21 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) – თბილისში წამებული (+786)
8 (21) იანვარი
წმიდა მოწამე აბო თბილელი. მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირა მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.
სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავდ ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში: „მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, - უთხრა მან აბოს. „განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.
სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლეს.
თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა ასე უპასუხა: „მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან თხოვა ქრისტიანებს გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.
წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”, - ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.
ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. სირცხვილეულმა და დამარცხებულმა უსჯულოებმა წმიდანის გვამზეც კი იძიეს შური, მისი წმიდა სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.
ღირსი გიორგი ქოზიბელი (VII)
8 (21) იანვარი
ღირსი გიორგი ქოზიბელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მშობლების სიკვდილის შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და მდინარე იორდანესა და იერუსალიმს შორის მდებარე ქოზიბის ძმობაში დამკვიდრა. მარხვის, ლოცვის, მღვიძარების მოყვარული მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი გიორგი მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში.
ღირსი დომნიკა კონსტანტინეპოლელი (+დაახლ. 474)
8 (21) იანვარი
ღირსი დომნიკა კართაგენიდან ჩავიდა კონსტანტინეპოლში თეოდოსი დიდის მეფობისას. აქ მან ნათელიღო პატრიარქ ნექტარიუსის ხელით და მონასტერში დაემკვიდრა. მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობით წმიდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს.
გრიგოლ საკვირველთმოქმედი (+1093)
8 (21) იანვარი
ღირსი გრიგოლი, კიევო-პეჩორელი განდეგილი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმიდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ.
ღირსი გრიგოლი კიევო-პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი თეოდოსის (+1074, ხს. 3 მაისს) დროს. წმიდანი ძალიან ბევრს კითხულობდა – მის ერთადერთ ქონებას წიგნები წარმოადგენდა. ღირს გრიგოლს ქურდების გონზე მოყვანის საოცარი უნარი ჰქონდა. მძარცველები რამდენჯერმე შემოპარულან მასთან კელიასა და ბაღში, მაგრამ, წმიდა მამისაგან შეგონებულნი, სინანულში ჩავარდნილან და უსჯულო ცხოვრებაზე ხელი აუღიათ. ერთხელ წმიდანი დნეპრზე ჩავიდა წყლის მოსატანად. სალაშქროდ მიმავალმა მთავარი როსტისლავის ჭაბუკმა მეომრებმა სიცილი დააყარეს მას და ჯავრება დაუწყეს. ბერმა უთხრა: „ყმაწვილებო, თქვენ ახლა შეშინებულები ლოცვას უნდა თხოვდეთ ყოველ შემხვედრს, რადგან უფალს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს: ყველას წყალი შთანგთქავთ მთავართან ერთად!” განრისხებული სარდლის ბრძანებით ღირს გრიგოლს ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე ქვა გამოაბეს და დნეპრში ჩააგდეს. მის წინასწართქმული მაინც ახდა: როსტისლავი ბრძოლიდან ვერ დაბრუნდა – პოლონელებისგან უკუქცეული 20 წლის მთავარი წყალმა შთანთქა.
სასწაულებრივად გადარჩენილი ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი 1093 წელს მიიცვალა და დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.
წმიდა ილია მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)
8 (21) იანვარი
ღირსი ილია მეუდაბნოე 75 წელი მოსაგრეობდა ეგვიპტის ერთი უდაბური მთის კლდოვან გამოქვაბულში. იგი 110 წლის ასაკში მიიცვალა IV საუკუნეში.
ღირსმოწამე კარტერი, კესარია-კაბადოკიელი ხუცესი (+304)
8 (21) იანვარი
წმიდა მოწამე კარტერი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა. როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „კარტერი, წადი და წარსდექი გამგებლის წინაშე – მე შენთან ვიქნები. მრავალი ტანჯვის დათმენა მოგიწევს ჩემი სახელისათვის. ბევრი განმტკიცდება და ცხონდება შენს მიერ.”
სიხარულით აღვსილმა წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს და ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ნეტარ მამას თავდაპირველად ჯოხებით სცემდნენ, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს, ხელ-ფეხის ფრჩხილები დააძვრეს და რკინის კავებით უჯიჯგნეს სხეული. კარტერს უფლის ანგელოზი უმსუბუქებდა ტანჯვას. გახურებული რკინითაც დიდხანს აწამეს ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ბოლოს კი დილეგში ჩააგდეს. აქ წმიდანს თავად უფალი გამოეცხადა, განკურნა, ბორკილებისაგან გაანთავისუფლა და საპყრობილიდანაც გამოიყვანა. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელიღო და განკურნა სნეულებათაგან.
უღმრთოებმა კვლავ შეიპყრეს კარტერი, სასტიკად აწამეს და ბოლოს მახვილით განგმირეს.
წმიდა მოწამენი: ივლიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ვასილისა და მარიონილა, 7 ყრმა და 20 მხედარი (+313)
8 (21) იანვარი
წმიდა მოწამე ივლიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი, მშობლების სურვილით, დიდებულ და მდიდარ ქალწულ ვასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულება დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მათ მონაზვნობა შეიმოსეს და ორი – მამათა და დედათა სავანე დააარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღოლობდნენ. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას, 313 წელს ივლიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს გამოჩენილმა მისმა სიმტკიცემ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია მარიონილა და კელსი, ქრისტიანობაზე მოექცა და მოინათლა ერთი ახლადგარდაცვლილი წარმართი, რომელიც სასწაულებრივად აღადგინა წმიდა ივლიანემ. ხუცესმა ანტონიმ ახალნათელღებულს ანასტასი უწოდა. აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 20 მხედარი და 7 ყრმა.