24 ივლისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული (ხს. 16 სექტემბერს) 304 წელს იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულა მოწამეობრივად. ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ღმერთმა ნეტარი მარტვილი ღირს-ყო, კიდევ ერთხელ საჯაროდ დაემოწმებინა და ეღიარებინა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდე.
451 წელს ქალკედონის იმ ტაძარში, სადაც დიდმოწამე ეფემიას სასწაულებით გაბრწყინებული წმიდა ნაწილები იყო დაბრძანებული, IV მსოფლიო კრების (ხს. 16 ივლისს) სხდომები მიმდინარეობდა. ქალკედონში ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიების ექვსასოცდაათმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მართლმადიდებელთა მხრიდან კრების საქმიანობაში მონაწილეობდნენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანატოლი (ხს. 3 ივლისს), იერუსალიმელი მღვდელმთავარი იუბენალი (ხს. 2 ივლისს) და რომის პაპის, ლეონის (ხს. 18 თებერვალს) წარმომადგენლები. მონოფიზიტები ალექსანდრიელი პატრიარქის, დიოსკორესა და კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის წინამძღვრობით მრავლად იყვნენ შეკრებილნი.
ხანგრძლივი ბჭობის მიუხედავად მხარეებმა ერთობლივი დადგენილება ვერ მიიღეს.
მაშინ კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა ანატოლიმ კრებას შესთავაზა, საეკლესიო განხეთქილების მოგვარება სულიწმიდისთვის მიენდოთ მისი რჩეული ჭურჭლის - ეფემია ყოვლადქებულის მეოხებით, რომლის წმიდა ნეშტთანაც მიმდინარეობდა კამათი. ცალკე მართლმადიდებელმა მწყემსმთავრებმა და ცალკე მათმა მოწინააღმდეგეებმა დაწერეს თავიანთი სარწმუნოების აღსარება და საკუთარი ბეჭდებით დაბეჭდეს, იმპერატორ მარკიანეს (450-457) თანდასწრებით ნეტარი დიდმოწამის ლუსკუმა გახსნეს და ორივე გრაგნილი მკერდზე დაადეს, შემდეგ კუბო იმპერატორის ბეჭდით დალუქეს და ირგვლივ მცველები დაუყენეს. ორივე მხარე გაძლიერებულ მარხვასა და ლოცვას მიეცა. სამი დღის თავზე პატრიარქმა და იმპერატორმა კრების მონაწილეთა თანდასწრებით გახსნეს ლუსკუმა: გრაგნილი მართლმადიდებლური მრწამსით ეფემიას მარჯვენა ხელში ეპყრა, ერეტიკოსთა ხელნაწერი კი მის ფეხებთან ეგდო. წმიდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და უცდომელი მრწამსის შემცველი ნუსხა პატრიარქს გაუწოდა.
ამ სასწაულის შემდეგ მრავალი გზააბნეული დაუბრუნდა მართლმადიდებლობას, მწვალებელთა გაკერპებული ნაწილი კი კრების მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს და ეკლესიიდან განკვეთეს.
VII საუკუნეში, სპარსელთა თავდასხმის დროს ნეტარი ეფემიას წმიდა ნეშტი ქალკედონიდან კონსტანტინოპოლში, მისსავე სახელზე ნაკურთხ ტაძარში გადაასვენეს. მრავალი წლის შემდეგ ხატმბრძოლობის მძვინვარებისას, ლუსკუმა უხრწნელი ნაწილებით მწვალებელი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (716-741) ბრძანებით ზღვაში გადააგდეს. სიწმიდე ნაოსანმა ძმებმა - სერგიმ და სერგონმა იპოვეს და ადგილობრივ ეპისკოპოსს გადასცეს, რომელმაც იგი ფარულად დაკრძალა. მას შემდეგ, რაც VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.) ხატმბრძოლობა საბოლოოდ დაიგმო, ტარასი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (784-806), იმპერატორ კონსტანტინე VI-ის (780-797) და მისი დედის, ირინეს (797-802) თანდასწრებით ნეტარის ნეშტი კვლავ საზეიმოდ გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში (წმიდა ეფემია ყოვლადქებულის ცხოვრება იხილეთ 16 სექტემბრის საკითხავში).
წმიდა მოციქულთასწორი ოლღა, იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის (+945) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, სვიატოსლავის მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სადავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმიდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს...
ამ დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე იწყებდა გავრცელებას კიევში. ქალაქში აღმართული იყო პირველი მართლმორწმუნე მთავრის - ასკოლდის მიერ აგებული წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, ღვთისმსახურება სლავურად აღესრულებოდა, არსებობდა სლავური სახარებაც... ოლღას მოსწონდა მართლმადიდებელთა ცხოვრების წესი, ბიზანტიის მაგალითზე იმასაც ხედავდა, რომ ხალხის სულიერებაში წარმატება ქვეყნის სიმტკიცის საწინდარი იყო, ამიტომაც საბერძნეთს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. კონსტანტინოპოლში ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმიდა სოფიასა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში... მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. წმიდა საიდუმლო კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა თეოფილაქტემ (933-956) აღასრულა, მიმრქმელი კი თავად იმპერატორი - კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) იყო. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს წმიდა მოციქულთასწორი დედოფლის, კონსტანტინე დიდის დედის, ელენეს (ხს. 21 მაისს) პატივსაცემად. პატრიარქმა ასე დალოცა ნეტარი: „კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ წყვდიადი დაუტევე და ნათელი შეიყვარე; შენს სახელს კურთხევით მოიგონებს შთამომავლობა!“
ოლღა დარჩა ბიზანტიაში და საფუძვლიანად გაეცნო ქრისტეს სჯულს. მან საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და პატრიარქისგან ნაბოძები, ცხოველმყოფელი ძელისგან გამოკვეთილი ჯვარი ჩაიტანა და რამდენიმე ხუცესიც გამოიყოლა.
მაცხოვრის სიყვარულით ღრმად განმსჭვალულმა დედოფალმა საოცრად კეთილმსახური ცხოვრება დაიწყო, მის სახელთანაა დაკავშირებული კიევის წმიდა ნიკოლოზისა და წმიდა სოფიას, ვიტებსკის ხარების, ფსკოვის ყოვლადწმიდა სამების და სხვა მრავალი ტაძრის მშენებლობა. ნეტარს სურდა, მთელი სამთავრო გაენათლებინა ქრისტეს ნათლით, მაგრამ ეს მცდელობა ამაო გამოდგა: მისმა ძემ, სვიატოსლავმა ვერ მიიღო ჭეშმარიტება, აბობოქრდნენ სხვა წარმართი დიდებულებიც...
ოლღამ კერპთმსახურ შვილს დაუთმო ტახტი, თვითონ კი მხოლოდ კიევში მისი არყოფნის დროს განაგებდა სამთავროს. ერთხელ წმინდანი სვიატოსლავის ჩამოსვლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა კიეველთა ბრძოლას მომხდური პაჭანიკების წინააღმდეგ.
წმიდა ოლღა 969 წელს მიიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 989 წელს, სხვა წყაროებით კი - 1007 წელს იქნა აღმოყვანებული წმიდა ვლადიმირის მიერ. ნეტარის ნეშტი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადააბრძანეს და ჩაასვენეს სარკოფაგში, რომელსაც მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული. სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლებულთათვის იღებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში წმიდა ნაწილები დაიკარგა.
მართალია, ოლღამ ვერ შეძლო თავის ქვეყნის გაქრისტიანება, მაგრამ დიდი ღვაწლი გასწია ამ მოვლენის დასაჩქარებლად. ამიტომაც უწოდეს მოციქულთასწორი.