USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 21 აპრილი?
Date:  438

21 აპრილს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი (I)

8 (21) აპრილი

წმიდა მოციქულები იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვები (I) - იყვნენ სამეოცდაათთაგანნი, რომლებიც ქრისტემ აირჩია და გაგზავნა საქადაგებლად (ხს. 70 მოციქულთა კრებისა 4 იანვარს).

წმიდა იროდიონ მოციქული პავლე მოციქულის ნათესავი იყო და თან ახლდა მას მოგზაურობებში. როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა, პეტრე და პავლე მოციქულებმა იროდიონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მოციქულებმა ბევრი წარმართი და იუდეველი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

წმიდა იროდიონის ქადაგებით გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლები და იუდეველები ერთხელ თავს დაესხნენ მას და ცემა დაუწყეს. ერთმა იუდეველმა დანა ჩაარტყა მოციქულს. როცა მკვლელები თვალს მიეფარნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა იგი.

წმიდა იროდიონი დიდხანს ეხმარებოდა წმიდა პეტრეს სამოციქულო საქმიანობაში. პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის დროს (+67) წმიდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა აგაბოს წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა მომადლებული. მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იმპერატორ კლავდის მეფობისას (საქმე 11, 27-28) და წმიდა პავლეს წამება იერუსალიმში (საქმე 21,11). მოციქული აგაბო ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი წარმართი მოაქცია.

მოციქული რუთოსი, რომელსაც ახსენებს წმიდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,11), იყო საბერძნეთის ქალაქ თებეს ეპისკოპოსი, მოციქული ასინკრიტე (რომ. 16,14) - გირკანიის ეპისკოპოსი, მოციქული ფლეგონტე - მარათონის (რაკია), მოციქული ერმი კი - დალმატიისა (ცნობილია სამოცდაათთაგან სხვა მოციქული ერმიც, რომელიც ფილიპოპოლისის ეპისკოპოსი იყო).

ყველა მოციქული სასტიკად ეწამა ქრისტესთვის და მოწამეობრივად აღესრულა.

მოწამე პავსიანე (II)

8 (21) აპრილი

წმიდა მოწამე პავსიანე (+დაახლ. 117-138) - აღესრულა იმპერატორ ადრიანეს დროს. წარმართთაგან ქრისტიანობისათვის დასმენილი წმიდა პავსიანე იმპერატორს მიჰგვარეს. ხანგრძლივი წამების შემდეგ პავსიანეს ბორკილები დაადეს და მოსაკლავად წაიყვანეს. გზაში ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, რომ დაეხსნა ჯალათების ხელიდან და უშფოთველი აღსასრული მოემადლებინა მისთვის. უფალმა შეისმინა მისი ვედრება: ნაგვემმა და დასუსტებულმა მოწამემ ისეთი ძალა იგრძნო, რომ რკინის ბორკილები გაგლიჯა და გაიქცა. ჯალათები გამოუდგნენ, მაგრამ წმიდა პავსიანემ მათ მოახლოებამდე შეჰვედრა სული უფალს.

ქრისტიანებმა მოწამის ცხედარი პატივით დაკრძალეს.

წმიდა კეტელიმე რომის პაპი (+432)

8 (21) აპრილი

წმიდა კელეტიმე - რომის პაპი (+432) - მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი, ცხოვრობდა წმიდა თეოდოსი მცირეს (408-450) დროს. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმიდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმიდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. წმიდა პაპის, ბონიფაცი I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ კელეტიმე რომის კათედრაზე აირჩიეს.

ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. 430 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე წმიდა კელეტიმემ ამხილა და დაგმო ერესი. კრების შემდეგ პაპმა ეპისტოლე გაუგზავნა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს წმიდა კირილეს (ხს. 18 იანვარს) და აუწყა, რომ თუ ნესტორი ათი დღის განმავლობაში არ უარყოფდა თავის ცრუსწავლებას, მოიკვეთებოდა ეკლესიიდან.

წმიდა კელეტიმე ნესტორიანობას ამხელდა კონსტანტინეპოლისა და ანტიოქიის ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებშიც.

კრების შემდგომ ორი წლის განმავლობაში წმიდანი მხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სწავლებას ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე და მშვიდობით მიიცვალა 432 წლის 6 აპრილს.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way