USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 22 სექტემბერს?
 54

22 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 წმიდანი და მართალნი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმე და ანა (I)

წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

 წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ - „წმიდაჲ იყო წყაროჲ იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა“ (წმ. თეოდორე სტუდიელი). უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

ღმერთმა „ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა“ (წმ. ანდრია კრეტელი) - წმიდა იოაკიმესა და ანასგან იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ - ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.

ბედნიერი მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.

წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა - სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.

 წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას 9 სექტემბერს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“ და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მეოხებას ვითხოვთ მათგან.

 

წმიდა მოწამე სევერიანე (+320)

წმიდა მოწამე სევერიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა. კეთილმსახურებით გამორჩეულ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარდა მოწამეთა და ქრისტესთვის დევნილთა დახმარება. იგი მხედარი იყო და, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახერხებდა კიდეც ამას. ის ამხნევებდა და მარტვილებრივ ღვაწლში განამტკიცებდა ორმოცი სებასტიელ მოწამეს. უფლის რჩეულების აღსრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ ქრისტეს მხნე აღსარებისა და ქადაგებისათვის თავად სევერიანეც დაასმინეს მმართველ ლისიუსთან. მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღბორგებულმა მთავარმა განკარგულება გასცა, მსწრაფლ მოეგვარათ იგი მისთვის. მარტვილი „სატანჯველთა სიმძაფრესა შინა“ მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს და სიბრძნით ამხელდა უსჯულოთა ცდომილებას. წმიდანის მჭევრმეტყველებამ თვით ლისიუსიც გააკვირვა: „ვგონებდ, სევერიანე, ვითარმედ იყავ შენ კაცი მსოფლიოჲ და წერილთა უსწავლელი, რამეთუ სტრატიოტი იყავ და მარადის განმზადებულ წყობათა მიმართ. არამედ, ვითარ ვხედავ, ფრიად ძლიერი ხარ ენითა და მეტყუელი სიტყვითა რიტორებრითა“, - მიმართა მან სევერიანეს. წმიდანმა უპასუხა: „ღმერთი, რომელსა მე ვმსახურებ, ყოვლისავე შეცვალებად შემძლებელ არს: უკუეთუ მსოფლიოჲ პოოს, ბრძნად შესცვალებს; უკუეთუ მოშიში - ჭაბუკ-ჰყოფს; უკუეთუ ძნიად მეტყუელი და ენამძიმე - ჴმაკეთილად რიტორად და სიტყვაპოვნიერად გამოაჩინებს“, შემდეგ კი ილოცა და განუტევა სული.

წმიდა მარტვილის ცხედარი სებასტიელმა ქრისტიანებმა გალობით წაასვენეს მისსავე მამულში. წმიდა სევერიანეს ნეშტის თაყვანსაცემად მთელი დაბა შეიკრიბა, ამ დროს მკვდრეთით აღდგა წმიდანის ერთი გარდაცვლილი მონა, თაყვანი-სცა თავის უსაყვარლეს ბატონს და კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა ღვთის სადიდებლად და წმიდა სევერიანეს სიწმიდის უტყუარ მოწმედ.

 როცა შემოკრებილნი ფიქრობდნენ, სად დაეფლათ წმიდა მოწამე, „მეყსეულად, ვითარცა წარმოგზავნილი რაჲმე, არწივი ზეით შთამოფრინდა“, ლუსკუმაზე დაბრძანებული გვირგვინი აიღო, „მყუდროებით განჰმარტნა ფრთენი“ და წინ წაუძღვა პროცესიას. ტყის მახლობლად, „შუენიერსა ზედა ადგილსა მთისასა“ მან გვირგვინი „შთამოუტევა“. სწორედ აქ მიაბარეს მიწას სევერიანეს ცხედარი. წმიდა საფლავზე მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.

 ღირსი თეოფანე აღმსარებელი (+დაახლ. 300)

 ღირსი თეოფანე აღმსარებელი წარმართთა ოჯახში დაიბადა. მან სიჭაბუკეში ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მშობლებისგან ფარულად მხცოვან განდეგილ ბერს მიაშურა. მოსაგრემ ყმაწვილს საღვთო წიგნების კითხვა და ბერული ცხოვრების წესები შეასწავლა. ხუთ წელიწადში იგი გარდაიცვალა და თეოფანემ ორმოცდათვრამეტი წელი სრულ მარტოობაში გაატარა განდეგილის მღვიმეში. შემდეგ წმიდანმა ქადაგება დაიწყო და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. რომის იმპერატორის, კარუსის (282-283) ბრძანებით ღირსი მამა შეიპყრეს და აწამეს. აღმსარებელმა ახოვნად დაითმინა სატანჯველები და, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. გათავისუფლების შემდეგ იგი დაუბრუნდა მღვიმეს და კიდევ ჩვიდმეტი წელი დაჰყო იქ დაუცხრომელ ღვაწლში. დაახლოებით 300 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 წმიდა მოწამე ხარიტონი და სტრატონიკე

 წმიდა მოწამე ხარიტონი ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით განგმირეს.

 წმიდა მოწამე სტრატორი (სტრატონიკე) III საუკუნეში ეწამა ქრისტესთვის ბითვინიის ნიკომიდიაში. საშინელი სატანჯველების შემდეგ იგი ორი გადაზნექილი ხის ტანს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს. წმიდა სტრატორი 13 სექტემბერსაც იხსენიება სტრატონიკეს სახელით.

 ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი (XII)

 ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და ქარტულარად (საეკლესიო საქმის მწარმოებელი) მსახურობდა. ნეტარის წმიდა ცხოვრება ერთმა უჩვეულო შემთხვევამ გამოააშკარავა. ორი მეგობარი, ვინმე ხუცესი და დიაკონი სოზონტი წაჩხუბდნენ. ხუცესი მოკვდა და დიაკონი ძლიერ წუხდა, რომ მათ შერიგება ვერ მოასწრეს. სინდისის ქენჯნით გატანჯულმა სოზონტმა თავისი ცოდვა ერთ დიდ მეუდაბნოე ბერს გაუმხილა. მოსაგრემ მას წერილი მისცა და უბრძანა, იგი იმისთვის გადაეცა, ვისაც შუაღამისას წმიდა სოფიას ტაძართან შეხვდებოდა. ეს აღმოჩნდა წმიდა ნიკიტა - ქარტულარი. წერილი რომ წაიკითხა, ნეტარი ატირდა - თქვა, ჩემს ძალებს აღმატებულ საქმეს მავალებენ, მაგრამ წმიდა მეუდაბნოის ლოცვით შევეცდები, იგი შევასრულოო. მან მუხლი მოიყარა ტაძრის ბჭეების წინაშე, მხურვალედ ღაღად-ჰყო: „მოწყალების კარი განგვიღე, უფალო“, - და კარები გაიღო. ნიკიტამ დიაკონი ზღურბლზე დატოვა, თვითონ კი ვედრებად დადგა და ლოცვის დროს საკვირველი ნათლით გაბრწყინდა. შემდეგ მათ დატოვეს ეკლესია და კარებიც დაიხურა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, წმიდა ნიკიტას ლოცვით მათ წინ ისევ გაიღო ბჭეები, ტაძარი განათდა და საკურთხევლიდან ორ მწკრივად გამოვიდნენ ხუცესები, რომელთა შორის სოზონტმა თავისი გარდაცვლილი მეგობარიც შეიცნო. წმიდა ნიკიტამ ჩუმად წარმოთქვა: „მამაო, გაესაუბრე შენს ძმას და განაქარვეთ ურთიერთშორის მტრობა!“ ასე ახსნა ნეტარმა ცოდვა ცოცხალსაც და მიცვალებულსაც.

 პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველ მთავარეპისკოპოსისა (1895)

 წმიდა თეოდოსი, ჩერნიგოველი ეპისკოპოსი, უგლიცკების ბრწყინვალე გვარის ჩამომავალი, XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიბადა უკრაინაში, პოდოლსკის გუბერნიაში. ყმაწვილმა განათლება ღვთის განცხადების მონასტერთან არსებულ კიევის საძმოს კოლეგიაში მიიღო. მისი დასრულების შემდეგ კი კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღიკვეცა თეოდოსის სახელით.

 ნეტარი მამა კიეველმა მიტროპოლიტმა დიონისემ კიევის წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად აკურთხა. მალე წმიდანმა დატოვა ქალაქი და სიმკაცრით განთქმულ შორეულ კრუტიცკის მონასტერს მიაშურა, სადაც მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. წმიდა თეოდოსი, მისი ღრმა განსწავლულობისა და გონიერების გამო, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო და საერო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობდა.

 1688 წელს წმიდა თეოდოსი ჩერნიგოვის ელეცის მონასტრის იღუმენად აირჩიეს, 1692 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს.

 წმიდა თეოდოსის მღვდელმთავრობის დროს ჩერნიგოვში გამრავლდა მონასტრები და ბერ-მონაზვნები; ყველამ იცოდა თეოდოსის წმიდა და მკაცრი ცხოვრების შესახებ. მღვდელმთავარი საოცარი მოწყალებით გამოირჩეოდა, მასთან სხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად.

წმიდა მღვდელმთავარმა 1696 წლის 5 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (იხ. ამ დღის საკითხავი). მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და კანონიზაცია მოხდა 1896 წლის 9 სექტემბერს.

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)

 მესამე მსოფლიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად.

 კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: კირილე ალექსანდრიელი, იუბენალი იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი, ცელესტინე, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.

region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way