მისი ღვაწლით განწმენდილი გამოქვაბულის მახლობლად, ყველაწმიდის სახელობის ეკლესიაში ასვენია, სხვები კი - წმიდა ათანასეს ლავრაში.

region
კოკოითი - "გამიხარდა ივანიშვილის განცხადება.... გვაქვს პრეტენზიები. გუდაური და თრუსო ჩვენი ტერიტორიებია"

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოსი დებისა და ძმებისთვის ბოდიშის მოხდაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებამ გაახარა. ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიებზე პრეტენზიები აქვს".

"გამიხარდა ივანიშვილის განცხადება, რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია", - განაცხადა კოკოითმა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way