23 ივნისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363) ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა (361-363) ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება. იმპერატორმა პყრობილს თავისი მოთხოვნა შეახსენა - შეეწყვიტა ქადაგება, მაგრამ ტიმოთე ვერ შეაშინა მუქარამ, რის გამოც წმიდა კეთილმსახურ მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს. მოგვიანებით მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
წმიდა ბასიანე - ლავდიის ეპისკოპოსი (+409) სირაკუზის (სიცილია) ოლქის მმართველის შვილი იყო. მამა მას თავის შემცვლელად ამზადებდა, ამიტომაც განათლების მისაღებად რომში გაგზავნა. ბასიანეს სიყრმეშივე ბევრი სმენოდა ქრისტიანებზე და არ ასვენებდა მათი სწავლებისა და ცხოვრების წესის გაცნობის სურვილი. აქ, რომში მისი ცნობისწადილი დაკმაყოფილდა: ხუცესმა გორდიანმა ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა. ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს მან იხილა ემბაზთან მდგომი ანგელოზი, რომელსაც ხელთ სამოსელი ეპყრა ახალნათელღებულის შესამოსად. ბასიანემ კადნიერად ჰკითხა ზეციურ მხედარს, ვინა ხარო. ანგელოზმა უპასუხა, რომ ის უფალმა დიდი ხნის წინ გამოაგზავნა მასთან დასახმარებლად.
წმიდა ბასიანემ გაიმკაცრა ცხოვრების წესი: ცოტას ჭამდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. მსახურებს თავიდან უკვირდათ ბატონის ამგვარი ქცევა, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ის ქრისტეს გზას შეუდგა და ამის შესახებ მამამისს აუწყეს. მამამ ბრძანა, უკანვე მოეგვარათ მისთვის შვილი. ამ დროს ბასიანე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ლოცულობდა. მოციქულმა გამოცხადებით ამცნო წმიდანს, დაეტოვებინა რომი. ბასიანემ ქონება ღატაკებს დაურიგა, ერთგულ ქრისტიან მონასთან ერთად რავენაში წავიდა და თავის ნათესავთან, ეპისკოპოს ურსთან დაემკვიდრა.
ურსმა ბასიანეს განმარტოებული ადგილი გამოუყო დასაყუდებლად - ქალაქგარეთ, მღვდელმოწამე აპოლონარიუსის სახელობის ტაძართან. წმიდანი სულიერად გასაოცარი სისწრაფით იზრდებოდა. თავისი სასწაულებით მან შორს გაითქვა სახელი. იმ ხანებში რავენის მსაჯულს ცილი დასწამეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. უსამართლოდ განწირული მოხელე ლოცვებში ბასიანეს ევედრებოდა შემწეობას. და მოხდა სასწაული. ჯალათმა, თავისდაუნებურად, ხელი უშვა მოსაკლავად აღებულ მახვილს და ხმალი განზე გავარდა. ასე განმეორდა სამგზის. იგივე დაემართა მეორე ჯალათსაც. როცა მომხდარის შესახებ იმპერატორს აუწყეს, მან ბრძანა, გაენთავისუფლებინათ პყრობილი. სასწაულებრივად გადარჩენილი სიკვდილმისჯილი ამტკიცებდა, რომ იგი წმიდა ბასიანეს ლოცვებმა იხსნა.
ქალაქ ლიდიის მცხოვრებლებმა ურსს სთხოვეს, ხუცესად ეკურთხებინა ბასიანე. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ კი საკათედრო ტაძრის მოძღვარ კლიმენტის გამოცხადებით ეუწყა, რომ წმიდანი მღვდელმთავრად უნდა დადგენილიყო. ქირეტონია აღასრულეს ამბროსი მედიოლანელმა და ეპისკოპოსმა ურსმა.
წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს სიტყვითაც მოძღვრავდა და საქმითაც: მისი ცხოვრება კეთილმსახურებით იყო გაბრწყინებული. ლიდიაში ბასიანემ წმიდა მოციქულთა სახელობის ბრწყინვალე ტაძარი ააგო. წმიდანი ამბროსი მედიოლანელთან (+397, ხს. 7 დეკემბერს) მეგობრობდა და ხშირი მიმოწერა ჰქონდა მასთან. იგი ამ ნეტარი მამის აღსასრულსაც დაესწრო და საკუთარი ხელით მიაბარა მიწას.
წმიდა მღვდელმთავარი ბასიანე მშვიდობით მიიცვალა 409 წელს.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა. ფისტეს ბრძანებით ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველის წინაშე ხელახლა წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ამხილა წარმართობა. მაშინ ფისტემ ბრძანა, პატივის ასახდელად მეომრებისთვის მიეცათ ქალწული. ერთ კეთილშობილ მეომარ ალექსანდრეს შეეცოდა ქალწული და მისი გადარჩენა გადაწყვიტა. მან ითხოვა, მე შევეცდებიო ანტონინას გადმობირებას. საპყრობილეში შესულმა თავის მეომრული ტანსაცმლით გაპარვა შესთავაზა წმიდანს. ქალწული თავდაპირველად შეშინდა, მაგრამ შემდეგ, უფლისგან განმტკიცებული, დათანხმდა. ფისტეს გამოგზავნილ მეომრებს საკანში მხოლოდ ალექსანდრე დახვდათ. მეომარი კითხვებზე პასუხს არ იძლეოდა, მმართველთან დაკითხვაზეც ვერ დააცდენინეს სიტყვა. მაშინ იგი სასტიკად გვემეს. ღვთის ნებით, ანტონინაც წარდგა მმართველის წინაშე. მტარვალებმა ქრისტეს ორივე მოწამეს ჯერ ხელები მოკვეთეს, შემდეგ კი ფისით გამურეს და ორმოში აგიზგიზებულ კოცონში ჩააგდეს. როცა ცეცხლი ჩაქრა, ღრმული მიწით ამოავსეს, რათა ქრისტიანებს წმიდანთა ძვლებისთვისაც ვერ მიეკვლიათ. შინ დაბრუნებული ფისტე დამუნჯდა. შვიდი წლის შემდეგ მას საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
წმიდა მოწამენი - ალექსანდრე და ანტონინა 313 წლის 3 მაისს აღესრულნენ. მათი უხრწნელი ნაწილები შემდგომ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა მაქსიმეს სახელობის მონასტერში დააბრძანეს.
ღირსი თეოფანე ანტიოქიელი (+369) წარმართულ ოჯახში აღიზარდა. იგი ადრე დაქორწინდა, მაგრამ სამ წელიწადში გარდაეცვალა მეუღლე. დაქვრივებული თეოფანე ქრისტეს გზას შეუდგა - მოინათლა, განერიდა შფოთითა და ამაოებით აღსავსე ცხოვრებას და ქალაქგარეთ, ვიწრო კელიაში დაემკვიდრა. მასთან ხშირად მოდიოდნენ შეჭირვებული ადამიანები, სულის წყლულებს უმხელდნენ და კურნებას სთხოვდნენ. წმიდანი ურჩევდა მათ შვება ღვთის მცნებების ერთგულებასა და უბიწო ცხოვრებაში ეძებნათ. წუხდა, როცა ხედავდა, რომ გარყვნილება ნიაღვარივით მოსდებოდა და წალეკვით ემუქრებოდა ანტიოქიას. ერთხელ თეოფანემ შეიტყო მეძავი ქალის პანსემინას შესახებ, რომელიც თავისი მაცდურობით მრავალს ხვევდა ეშმაკის ბადეში და ძლიერ მოუნდა, ეხსნა მისი სული. წმიდანმა დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ მოხდენილად ჩაიცვა, მამისგან ოქრო გამოითხოვა და მეძავთან წავიდა. მონეტების ბრწყინვალებით თვალმოჭრილ პანსემინას მეტად მიმზიდველად მოეჩვენა სტუმრის წინადადება - ცოლად გამომყევიო და სიხარულით დასთანხმდა. ერთადერთი, რასაც სანაცვლოდ ითხოვდა მისგან თეოფანე, ნათლისღება იყო. წმიდანმა დაიწყო მეძავის მზადება წმიდა საიდუმლოსთვის, განუმარტავდა მართლმადიდებლური მოძღვრების არსს, უხსნიდა, რომ ღვთის სიწრფოება ვერ გუობს ცოდვასა და გარყვნილებას, შეაგონებდა, ყოვლადსახიერი უფალი მოწყალეაო მონანულთა მიმართ. ნათლობის შემდეგ ქალი სრულიად გამოიცვალა: მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თეოფანეს კელიის გასწვრივ ქოხში დასახლდა და უსაზღვროდ თავშეკავებულ ცხოვრებას, მარხვასა და ლოცვას მიეცა. 22 თვის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, როცა მისი მოძღვარი მიიცვალა (+369), პანსემინამ სული უფალს შეჰვედრა.