USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 24 ნოემბერს?
თარიღი:  496

24 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დიდმოწამე მინა (+304)

11 (24) ნოემბერი

წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება.

უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. წარმართი მსაჯულის წინაშე მან გაბედულად განაცხადა - აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველანი უსჯულოებაში მემხილებინეთო. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (+304). უღმრთო ხელისუფალმა მარტვილის წმიდა ნეშტის დაწვა ბრძანა. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, ქრისტიანებმა შეკრიბეს ქრისტეს ახოვანი მხედრის უვნებლად დარჩენილი ნაწილები. მართლმორწმუნეთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეს სიწმიდე დიდმოწამე მინას მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას აგებულ ტაძარში იქნა დაბრძანებული.

წმიდა მოწამენი: ბიქტორი და სტეფანიდა (II)

11 (24) ნოემბერი

წმიდა მოწამე ბიქტორი მხედრად მსახურობდა მარკუს ავრელიუსის, ფილოსოფოსის (161-180) მეფობისას. როცა იმპერატორმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ბიქტორმა უარი განაცხადა ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. ურჩობისთვის წმიდანი საწამებლად გადასცეს: იგი ჯერ გახურებულ ღუმელში გამოკეტეს, შემდეგ - ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ლოცვის ძალით ნეტარმა დაამარცხა ჯადოქარი, რომელმაც ამის შემდეგ მისნობაზე ხელი აიღო და გაქრისტიანდა. უფლის რჩეულის ლოცვით დაბრმავებულ მეომრებს თვალები აეხილათ. წმიდა ბიქტორის მეოხებით უფლის მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, ერთ-ერთი ჯალათის მეუღლემ, სტეფანიდამ ირწმუნა და დაუფარავად აღიარა ქრისტე. უსჯულოებმა იგი ორ გადაზნექილ პალმაზე მიაბეს და როცა ხეები გაიმართა, მარტვილი ნაფლეთებად იქცა. წმიდა ბიქტორს თავი მოჰკვეთეს. ერთი ცნობით, მოწამენი დამასკოში აღესრულნენ II საუკუნეში და იქვე დაკრძალეს, სხვა წყაროებით კი - ქალაქ ალექსანდრიაში.

წმიდა მოწამე ბიკენტი (+304)

11 (24) ნოემბერი

წმიდა მოწამე ბიკენტი ბავშვობიდანვე ქალაქ ავგუსტოპოლის (დღევანდელი სარაგოსა, ესპანეთი) ეპისკოპოსის, ნეტარი ვალერის მოწაფე იყო. როცა კეთილმსახურმა, განათლებულმა და მჭევრმეტყველმა ბიკენტიმ სრულწლოვანებას მიაღწია, მღვდელმთავარმა იგი დიაკვნად აკურთხა. იმ ხანებში უღმრთო დიოკლეტიანეს (284-305) ბრძანებით ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში ქრისტიანთა დასასჯელად ჩავიდა მმართველი დაციანე. წმიდანები შეიპყრეს და ხანგრძლივი ტანჯვისა და წამების შემდეგ საჯარო დაკითხვა მოუწყვეს. დაკითხვაზე პირველად ეპისკოპოსი წარადგინეს. მეუფე ჩუმად, ენის ბორძიკით, თითქოს გაუბედავად ლაპარაკობდა. მაშინ წინ წარდგა წმიდა ბიკენტი და მსაჯულებისა და შემოკრებილი ხალხის წინაშე წარმოთქვა საუკეთესო ქადაგება, რომლითაც საჯაროდ აღიარა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. მტარვალმა მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააბრუნა და დიაკვნის წამება ბრძანა. ბევრი ტანჯვა დაითმინა ნეტარმა ბიკენტიმ: იგი ჯვარზე გააკრეს და გახურებული წკნელებით დაუწყეს ცემა. როცა უფლის რჩეული ძელს მოწყდა, თვითონვე ითხოვა, ისევ მიემსჭვალათ, რომ ჯვარცმული მაცხოვრის ვნებებს ზიარებოდა. წამების შემდეგ მარტვილი საპყრობილეში გამოკეტეს. გაოცებულ მცველებს ესმოდათ, თუ როგორ გალობდა იგი ფსალმუნებს და საკნიდან გამომავალ არაამქვეყნიურ, ბრწყინვალე ნათელსაც ხედავდნენ. დილით ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს (+304).

წმიდა მოწამე სტეფანე დეჩანელი (+დაახლ. 1336) (სერბ)

11 (24) ნოემბერი

წმიდა სტეფანე დეჩანელი სერბეთის ეკლესიიდან ამაღლდა ცათა სასუფეველში. ის დაახლოებით 1336 წელს მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის