USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 21 ნოემბერს?!
 1128

21 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა;  მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა

8 (21) ნოემბერი

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესა მერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მთ. 25, 31).

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.

სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას.

ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.

ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ.

ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.

უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;

მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.

ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) - ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

რაფაელი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს.

მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია, და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის