USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 23 დეკემბერს?
Date:  371

23 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (+1308)

10 (23) დეკემბერი

წმიდა მეფე ვახტანგ მესამე დაიბადა 1257 წელს. ვახტანგის მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე მეფეს ამ ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და რუსუდანი. სხვა ქორწინებიდან კიდევ ჰყავდა დემეტრეს შვილები: ბაადური, იადგარი, ჯიგდა-ხათუნი და გიორგი.

დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში გახიზნეს და იქ იზრდებოდა. დემეტრეს ნაცვლად გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე დასვეს დავით ნარინის ძე ვახტანგი, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა დემეტრე თავდადებულის შვილმა, დავით მეექვსემ. ვახტანგი ერთგულად ამოუდგა ძმას გვერდით და ყოველმხრივ ცდილობდა შეემსუბუქებინა დავითისათვის მეფობის მძიმე ჯვარი.

დავითმა „წარავლინა ძმა თვსი უმრწემესი ვახტანგ ელჩად დიდისა ბათოს შვილისა“. ელჩობის მიზანი იყო ესარგებლა საქართველოს, ირანსა და მონღოლებს შორის არსებული მტრობით და მათი დაპირისპირების ფონზე, როგორმე მოეწესრიგებინათ ქვეყნის შიდა და გარე პრობლემები.

დავით მეფემ ვერ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მან ნდობა დაკარგა, როგორც დამპყრობლების, ასევე საკუთარი ხალხის წინაშე და საშინელმა ეჭვებმა მეიპყრო. დავითი, საკუთარი ძმის, წმიდა ვახტანგის ერთგულებაშიც არ იყო დარწმუნებული, მისი ბრძანებით შეიპყრეს წმიდა ვახტანგი და დილეგში ჩააგდეს.

ვახტანგმა მოახერხა ციხიდან გაქცევა, „გამოიპარა და მივიდა ივანე ბარსელისასა“, რომელიც, დავით მეფის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და შესჩივლა: თუმცა ჩემი ძმისათვის „არარაბოროტი მიქმნიეს“, მაგრამ მაინც დამაპატიმრა, ახლაც გამოქცეული, „არა წავალ ურდოსა მტერთა მისთანა“. ამიტომ, ჩემ ძმას, მეფეს, „ჩემი შენსა მოსლვა“ აცნობე და მიშუამდგომლე, რომ „თუ ფიცით შემაჯერებს“, რომ „არა მავნოს და არა შემიპყრას“, ისევ მასთან მივალ და საცხოვრებლად „მცირე სარჩონიცა მომცეს“-ო.

დავით მეფემ „ფიცით მოიმტკიცა“ ვახტაგი, მაგრამ მათ შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ვახტანგის ქორწინების შემდეგ, როდესაც „შაბერის ძის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად“, დავითის დამოკიდებულება ვახტანგთან ისევ გამწვავდა. კვლავ დაიწყო ვახტანგის „უპატიოდ ყოფა“ და იმატა ხალხის მღელვარებამ დავით მეფის პოლიტიკის გამო. ვახტანგი იძულებული გახდა და „წარვიდა ურდოს ყაინის თანა“.

ყაინმა „კეთილად შეიწყნარა“ ვახტანგი და „მოსცა მეფობა“, მაგრამ, მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო მეფობის მიცემა არაფერს ნიშნავდა: ტფილისში მცირეწლოვანი გიორგი უფლისწული იჯდა, ხოლო მთელ ჩრდილო მთიანეთში დავით მეექვსე ბატონობდა. ვახტანგის მეფედ დასასმელად სამხედრო ძალა იყო საჭირო და ყაზან ყაინმა ვახტანგ მესამეს „წარმოატანა ხუტლუშა ნოინი სპითა უძლიერესითა“.

1302 წელს „დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველი საქართველო“. გაიხარა ყოველმა ქართველმა, „რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთისმოშიშ, სამღდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდრო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა კეთილითა სრულ და არავის მოშურნე“.

ვახტანგ მესამეს საშინლად მძიმე მდგომარეობაში მოუხდა ქვეყნის მართვა - „არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა, არცა შენება ყოვლადვე... ვიქმენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლებაჲ... ესოდენ განძვინდა შიმშილი, რომელ მძორსა არა-წმიდასა ურიდად ჭამდეს... ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთ ლეშვთა სწოვდიან... მოაოხრეს ქართლი უბოროტესად... და მიეცა ქუეყანა განსარყვნელად, ცოდვათა ჩუენთათვის“.

მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამოსნორებას. თუმცა, მეტწილად, საქართველოს გარეთ, მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში უხდებოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა ფიზიკური და სულიერი ძალმოსილება.

მეფე ვახტანგის ქართული ჯარით პალესტინაში ლაშქრობების დროს, მონღოლებმა ქართველებს იერუსალიმში განსაკუთრებული უფლებები მიანიჭეს, იმ დროს შესწირა ვახტანგმა იერუსალიმის ჯვარის ქართველთა მონასტერს დიდი შესაწირავი. ვახტანგის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდა იერუსალიმში ქართული მონასტრების ავტორიტეტი. იერუსალიმის ქართველ დედათა მონასტერში რიფსიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა ვახტანგის მეუღლე. იერუსალიმის ჯვარის მონასტერის განჩინებით, ხარება დღეს „რაზომიცა მღდელნი და დიაკონი იყოს მეფეთა-მეფისა ვახტანგისათვის და მეუღლისა მისისა რიფსიმესათვის (შემონაზვნებულისა) შეიმოსნენ“.

მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი მორიგი ლაშქრობის დროს, გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილოებდნენ, მონღოლები დამარცხდნენ. ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.

ლაშქრობიდან სამშობლოში მობრუნებულ ვახტანგ მესამეს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე მათი მოთხოვნით, ქართველებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა და მუსულმანობა მიეღოთ. „ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის, და რქუა სპათა თვისთა: „კაცნო, ძმანო და ერთრჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხვნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. და კუალად: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ“ აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული მისთვის, რომელმან დასდვა სული თვისი ჩუენთვის. პირველად ჩვენ მივსცნეთ თავნი ჩვენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა. და მან დაიცვას სამწყსო თვისი“... მყის წარემართეს ურდოსა და კარსა ყაენისასა, და მუხლნი დაიდგინეს, და რქუა მეფემან ხმითა მაღლითა: „ისმინე მაღალო და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტევნოთ სჯული ჩვენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურნა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი მოწყვიდნეს, რამეთუ იყვნეს მწამვლელ და მამათმავალ და კაცისმკვლელ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსნი შენს წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკუდილად სჯულისათვის ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი მყოფნი ქრისტეანენ, აჰა თავნი ჩვენნი წარგკვეთნენ“ და წარუპყრაცა ქედი“.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მეფე ვახტანგის აღსასრული შემდეგი სახით არის გადმოცემული: „მოვიდნენ რა წინაშე ყაენისა, განკვირდა ყაენი მოსვლისათვის მეფისა. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევნებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა. არამედ საქართველოსაცა უარჰყვეს მოგზავნილი იგი ნოინი. ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვითა მეფე ვახტანგ ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა“.

ვახუშტისეული „ქართლის ცხოვრება“-ს არშიაზე არსებული მინაწერის მიხედვით, „გარნა იცნობების მუნვე ქვემოთ და ზემოთ და ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასაცა მისსა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს გარნა გორგასალ ღირსქმნილია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ სრული მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის“.

მეფე ვახტანგ მესამის ცხოვრების შესახებ სხვა მასალები არ არის ცნობილი. რაც შეეხება მის განსასვენებელის ადგილსამყოფელს, ქართლის ცხოვრება მიუთითებს დმანისის სიონს, სადაც აღსრულებული მეფე გადმოასვენეს.

დმანისში დამკვიდრებულა ვახტანგ მეფის შთამომავლებიცა უფროსი ძის დემეტრეს და მისი ოჯახის სახით, რომლებიც დაკრძალულნი არიან იქვე.

 წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი (+დაახლ. 313)

10 (23) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინემ (306-337) რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, მაგრამ აღმოსავლეთში წმიდა ეკლესია კიდევ დიდხანს იდევნებოდა. მოშურნე წარმართი - იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი (305-311) ცდილობდა, მის განმგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი - მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა.

ალექსანდრიაში ჩასულმა წმიდანმა აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო. ამასთან ლოცვითა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშით იგი მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდა. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ თავისი კარისკაცის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. ამჯერად მან სხვა დიდებული - ერმოგენი გაგზავნა ალექსანდრიაში და დაავალა, წარმართობაზე მოექცია, ან დაეხოცა მინა და სხვა ქრისტიანები.

სამსჯავროზე მინამ ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ ერმოგენის ბრძანებით მას ფეხები მოჰკვეთეს, თვალები დათხარეს, ენა ამოგლიჯეს და, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით ნეტარ მოწამეს იესო ქრისტე გამოეცხადა და ხორციელ წყლულებათაგან განკურნა. ამასობაში ერმოგენი, რომელიც ბუნებით კეთილი ადამიანი იყო, სინანულში ჩავარდა თავისი სისასტიკის გამო. მან დილით წმიდა მინა სრულიად განკურნებული რომ იხილა, გაოცებამ და სიხარულმა მოიცვა და ირწმუნა ქრისტე. მასთან ერთად მრავალმა ალექსანდრიელმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.

რამდენიმე დღეში ერმოგენი ალექსანდრიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან მთელი ქონება გლახაკებს განუყო, მოკლე ხანში შემუსრა მთელი ქალაქის საკერპოები, მათ ნაცვლად ეკლესიები ააგო და ქრისტიანობაზე მოქცეული ბევრი წარმართი მონათლა. უფლის სახელის მოხმობითა და ჯვრის ნიშით ნეტარი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

იმპერატორი მაქსიმიანე თავად ჩავიდა ალექსანდრიაში ათი ათასიანი მხედრობით. იმპერატორის ბრძანებით ერმოგენს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. მოჭრილი ასოები სახალხოდ ცეცხლში დაწვეს, თავად წმიდანი კი მახვილით განგმირეს და მდინარეში მოისროლეს. ჯალათებმა მინაც სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით, მაგრამ უფალმა ორივე მოწამე სასწაულებრივ განკურნა: დილით უფლის რჩეულები ქალაქის მოედანზე თავმოყრილი ხალხის წინაშე გამოცხადდნენ: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი - ღმერთი ქრისტიანეთა!“ - ყვიროდა ამ სასწაულით გაოცებული ხალხი.

ერთმა ქრისტიანმა ჭაბუკმა, ევგრაფმა პირჯვარი გადაისახა და ახოვნად აღიარა იესო ქრისტე. მეფე გამძვინვარდა, ნეტარი მარტვილი მახვილით აჩეხა, შემდეგ კი ბრძანა, ერმოგენისა და მინასთვის თავები მოეკვეთათ. წმიდა მოწამეთა ნეტარი სულები სასუფეველს შეერთვნენ.

მაქსიმიანეს სურდა, უფლის რჩეულთა ცხედრები ზღვაში დაენთქა, მაგრამ რკინის ლუსკუმა წმიდა ნაწილებითურთ წყალში არ ჩაიძირა. ბიზანტიონის ნაპირებთან მიცურებული სიწმიდე ეპისკოპოსმა ნაპირზე გადმოაბრძანა და ქალაქის კედლებთან დაფლა. იმპერატორმა იუსტინიანემ წმიდა მინა ალექსანდრიელის სახელობის ტაძარი ააგო, წმიდა იოსებ ტკბილადმგალობელმა (ხს. 4 აპრილს) კი წმიდა მარტვილთა სადიდებელი.

 წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი (+დაახლ. 361)

10 (23) დეკემბერი

წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) გაბედული მხილებისთვის აწამეს გალატიის ქალაქ ანკვირიაში. ნეტარმა ახოვნად დაითმინა მრავალგვარი სატანჯველი. ბოლოს უღმრთოებმა იგი გაატყავეს და ჯვარზე მიამსჭვალეს.

 ღირსი თომა (X)

10 (23) დეკემბერი

ღირსი თომა ბითვინიაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა, ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმიდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. როცა ერთმა კეთილმსახურმა ბიზანტიელმა დიდებულმა მდინარე საღარისის ნაპირას მონასტერი დააარსა, საძმომ უკვე გამოცდილი ბერი - თომა ახალი სავანის წინამძღვრად აირჩია.

ეშმაკის მანქანებით ბერთა საძმოში, გაურკვეველი მიზეზით, შფოთი ატყდა. თავმდაბალმა თომამ, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მონასტერი დატოვა და უდაბნოში დამკვიდრდა. თანდათან წმიდა მოსაგრეს მიაშურეს ერისკაცებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით შესდგომოდნენ ბერულ ღვაწლს, ასე წარმოიშვა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი თომა გახდა.

ბოროტმა ახალი განსაცდელი დაატეხა წმიდანს: კოღოების გუნდი, რომელიც გამუდმებით თავს ეხვეოდა წმინდანს, მოსვენებისა და ლოცვის საშუალებას არ აძლევდა. ამგვარმა უბედობამ სამ წელს გასტანა, მაგრამ თომა გამუდმებით მადლობდა უფალს და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა. შემდეგ კოღოები გაქრნენ, მაგრამ გაჩნდნენ დიდი ბუზები, რომლებიც გამუდმებით კბენდნენ ღირს მამას. კიდევ სამი წლის შემდეგ ბუზებს გველების სიმრავლე შეენაცვლა.

ერთხელ, საღვთო ლიტურგიის დროს, როცა მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა, საიდანღაც უზარმაზარი გველი გამოძვრა და ტაძრის კარებთან დაიგორგლა. წირვა რომ დამთავრდა, თომა სრული სამღვდელო შესამოსლით მიუახლოვდა ზღურბლს, სადაც ქვეწარმავალი იწვა და მიმართა: „გველო, თუ შენი გამოჩენა ჩემი უფლის შემწეობით შენს აღსასრულს მოასწავებს, მომყევი“. ამ სიტყვებზე გველი წმიდანის სამოსლის კიდეს კბილებით მოეჭიდა და ტაძრისგან მოშორებულ, ღრმა ორმოსკენ გაჰყვა წმინდანს. ნეტარის ლოცვით ქვემძრომი ორმოში ჩავარდა და გაუჩინარდა. მაშინ სხვა გველებიც, ამდენი წლის განმავლობაში მოსვენებას რომ არ აძლევდნენ ღვთის რჩეულს, გაწყდნენ.

 ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი თომა საცთურთაგან განთავისუფლდა და უფლისაგან კურნებისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. შეჭირვებული ადამიანები შორეული ადგილებიდან მიდიოდნენ მასთან შემწეობის სათხოვნელად. ერთხელ თომას სავანეში იმპერატორი ლეონ VI ბრძენი (886-912) ჩავიდა რჩევა-დარიგების მოსასმენად. წმიდა მამა სავანეში რომ არ დახვდა, თვითმპყრობელმა დესპანი გაგზავნა მასთან წერილით. ის-ის იყო ელჩი მამის სენაკს მიუახლოვდა, რომ ამ უკანასკნელმა მას უკვე საპასუხო ეპისტოლე მიაგება.

წმიდა თომამ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სული უფალს შეჰვედრა.

 ნეტარი იოანე (+1503) და მშობელნი მისნი: ნეტარი სტეფანე (+1446) და ნეტარი ანგელინა - სერბეთის მთავარნი

10 (23) დეკემბერი

ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი: ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა (XV ს.). სერბეთის მმართველის, სტეფანე ბრანკოვიჩისა და მისი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელობებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე. 1475 წელს სერბეთის მაშინდელი მთავრის შუათანა ძე - სიმდაბლითა და წმიდა წერილში ღრმა განსწავლულობით გამორჩეული სტეფანე თურქეთის დედაქალაქში გაემგზავრა სულთან მურატისთვის მითხოვებული დის მოსანახულებლად, მაგრამ როცა შეიტყო, რომ თურქებს ფანატიკური სისასტიკით გადაეწვათ მილეშოვოს მონასტერი, გაბედულად აღსდგა დამპყრობთაგან სამშობლოს დასაცავად. მას შემდეგ, რაც წმიდანი ალბანეთის მთავრის ასულზე, ანგელინაზე დაქორწინდა, ოსმალები სტეფანესა და მის ოჯახს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და იგი იძულებული გახდა, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ჯერ ალბანეთში გახიზნულიყო, შემდეგ კი - იტალიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ნეტარმა ანგელინამ წმიდა სტეფანეს უხრწნელი ნაწილები კუპინოვოში გადაასვენა. XV საუკუნის დასასრულს სერბეთის მმართველი გახდა წმიდა სტეფანესა და ანგელინას ძე - ნეტარი იოანე. მართალი იოანესა და მისი მშობლების უხრწნელ ნაწილებთან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა.

 

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way