21 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა
8 (21) ნოემბერი
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.
დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესა მერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მთ. 25, 31).
ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.
სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას.
ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.
ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.
ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ.
ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.
უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;
მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.
ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.
ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) - ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.
მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.
მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.
რაფაელი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს.
მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.
ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.
სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.
ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.
ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.
წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია, და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.
მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.