USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 24 დეკემბერს?
თარიღი:  1075

24 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ხსენება ყოველთა წმიდათა - საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა

11 (24) დეკემბერი

ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

„რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“, - სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტება“, - ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში და ეს იყო ყოველი ქართველის ცხოვრების ქვაკუთხედი.

შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა ჩამოთვლა, და, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ღვაწლის აღწერა: „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები“ (აკ. წერეთელი). სწორედ ამ შეუძლებლობის გამო წერია დღევანდელი დღის მოსახსენებელში, რომ „საქართველოში წამებულთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულისხმოთ“ და ყველასათვის ცნობილ წმიდათა სახელებს გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა სამასამდე ქართული წარმოშობის სახელი:

- აბელი, აბესალომ, აბუსერ, ავაგი, ავგაროზი, ავთანდილი, ალმასხანი, ამირანი, ამირანდო, ანდუყაფარი, არჯევანი, ასლანი, ასპანი, აფრასიონი, აღბულა, ბაადური, ბადრი, ბაბილა, ბაკური, ბარათა, ბახვა, ბახუტა, ბებური, ბეგლარი, ბედიანი, ბეკო, ბეჟანი, ბერი, ბექა, ქეშქენი, ბეცია, ბირთველი, ბიჭია, ბოცო, გაგა, გარსევანი, გახა, გელა, გემელი, გივი, გოდერძი, გოსტაბაში, გოჩა, გოჯასპირი, გუგუნა, გულბაათი, გურასპი, გურგენი, დარისპანი, დარჩია, დემური, დიასამი, დოლენჯი, დურმიშხანი, ედიშერი, ევდომოსი, ეზრა, ელგუჯა, ერეკლე, ვამეყი, ვამეხი, ვაჟა, ვარაზა, ვარაზვაჩე, ვარამი, ვარდენი ან ვარდანი, ვაჩე, ვახუშტი, ვირშელი, ზაალი, ზაზა, ზაუტა, ზებედე, ზურაბი, თადია, თათე, თარხანი, თაყა, თეიმურაზი, თენგიზი, თორღვა, იაგორი, იაკინთე, იასე, იმედა, იოთამი, იორამი, კახაბერი, კვირია, კიკოლა, ლაშა, ლევანი, ლიპარიტი, ლომინი, ლუხუმი, მალხაზი, მამამზე, მამისა, მამისთვალი, მამუკა, მანუჩარი, მაყა, მახარე, მერაბი, მინდია, მირმანოზი, მურმანი, მურზაყანი, ნავროზი, ნარიმანი, ნინია, ნოდარი, ნოშრევანი, ნუგზარი, ოთარი, ომანი, ონისიმე, ოსე, ოტია, ოქროპირი, პაატა, პაპალა, პაპუნა, რამაზი, რამინი, რატი, როინი, რომანი, როსები, როსტვანი, როსტომი, სავამი, სავლე, სარგისი, სარდიონი, სარიდანი, საურმაგი, სესე, სეხნია, სიაოში, სიდამონი, სულა, სულმამა, სულხანი, სუმბატი, ტარიელი, ტეტია, უფლისა, უშანგი, ფარემუზა, ფარნაოზი, ფარსადანი, ფეშანგი, ფირანი, ფიროზი, ფოცხვერი, ფრიდონი, ქავთარი, ქართლოსი, ქვაბული, ქველი, ქობული, ქუცნა, ღვთისავარი, ღუღუნი, ყარამანი, ყაფლანი, ყაყიტა, ყვარყვარე, შაბურ, შადიმანი, შამადავლე, შანშე, შერმაზანი, შერგილი, შერმადინი, შიაოში, შოთა, შოშიტა, ცისკარა, ცოტნე, წათე, ხარება, ხახუტა, ხოსიტა, ჭოლა, ჯაბა, ჯავახი.

 

- აგრაფინა, ანუკა, ასკილა, ასმათი, ასპიროზი, ბორენა, გვანცა, გუგულა, გულვარდისა, გულისა, გულნაზი, გულნარა, გულქანა, გულჯავარი, დარეჯანი, დესპინე, ესმა, ვარსკვლავისა, ზეინაბი, თათია, თამთა, თეონა, თინათინი, თმაგიშერა, თუთა, თუთია, კესარია, კრავაი, ლამაზა, ლამარა, ლელა, ლერწმისა, მაგდანი, მაია, მაკა, მანანა, მარგალიტა, მარეხი, მზეთვალა, მზექალა, მზეხა, მზისთანადარი, მნათობი, მნათობისა, მონავარდისა, ნადია, ნარგიზი, ნესტანი, პირიმთვარისა, პირიმზე, როდამი, რუსუდანი, საგდუხტა, ტერეზია, უმანკო, ფატმანი, ფაქიზო, ფაცია, ქაბატო, ქალია, ქურციკი, ცაცო, ცისკარა, ციცინო, ხათუთა, ხვარამზე, ხვაშაქი, ხორეშანი.

ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.

ღირსი დანიელ მესვეტე (+489-490)

11 (24) დეკემბერი

ღირსი დანიელ მესვეტე მესოპოტამიაში, ქალაქ სამოსატის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარაში დაიბადა. მის დედას - მართას შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, თან აღთქმაც დადო, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდა, ყრმას ღმერთს შესწირავდა. კეთილმსახური დედაკაცის ლოცვა შესმენილ იქნა - მას შეეძინა ძე, რომლისთვისაც ხუთი წლის ასაკამდე სახელი არ დაურქმევიათ: ყმაწვილის მშობლებს სურდათ, რომ უფლის კურთხევით შობილს, სახელიც უფლისგან მიეღო. მათ შვილი მახლობლად მდებარე მონასტერში მიიყვანეს და იღუმენს მიმართეს. იღუმენმა ბრძანა, საღვთისმსახურო წიგნთაგან ერთ-ერთი მიეწოდებინათ მისთვის, გახსნა იგი და წინასწარმეტყველი დანიელის (ხს. 17 დეკემბერს) სიტყვები ამოიკითხა. ასე დაერქვა სახელი მომავალ წმიდანს. დედ-მამას სურდა, ბავშვი მონასტერში დაეტოვებინა, მაგრამ იღუმენმა ყრმის მიღებაზე უარი განაცხადა. დანიელს თორმეტი წელი რომ შეუსრულდა, თვითონ დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერს მიაშურა. როცა წმიდანის მშობლებმა გაიგეს, სად იმყოფებოდა მათი ძე, ძალიან გაიხარეს. მათ შვილი ჯერ ისევ საერო ტანსაცმელში დაუხვდათ და იღუმენს სთხოვეს, ანგელოზებრივი სქიმით შეემოსათ იგი. წინამძღვარმა კვირადღეს შეუსრულა მათ სათხოვარი, მაგრამ ძის ხშირი მონახულება აუკრძალა მშობლებს. სავანის ძმობას აოცებდა ახალგაზრდა ბერის საოცარი მოშურნეობა და ფიცხელი ღვაწლი.

რამდენიმე წლის შემდეგ დანიელი იღუმენმა ანტიოქიაში გაგზავნა მონასტრის საქმეზე. ამან წმიდანი ძალიან გაახარა, რადგან სვიმეონ მესვეტის (ხს. 1 სექტემბერს) მონახულების საშუალება ეძლეოდა. წმიდა სვიმეონმა დალოცა უფლის რჩეული და წინასწარმეტყველურად უთხრა: „მხნე იყავნ, შვილო, და განძლიერდი. ფრიადი ღვაწლის დათმენა მოგიწევს ქრისტესთვის, მაგრამ თავად ქრისტე შეგეწევა ყველაფერში, განგამტკიცებს და ნუგეშინისსცემს შენს სულს“.

ამის შემდეგ დანიელი სავანეში დაბრუნდა. რამდენიმე ხანში მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა და საძმომ მის ნაცვლად ნეტარი დანიელი აირჩია, მაგრამ განმარტოების მაძიებელმა წმიდანმა ეს წინადადება შორს დაიჭირა. მან მამებს სხვა, ღირსეულ მოსაგრეზე მიანიშნა, თავად კი გადაწყვიტა, იერუსალიმის წმიდა ადგილები მოელოცა. ღირსი დანიელის წინაშე სასწაულებრივი ხილვით წარდგა მოხუცი, რომელმაც ბიზანტიაში წასვლა ურჩია. წმიდანი დამორჩილდა ღვთის ნებას და კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დამკვიდრდა.

ნეტარ მამასთან მრავალმა იწყო სიარული ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგებების სათხოვნელად.

 

ცხრა წლის შემდეგ წმიდა დანიელმა საღვთო ჩვენებით იხილა ღრუბლებზე მაღლა აზიდული სვეტი, რომელზეც იმჟამად უკვე ამსოფლიდან გასული ღირსი სვიმეონი იდგა. მან ღირს დანიელს თავისთან მოუწოდა.

ეს ხილვა ნეტარმა დანიელმა უფლის მოწოდებად ჩათვალა, თრაკიის უდაბნოს მიაშურა და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ღირსი დანიელის ლოცვით ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან იკურნებოდნენ, უნაყოფო დედებს შვილები ეძლეოდათ. ღირს დანიელთან იმპერატორები, ლეონ I (457-474) და ზენონიც (475-491) ხშირად მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა კონსტანტინოპოლში გაჩენილი დიდი ხანძარი და ბერძნების გამარჯვება ვანდალებზე. ღირსმა დანიელმა საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ იგრძნო და ამის შესახებ თავის მოწაფეებს აუწყა. ამ უკანასკნელთაგან ურჩეულესნი ღირსნი შეიქნენ, ეხილათ, თუ როგორ მიეახლნენ მათ მოძღვარს მიცვალებამდე სამი დღით ადრე წინასწარმეტყველები და მოციქულები. ღირსი მამა ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს ეზიარა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს ცაზე სამი ჯვრის ფორმის ვარსკვლავი გაბრწყინდა, რომლებიც დღის სინათლეზეც ცხადად იხილვებოდა. ისინი ნეტარი დანიელის სვეტს დაჰნათოდნენ მანამ, სანამ ღირსი მამა იმავე სვეტის ძირში მიწას არ მიაბარეს. ეს მოხდა 489-490 წლებში, ნეტარის სვეტზე ასვლიდან ოცდაცამეტი წლის შემდეგ.

წმიდა მოწამე მირაქსი (VII)

11 (24) დეკემბერი

წმიდა მოწამე მირაქსი ეგვიპტეში დაიბადა VII საუკუნეში. ქრისტიანმა მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს, მაგრამ შემდეგ ეშმაკის ცთუნებას აჰყვა, ქრისტიანობა უარყო, ეგვიპტის ამირასთან გამოცხადდა, მახვილი აიღო ხელში და სარკინოზთა სამსახურში ჩადგა. მშობლები ძალიან წუხდნენ ძის საშინელი დაცემის გამო და მხურვალედ ლოცულობდნენ მისთვის. მაშინ ღვთის მადლმა გონება გაუნათა მირაქსს: მან წრფელი გულით შეინანა თავისი დიდი შეცოდება და შინ დაბრუნდა. მშობლებმა ნეტარს ურჩიეს, ქრისტეს საჯარო გმობა მისი საჯარო აღიარებით გამოესყიდა. წმიდა მირაქსი ასეც მოიქცა. მმართველის ბრძანებით იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში მოისროლეს (+არა უგვიანეს 640 წლისა). ღვთის ნებით, წმიდანის თავი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ძვირფას ლუსკუმაში ჩააბრძანეს ეს სიწმიდე, რის შემდეგაც მისგან სურნელოვანი მირონის დენა დაიწყო.

წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე

11 (24) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე სპარსელები იყვნენ. აკეფსი ქალაქ არბელის წარმართი ქურუმი იყო. ქრისტიანი ეპისკოპოსის ლოცვით იგი სასწაულებრივ განიკურნა სნეულებისაგან, რის შემდეგაც ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის აკეფსი საპყრობილეში ჩააგდეს. მალე აქ გამოამწყვდიეს არბელის ეკლესიის დიაკონი, წმიდა აითალეც. მოწამეები მმართველის წინაშე წარადგინეს, სადაც მათ კვლავ გაბედულად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. მაშინ უსჯულო ხელისუფლის ბრძანებით უფლის რჩეულებს თავი მოკვეთეს.

ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე (+დაახლ. 970-980)

11 (24) დეკემბერი

ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე მხედარი იყო იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის (912-959) დროს. ბულგარელებთან ომში (915 წ.) ღვთის განგებით, ლუკა ცოცხალი გადარჩა, რის შემდეგაც ბერად აღიკვეცა და ხუცესად აკურთხეს. სულიერი სრულყოფის მაძიებელმა მამამ ბორკილები აისხა და სვეტზე შედგა. სამი წლის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, იგი ოლიმპოს მთაზე გადავიდა, შემდეგ - კონსტანტინოპოლში, ბოლოს კი - ქალკედონში, სადაც კვლავ სვეტი მოიძია და მასზე ორმოცდახუთი წელი მოღვაწეობდა. უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს, ბოლოს კი, დაახლოებით 980 წელს, მშვიდობით შეივედრა მისი სული.

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის