USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 25 აპრილს?
дата:  99

25 აპრილს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი ბასილი აღმსარებელი, პარიის ეპისკოპოსი (VIII)

12 (25) აპრილი

ღირსი ბასილი აღმსარებელი, პარიის ეპისკოპოსი (VIII) - როდესაც ხატმბრძოლობის ერესი წარმოიშვა, წმიდა ბასილი მხნედ გამოვიდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად და უარი განაცხადა ხელი მოეწერა კანონზე, რომელიც მათ განადგურებას ითვალისწინებდა. წმიდა ეპისკოპოსმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ერეტიკოსებთან და თავის ეპარქიაში არ უშვებდა მათ. სარწმუნოების ერთგულებისთვის მან მრავალი დევნა, შიმშილი, სიღატაკე დაითმინა და სიცოცხლის ბოლომდე წმიდად იცავდა მართლმადიდებელ დოგმატებს.

მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 260)

12 (25) აპრილი

მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი (+დაახლ. 360) წარმოშობით ბერძენი იყო და სირიაში ცხოვრობდა. სიყრმეშივე ბერად აღკვეცილი წმიდანი მონასტრების მოლოცვის შემდეგ ვერონაში ჩავიდა. სათნო ცხოვრებისათვის ვერონელებმა იგი ეპისკოპოსად აირჩიეს.

მაშინდელი იმპერატორები, კონსტანცი (353-361) და ვალენტი (364-378) მფარველობდნენ პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) მიერ დაგმობილ აროზის ერესს. წმიდა ზენონმა მრავალი შევიწროება გადაიტანა ერეტიკოსების მხრიდან. ქადაგებებსა და ეპისტოლეებში წმიდა ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას. წმიდა ზენონმა დაწერა 16 ვრცელი და 77 მცირე სწავლე და დარიგება. გარდაიცვალა დაახლ. 360 წელს.

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) აღწერს სასწაულს, რომელიც წმიდა ზენონის ხსენების დღეს მოხდა 558 წელს: მაშინდელმა წყალდიდობამ მთლიანად დატბორა ქალაქი ვერონა და მისი შემოგარენი, წყალმა წმიდა ზენონის სახელობის ტაძრის სარკმლებამდე მიაღწია, ტაძრის ღია კარებთან კი ზღუდესავით დადგა - სტიქიამაც ქედი მოიდრიკა წმიდა ზენონის სიწმიდის წინაშე.

ღირსი ისააკ ასური (+550)

12 (25) აპრილი

ღირსი ისააკ ასური (+550) - VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა. ერთ-ერთმა მნათემ წმიდა ისააკს პირმოთნე უწოდა და სილა გააწნა. ღვთის რისხვა მეყვსეულად დაატყდა თავს ამპარტავან მნათეს - ბოროტმა სულმა დასცა და აყვირდა: „ისააკი განდევნის“. როგორც კი ღირსი ისააკი დაიხარა იატაკზე დამხობილი შეპყრობილისაკენ, უწმინდურმა სულმა მსწრაფლ დატოვა გვემული.

მომხდარი ამბავი მთელ ქალაქს მოედო. წმიდანთან ხალხი მოდიოდა, სთავაზობდა დახმარებას და ფულს მონასტრის მოსაწყობად. თავმდაბალმა ბერმა ყველაფერზე უარი განაცხადა, ქალაქიდან გავიდა და განმარტოებულ ადგილას კელია აიშენა. მოღვაწის ირგვლივ მოწაფეები შეიკრიბნენ და მონასტერი დააარსეს. როცა მოწაფეები ეკითხებოდნენ, რატომ არ მიიღე შემოწირულობებიო, ღირსი ისააკი პასუხობდა: „მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“.

ღირსი ისააკი წინასწარხედვით მადლით იყო დაჯილდოებული. ამის შესახებ წერს წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) თხზულებაში „იტალიელ მამათა ცხოვრებანი და სასწაულნი“. ერთხელ წმიდანმა ბერებს უთხრა, ბოსტანში დაეტოვებინათ ბარები, დილისთვის კი საჭმელი მოემზადებინათ მუშებისთვის. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ქურდები აპირებდნენ მონასტრის გაძარცვას. ღვთის ნებით, მათ ბოროტი გადაწყვეტილება შეცვალეს, აიღეს ბარები და გულმოდგინედ დაიწყეს მუშაობა. დილით ბერები რომ მივიდნენ, მთელი ბოსტანი დაბარული იყო. ღირსმა ისააკმა „მუშებს“ საუზმე შესთავაზა და ურჩია, ქურდობისთვის თავი დაენებებინათ.

მეორეჯერ ღირს მამასთან ძონძებში გახვეული მოგზაურები მოვიდნენ და ტანსაცმელი სთხოვეს. წმიდა ისააკმა მათ სთხოვა დალოდებოდნენ, თვითონ კი ერთი ბერი გაგზავნა ტყეში, სადაც მოგზაურებს თავიანთი ძვირფასი ტანსაცმელი ჰქონდათ გადამალული. წმიდანმა მოწყალების მთხოვნელებს მათივე ტანსაცმელი მისცა. შერცხვენილმა გამომძალველებმა პატიება სთხოვეს წმიდა ისააკს.

ერთხელ ერთმა კაცმა ღირს ისააკს მსახურის ხელით ორი კალათა საჭმელი გამოუგზავნა. მსახურმა ერთი კალათა გადამალა. წმიდანმა მოტანილი კალათა აიღო და მომტანს ჩუმად უთხრა: „საჩუქრისთვის მადლობელი ვარ, შენ კი გადამალულ კალათას ნუ გაეკარები, მასში გველი ჩაძვრა და თუ ხელს მოკიდებ - დაგგესლავს“. ასე ბრძნულად ამხელდა წმიდანი ადამიანთა ცოდვებს და მათი ცხონებისთვის იღვწოდა.

წმიდა ისააკ ასური გარდაიცვალა 550 წელს.

ღირსი მოწამენი: მინა, დავით და იოანე (VII)

12 (25) აპრილი

ღირსი მოწამენი მინა, დავითი და იოანე (+636 წ. შემდეგ) პალესტინაში მოღვაწეობდნენ. წმიდანები მოწამეობრივად აღესრულნენ - არაბებმა, რომლებმაც 636 წელს აიღეს იერუსალიმი, ისინი ისრებით განგმირეს.

ღირსი ანთუსა ქალწული (+801)

12 (25) აპრილი

ღირსი ანთუსა (+801) - ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ასული იყო პირველი ქორწინებიდან. ის და მისი ძმა, მომავალი იმპერატორი ლეონ ხაზარი (775-780) ტყუპისცალები იყვნენ და დაიბადნენ 750 წლის 25 იანვარს. დედოფალს მძიმე მშობიარობა ჰქონდა. კონსტანტინე კოპრონიმმა გადასახლებიდან დააბრუნა ღირსი იღუმენია ანთუსა (ხს. 27 ივლისს) და სთხოვა ელოცა. ღირსმა ანთუსამ იწინასწარმეტყველა ტყუპების შობა და მათი მომავალი. ქალიშვილს ღირსი დედის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს. როცა ანთუსა გაიზარდა, იმპერატორმა გათხოვება ურჩია, მაგრამ წმიდანი მტკიცედ აღუდგა მამის სურვილს. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მან მთელი თავისი სიმდიდრე ღარიბებს და ობლებს დაურიგა. ლეონ ხაზარის მეუღლე, კეთილმსახური დედოფალი ირინე (780-802) სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა წმიდა ანთუსას და თანამმართველადაც მიიწვია, მაგრამ წმიდა ანთუსას მიწიერი პატივი არ იზიდავდა. სასახლეში მდიდრული სამოსის ქვეშ ძაძას ატარებდა.

წმიდა ანთუსა მონაზვნად აღკვეცა წმიდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806). ღირსმა დედამ კონსტანტინეპოლში მკაცრი წესდებით ცნობილი ომონიის მონასტერი დააარსა. იღუმენია თავად იყო მაგალითი სხვებისთვის - ასრულებდა ყველაზე მძიმე დავალებებს, ალაგებდა ეკლესიას, მოჰქონდა წყალი, ტრაპეზზე დებს ემსახურებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ აუცილებლობის გარეშე არავინ გასულიყო მონასტრიდან. თავმდაბალმა და მორჩილმა მოღვაწემ 52 წელი იცხოვრა და მშვიდობით მიისვენა 801 წელს.

ღირსი ათანასია იღუმენია (+860)

12 (25) აპრილი

ღირსი ათანასია (+860) კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.

როცა წმიდა ათანასიას თექვსმეტი წელი შეუსრულდა, მშობლების თხოვნით გათხოვდა, მაგრამ ჯვრისწერიდან თექვსმეტი დღის შემდეგ მისი მეუღლე ომში წაიყვანეს და დაიღუპა.

დაქვრივებულმა ათანასიამ გადაწყვიტა დიდი ხნის სურვილის განხორციელება, მაგრამ ამ დროს გამოვიდა იმპერატორ მიხეილის ბრძანება (820-829), რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ქვრივები მეომრებზე უნდა გათხოვილიყვნენ. წმიდა ათანასია იძულებული გახდა გათხოვილიყო. ქორწინებაში იგი ღვთისმოსავად და კეთილად ცხოვრობდა: საქმიანობდა, ეხმარებოდა ავადმყოფებს და გაჭირვებულებს, ღებულობდა მწირებს და მოგზაურებს, კვირაობით და დღესასწაულებზე სახლში პატიჟებდა ახლობლებს და წმიდა წერილს უკითხავდა მათ. მისი გავლენით ქმარი მონასტერში წავიდა და წმიდა ათანასიასაც უფლება მისცა, მონაზვნად აღკვეცილიყო.

წმიდანმა დაარიგა ქონება და სხვა ღვთისმოშიშ ქალებთან ერთად მყუდრო ადგილას განმარტოვდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, დების თხოვნით, წმიდა ათანასია გახდა ამ მცირე თემის იღუმენია. ის იყო მაგალითის მომცემი სხვა მონაზვნებისთვის.

თუმცა წმიდა ათანასია იღუმენის სახელს ატარებდა, მაინც უმცირესად თვლიდა თავს დებს შორის და ყოველთვის ახსოვდა მაცხოვრის მცნება: „რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა“ (მთ. 20,27).

ღირს ათანასიას ძაძები ეცვა, ძაძებს ზემოდან კი - უხეში ცხვრის მატყლის სამოსი; ცოტა ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, დღისით კი დებთან ერთად მუშაობდა; მხოლოდ საღამოობით ჭამდა, ისიც თითო პურის ნაჭერს და ჭიქა წყალს; ზეთს, ყველს და თევზს იხმევდა მხოლოდ შობას და აღდგომას; მარხვებში ორ დღეში ერთხელ ღებულობდა მწვანილს. ღირსმა დედამ ოთხი წელი გაატარა ამ სავანეში.

კუნძულ ეგინზე ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბერი, სახელად მათე, რომელმაც აკურთხა დედები, უფრო მივარდნილ ადგილას გადასულიყვნენ. წმიდა ათანასიამ ააშენა მონასტერი კუნძულის ერთ უდაბურ მთაზე, წმიდა სტეფანე პირველმოწამის ძველი ეკლესიის ახლოს.

ღირსი დედა ღვთისაგან სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მასთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი და ხორციელი კურნების მისაღებად. შემოწირულობებით წმიდა ათანასიამ ააშენა სამი ეკლესია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა.

პატივისა და დიდებისაგან განსარიდებლად წმიდა ათანასია ორ სულიერ დასთან, მარიამთან და ევპრაქსიასთან ერთად მალულად წავიდა კონსტანტინეპოლში და შვიდი წელი ცხოვრობდა ერთ-ერთ მონასტერში უბრალო მონაზვნის ცხოვრებით.

მისმა წმიდა ცხოვრებამ კვლავ მიიპყრო ყურადღება. ეგინის მონასტრის დებმა გაიგეს, თუ სად იმყოფებოდა იღუმენია და სთხოვეს, დაბრუნებულიყო. ღვთის განგებულებას დამორჩილებული წმიდანი მონასტერში დაბრუნდა. მალე იგი ღირს იქმნა ღვთაებრივი გამოცხადებისა: ორმა ნათლითმოსილმა არსებამ მიართვა ქარტა, რომელზეც ეწერა: „აი, შენი აზნაურება, მიიღე და გიხაროდენ“.

უკანასკნელი ოცი დღე ღირსმა ათანასიამ შეუწყვეტელ ლოცვაში გაატარა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ დები მოიხმო, უთხრა, რომ მხოლოდ ცხრამეტი ფსალმუნის წაკითხვა შეძლო და სთხოვა, ფსალმუნთა კითხვა ეკლესიაში დაესრულებინათ. დებმა შეასრულეს იღუმენიას სურვილი და დაბრუნდნენ. წმიდა ათანასიამ აკურთხა დები, სთხოვა, ღირსეულად აღენიშნათ მიძინების დღესასწაული, მოეწყოთ ტრაპეზი ღარიბებისთვის, საღვთო ლიტურღიის შემდეგ კი დაემარხათ მისი ნეშტი. ამ სიტყვებით ღირსმა ათანასიამ ღვთივ მიისვენა (+14 აგვისტო, 860 წ).

მეორმოცე დღეს საღვთო ლიტურღიაზე ღვთისმოსაობით გამორჩეულმა დებმა აღსავლის კარებთან მდგარი წმიდა ათანასია იხილეს. ორმა ნათლითმოსილმა ჭაბუკმა მას ჯვრიანი გვირგვინი დაადგა თავს, ხელთ ბრწყინვალე კვერთხი მისცა და სამეუფო კარებით საკურთხეველში შეიყვანა.

გარდაცვალების წინ წმიდა ათანასიამ ანდერძად დატოვა, ორმოცი დღის განმავლობაში ეკვებათ ღარიბები მის მოსახსენებლად. დებმა მხოლოდ ცხრა დღეს გაშალეს მოსახსენებელი ტრაპეზი. წმიდანი გამოეცხადა რამდენიმე დას და უთხრა: „ორმოცდღიანი მოხსენიება და მოწყალების გაღება ძალზე ეხმარება ცოდვილ სულებს“, შემდეგ კვერთხი დაარტყა მიწას და გაუჩინარდა. მეორე დღეს იმ ადგილას წყარო გაჩნდა. ღირსი ათანასიას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მის საფლავთან მიიყვანეს ბოროტისაგან გვემული დედაკაცი. როცა მიწა გათხარეს, კეთილსურნელება იგრძნეს და კუბო ამოიღეს. მასთან მიახლოებისთანავე ეშმაკეული განიკურნა. კუბო გახსნეს და იხილეს წმიდანის უხრწნელი მირონმდინარე გვამი. ღირსი ათანასია თითქოს მიძინებული იყო: სახე უბრწყინავდა, სხეული რბილი იყო, თითები ეღუნებოდა. როდესაც წმიდანი ახალ კუბოში გადაასვენეს, დებს უნდოდათ მისთვის ძაძები გაეხედათ და აბრეშუმის კუბასტით შეემოსათ, მაგრამ ღირსი ათანასიას ხელები ისე შემოეჭდო მკერდს, რომ სამოსელი ვერ გამოცვალეს: იგი სიკვდილშიც კი უბრალოების და სიღარიბის მოყვარული დარჩა. მაშინ ერთმა დამ მუხლი მოიყარა წმიდანის ნეშტთან და სთხოვა: „ჩვენო პატრონო, შეისმინე ჩვენი სათხოვარი ისე, როგორც სიცოცხლეში გვისმენდი, მოგვეც ნება, შეგამკოთ ამ სამოსით, შეიწირე ჩვენგან ეს კნინი ძღვენი“. ღირსი ათანასიაც ცოცხალივით ზეწამოიმართა და ხელები გაშალა.

бизнес
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати